ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 7000 წლის წინ აშენებული გზა აღმოაჩინეს

ნახვები: 1497 ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 7000 წლის წინ აშენებული გზა აღმოაჩინეს

ხორვატიის სამხრეთ სანაპიროსთან, ზღვის ტალახის ფენების ქვეშ, არქეოლოგებმა 7000 წლის წინანდელი გზის ნაშთები აღმოაჩინეს.

საოცარი აღმოჩენა ზღვაში ჩაძირულ ნეოლითურ არქეოლოგიურ ძეგლ სოლინეზე გაკეთდა; გზის ნაშთები შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰვარის კულტურის უძველეს დასახლებასთან, რომელიც ამჟამად იზოლირებულ კუნძულ კორჩულაზე იყო გაშენებული.

უძველესი არქეოლოგიური ძეგლი სოლინე, რომელიც ერთ დროს ხელოვნური კუნძული ყოფილა, 2021 წელს აღმოაჩინა ხორვატიის ზადარის უნივერსიტეტის არქეოლოგმა მატე პარიცამ, როდესაც ის კუნძულ კორჩულას გარშემო წყლების თანამგზავრულ ფოტოებს სწავლობდა.

მას შემდეგ, რაც მან ზღვის ფსკერზე რაღაც ისეთი შენიშნა, რაც ადამიანის ნახელავს ჰგავდა, პარიცა და მისი კოლეგები კვლევისათვის წყალქვეშ ჩავიდნენ.

ადრიატიკის ზღვაში, 4-5 მეტრის სიღრმეზე, მათ ქვის კედელი იპოვეს, რომელიც შეიძლება, ერთ დროს უძველესი დასახლების ნაწილი ყოფილიყო. მიწის მასა, რომელზეც ის იყო აშენებული, ძირითადი კუნძულისგან ხმელეთის ვიწრო ზოლით იყო გამოყოფილი.

„საბედნიერო ის არის, რომ ეს ტერიტორია, ხმელთაშუა ზღვის უმეტესი ნაწილისგან განსხვავებით, დიდი ტალღებისგან დაცულია, რადგან სანაპიროს მრავალი კუნძული იცავს. აშკარად ეს დაეხმარა ამ ძეგლს, რომ ბუნებრივი განადგურებას გადარჩენოდა“, — ამბობდა პარიცა 2021 წელს.

ახლად აღმოჩენილ პრეისტორიულ გზასაც სწორედ ეს კუნძულები იცავდა დიდი ტალღებისგან ათასწლეულების განმავლობაში.

დაახლოებით 4 მეტრის სიგანის სატრანსპორტო მაგისტრალი საგულდაგულოდ დაწყობილი ქვის ფილებისგან არის აგებული. დღეს მას ტალახის სქელი ფენა ფარავს, რაც სულაც არაა გასაკვირი წყალქვეშა სტრუქტურის შემთხვევაში.

მკვლევართა აზრით, ნეოლითური ხანის ჰვარის კულტურამ, რომელიც ერთ დროს ადრიატიკის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა, ააშენა ამჟამად წყალში ჩაძირული დასახლება სოლინე და კუნძულებთან მისი დამაკავშირებელი უძველესი დერეფანი.

შემორჩენილი მერქნის რადიონახშირბადული ანალიზის მიხედვით, მთლიანი დასახლება დაახლოებით ძვ. წ. 4900 წელს ეკუთვნის.

„ადამიანები ამ გზაზე თითქმის 7000 წლის წინ დააბიჯებდნენ“, — წერს ზადარის უნივერსიტეტი განცხადებაში.

ეს ნამდვილად არ გახლავთ ერთადერთი საიდუმლო, რომელსაც კუნძული კორჩულა მალავს. მკვლევართა ამავე ჯგუფმა, კუნძულის მეორე მხარეს ასევე აღმოაჩინა წყალში ჩაძირული დასახლება, რომელიც ძლიერ ჰგავს სოლინეს და ქვის ხანის საოცარ არტეფაქტებს ინახავს.

ცოტა ხნის წინ, ზადარის უნივერსიტეტის არქეოლოგმა იგორ ბორზიჩმა ყურეში, წყალქვეშ, დამაინტრიგებელი სტრუქტურები შენიშნა. ამიტომ, სოლინეს შესასწავლად წყალქვეშ ჩასულმა მკვლევრებმა ისინიც მოინახულეს და მათ წინაშე, 4-5 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული თითქმის იდენტური დასახლება გადაიშალა.

„ძეგლზე აღმოჩენილია ნეოლითური არტეფაქტები, მათ შორის, ქვის ცულები და მსხვერპლშეწირვის ფრაგმენტები“, — წერს ზადარის უნივერსიტეტი.

ახლად აღმოჩენილი დასახლების ნაშთები და მათი დამაკავშირებელი გზა, სავარაუდოდ, ჰვარის კულტურას ეკუთვნის.

დაახლოებით 12 000 წლის წინ, ნეოლითურ ხანაში, რომელსაც ახალ ქვის ხანასაც უწოდებენ, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ადამიანებმა მონადირე-შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობასა და ცხოველთა მოშინაურებაზე გადასვლა დაიწყეს; ამას კი უფრო მეტი მუდმივი დასახლებისა და საზოგადოების შექმნა მოჰყვა.

ხორვატიის სანაპიროსთან მრავალი ნეოლითური არტეფაქტია აღმოჩენილი, მათ შორის, 7200 წლის წინანდელი ყველიც. ეს ყველაფერი უფრო მეტ წარმოდგენას გვიქმნის ნეოლითურ ადამიანთა შესახებ.

თუმცა, ნეოლითური პერიოდის კუნძულოვანი დასახლებების აღმოჩენა ყოველდღე ნამდვილად არ ხდება. სწორედ ამიტომაც არის ეს აღმოჩენა არქეოლოგთათვის ასე ამაღელვებელი — გვიჩვენებს, როგორ ერგებოდნენ ჩვენი წინაპრები სხვადასხვა სახის გარემოს და მათ დამაკავშირებელ გზებსაც კი აგებდნენ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა