პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

სუხიშვილების ნათელი არქეტიპები

23.10.2020 ნახვები: 1845

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

ყოველთვის, როდესაც ქართული ნაციონალური ბალეტის (სუხიშვილების) რომელიმე კონცერტს ვუყურებთ - არა აქვს მნიშვნელობა კლასიკურ პროგრამაზეა აქცენტი გადატანილი თუ მოდერნით შთაგონებულ ახალ კომპოზიციებზე - მხოლოდ მაღალი ხარისხი და აღმატებული შეფასებები გვახსენდება. მარტო ესთეტიკური კატეგორიებით სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ფენომენის ახსნა ცხადია, შეუძლებელია. ეს გაცილებით სხვა მასშტაბის მოვლენაა, რაც ერთდროულად ეროვნული კულტურის, ისტორიის, ყოფის, ტრადიციისა და ჩვენი „პლასტიკური მეხსიერების" მთლიანობას გულისხმობს.

საყოველთაო და ათასჯერ გამეორებული შეფასებები, როგორიცაა: "ეს ფანტასტიკაა, მსოფლიოს მერვე საოცარებაა, თითქმის მიუღწეველია, ენით აღუწერელია", რეალურად იმას ნიშნავს, რომ ქართული ნაციონალური ბალეტის არსებობა ჩვენთვის არქეტიპული როლისა და მნიშვნელობისაა თანამედროვე ქართულ კულტურაში. ყველაზე მთავარი კი მაინც არსებული სტერეოტიპის ნგრევა და ახალი ქორეოგრაფიული იდეების "შენებაა". ასევე, საცეკვაო ენის გათავისუფლება და გათანამედროვეობა. რაც ჯერ კიდევ წლების წინ, საბჭოთა ეპოქის იდეოლოგიური სკეპტიციზმისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა შეძლეს.

უმრავლესობას რატომღაც დღესაც ჰგონია, რომ ანსამბლ სუხიშვილების ცეკვები ასეთი აკადემიური სახით დიდი ხნის წინათაც არსებობდა. სინამდვილეში, „ქართული ნაციონალური ბალეტი" სუხიშვილებისა და მხატვარ სოლიკო ვირსალაძის „გამოგონებაა". სწორედ მათ შეკრიბეს კავკასიური ცეკვები, ვირსალაძემ კი კოსტიუმები შექმნა. ასე რომ, ტრადიციის შერყვნაზე საუბარს, ისევ ექსპერიმენტზე და განახლებაზე სწორება ჯობია.

თავის დროზე სუხიშვილებს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, ვიდრე მათ მიერ შეთხზულ „ქართულსა" თუ „ოსურში" ვინმეს დააჯერებდნენ. ფოლკლორი მათ „ნაციონალურ ბალეტად" აქციეს და ეს ყველაფერი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიგნებული საცეკვაო მოძრაობების, ელემენტებისა და ილეთების შეერთებით მოახერხეს.


ხოლო ის, რაც სუხიშვილებმა ტრადიციად აქციეს, ახლა მათი შვილიშვილების - უმცროსი ილიკო სუხიშვილისა და ნინო სუხიშვილისა შემოქმედებაში დღეს სარისკო, მაგრამ ბრწყინვალე ტრანსფორმაციას განცდის. მაყურებელს კი თავად შეუძლია შეაფასოს რამდენად მნიშვენელოვანია ქართული ფოლკლორის, თანამედროვე კოსტიუმისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზი.

სუხიშვილების ახალი პროექტი, როგორც არქაულისა და თანამედროვეობის მუდმივი კავშირი.

პანდემიის გამო გაზაფხულზე შეწყვეტილი საგასტროლო ტურნესა და რამდენიმეთვიანი იძულებითი კარანტინის შემდეგ, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები", ღია სივრცეში განახლებული ენერგიითა და იდეებით გაიჭრა. აგვისტოსა და სექტემბერში თბილისიდან სულ რაღაც ათიოდე კილომეტრში, ნაფეტვრების გზაზე მათ მიერ „მიგნებულ" და აშენებულ ღია სცენაზე, სახელწოდებით „თაკარა", ანსამბლმა თავიანთი ახალი პროგრამა წარმოადგინა.
„არტეფაქტები" - ასეთი არქაულ-სამუზეუმო სახელწოდება აქვს პროექტს, რომლითაც სუხიშვილებმა ზაფხულის დღეებით მოთენთილი მაყურებელი გამოაფხიზლეს, დამუხტეს და აღაფრთოვნეს. კონცერტის პირველ ნაწილში წარმოდგენილი, დაახლოებით 30-წუთიანი „არტეფაქტები" ქართული ხალხური ცეკვის არქეტიპული (უძველესი, არქაული) ილეთების იმპროვიზაციებს და არქეოლოგიურ ძიებას ჰგავს.
მოულოდნელობა და სიახლე ის არის, რომ ექსპერიმენტული და ელექტრონული მუსიკა ამ პროექტისთვის თავად ქორეოგრაფმა, ილიკო სუხიშვილმა გიორგი გვარჯალაძესთან ერთად დაწერა; ხოლო საზაფხულო, ეთნოგრაფიისგან განძარცვული, შედარებით გამარტივებული, მაგრამ აკვარელური გრადაციით გამორჩეული და დახვეწილი კოსტიუმები ნინო სუხიშვილმა შექმნა.
სიმართლე ვთქვათ, ექვსი მამაკაცისა და ოთხი ქალის სხეულით მოთხრობილ "არტეფაქტებს" ბოლომდე მთლიან ცეკვასაც ვერ ვუწოდებთ. ეს უფრო ქართული ცეკვის ილეთების დანაწევრებული, დაშლილი იმპროვიზაციაა. თითქოს თქვენს თვალწინ უნებლიედ გამდიდრებული და აღმოჩენილი როკვა, ან ცეკვის „არქეოლოგიაში" ჩატარებული და დროში შემჭიდროებული ესთეტიკური სამუშაოები...

ილიკო სუხიშვილის "არტეფაქტებით" მოთხრობილ იმპროვიზაციებში პანდერმიის დროს დაგუბებული ძალა, შინაგანი თავისუფლება და ლაღი, ჩამოქნილი სხეულების სექსუალობაც იკითხება, ვიდრე ჩვეული საკონცერტო ნომრების სიმწყობრე. თუმცა უკვე დიდი ხანია სუხიშვილების კონცერტებზე მაყურებელი ამასაც შეჩვეულია.
„არტეფაქტებიც" და მეორე განყოფილებაში წარმოდგენილი, უკვე ცნობილი საკონცერტო ნომრებიც ("თამაში", "ოტობაია", "ორნამენტი", „ცდო", „ილოური", „ლაზური") სინამდვილეში„ქორეოგრაფიული სინტაქსის" გამდიდრების კიდევ ერთი მცდელობაა. ილიკო სუხიშვილმა „თაკარას" სცენაზე წარმოდგენილ კომპოზიციებს ჩვენი დროის შესაფერისი რიტმი, ენერგია, სიცხადე, სიახლე და ოდნავ საგრძნობი, მსუბუქი ირონიაც შესძინა.
თუმცა ეს არ მომხდარა ქორეოგრაფიის გამარტივებისა და არც ტვირთად ქცეული წარსულის დაკნინების ხარჯზე. პირიქით, "არტეფაქტებში" და მეორე განყოფილებში წარმოდგენილ ცეკვებში ნახაზი უფრო ხაზგასმული, დატვირთული და ტეხილია; განწყობა - სახალისო, ფეხგასმა - ოსტატური, რიტმი - გამძაფრებული და ტექნიკა - ფილიგრანული.
თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ სუხიშვილების ღამის თაკარა „არქეტიპებში", იქ უფრო მეტ მნიშვნელობას და კულტურის არქეტიპებს ამოიკითხავთ, ვიდრე მუზეუმებში განთავსებულ საგამოფენო დარბაზებში. ხშირად კი სუხიშვილების „გამოფენა" წარსულსა და ისტორიას გაცილებით ცხადად და ზუსტად ირეკლავს, ვიდრე დაკონსერვებული კულტურული ობიექტები.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა