პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინელები ასწავლიან მათ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პირიქით.
მისი თქმით, პოლონური დრონების საწინააღმდეგო ჯგუფები უკრაინელ ოპერატორებთან ტრენინგს გაივლიან, რათა თავი დაიცვან მომავალი თავდასხმებისგან.
„უკრაინელებს რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და მათ რუსული არმიის წინააღმდეგობის გაცილებით ღრმა და განახლებული გამოცდილება აქვთ. ეს არის ის, რაც საზოგადოებამ და დასავლეთის მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინონ: რომ სწორედ უკრაინელები გვასწავლიან, თუ როგორ დავუპირისპირდეთ რუსეთს და არა პირიქით“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი განმარტებით, პოლონური ჯგუფების ტრენინგი პოლონეთში, ნატო-ს სასწავლო ცენტრში ჩატარდება, სადაც უფრო უსაფრთხო გარემოა, ვიდრე უკრაინაში ჩატარების შემთხვევაში იქნება.