დიდი ბრიტანეთის საელჩო - ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ თავდასხმებს, რაც წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის მაგალითს
ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილი თავს ძალიან მხნედ გრძნობს - საქმეც ვერ „შეკერეს“
სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ეუთოს 37 ქვეყანა - მკაცრად ვგმობთ მზია ამაღლობელის და რამდენიმე მომიტინგის მიმართ გამოტანილ განაჩენს
კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ვაკის რაიონის მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ვახტანგ სურგულაძე და ზაზა თავაძე წარუდგინეს
პეტრე ცისკარიშვილი - 4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი იცვლება - ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი
ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი - მას, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, კლინიკაშივე წაუყენებენ
ემანუელ მაკრონი - გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება, რათა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წვლილი შევიტანო პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში

ეუთოს 37 ქვეყანა - მკაცრად ვგმობთ მზია ამაღლობელის და რამდენიმე მომიტინგის მიმართ გამოტანილ განაჩენს

12.09.2025 ნახვები: 218

ვწუხვართ, რომ ჩვენს წინა კომუნიკაციებში გამოთქმული შეშფოთება არ მიიღეს და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაცვას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეუთო-ს 37 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ავრცელებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების კონტექსტში და რომ ქვეყანაში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააპატიმრეს.

„საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს არჩევნების მთლიანობის, განსაკუთრებით გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის კუთხით. სამწუხაროა, რომ „ოდირს“ მიწვევა დროულად არ გაეგზავნა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო შინაარსიანი დაკვირვება. საქართველოს დიდი ხნის პრაქტიკის ეს დარღვევა ღრმად შემაშფოთებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები. მკაცრად ვგმობთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ ორწლიანი პატიმრობის არაპროპორციულ განაჩენს და რამდენიმე მომიტინგის მიმართ ბოლო დროს გამოტანილ პატიმრობის შესახებ განაჩენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული და ხაზს ვუსვამთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაწყვეტის გზა გამოინახოს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს დიალოგისადმი და ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოიძებნოს მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს ეუთოს ინსტიტუტების, როგორიცაა ODIHR-ი და RFOM-ი, დახმარება. კურსის შეცვლის შესაძლებლობა კვლავ არსებობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მტკიცედ დგანან ქართველი ხალხის გვერდით.

„მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მათ სწრაფვას, სადაც აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალს წარმოადგენს. კვლავ ღია ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და ურყევად ერთგულები ვართ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა