დიახ, ეს არის თეას მემკვიდრეობა, ეს არის ბიძინას მემკვიდრეობა, ეს არის ანტიქართული, ანტისაოცნებო, სამარცხვინო და კაპიტულანტური მემკვიდრეობა, რომელიც მიზნად ისახავს, რუსულმა პროპაგანდამ გაიმარჯვოს და წააგოს ქართულმა ეროვნულმა ინტერესმა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მან ასევე შეაფასა ის გამოხმაურებები, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან მოჰყვა.
„მინდა, კიდევ ერთ მოღალატეობრივ აქტს გამოვეხმაურო, რაც იმ განგრძობითი ტენდენციის ნაწილია, რომელსაც „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი ჰქვია. „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომელიც არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა არსებული წესების დარღვევით, შესაბამისად, ორგზის არალეგიტიმურია, ორგზის ექსტრასამართლებრივია და ორგზის მოღალატეობრივია, ახლა უკვე გახდა სამგზის მოღალატეობრივი და ანტიქართული, მაშინ, როცა რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. კომისიის, ე.წ. დასკვნის ციტირება დაიწყეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
მინდა ერთი მცირე პასაჟი მოვიყვანო, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ უწყობს ხელს წულუკიანის ე.წ. კომისია ანტიქართული, ანტიეროვნული პოლიტიკური დასკვნების პროპაგანდირებას და როგორ ხდება მისი გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ. ვციტირებ, „2008 წლის აგვისტოში სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიიდან 17 წლის შემდეგ, თბილისისგან მოვისმინეთ აღიარება, რომელსაც სამხრეთ-ოსეთი, მთელი ამ წლების განმავლობაში ელოდა“. დიახ, ეს არის თეას მემკვიდრეობა, ეს არის ბატონი ბიძინას მემკვიდრეობა, ეს არის ანტიქართული, ანტისაოცნებო, სამარცხვინო და კაპიტულანტური მემკვიდრეობა, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ რუსულმა პროპაგანდამ გაიმარჯვოს და წააგოს ქართულმა ეროვნულმა ინტერესმა, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველო იზოლირდეს, თქვენ მარტონი დარჩეთ, დაუცველი და მეგობრების გარეშე ვიყოთ. სამაგიეროდ, კრემლისტური პროპაგანდა, სამხრეთ-ოსეთის ე.წ. გამოცემები იმით ხარობდნენ, რომ თურმე, საქართველოს პარლამენტმა აღიარა ის, რასაც 17 წლის განმავლობაში ელოდა თურმე, ცხინვალი საქართველოსგან. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორ იქნა გამოყენებული ანტიქართული პოლიტიკური შეხედულებები რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მიერ. ეს რეჟიმი ყოველთვის იდგა იმ ინფორმაციების მიწოდების, იმ პოზიციების დაკავების და იმ სულისკვეთების სამსახურში, რაც აწყობდა კრემლს, მაგრამ არ იყო, არ არის და არ იქნება თქვენი, თქვენი ოჯახების, სახელმწიფოს ინტერესებში“, - განაცხადა გეგელიამ.