მოსამართლედ წოდებულმა ჯვებე ნაჭყებიამ, პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და 2 წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს, ის დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპული, ნათელი მომავლის მხარეს, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, არც ანატოლი გიგაურს, არც მზია ამაღლობელს, არც ნინო დათაშვილსა და არცერთ სხვა პოლიტიკურ პატიმარს არ მოუწევს სასჯელის ბოლომდე მოხდა.
„რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობელი უნდა ყოფილიყო ანატოლი გიგაურის მიმართ, რომელიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მოსამართლედ წოდებულმა ჯვებე ნაჭყებიამ, პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და 2 წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს, ის დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპული, ნათელი მომავლის მხარეს და რომელიც ვინმე ვახტანგ გაბუნიამ აწამა, ხელებზე ბორკილდადებულს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა. ყოვლად ცინიკურად, რეჟიმისთვის დამახასიათებელი ცინიზმით, რომელიც არაერთ სხვა პოლიტიკურ საქმეში გვინახავს, ეს გაბუნია ცრუ მოწმედ გამოიყენა სისტემამ.
ასე თეთრი ძაფითაა ნაკერი ყველა პოლიტიკური საქმე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ანატოლი გიგაური, არც მზია ამაღლობელი, არც ნინო დათაშვილი და არცერთი სხვა პოლიტიკური პატიმარი არ მოიხდის იმ პოლიტიკურ მსჯავრს და ბრალს, რომელიც სისტემამ გამოიტანა, იმიტომ, რომ გაცილებით მალე დაინგრევა და დაემხობა ეს ძალადობრივი, უსამართლო სისტემა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ანალოგზეა აწყობილი და ცდილობს უსამართლობის ბასტიონად ქცეული მართლმსაჯულების გამოყენებით გააჩუმოს და შეაშინოს ადამიანები. დღეს ანატოლის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ ის არ შეშინდება და ასე არ შეშინდება არცერთი პოლიტიკური ტყვე და იბრძოლებს რეჟიმის დამხობამდე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აქციების დროს დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაურისთვის ბრალად წარდგენილი 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გადააკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.