გიორგი ცინარიძე - ვასრულებ ჩემს პოლიტიკურ გზას „ევროპულ საქართველოში“ და ვიწყებ ახალ ეტაპს პარტია „ლელო საქართველოსთვის“-თან ერთად
ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები - ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს
ირაკლი კუპრაძე - ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია - უკვე ღიად ჩანს, რომ „ოცნების“ მთავარი და მგონი ერთადერთი სამიზნე, „ლელო“ გახდა
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან მანქანა დაიწვა
სენატორი ლინდსი გრემი - პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება
დონალდ ტრამპი - თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სანქციებს დავაწესებთ
პროკურატურა - ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს - ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან

ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები - ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს

03.08.2025 ნახვები: 193

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული თემი, შესაბამისი პროფესიული საზოგადოებები და ორგანიზაციები ვგმობთ ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას და მოვუწოდებთ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი მცდელობა, როგორც ეს მოხდა ნინო დათაშვილის შემთხვევაში, ჩანასახშივე აღმოიფხვრას.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული თემი, შესაბამისი პროფესიული საზოგადოებები და ორგანიზაციები ვგმობთ ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას და მოვუწოდებთ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი მცდელობა, როგორც ეს მოხდა ნინო დათაშვილის შემთხვევაში, ჩანასახშივე აღმოიფხვრას, - ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების და სპეციალისტების საერთო განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განმარტებით, „ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება არის პოლიტიკური რეპრესიების ჩვეული მეთოდი ავტორიტარულ და დიქტატორულ სისტემებში“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა შეურაცხადობის დადგენის საფუძველს არ წარმოადგენს.

„საბჭოთა კავშირში დისიდენტების საზოგადოებისგან იზოლაცია მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებითი მოთავსებისა და “მკურნალობის” გზით პოლიტიკური ანგარიშსწორების ჩვეული ხერხი იყო. ამგვარ პრაქტიკას, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ენიჭება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია.

არც საქართველო წარმოადგენდა ამ თვალსაზრისით გამონაკლისს – საკმარისია გავიხსენოთ ჟურნალისტი ნაზი შამანაურის შემთხვევა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის გამო იძულებით მოათავსეს ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ცემით მოკლეს.

რას მოგვასწავებს ნინო დათაშვილის შემთხვევა? - ნინო დათაშვილის შემთხვევა განსაკუთრებით საგანგაშოა: 6 წლის წინ, წელის მალთაშუა დისკის დაზიანებით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული ტკივილის ფონზე, მას ფსიქო-ემოციური სფეროს სირთულეები განუვითარდა. ეს არის ბუნებრივი და გავრცელებული რეაქცია ქრონიკულ ტკივილზე საპასუხოდ.

სამედიცინო ფორმა 100-ში მას, ძირითად დიაგნოზთან ერთად, ემოციური ლაბილობაც ჩაუწერეს, რაც არ წარმოადგენს კლინიკურ დიაგნოზს აშლილობების არცერთი კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით.

ფაქტი, რომ პროკურატურამ სწორედ ეს ხანდაზმული ამბავი გამოიყენა შეურაცხადობაზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლად, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, მიგვანიშნებს დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ ფსიქიატრიის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობაზე.

შედეგად, ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ე.წ. გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები – შფოთვა, დეპრესია, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა და ამ ფონზე ემოციური ლაბილობა – აწუხებს ყოველ მეოთხე ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ამის გამო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, ამ ექსპერტიზის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში თავად პირის მონაწილეობის გარეშე, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და შესაძლოა გავუტოლოთ არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

მოგიწოდებთ, რომ ეს საგანგაშო და მანკიერი პრაქტიკა ჩანასახშივე აღმოფხვრათ და არ ვაქციოთ ფსიქიატრია და მედიცინა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, როგორც ეს ფაშისტურ პოლიტიკურ რეჟიმებს ახასიათებს. სხვანაირად, ნაზი შამანაურის მსგავსი ტრაგედიები შესაძლოა გახდეს ჩვენი ახალი რეალობა და ყოველდღიურობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერს 200-ზე მეტი სპეციალისტი, პროფესიული ასოციაცია თუ მოქმედი ორგანიზაცია (სია განახლებადია).

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტა, რომ თავად დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა.

პროკურატურის განცხადების საპასუხოდ, ნინო დათაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დათაშვილს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რაც სიმპტომია და არა დიაგნოზი.

„2019 წელს გაცემულ დოკუმენტში მკაფიოდ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი. ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანმხლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა.

ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან”,- განაცხადეს დათაშვილის უფლებადამცველ ორგანიზაციაში, - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა