„მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა თანხის გაფლანგვას“ - ადვოკატი
„მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება“ - გიული ალასანია „პიჯაკების საქმის“ სასამართლოზე
პოზიტიურია, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიეცა საშუალება, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს - კელი დეგნანი
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა“ - ადვოკატი
„დღევანდელი სასამართლო სააკაშვილისთვის პოლიტიკური ტრიბუნა იქნება“ - გურამ მაჭარაშვილი
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენმდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორედ აირჩიეს
სააკაშვილის ადვოკატები „პიჯაკების საქმის“ დღევანდელ სასამართლოზე
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია

პუტინი და მთვრალი რუსი გენერალი - რის დათმობას ითხოვს კრემლი დასავლეთისგან

11.23.2021 | 12:39

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი, სადაც ახალ ომს ელოდებიან.

რუსეთ-უკრაინის საზღვართან ათობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული, გამყოფი ხაზის მეორე მხარეზეც ომისთვის მზადება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს.

საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია, ვლადიმერ პუტინს ჯარების უკან გაყვანას ურჩევს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს, ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში კიევს დახმარებას გაუწევენ.

სხვადასხვა წყაროები, მათ შორის აშშ-ს დაზვერვა, სავარაუდო პერიოდსაც კი ასახელებენ, როდესაც რუსული არმადა უკრაინისკენ დაიძვრება. მოკლედ, მთელი მსოფლიო უკრაინაში ახალ ომს ელის და მას თითქმის გარდაუვალად მიიჩნევს.

და სწორედ ამიტომ - არანაირი ომი არ იქნება.

არასწორ მოლოდინს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ქმნის და პირველ რიგში ის, რომ ევროპელები რუსებთან მეზობლად საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ და თანამშრომლობენ, თუმცა, მათი ეროვნული ფსიქოლოგია ჯერაც ვერ შეისწავლეს.

ევროპაში რუსებს რაღაც სტიქიურ უბედურებად მიიჩნევენ, რომლის ქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია. საშუალო სტატისტიკური ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსი თვლის, რომ რუსი არის თავზე ხელაღებული, უმართავი ფანატიკოსი, რომელიც მზადაა თვითონაც მოკვდეს და თან დანარჩენი მსოფლიო წამოიყოლიოს.

ამერიკელებმა იმდენი ფილმი გადაიღეს მუდმივად მთვრალ რუს გენერლებზე, რომლებიც ბირთვული იარაღით მთელი მსოფლიოს აფეთქებას ცდილობენ, რომ ბოლოს და ბოლოს თავადაც დაიჯერეს...

ისინი ვერ ხვდებიან, რომ რეალურ ცხოვრებაში რუსი გენერალი, სულ რომ დღე და ღამე მთვრალი იყოს, არავის აფეთქებაზე არ ოცნებობს და ამერიკა-ევროპის - მით უმეტეს.

რეალურ, არა ჰოლივუდურ, რუს გენერალს ძალიან უყვარს ბევრი ფული, ოქროულობა, ფუფუნება, ძვირადღირებული მანქანები, უძრავი ქონება, მოგზაურობა ევროპა-ამერიკაში და შვილების იქ სასწავლებლად გაგზავნა.

არავითარი „არაპროგნოზირებადი რუსი" სინამდვილეში არ არსებობს - პირიქით, მისი ნაბიჯების განჭვრეტა საკმაოდ მარტივია - თუ ამის სურვილი რეალურად არსებობს.

ვლადიმერ პუტინზეც დასავლეთში სრულიად არასწორი წარმოდგენაა დამკვიდრებული - ევრო-ამერიკელებისთვის, პუტინი სწორედ ის შეშლილი გენერალია, რომელიც მზადაა მთელი დედამიწა გადაწვას, ოღონდ ფხიზელი.
არსებული წარმოდგენის საპირისპიროდ, პუტინი სისხლის მოყვარული მილიტარისტი არაა - ის უფრო მაფიის ბოსია, რომლისთვისაც სისხლისღვრა არასასურველია, მაგრამ ის ზოგჯერ, აუცილებლობის შემთხვევაში ძალას იყენებს, ოღონდ ძალიან მოზომილად.

არასწორია წარმოდგენა, რომ პუტინი არანაირ ნორმებს არ ემორჩილება და მისთვის ნებისმიერ ქვეყანაში შეჭრა - მხოლოდ პირად სურვილზეა დამოკიდებული. რეალური პუტინი კი პირიქით - პროცედურების მოყვარულია და საქართველოში, წესით, ეს ყველაზე კარგად უნდა ვიცოდეთ.

გაიხსენეთ 2008 წლის აგვისტო. პუტინს თავისუფლად შეეძლო უბრალოდ შემოსულ იყო საქართველოში ტანკებით და თბილისიც აეღო, თუმცა, ასე არ მოხვდა. ის პროცედურების და თავისებური ნორმების კაცია და მის მოქმედებებში ზუსტად ჩანს სისტემა.

ეს არ შემოვარდა საქართველოში მოუმზადებლად - პირიქით, მან საკმაოდ ბევრი დრო დახარჯა სამაჩაბლოში სიტუაციის ასარევად, ყველანაირად გამოიწვია ქართული მხარე საპასუხო ცეცხლის გახსნაზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც საბაბი მიიღო - დაიწყო ჩანაფიქრის შესრულება.

პუტინი არაა მილიტარისტი - ის არის მსოფლიო პოლიტიკაში უდიდესი შულერი, გლობალური მნიშვნელობის თაღლითი, რომელმაც ზუსტად იცის, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი. ის ყოველთვის ძალიან ფრთხილად მოქმედებს.

გაიხსენეთ 2014 წელი, ყირიმი. პირველად 30 გაურკვეველი ნიღბიანი შეიარაღებული ადამიანი ყირიმის დედაქალაქის სიმფეროპოლის აეროპორტში გამოჩნდა. 1-2 დღე არც არაფერი მოუმოქმედებიათ - ელოდნენ უკრაინის და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას. 2 დღეში მათ კიდევ 30 დაემატა, შემდეგ ისინი აეროპორტიდან გარეთ გავიდნენ.

აი ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, პუტინი მიხვდა, რომ არანაირი რეაგირება არ იქნება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა ნახევარკუნძულის სრულმასშტაბიან ოკუპაციას.

იმ პირველ დღეს სიმფეროპოლის აეროპორტთან რომ გამოსულ იყო უკრაინული ჯარის დივიზია, ხოლო დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე ერთი სიტყვა მაინც ეთქვა - არავითარი ანექსია, შემდეგ კი ომი აღმოსავლეთ უკრაინაში არ იქნებოდა. ის 30 ნიღბიანი უბრალოდ გაქრებოდა, რუსეთი იტყოდა „მე რა შუაში ვარ, ის 30 კაცი ჩემი არ იყო" - და ყველაფერი დასრულდებოდა.

პუტინს არ უყვარს ზედმეტი სისხლისღვრა. ისევ შევხედოთ აღმოსავლეთ უკრაინას - სანამ დონბასის ქალაქების დაკავება წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობდა, რუსეთმა აიღო ყველაფერი, რისი აღებაც მოასწრო. რუკას დაუკვირდით - სეპარატისტული დონბასს და კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინას შორის გამყოფი ხაზი დაახლოებით იქაა, სადაც უკრაინამ პირველად გაისროლა.

მაშინ, როდესაც დიდი მსხვერპლის რისკი გაჩნდა, შეტევა შეჩერდა, პუტინი კი უკვე აღებული მიწების გამაგრებას შეუდგა.
რუსეთის პრეზიდენტის კიდევ ერთი თვისება - ის არ შედის ტერიტორიაზე, სადაც არალოიალური მოსახლეობა ცხოვრობს. მას არ სურს ოკუპანტის სტატუსი და შედის მხოლოდ იქ, სადაც რუსულ ჯარს გარანტირებულად ყვავილებით დახვდებიან. ამიტომაც, პუტინმა დაიკავა სამაჩაბლო და აფხაზეთი, მაგრამ დატოვა გორი, და თბილისის აღება არც კი უცდია.

როგორ უკვე ითქვა, პუტინი მსოფლიო მასშტაბის შულერია და ის მშვენიერად ირგებს მთვრალი რუსი გენერლის როლს, რომელიც მზადაა გადაწვას კაცობრიობა. ის მუდმივად აშანტაჟებს ევროპას, ყვირის „ხელი გამიშვით, ყველას დაგხოცავთ" და მისი ყველას სჯერა.

პუტინი - ბლეფის უდიდესი ოსტატია და დასავლეთთან მას ეს ბლეფი ყველაზე კარგად გამოსდის. ევროპელი და ამერიკელები მზად არიან ნებისმიერ საძაგლობაზე თვალი დახუჭონ - ოღონდ „პუტინი არ გავაბრაზოთ".

უკრაინაში არავითარი ომი არ იქნება. საზღვართან ჯარების დემონსტრაციული კონცენტრირება და ხმამაღალი მუქარები - ეს არასდროს არაა ის, რითაც რეალური ომი იწყება. რეალური ომი კუნთების თამაშის და კოცონის ირგვლივ რიტუალური ცეკვების გარეშე, მოულოდნელად იწყება.

ის, რაც დღეს უკრაინის საზღვარზე ხდება - არავითარი ომის დასაწყისი არაა. ეს ისევ „ერთი კაცის შოუ" არის, გათვლილი ბლეფი, თამაში ზღვარზე... ისევ პუტინი - არაპროგნოზირებადი, გადარეული გენერლის როლში...

სავარაუდოდ, ამ გზით ის დასავლეთისგან რაღაცის დათმობას მოითხოვს და უახლოეს პერიოდში გავიგებთ - კონკრეტულად რისი.

შესაძლოა რუსეთს და უკრაინას შორის ომი მართლაც დაიწყოს - ოღონდ ეს სხვა დროს მოხდება, მაშინ, როდესაც ამას არავინ ელის.

ავტორი: თენგიზ აბლოთია