მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ
აშშ-ის საელჩო საქართველოში „სავიზო დეპოზიტის” ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო უწყება - აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, უკავშირდება მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს
Macron right to snub US Hormuz mission, French defense expert says
US seeking durable peace between Ukraine and Russia based on credible guarantees for Kyiv – Pentagon
Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service

მიხეილ სააკაშვილი - 2021 წელს არ იყო ჩემი დაბრუნების პირველი მცდელობა, ერთი წლით ადრეც დავჯექი კატერზე და წამოვედი, მაგრამ ატყდა შტორმი, გამიმწვავდა კოვიდი და მივიღე დაბრუნების გადაწყვეტილება - დღეს 4 წელი გახდა, რაც ციხეში ვარ

01.10.2025 ნახვები: 519

რატომ მივატოვე ჩემი ძალიან კომფორტული ცხოვრება უკრაინაში, სადაც დიდ პატივს მცემდნენ? უბრალოდ აღარ შემეძლო ძალიან დაჩქარებული ტემპით საქართველოს განადგურების ყურება - დღეს სრულდება 4 წელი, რაც ციხეში ვარ. აკრძალული მაქვს სატელეფონო კომუნიკაცია, თანამებრძოლებთან შეხვედრები, მაგრამ ერთი წუთით არ გამნელებია ბრძოლის ჟინი, მაშინაც როცა სიკვდილის პირას ვიყავი და ახლაც, როცა 4 ოქტომბერს ველოდები. დიახ, ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე ამ ბრძოლას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო კარგი წლები წინ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ გამოგზავნილ წერილში წერს.

მიხეილ სააკაშვილი იხსენებს 2021 წელს საქართველოში ჩამოსვლის პერიოდს, ამასთან, მოქალაქეებს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„2021 წლის სექტემბრის ბოლოს დავტოვე ჩემი ლამაზი, ახალაშენებული სახლი კიევის გარეუბანში (ეს იყო ყველაზე კარგი სახლი, რომელიც ოდესმე მქონია) გავიარე ჩემს სამსახურში, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში, სადაც ჩემი დიდი კაბინეტი მისაღებით პირდაპირ ზელენსკის კაბინეტის ზემოთ იყო განლაგებული და სადაც ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა. მოვაწესრიგე საბუთები და გავემგზავრე პირდაპირ ოდესაში. ამ ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, რომელშიც ადრე გუბერნატორი ვიყავი და საიდანაც 230-კილომეტრიანი გზა ავაშენე ევროკავშირის საზღვრამდე.

ბოლოჯერ ჩავეხუტე ალისას და გავემგზავრე პორტისკენ, რომელსაც ჩემი გუბერნატორობის დროს გადავარქვით სახელი ლენინის მიხედვით დარქმეული ილიჩოვსკიდან. ჩენრო მორსკზე დავჯექი ბორანზე და გავემგზავრე საქართველოში.

ეს არ იყო ჩემი პირველი მცდელობა საქართველოში დაბრუნების. ერთი წლით ადრე, საპარლამენტო არჩევნების წინ, ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დავჯექი კატერზე და წავედი საქართველოში. გზიდან ჩავერთე დიდ მიტინგს თავისუფლების მოედანზე პირდაპირ კატერის ტრიუმიდან.

რუსეთის ტერიტორიული წყლებიდან სოჭის აკვატორიაში დაახლოებით 5 კილომეტრში კატერს კარგად არყევდნენ ტალღები და ამიტომ თბილისში ეკრანზეც იგრძნობოდა ეს რყევა. შეიძლებოდა დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ კამერის ოპერატორს უყანყალებდა ხელი.

ჩართვის შემდეგ ბათუმისკენ გავაგრძელეთ გზა. გზაში ჩერჩილის ბიოგრაფიას ვკითხულობდი. როგორც ჩანს, ჩვენი სატელეფონო სიგნალი დაიჭირეს და ბათუმში გამოცხადდა განგაში. სპეცრაზმი მოიყვანეს მზადყოფნაში (რაც მათმა მებრძოლებმა შეგვატყობინეს), ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ ჩავიდა იქ.

ამასობაში, ატყდა დიდი შტორმი, რომელმაც სერიოზულად დაგვამუხრუჭა, ტალღები თავზე გადადიოდა, ტრიუმში მთელი ავეჯი დაიმტვრა და თან გზაში ჩემი ჯერ კიდევ ევროპაში აღმოჩენილი კოვიდი საკმაოდ გამიმწვავდა, სიცხე მქონდა და სატურაცია 87-ზე ჩამომივიდა.

თითქოს ყველა ფაქტორი ჩვენს წინააღმდეგ ამოქმედდა და მივიღე გადაწყვეტილება უკან დაბრუნების, ამიტომ 2021-ში კატერზე უარი ვთქვი და უფრო საიმედო, თუმცა უფრო სარისკო აღმოჩენის კუთხით, ბორნით წამოვედი.

რატომ მივატოვე ჩემი ძალიან კომფორტული ცხოვრება უკრაინაში, სადაც დიდ პატივს მცემდნენ? უბრალოდ აღარ შემეძლო ძალიან დაჩქარებული ტემპით საქართველოს განადგურების ყურება.

20 ივნისის შემდეგ საპროტესტო მოძრაობაც მძლავრად დაიწყო და მე არ მიმაჩნდა სამართლიანად შორიდან, უსაფრთხო დისტანციიდან წინააღმდეგობისკენ მოწოდება.

დაახლოებით ამ დროს წავიკითხე ფილოსოფოსის, ნასიმ ტალების, ამსტერდამში ნაყიდი წიგნი, რომელიც შეიცავდა თეორიას, რომ თუ ბრძოლაში გამარჯვება გინდა, აუცილებლად უნდა შეაგდო შიგ საკუთარი ტყავი.

და მე გადავწყვიტე საკუთარი ტყავის შეგდება. არა უბრალოდ წარსულ დამსახურებებზე აპელირება, არამედ ახალ ბრძოლაში ყველაფრის გარისკვა.

რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ შეიძლება გზაში მოვეკალით, რომ თითქმის 100%-ით ციხეში მოვხვდებოდი, რომ იქ შეიძლება ცუდად მომქცეოდნენ, (სინამდვილეში მომწამლეს და მირტყეს, რამაც ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა), მაგრამ მაშინაც და ახლაც იმედი მქონდა ქართველი ხალხის თავისუფლების მოყვარეობის და ბრძოლისუნარიანობის.

დღეს სრულდება 4 წელი, რაც ციხეში ვარ. აკრძალული მაქვს სატელეფონო კომუნიკაცია, თანამებრძოლებთან შეხვედრები, მაგრამ ერთი წუთით არ გამნელებია ბრძოლის ჟინი, მაშინაც, როცა სიკვდილის პირას ვიყავი და ახლაც, როცა 4 ოქტომბერს ველოდები.

დიახ, ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე ამ ბრძოლას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო კარგი წლები წინ გვაქვს.

ციხიდან დაუსწრებლად გავიცანი და დავუმეგობრდი ბევრ ახალგაზრდა თანამებრძოლს. ისინი დიდი ენერგიას მაძლევენ და ჩემი ვალია მათ დავუდგე გვერდით ახალი საქართველოს მშენებლობაში.

ყველანი რუსთაველზე 4 ოქტომბერს!

ყველანი საქართველოსთვის და თავისუფლებისთვის!“ - წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა