რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული, ანუკი ჩრდილელი ამბობს, რომ ექსპერტ, თამთა მეგრელიშვილს უჩივლებს.
მისივე თქმით, ექსპერტმა თამთა მეგრელიშვილმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
მისი თქმით, დაკავებისას სამართალდამცველებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიუთითეს და დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ტროტუარზე იდგა.
“თითით ანიშნეს ჩემზე, ეს დააკავეთო. ტროტუარზე ვიდექი, შესაბამისად არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, ან მოწოდება. ფიზიკურად ვერ იქნებოდა, რადგან დღისით ვიდექი რუსთაველის თეატრთან , არ ვიცი, რა დავაშავე ტროტუარზე დგომით. ოქმში ჩამიწერეს, რომ ვილანძღებოდი და ვიგინებოდი, ასეთი არაფერი ყოფილა. ასევე, ვინც მანქანაში შემაგდო სხვა ადამიანია, ხოლო დამკავებლად სრულიად სხვა ადამიანი გამიფორმეს.
არ ვიცი მეგრელიშვილს რატომ ჰგონია , რომ მე „ნაცებს“ ან „ქოცებს“ ვარ მიბმული და ამ ჩემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ადვოკატმა ქალმა ისაუბროს. აუცილებლად ვუჩივლებ სამართლებრივად. ცრუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა ასე არ ხდება. რამე ფსიქიკური პრობლემები მე არ მქონია და თუ ეს საჯაროა ეს ყველაფერი,ამაზე მე დასკვნას გამოვიტან“,- აცხადებს ჩრდილელი.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო ანუკი ჩრდილელი, რომლის დაკავებიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანუკი ჩრდილელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის და „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილია. ამის შემდეგ, ექსპერტმა თამთა მეგრელიშვილმა დაწერა, რომ „წლებია ოთარ ჩრდილელს ანუკი ჩრდილელის გადაწყვეტილებით არათუ მამაშვილური არამედ არანაირი კავშირი არ აქვს მასთან, მას წლებია თვალით არ უნახავს“. ასევე, ის აღნიშნავს, რომ „ანუკი ჩრდილელს მენტალური პრობლემები აქვს“ და ამ მდგომარეობას „პოლიტიკური მიზნებისთვის კარგად იყენებს ნაციონალური მოძრაობა“.
IPN