პროკურორებმა მინდა იცოდეთ, ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავ, რომ თან გიყუროთ და თან სიმშვიდე შევინარჩუნო. ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ისევ სასამართლოს დარბაზში, ოღონდ ადგილებს გავცვლით, - ამ სიტყვებით მიმართა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ვალერი თეთრაშვილმა საქმის პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს.
თეთრაშვილის თქმით, წარდგენილი ბრალდება აბსურდია. როგორც მან აღნიშნა, ბრალდების წარდგენისას, როდესაც უთხრეს, რომ ორგანიზებულ დანაშაულს ედავებოდნენ, გაეცინა, რადგან ვერ მიხვდა, რის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი.
„მადლობა მინდა გითხრათ ამ უანგარო ზრუნვისთვის, საუკეთესოები ხართ. ალბათ, ადვოკატი, რომ ვყოფილიყავი, თქვენნაირი ვიქნებოდი. მადლობა ჟურნალისტებს, მსახიობებს მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება საქმეს, ბრალდება არის აბსურდი, სიცრუე, რომელსაც არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ. არავის მითითებები არ შემისრულებია, მით უმეტეს, ჩემთვის უცნობი ხალხის მითითებები, ესენი ყველა აქ გავიცანი. არავის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიმიყენებია, არც სახელმწიფოს ქონებას არ შევხებივარ. ეს ყველაფერი ამათი მოგონილია.
მე პირველში [დეკემბერი], გვიან მივედი სახლში. კადრებში ვნახე, როგორ ექცეოდნენ ხალხს, გოგოებს, ჟურნალისტებს, როგორ სცემდნენ, სხვათა შორის, ჯგუფურად და ორგანიზებულად! ამ ყველაფრის შემხედვარე გამიჩნდა უსამართლობის შეგრძნება და გადავწყვიტე წავსულიყავი აქციაზე.
ხუჭუჭა ბიჭის ვიდეო გაქვთ ნანახი? თუ არ გაქვთ ნანახი, ნახეთ. ამ ვიდეომ მაიძულა გავსულიყავი აქციაზე. ვიდეოში ვნახე, ქუსლს რომ ურტყამენ სახეში. ვიდეოს, რომ ვუყურე, შემრცხვა და შემზიზღდა ჩემი თავი, შემრცხვა, რადგან წინა დღეებში ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ცხოვრებას და ჩემდა სამარცხვინოდ, აღშფოთებით შემოვიფარგლებოდი. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სამარცხვინო პრემიერის გამო, რომელმაც კონსტიტუცია თავზე გადაგვახია, გადაგვახია მეც, ჩვენც და თქვენც პროკურორებო. ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა იყოს ევროპაში და არა რუსეთში. ამან მაიძულა გავსულიყავი აქციაზე.
აქ მოტანილი ჰქონდათ „ტვ იმედის“ ვიდეო. ვიდეოში მე ვარ, მაგრამ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩამიდენია, არც არანაირი ძალადობრივი აქტის ინიციატორი არ ვყოფილვარ. ვიდეოში არის ის, რომ იგინებოდნენ… ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია და დაშავების განზრახვა რომ არ მქონდა, ეს ვიდეოში ჩანს.
მინდა პროკურატურას მივმართო, რომ პოლიციელები ნივთების სროლას არ ერიდებოდნენ, ამ დროს ცდილობთ, რომ ჩვენ გაგვასამართლოთ. მოწმემ თქვა, თეთრაშვილი ქვებს ისროდაო? ნახეთ ჩემ ხელში ქვა? ვერ ნახავდით!
პროკურორებმა მინდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავ, რომ თან გიყუროთ და თან სიმშვიდე შევინარჩუნო. თქვენ ხართ აბსოლუტურად უუნაროები და ეს საქმის დასაწყისშიც ჩანს. სასამართლო პროცესიც თქვენი “მაღალი დონის პროფესიონალიზმზე მეტყველებს“… ფიქრობდით, რომ 6 წლით შევაშინებთო, მერე საპროცესოზე წამივლენო, მაგრამ არა! დიდი მადლობა ბიჭებს, რომ მსგავს რამეზე არ წავედით. გულისამრევია თქვენი საქციელი - თქვენის სახით თქვენი პატრონი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ისეთ სიტუაციაში გვაგდებს, რომ ჩვენ ევროპაში უნდა წავიდეთ და ჩვენი თავი იქ ვეძებოთ. უფროსი თაობა ხართ და ვის უნდა ჰქონდეს თქვენი იმედი? ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ისევ სასამართლოს დარბაზში, ოღონდ ადგილებს გავცვლით!“ - განაცხადა ვალერი თეთრაშვილმა.
IPN