პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
„მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი კვდება. ამერიკელები არ კვდებიან, მაგრამ ისინი რუსები და უკრაინელები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა.
ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ პრეზიდენტ პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „რაღაცას გააკეთებს, რათა ადამიანებს დაეხმაროს, რომ იცოცხლონ“.
„ყოველკვირეულად 7000 ადამიანი იღუპება, უმეტესობა ჯარისკაცია. თუ ამის შეჩერება შემიძლია, მაშინ ვალდებული ვარ, რომ ეს გავაკეთო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის შესახებ ძალიან საინტერესო ცნობები აქვს.
„ძალიან საინტერესო რაღაც გავიგე. უახლოეს დღეებში თქვენც გაიგებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ შედგება, მაშინ ამას შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს.
„ვნახოთ, რა მოხდება. მე ამას დიდი ყურადღებით ვაკვირდები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.