თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა, ირაკლი მიმინოშვილმა დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს და ხალხს, რომ „ბრძოლას დღემდე აგრძელებენ“.
„მადლობა, რომ ეს ადამიანები გავიცანი, კამერაში: ანდრო ჭიჭინაძე, დავით ხომერიკი, უჩა აბაშიძე. მადლობა ოჯახის წევრებს, ხალხს, დიდ ძალას მმატებს ტელევიზორს რომ ჩავრთავ და ჩემს ბანერს ვხედავ, ცხრა თვის მერე. ბევრი დანებდა, მაგრამ ვინც იქ დგახართ და ჩემი სახელით ბრძოლას აგრძელებთ, მადლობა!“, - განაცხადა ირაკლი მიმინოშვილმა.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი საქმეზე განაჩენს 2 სექტემბერს გამოაცხადებს.