პაველ ჰერჩინსკი - რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი მიიღო
ბათუმში, რესტორანში მამაკაცი მოკლეს
გარემოს ეროვნული სააგენტო - 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს
ემანუელ მაკრონი - ვზრდით ზეწოლას რუსეთზე
სებ - ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა განიხილება როგორც გადახდების დამატებითი საშუალება, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა, იგი არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ - თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

პაველ ჰერჩინსკი - რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის

18.07.2025 ნახვები: 241

რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ განსაზღვრული რეკომენდაციებისა და ბრიუსელის მხრიდან შანტაჟის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების შესახებ.

ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას „რეაგირებისა და ზომების მისაღებად დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს“. ამასთან, დიპლომატის თქმით, არსებობს რისკი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე ხელშესახები სარგებელი - უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მალე დაიკარგოს.

“წელიწადში ერთხელ, ევროკომისია აქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით სარგებლობენ. კომისიის ბოლო ანგარიში, მათ შორის საქართველოსთვის, 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. შემდეგი ანგარიში შემოდგომაზე გამოქვეყნდება და მასში უახლესი მოვლენები აისახება. ამასობაში, კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წერილში სთხოვა, 2024 წლის დეკემბერში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში აგვისტოს ბოლომდე წარმოადგინოს.

2017 წლის 28 მარტი იყო ის პირველი დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურეს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი 2017 წელს სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზეიმოდ აღნიშნა . ეს იყო ჭეშმარიტად ისტორიული დღე და საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლის აღიარება. სამწუხაროდ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, საქართველოს ხელისუფლება დგამდა ნაბიჯებს, რომელმაც სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია, ევროკავშირის მხრიდან კურსის შეცვლისკენ მრავალი მოწოდების მიუხედავად.

უვიზო რეჟიმი ქვეყანას რიგი პირობების შესრულების საფუძველზე ენიჭება. ერთ-ერთი მათგანი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაა. გასული წლის დეკემბერში, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში, ევროკომისიამ მკაფიო რეკომენდაციები მისცა საქართველოს ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. რეკომენდაციები მოიცავდა გარკვეული კანონების გაუქმებას და ზოგიერთი კანონის შესწორებას ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ჯერჯერობით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უმოქმედობა არჩია. სინამდვილეში, ვითარება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაუარესდა. საქართველოს ხელისუფლებას ახლა რეაგირებისა და ზომების მისაღებად აგვისტოს ბოლომდე აქვს დრო.

ჩვენ უკვე შევაჩერეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დებულებები, რათა წევრ სახელმწიფოებს მივცეთ საშუალება, მოითხოვონ ვიზა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ზომების მიღება, მათ შორის ევროკავშირის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენს).

წესები თანაბრად ვრცელდება ევროკავშირის ყველა პარტნიორზე. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ ამ წესების დაცვის ვალდებულება აიღო. სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ამ ვითარების ყურება გულსატკენია.

კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შეთავაზებული ახალი უპირატესობებით სარგებლობის ნაცვლად, როგორიცაა - ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკა „ისარგებლე როუმინგით ისე, როგორ შენს ქვეყანაში“, ევროში განხორციელებული ერთიანი გადახდების სივრცეში მონაწილეობა და ბევრი სხვა - არსებობს რისკი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე ხელშესახები სარგებელიც კი, უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მალე დაიკარგოს.

ევროკავშირი სრულად პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას. ადამიანის უფლებებისა და უნივერსალური ღირებულებებისადმი ჩვენი საერთო ერთგულება არის ის, რაც გვაერთიანებდა. ამავდროულად, ფუნდამენტური უფლებები არსებითია სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოებისა და ყველა ადამიანისთვის. სიძულვილის გავრცელება და დისკრიმინაციის წახალისება მხოლოდ განხეთქილებასა და კონფლიქტებს ქმნის.

ევროკავშირმა წლების განმავლობაში საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა გაუწია. ჩვენ ვართ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების სრულად ერთგულნი ვრჩებით.

რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თითქოს ევროკავშირი საქართველოს აშანტაჟებს და სთავაზობს არჩევანს უვიზო მიმოსვლასა და მშვიდობასა და სტაბილურობას შორის – ასევე, ბრიუსელსა და საბჭოთა პერიოდის მოსკოვს შორის შედარებაც მოვისმინე - მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გზით, სწორედ ამ განსხვავების დანახვა იყო. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი დასკვნების გამოტანას შეძლებენ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა