ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო - ეკატერინე ტიკარაძე
„არის საკვების მიღების პრეცედენტი“ - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე
„ოცნება“ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას აანონსებს
„საწოლები აღარ გვეყოფა“ - ექიმი დამძიმებულ კოვიდვითარებაზე
თეა წულუკიანი მალთაყვის სპორტული ბაზის რეაბილიტაციას გვპირდება
„მოგვაწოდოს ინფორმაცია“ - ციხის იმიტირებულ ბუნტზე იუსტიციის მინისტრის პასუხი ნიკა გვარამიას
„მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზეც პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ“ - კლინიკების ასოციაციის მიმართვა პრემიერს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი სათეატრო კრიტიკის ხელშეწყობას იწყებს

მიშენებების ერი

10.12.2021 | 13:38

ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიის ფონზე საქართველოში ისევ გააქტიურდა დებატები თვითნებური მშენებლობების პრობლემის ირგვლივ.

გააქტიურდა - 2 დღით. შემდეგ ეს საკითხი სხვა პრობლემებმა დაჩრდილა და ქართული საზოგადოება თავის ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა - რაღაც შუალედურს სრულ გულგრილობას და სოციალურ ქსელში უსარგებლო ყეფას შორის. ამის მიუხედავად, პრობლემა არსად გამქრალა...

ზოგადად, ყველა ერს, ქვეყანას და ყოველ ისტორიულ ეპოქას თავისი არქიტექტურული გამოსახულება აქვს - როგორც წესი ადამიანები როგორც ცხოვრობენ და როგორც აზროვნებენ - ისევე აშენებენ.

ჭკვიანი ერები ლამაზად და მყარად აშენებენ, უკუღმართები - უშნოდ და უხარისხოდ. საკმარისია 1 საათი გაიაროთ ლონდონის ქუჩებში და ეჭვგარეშე მიხვდებით, რომ ეს ერთ დროს ძლევამოსილი და მრისხანე იმპერიის დედაქალაქი იყო - მონუმენტური არქიტექტურა, რომელიც დამახასიათებელია ლონდონის ცენტრისთვის, ნათლად მეტყველებს ბრიტანული გვირგვინის სიდიადეზე და დაუნდობლობაზე..

და პირიქით, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნების ფერად-ფერად და მყუდრო ქალაქებში აშკარად ჩანს, რომ ამ ქვეყნებში მშვიდი, გაწონასწორებული, უნაკლო გემოვნების მქონე ერები ცხოვრობენ, რომელთა ამბიციები წარსულს დიდი ხნის წინ, ვიკინგების ეპოქასთან ერთად ჩაბარდა.

ნიუ-იორკში იგრძნობა რომ ის მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქია, მოსკოვის დიადი სტალინური პროსპექტები კი სახელმწიფოს სრულ დომინირებაზე მეტყველებენ. გამონაკლისი არც საქართველოა.

90-ანი წლები საქართველოში სრული მორალური და ფიზიკური დეგრადაციის პერიოდი იყო - არა მხოლოდ ეკონომიკური ვარდნა, არამედ მთელი ერის მიერ ადამიანური სახის დაკარგვა. გამორიცხულია, რომ ამ ეპოქას თავისი გამოსახულება ქალაქების იერსახეზე არ დაეტოვებინა.

დატოვა კიდეც - ყველაზე საზიზღარი, ყველაზე ამაზრზენი, რისი მოფიქრებაც მასობრივი შეშლილობის მდგომარეობაში მყოფი ერის ავადმყოფურ გონებას შეეძლო - მიშენებები.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ უცხოელი ხართ, საქართველოში პირველად ჩამოხვედით და ამ ქვეყნების შესახებ არაფერი იცით - რას გეუბნებათ მთელს ქვეყანაში მრავალსართულიან შენობებზე ოღრო-ჩოღროდ მიწებებული გაურკვეველი კონსტრუქციები? რისი თქმა შეიძლება ამის საფუძველზე ამ ერზე და მისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდზე - 90-იან წლებზე?

სრული უპასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივი აზროვნების ნულზე დაბალი დონე, ეგოიზმი, უდისციპლინობა და უკიდურესი გონებრივი ჩამორჩენილობა - აი რისი მაჩვენებელია ჩვენი ქალაქების ქუჩებში დატრიალებული ურბანული გენოციდი.

ერი, რომელსაც მაღალი კულტურის პრეტენზია აქვს - ასეთი სიმახინჯის აშენებას ვერც კი მოიფიქრებდა... როგორც წესი, ქართველებს რაიმე კარგ საქმეში თვითორგანიზება უჭირთ - შეუძლიათ თვეობით იცხოვრონ ლიფტების გარეშე, მოითმინონ უწყლობა, სადარბაზოები ნაგავსაყრელად აქციონ - იმიტომ რომ უჭირთ ფულის აგროვება ლიფტების შეკეთებაზე ან მეეზოვისთვის თითო ბინიდან 3 ლარის გადახდა.

თუმცა, საკმარისია საქმე მივიდეს რაიმე საზიზღრობამდე, რომელსაც ნორმალური ადამიანი ვერც კი მოიფიქრებდა - იმ წამსვე ქართველ ხალხს საოცარი თვითორგანიზების უნარი ეღვიძებათ. დღეს, 21-ე საუკუნეში თბილისის კორპუსებში მეეზოვისთვის, სადარბაზოს გასუფთავებისთვის თვეში 3-3 ლარის შეგროვება აუღებელი ციხე -სიმაგრე გახდა, მაგრამ განუკითხაობის და ყაჩაღობის პერიოდში ადამიანები ათასობით დოლარის შეგროვებას მიშენებების საერთო კარკასების აშენებისთვის ახერხებდნენ.

ესეც ქართული ფსიქიკის ნაწილია - ოღონდ რაიმე მავნებლობა იყოს და ჩვენ - პირველ რიგებში ვართ.

90-ანი წლები გავიდა, მაგრამ მიშენებები სამარცხვინო ლაქად დიდი ხმით დარჩა ჩვენს ქალაქებში. ეს ფენომენი იმდენად გავრცელებულია საქართველოში, რომ მისი არშემჩნევა შეუძლებელია. 90-ანი წლების დეგრადაციის სიმბოლოდ ქცეული ეს სიმახინჯე კიდევ დიდი ხანი არსად არ გაქრება.

ბათუმის ტრაგედიის ფონზე ისევ ისმის კითხვა - რა უნდა მოუხერხოთ მიშენებებს?
სხვადასხვა რეცეპტები ისმის, თუმცა, სამწუხაროდ, მათ შორის არც ერთი არაა რეალობასთან ახლოს.

პირველი აზრი, როდესაც უყურებთ მიშენებებს - დასანგრევია. თუმცა,ეს თეორიულადაც კი შეუძლებელია. მიშენება ხომ არაა რაღაც საქათმე, რომელიც სადღაც მიწებებულია - ეს სრულფასოვანი ოთახია, რომლის გამოც ხშირ შემთხვევაში მთელი ბინის წყობა და კომუნიკაციებია გადაკეთებული. მიშენების დანგრევის შემთხვევაში ბინა მთლიანად უნდა გადაკეთდეს, რაც წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მათი რაოდენობის გათვალისწინებით.

ანდა საერთოდ, რომელი მიშენებების დანგრევაზეა საუბარი მაშინ, როდესაც ქვეყანამ თავი ვერ მოაბა 90-ანი წლების სხვა გულისამრევ გადმონაშთებს - ვერ მოაწესრიგა ბაზრები, ვერ დაანგრია უფუნქციოდ დარჩენილი ჟანგიანი ფარეხები, ვერ მიუჩინა ადგილი გათავხედებულ გარე ვაჭრუკანებს, ვერ დაალაგა საღორეებად ქცეული ავტოსადგურები?

ასე რომ მიშენებების დანგრევის იმედი ნუ გექნებათ.

ვერც ინვესტორები უშველიან ამ საქმეს - ყველა ვხედავთ, რომ 5-სართულიანი „ხრუშოვკების" ჩანაცვლებაც კი თანამედროვე საცხოვრებელი სახლებით ვერ ხერხდება. მით უმეტეს ეს წარმოუდგენელია 8,9,10- და მეტ სართულიან შენობებთან დაკავშირებით, რომლებზეც ასევე მიკერებულია მიშენებები.

ასე რომ, შეეგუეთ - ეს სიმახინჯე ჩვენთან კიდევ დიდი ხანი იქნება. ერთხელ კი, წლების შემდეგ მიშენებების ცვენა დაიწყება.

ქართველო ხალხს, როგორც ყოველთვის, თავისი ცოდვების გამო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.

ავტორი:თენგიზ აბლოთია