„არა ღალატს!“ - სისხლიან ბანერებზე გახარიაც გამოჩნდა
„რას იძიებენ“ - ინგა გრიგოლიას პროკურატურაში კითხავენ
სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ფაილში, რომლის სათაურიცაა „ინფორმაცია“ და რომელიც 2014 წლის 25 ივლისით თარიღდება, წერია: „მოპოვებული ინფორმაციით, მწ 25 ივლისს არქიმანდრიტი პიმენი (რომან) ქარდავა, დაუკავშირდა ალექსეი (რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი), რომელმაც მოიკითხა პ.ქარდავას აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, პ.ქარდავას სიტყვებით, ის შეხვდა ვინმე თემურს (სავარაუდოდ, თემურ შერგელია, გალის რაიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და ბესარიონ აპლიას, შეხვედრა ნორმალურად ჩაიარა, რაც პ.ქარდავას თქმით, ალექსეის დამსახურებაა, პ.ქარდავა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩასვლას აპირებს ქ.სოხუმში, სადაც აუცილებლად შეხვდება ალექსეის.“
„რა, რეზინის შვილები მყავს, გგონიათ?!“ - კახა კალაძე
წითელმა ჯვარმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა თხევადი ჟანგბადი გადასცა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს
იაგო ხვიჩია - ჩანს, „ქართული ოცნებაში“ ერთმანეთთან უცნაური ხუმრობები აქვთ, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით
სალომე სამადაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნიკა მელიას სურვილია, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს

დიდი სქიზმა და ძველი ქართული საეკლესიო დოკუმენტები

10.11.2020 | 18:03

ავტორი: ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი

,,წმიდაო გიორგი კაბადუკიისაო, იერუსალიმისაო, ბეთლემისაო, გეთსამანიისაო, რომისაო..."

(წმინდა გიორგის ძველი ქართული სავედრებელიდან)

წინა წერილში ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ბერძენ-ლათინთა დოგმატურ დავებში ქართული ეკლესია რომის მხარეს აღმოჩნდა, ახლა კი მოკლედ შევეხებით ქართული ეკლესიის მიმართებას აღნიშნული დავების მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან - რიტუალურ ასპექტთან. აგრეთვე, განვიხილავთ სქიზმის შემდგომ ქართულ საეკლესიო დოკუმენტებს, რომელთა დიპტიქებიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე მიმდინარე საეკლესიო მოვლენებთან მიმართებაში.
ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი ტრულის კრების კანონთა განმარტებებში წერდა, რომ ქართველები, მიუხედავად მათი მართლმადიდებლობისა, ბარძიმში მდუღარებას არ ასხამენ, რაც როგორც ცნობილია კათოლიკურ პრაქტიკას წარმოადგენდა. ამ საკითხისადმი რომ საქართველოს ეკლესიაში თავისუფალი მიდგომა ჰქონდათ, ჩანს ეფთჳმე ათონელის წერილიდანაც გიორგი ბერისადმი: ,,და ესეცა გუჱსმა, ჳთარმედ ყურძენსა გამოსწურვენ ქართუელნი და მით ტკბილითა წირვენ ჟამსაო. ამისთჳს ფრიად გაუიკვირდა ესე ყოველთა მკჳდრთა ამის ქუჱყანისათა (ბიზანტიის იმპერიის - ბ. ჭ.)".
ბერძნებს ასეთივე ,,ფრიადი გაკვირვებით" უკვირდათ ქართველთაგან მდუღარების გამოუყენებლობაც. ერთი შეხედვით ეს მოვლენა გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში საკვლევ ხანაში კათოლიკეთათვის წაყენებული ერთ-ერთი უმძიმესი ბრალი სწორედ წყალდაურთავის, ,,ურწყოჲ"-ს გამოყენება იყო. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ამ ფუძემდებლური თავისებურებით საქართველოს ეკლესია იმავე პოზიციაზე იდგა, რომელზეც რომის.
წინა წერილში ჩვენ შევეხეთ ქართული ეკლესიის მიმართებას ფილიოქუესთანაც, რომელზეც შეიძლება ვიმსჯელოთ გიორგი მთაწმინდელისაგან თარგმნილი პნევმატოლოგიური ფორმულის ფილოლოგიური თავგადასავლით. გიორგის თარგმანი სულიწმიდის გამომავლობის შესახებ - ,,და ძისაგან" მე-18-19-საუკუნემდე ქართული ეკლესიისათვის მისაღები იყო, ხოლო აღნიშნული პერიოდიდან იწყება შეურიგებელი ბრძოლა ათანასეს სიმბოლოს თარგმანის ხსენებულ მონაკვეთთან. ანტიკათოლიკე რედაქტორებს ეს ადგილი საქართველოს ეკლესიის ყველაზე დიდი მოძღვრის თარგმანიდან ან ამოფხაჭნილი აქვთ, ან უკეთეს შემთხვევაში სქოლიოში გაკრიტიკებული. ხელნაწერის ახალ ნუსხებში კი ის საერთოდ გამოტოვებულია. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ეკლესია ბერძენთა და ლათინთა სარწმუნოებრივ დავებში რომის ეკლესიის მხარეს აღმოჩნდა როგორც დოგმატურად, ისე ნაწილობრივ რიტუალურადაც.
საკვლევ ხანაში მიმდინარე თეოლოგიური დავების აქტუალური პრობლემა იყო სომხური მონოფიზიტიზმიც. ამიტომაც ბიზანტიის იმპერატორი გიორგი მთაწმინდელს არამხოლოდ ქართველთა და ლათინთა, არამედ სომეხთა რწმენის შესახებაც უსვამს კითხვას. მაგრამ თუ მთაწმინდელი ლათინებს სამოციქულო მოძღვრების ერთგულ მცველებად აცხადებდა, სომხების შემთხვევაში იგი მოკლედ ჭრის - ,,ბოროტსა სარწმუნოებასა სახელიც ნუ ედების". თუ დავუკვირდებით, ლათინ-სომეხთა საკითხთან მიმართებით მთაწმინდელის სწორედ ეს პოზიცია იკითხება საქართველოს ეკლესიის სხვა დიდ მოძღვრებათანაც, მაგ. არსენ იყალთოელთან:
1 - დოგმატიკონის ბერძნულ ტექსტში იხსენიება მხოლოდ ოთხი მამამთავარი ხუთის ნაცვლად, რადგანაც დიპტიქიდან ბერძნებმა პაპი ამოშალეს. საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამა, დავით აღმაშენებლის მოძღვარი არსენი ქართულ თარგმანში ამატებს მეხუთეს და რიგით პირველს - პაპს !
2 - ბერძნულ ტექსტში (ნიკიტა სტითატის) პოლემიკა მიმართულია ლათინთა (ევროპელთა) და სომეხთა წინააღმდეგ. ქართულ თარგმანში არსენ იყალთოელი ყველგან იღებს ლათინთა სახელს, სომხებისას ტოვებს.
გიორგი მთაწმინდელი საქართველოს ეკლესიის რიგითი მოძღვარი არ ყოფილა. საქართველოს ეკლესიის გამორჩეული საეპისკოპოსო კათედრების მღვდელმთავრები - ქუთათელი, ჭყონდიდელი, თვით კათალიკოზიც კი გიორგის საქართველოში ჩამოსვლისას მისი აღმსარებელი და მოწაფე გახდა. შესაბამისად, მისი პოზიცია სულიწმიდის ძისაგან გამომავლობის შესახებ საქართველოს ეკლესიაში მიღებულ იქნა, როგორც ამას მისი თარგმანის ადრეულ ნუსხებში ვხედავთ.
ძველი განწყობები საქართველოს ეკლესიაში მოგვიანო ხანაშიც უცვლელად ნარჩუნდება. არსენ კათალიკოზის (ბულმაისიმისძე) დაახლოებით 1220-ანი წლების გუჯარში ,,კათოლიკე სამოციქულო ეკლესია" წარმოდგენილია ,,ხუთთა პატრიარქთა" ერთობად (+ქართლის კათალიკოზი), ხუთ პატრიარქში პირველყოვლისა რომის პაპი იგულისხმებოდა, როგორც ეს ეფთჳმე ათონელისეული დიპტიქიდანაც თვალსაჩინოვდება:
1.ჰრომსა პაპობასა იოვანესსა, 2.კოსტანტინე(პოლეს} პატრიარქობასა ალექსისა და 3.იერუსალიმსა - ნიკიფორესსა და 4.ალექსანდრე[ა]ს - გიორგისა და 5.ანტიოქიას - ნიკოლოზისა, ქართლსა - კათალიკოზობასა მელქიზედეკისასა.
ყურადსაღებია, რომ თავისმხრივ ქართველებს კათოლიკედ, მართლმორწმუნედ მიიჩნევდა პაპიც. 1220-ანივე წლების მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში ჰონორიუს მესამე ქართველებს ,,კათოლიკური რწმენის მქონე ომში მამაც ხალხს" უწოდებს.
სწორედ ზემოხსენებული ხუთი დიდი მამამთავრის, მაშასადამე პირველყოვლისა სწორედ პაპის სახელით შეაჩვენებს კათალიკოზი არსენი თავისი განგებულის ყველა დამრღვევს, ბოლოს კი, ,,მეექვსედ", იგი საკუთრივ მცხეთის კათალიკოზების ჯვრით კრულავს ანდერძის ყველა ხელმყოფს.
ეკლესია ,,ხუთთა პატრიარქთა" და ქართლის კათალიკოზთა ერთობადაა წარმოჩენილი შიომღვიმის 1250-ანი წლების გუჯარშიც. გამორჩეულად საინტერესოა ამავე ხანის რკონის გუჯარი, სადაც გვხდება მრავალი მწვალებლის ძაგება - კინოპ გრძნეულის, სვიმონ მოგვის, მანინასი და ათორმეტთა მოწაფეთა მისთა, ნესტორის, ორიგენეს, არიოზის, პავლე სამოსატელის, მუნტანის, სატურნის, აკვილას, ლოსკარის, პოკრატის, თეოდორე მოფსუეტელის, პოლიხრონის და სხვათა. მათ შორის ყურადღება გამახვილებულია სულიწმიდის მგმობარ მაკედონიოსზეც. ერთი სიტყვით, ტექსტიდან იკითხება, რომ განსახილველი ხანის საქართველოში შესანიშნავად იცნობდნენ სხვადასხვა ერეტიკულ მიმდინარეობებს, მათ შორის სულიწმიდის შესახებაც, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ტექსტი პაპს მწვალებლად არ მიიჩნევს. ის კვლავაც ,,ხუთ პატრიარქს" ასახელებს და მათ ,,მადლს" მოუხმობს. ყოველივე თქმულიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოში შესანიშნავად ერკვეოდნენ ქრისტოლოგიურ დავებში, მაგრამ ამის მიუხედავად სქიზმიდან ორ საუკუნეზე მეტის შემდეგაც კი სამოციქულო კათოლიკე ეკლესია მათთვის ხუთი მადლმოსილი მამამთავრისა და მცხეთელი კათალიკოზის ერთობა იყო. ეს ერთობა, ჯერაც კათალიკოზ კირიონ სკუტრელისათვის იყო ეკლესიის ფუნდამენტური ღირებულება, იგი სომხურ ეკლესიას თვითიზოლაციონიზმს საყვედურობდა, ისევე, როგორც სჳმონ პღნძაჰანქელი მე-13-საუკუნეში.
სომხურ ეკლესიასთან წარმოებული პოლემიკისას ქართული ეკლესიის დიდი მოძღვრები, ხსენებული სჳმონი, ისევე როგორც არსენ საფარელი და არსენ იყალთოელი, სომხურ-მონოფიზიტური ეკლესიის გამიჯვნას მსოფლიო ეკლესიისაგან სამართლიანად ხსნიდნენ სპარსეთის იმპერიის პოლიტიკური მიზნებით, რომელმაც სომხური ეკლესია აიძულა დასავლურ სამყაროს მოწყვეტოდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სინამდვილეში იგივე მეორდება საქართველოს ეკლესიის შემთხვევაშიც, რუსეთის იმპერიამ საქართველოს დაპყრობის შემდეგ კათოლიკე მისიონერები ქვეყნიდან განდევნა. რეალურად, ჩვენი ეკლესიის დღევანდელი კარჩაკეტილობა სწორედ რუსეთის იმპერიის პოლიტიკური მიზანი იყო და არის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ რუსეთის ეკლესია იზოლაციონისტურად სულაც არაა განწყობილი. პირიქით, ის ძალიან გახსნილია სხვადასხვა ქრისტიანულ ტრადიციებთან და განსაკუთრებით კათოლიკე ეკლესიასთან ურთიერთობებში. საქმე ისაა, რომ მნიშვნელოვანწილად იზოლაციონიზმს საეკლესიო მეტროპოლია არა საკუთარი თავისთვის, არამედ კოლონიებისთვის - სატელიტი ეკლესიებისთვის პროპაგანდირებს, რათა საკუთარი გავლენის სფეროში მათი ყოფნა უზრუნველყოს.
საქართველოს ეკლესიის ღირსეული არსებობისათვის აუცილებელია ქართველმა მორწმუნე საზოგადოებამ დაინახოს განსხვავება იმაში, თუ რა სურს რუსეთს, და რა სურდათ ძველი საქართველოს ეკლესიის გამორჩეულ მოძღვრებს.