სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება
Poland reveals challenges in donating new aid packages to Ukraine
Trump: Survival of Ukraine important for U.S.

26 მაისი - შანსი თუ თვითმიზანი?

05.25.2021 | 18:21 ნახვები: 1006

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
უნდა მეთქვა „ზეიმობს", თუმცა, არა, ზეიმისთვის ჯერ ძალიან ადრეა - 30 წელი ისტორიული თვალსაზრისით ძალიან ცოტაა. ღირდა თუ არა სახელმწიფოებრიობა ამდენ წვალებად და რა მივიღეთ შედეგად - ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
ალბათ ამის თქმა არაა დღეს მოდური, მაგრამ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობისთვის ფაქტიურად არ უბრძოლია - თუ არ ჩავთვლით 9 აპრილს, დიდი გამოცდაც არ ჩაუბარებია. თანაც საკამათოა, რამდენად შეიძლება იმ დღის მსხვერპლი შევადაროთ სხვა ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღვრილ სისხლს.
მაგალითად, ალჟირის, რომელმაც საფრანგეთთან ბრძოლაში თითქმის მილიონი ადამიანი დაკარგა.
დღეს მოდურია სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს საბჭოთა პერიოდში ქართველი ხალხი „თავისუფლებისთვის დაუღალავად იბრძოდა". ეს ლამაზად და პათოსურად ჟღერს, თუმცა, სრული ტყუილია.
საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის მანძილზე, ქართველი ხალხი თუ რამისთვის იბრძოდა, ეს იყო „ჟიგული 06", გარნიტურები „ლუდოვიკო" და „ლუი", და სერვიზი „მადონა".
დისიდენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი აღიქმებოდა როგორც შეშლილი ფანატიკოსები, რომლებმაც კაი ცხოვრების გემო არ იციან და ქარის წისqვილებს ებრძვიან. რა თქმა უნდა, პირადად ზვიად გამსახურდიას მიმართ დამოკიდებულება სხვანაირი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მისი წარმოშობის დამსახურება იყო და არა ქართველი ხალხის მაღალი იდეურობის.
ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის 80-ანი წლების ბოლოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ბავშვური გართობის მზგავსი იყო - ინფანტილურმა პატარა ბავშვმა მორიგი სათამაშო მოინდომა - „ლუდოვიკოს" და „მადონას" შემდეგ, ამჯერად - დამოუკიდებლობა.
ეს არ იყო გააზრებული სურვილი და ალბათ ბავშვიც თამაშით გაძღებოდა და ბოლოს საყვარელ ოჯახში შერცხვენილი დაბრუნდებოდა.
თუმცა, ზრდასრულ ცხოვრებას ერთი დიდი ნაკლი აქვს - ის უფრო ადრე იწყება, ვიდრე ჩვენ ამას ვხვდებით. ზოგჯერ ისე გამოდის, რომ ისტორიის ორომტრიალში ახირებები მართლაც რეალობად იქცევა - და ეს მაშინ, როდესაც ბავშვი ახალი რეალობისთვის მზად არაა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის არ უბრძოლია, არ დაუღვრია სისხლი, არ უწვალია, ღამ-ღამობით აკრძალული წიგნები არ წაუკითხია და იმპერიას არ დაპირისპირებია.
ქართველები სსრკ-ში გარკვეულწილად მეამბოხეებად და არალოილურებად ითვლებოდნენ - თუმცა, ესეც ერთგვარი თამაში, „კაი ტიპობა" უფრო იყო, ვიდრე სისტემის წინაამღდეგ გააზრებული პროტესტი. ეს არანაირ წინაამღდეგობაში არ მოდიოდა იმასთან, რომ პროცენტულად კომპარტიის წევრი ყველაზე მეტად სწორედ საქართველოში იყო.
საბჭოეთის ბოლო 20-30 წელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პერიოდი იყო - თავისი მლიქვნელობით, ფარისველობით, უპრინციპობით, გაუმაძღრობით და ყალბი პატრიოტიზმით...
თუმცა, ეს ისტორიაა. რა გვაქვს დღეს რეალობაში და რას ნიშნავს ჩვენთვის დამოუკიდებლობა? რას ვზეიმობთ და რატომ?
ეს ზოგადი კითხვებია, რომლებიც არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ყველას ეხება. რა არის ჩვენთვის დამოუკიდებლობა? და არის თუ არა მცნებები „დამოუკიდებლობა" და „თავისუფლება" ერთი და იგივე? არის თუ არა ერის დამოუკიდებლობა მისი თავისუფლების ტოლფასი?
შოტლანდია არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ავღანეთი კი არის. შოტლანდიელებს თავიანთი წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში არ ჰყავთ, ავღანელები კი გაეროში ათწლეულებია სხედან. ნიშნავს ეს თუ არა, რომ ავღანელები უფრო თავისუფალი ხალხია, ვიდრე შოტლანდიელები?
და საერთოდ, რისთვის გვინდა ეს „დამოუკიდებლობა"? ის ხომ 26 მაისს არ იწყება და არ სრულდება და ყოველდღიურ ზრუნვას მოითხოვს.
რა არის უფრო მნიშვნელოვანი - თავისუფლება თუ დამოუკიდებლობა?
ისტორია უამრავ მაგალითზე გვიჩვენებს - დამოუკიდებლობა არა თვითმიზანი, არამედ საშუალებაა. იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და თავისი შემოქმედებით პოტენციალი გამოავლინოს.
თუ ერმა დამოუკიდებლობის პერიოდში გაეროში სკამის გარდა ვერაფერი ვერ მოიპოვა - წყალს წაუღია ასეთი „სუვერენიტეტი".
ნებისმიერი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - ერთგვარი ლოტერეაა - როდესაც ჰაიტელებმა მე-19 საუკუნის დასაწყისში დიდი ზეიმით გააგდეს ფრანგი კოლონიზატორები, ისინი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამის შემდეგ მათი ქვეყანა სრულ ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა.
ჰაიტელებს ერთი თვალით მაინც რომ ენახათ რა საშინელებაში მოუწევთ ცხოვრება შემდგომი 200 წელი - იქნებოდნენ კი ისინი ისეთივე ბედნიერები და გახარებულები მაშინ, ორი ასეული წლის წინ? ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ.
და ამავე დროს, მე-20 საუკუნის დასაწყისში ირლანდიელი ხალხი ბრიტანეთის დედოფალს აუმხედრდა, და დღეს ირლანდიელებს შეუძლიათ იმ არჩევანით იამაყონ - მათ სამაგალითო, განვითარებული ქვეყანა ააშენეს.
რას იტყვიან ქართველები 50 წლის შემდეგ 1991 წლის 26 მაისზე? დაწყევლიან თავიანთ უტვინო მამებს და ბაბუებს, რომლებმაც მათ დამოუკიდებელი, გაეროში ტყუილად მჯდომი არარაობა დაუტოვეს? თუ იამაყებენ იმით, რომ მათ წინაპრებმა 1991 წელს სწორი არჩევანი გააკეთეს, და მათ ღირსეული ქვეყანა აუშენეს?
ეს მარტივი თემა არაა, და არავის არ ეგონოს, რომ დროშა გაეროში ყველა შეკითხვას ხსნის და ყველა ჩავარდნას აპრავებს.
ისტორიამ ქართველ ხალხს შანსი მისცა, და მხოლოდ ქართველი ხალხის ხელშია ამ შანსის გამოყენება თუ დაკარვა.
თუ ერმა ვერ ააშენა ღირსეული ქვეყანა, და დარჩა მაჩანჩალა ბოსტანი, სადაც ქურდების და კაი ბიჭების გარდა ვერავინ ხარობს, და საიდანაც ყველა გარბის - ესეგი ქართველმა ხალხმა გამოცდა ვერ ჩააბარა, შანსი ვერ გამოიყენა, და ამის გამო ისტორია მას სასტიკად დასჯის - თავის სანაგვეზე გამორჩეულ ადგილს შეურჩევს.
დრო კიდევ არის, მაგრამ, არც ისე ბევრი - სულ 15-20 წელი, რის შემდეგაც მატარებელი ან წინ წავა, როგორც ირლანდია, ან სამუდამოდ უკან დარჩება, როგორც ჰაიტი..
და სწორედ მაშინ გახდება ნათელი - ღირს თუ არა დამოუკიდებლობის „ზეიმი" და არა უბრალოდ „აღნიშვნა"..

ავტორი, თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა