სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება
Poland reveals challenges in donating new aid packages to Ukraine
Trump: Survival of Ukraine important for U.S.

ქართული კრიმინალის "კარნეადესის ფიცარი"

09.02.2020 | 14:13 ნახვები: 605

რა არის ჩვენთვის ცნობილი პირველი დანაშაული? ბევრი არც კი დაფიქრდება და გიპასუხებთ - ძმის მიერ ძმის მოკვლა, ანუ აბელის მოკვდინება კაენის მიერ. მაგრამ იქნებ პირველი დანაშაული უფრო ადრე მოხდა? სხვა რა უნდა დავარქვათ ადამისა და ევას სამოთხიდან გაძევებას თუ არა სასჯელი. "აცდუნეს" არ მიიღება, დღევანდელი გაგებით ამ ცდუნებას მეტწილად პროვოცირებას ან პროვოკაციას აყოლას ვეძახით. და თუ ევამ ღმერთს არ შეუსრულა ერთი პატარა წესი - არ გაესიჯათ ნაყოფი, გამოდის რომ მან კანონი დაარღვია და სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამისათვის დაისაჯა. ისე, თუ ამ ლოგიკას მივყვებით, რატომ გვიკვირს რომ ოჯახში, რომლის ერთი წევრი დამნაშავე ან დანაშაულისკენ მიდრეკილი აღმოჩნდა, დაბადებულიყვნენ როგორც მორალურად მდგარდი, ასევე დანაშაულისკენ მიდრეკილი შვილები - თუნდაც აბელის და კაენის სახით. 

კანონი ზოგადად მარავალკომპონენტიანი გააზრების საფუძველზე მიღებული წესია, რომელც სავალდებულოდ შესასრულებელია კონკრეტულ სახელმწიფოში მცხოვრები მოქალაქეების მიერ. კონკრეტილ სახელმწიფოში იმიტომ, რომ ერთი და იმავე საკითხის მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოში შესაძლოა, სხვადასხვა შინაარსის კანონი მოქმედებდეს - ზოგჯერ დიამეტრალურად საწინააღმდეგო ნორმებით. ამიტომ კანონი მეტწილად არის გამოცდილებაზე, მორალურ-ზნეობრივ სტანდარტებზე, კულტურულ გარემოსა და ტრადიციებზე დაყრდნობით მიღებული აქტი, რომელიც სახელმწიფოს მოაქალაქეებს ანიჭებს როგორც უფლებებს, ასევე ზღუდავს ქმედებებს მოქალაქეთა მეტი სიკეთის, უმრავლესობის ან უმცირესობის სასარგებლოდ.
იურისტებისთვის ცნობილი მაგალითი უნდა მოვყვე, რომლის ერთმნიშვნელოვანი გააზრება სამართლებლივ პრიზმაში დღემდე ვერ მოხერხდა - ვასაუბრობ "კარნეადესის ფიცარზე". ბერძენმა ფილოსოფოსმა კარნეადესმა 22 საუკუნის წინ შექმნა კაზუსი, რომლის ამოხსნასაც საუკუნეებია ცდილობენ იურისტები, ფილოსოფოსები და სხვა პროფესიის ადამიანები.
აი, ეს კაზუსიც: ჩაძირული გემდან გადარჩენილ ორი მგზავრს დახრჩობის საფრთხე ელოდება. ერთი მათგანი წყალში ფიცარს იპოვის და ზედ გაწვება. ფიცარს მხოლოდ ერთი ადამიანის დატევა შეუძლია. მეორე ფიცრის მპოვნელს ჩააგდებს და გადარჩება. მპოვნელი იხრჩობა. ფილოსოფოსმა დასვა კითხვა: რამდენად დასაშვებია პირის დასჯა, თუ იგი ექსტრემალურ სიტუაციაში თავს სხვა ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გადაირჩენს?
თანამედროვე მეცნიერები და ფილოსოფოსებიც კი სვამენ კითხვას და ბჭობენ - "ხომ ცხადია, ადამიანის მოქმედების საზღვარი მორალის ნორმები და სისხლის სამართლის კანონია. შესაბამისად, შესაძლებელია თუ არა ექსტრემალურ სიტუაციაში ამ ორივე საზღვრის დაუსჯელად გადაცილება და საკუთარი (ან ახლობლის) სიცოცხლის დასაცავად სხვა პირის მოკვდინება, იმ ადამიანისაც კი, რომელიც საფრთხეს არავის უქმნის?"
ამ ვითარების განსჯას უმრავი ასპექტი ახლავს, რომლითაც თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ გეტყვით, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი კარნეადესს ციცერონმაც კი ვერ გასცა. შესაბამისად, ანალოგიური ვითარება სხვადასხვა სახელმწიფოს კანონმდებლობაში სხვაგვარად ფასდება.
ბარემ მეორე მაგალითსაც მოვყვები. იურისტებისთვის ესეც ცნობილი ფაქტია - 1842 წელს ამერიკის ერთ-ერთი შტატის სასამართლომ, ადამიანის დაკვლა და შეჭმა დანაშაულად არ ჩათვალა. რა სისატიკე და ველურობაა ხო? ამის შემდეგ რომელ სამართლიანობაზე შეიძლება ვისაუბროთ, არა? მაგრამ იცით რა მოხდა? შიმშილისთვის განწირულმა ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება კენჭი ეყარათ და ასე გამოვლენილიყო ის, ვისაც მოკლავდნენ და შეჭამდნენ - ანუ ყველაფერი ერთობლივად შემუშავებული წესის მიხედვით მოხდა. მიუხედავად კანიბალიზმის ეთიკური გაუმართლებლობისა და ადამიანის სიცოცხლის განკარგვის აკრძალვისა, გასაოცარია ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფ ამ ადამიანების თავგანწირვა, რადგან თითოეული მათგანი მზად იყო ჯგუფის წევრი სხვა ადამიანების გადასარჩენად თავი გაეწირა.
ა, ხო, მაგალითის მოყვანისას ასე არ შეგიხედავთ საკითხისთვის. მესმის.
ამიტომ, ჩვენ ხშირად საკუთარი საზომით ვზომავთ მომხდარ დანაშაულს, ისე რომ არ ვიცით გარემოებები. გვაქვს სამართლიანობის სტანდარტი, რომელიც ხშირად არ ემთხვევა სამართლის - კანონის მოთხოვნებს. მაგრამ "აქ" ამ ქვეყანაში ხომ ყველა უდანაშულოა, ან ყველას აქვს ობიექტური მიზეზი, გარემოება და მოტივაცია, ახსნას თუ რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული, რომელიც "არაფერია" სხვის მიერ ჩადენილ ანალოგიურ დანაშაულთან. "აქ", ამ ქვეყანაში ჯერაც საბჭოთა მენტალიტეტი "მუშაობს" დანაშაულთან მიმართებაში - მე დამიშავეს უნდა დაისაჯონ, მე დავუშავე - მიზეზი და მოტივი მქონდა, მართალი ვარ, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და ხელისუფლება მდევნის.
----
დღევანდელი გაგებით დანაშაული არის საზოგადოებრივად საშიში, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელსაც კანონი სასჯელით ემუქრება.
დღეს ხშირად ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დანაშაულებრივი ქმედებების ზრდაა. მძიმეა კრინომოგენული ვითარება. ბარემ განვმარტავ, რომ ტერმინი კრიმინალიზაცია ნიშნავს ამა თუ იმ ქმედების დანაშაულებრივად გამოცხადებას, რაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელბის ანუ დასჯის, საფუძველია.
დანაშაულთან ბრძოლა და კრიმინოგენული ვითარება არის სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის გააზრების კომპონენტი. დიახ, კომპონენტი და ვერც ერთ სამართალდამცავ სტრუქტურას, ცალკე აღებულს, ვერ დავადანაშაულებთ იმ ვითარებაში, რომელიც გვაქვს ან გვქონია დამოუკიდებლობის სხვადასხვა ეტაპზე. ზემოთ მოხმობილი მაგალითი - პირველი დანაშაულებების შესახებ სწორედ ამისთვის დამჭირდა.
შსს დღეს საუბრობს იმაზე, რომ შეიცვალა დანაშაულის აღრიცხვის სტატისიკა და ეს არის ძალიან კარგი. მით უფრო როდესაც სხვა "ტრადიციული" დანაშაულებების ფონზე, საერთოდ ახალი დანაშაულიც გაჩნდა სტატისტიკურად აღსარიცხავთა ნუსხაში. მაგალითად მუქარა, მუქარა ვირტუალურ სივრცეში, ოჯახური ძალადობა და ა.შ.
აქვე ვაღიაროთ ისიც, რომ "მეორე" მხარე - დამნაშავე, (დანაშაულებრივი დაჯგუფებები) ისევე იზრდება პროფესიონალიზმში, როგორც იზრდება საზოგადოებაში ცხოვრების დონე - დაწყებული ტექნოლოგიებით და დანაშაულში ინტელექტუალების ჩართვით დასრულებული. ზოგჯერ დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლები უსწრებენ კიდეც "დროს".
ამიტომ, ნებისიერი სამართალდამცავი სტრუქტურა, მოტივაციის მიუხედავად, უძლური იქნება ეფექტური ბრძოლისთვის თუ საკითხი კომპლექსურად არ იქნება მოგვარებული.
აქვე, უნდა გავითვალისწინოთ, დანაშაული მუდამ არის შემაფერხებელი, არა მხოლოდ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის, არამედ აზიანებს სახელმწიფოს პოლიტიკურად და ახდენს მისი მოქალაქეების დემორალიზებას.
ხშირად შევხდებით მოსაზრებებს, რომ ეკონომიკაში არსებული მძიმე მგომარეობა არის დანაშაულის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი. ანუ თურმე ადამიანი დანაშაულს ცუდი ეკონომიკური პირობების გამო ჩადის და ამ გზით ცდილობს მიიღოს მისთვის სასურველი საჭირო ნივთი თუ ნივთის ქურდობისგან მიღებული სარგებელი, ოჯახის სარჩენად. სხვისი უბედურება ჩემი ბედნიერების ხარჯზე - იმ ფიცრის არ იყოს. მეორე ნაწილის მტკიცებით, დანაშაული იზრდება ეკონომიკური აღმავლობის დროს, რადგან მაშინ მოსაპარი უფრო მეტს აქვს, თან თურმე სწორედ ამ დროს იზრდება მოთხოვნა ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე რაც შესაძლოა, დანაშაულისადმი შინაგანი გაწყობის საფუძველი გახდეს. აქაც "ფიცარია" თემა. ამაზე მსჯელობა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ასევ დგინდება, რომ ამ ორ მოვლენას - ეკონომიკის ზრდას და ეკონომიკურ სტანგაციას ან დაღმასვლას - დანაშაულის ზრდასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

პირიქით დანაშაულის ზრდა აზარალებს ეკონომიკას და მის სფეროებს, ახდენს მოქალაქეების დემორალიზებას იმ პიროებში თუ ის სისტემური ხასიათის ხდება და აქვს იდეოლოგიური მხრდაჭერა.
აქვე გავიაზროთ, რომ ჩვენთან დანაშაულის ზრდის საფუძველს ხშირად ყოფითი პირობების, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გარდა, მიზნის ადვილად მიღწევის სურვილი, არასათანადო განათლება და უფრო მეტიც - ღირებულებითი კრიზისი წარმოადგენს.
--------
არ ვიცი, საზოგადოებისთვის არის თუ არა ცნობილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ 2014-15 წლებში სწავლა საქართველოს სასწავლო დაწესებულებში 14 ათასმა მოსწავლემ მიატოვა. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ქვეყანაში გვყავს 50 ათასამდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი. თუ ადამიანს არ აქვს შესაბამისი განათლება, უნარები, არ ფლობს პროფესიას, მაგრამ "სჭირდება ცხოვრება" მათი გარკვეული ნაწილი მიდის მრუდე გზით, ანუ დანაშაულის გზით.
რადგან არასრულწლოვანებზე გავამახვილე ყურადღება ბარემ ვიტყვი, რომ ქვეყანაში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი". მართლაც გამორჩეულად კარგი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სწორედ ამ მიმართულებით იზრდება დანაშაული. რეალურად კი ამ კანონს არ მოჰყვა შემდეგი ნაბიჯები, რომელიც განაპირობდა მის ეფექტურობას. მაგრამ ახლა ვიცით, რომ ბავშვის დაკავება ან სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსება არ შეიძლება. დიახ, დაუშვებელია ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც არ არის ბოლომდე გააზრებული, ან არ ხდება დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. ვიმეორებ, საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობა იმით დაზიანდა, რომ არ მოხდა შესაბამისი საფეხურების ამოქმედება და მექანიზმების შექმნა - რეალურად არ მუშაობს რეფერირების ინსტიტუტი. იუსტიციის სამინისტრომ ვერანაირად ვერ მოახერხა ამ ხნის განმავლობაში შეექმნა რეფერირების ეფექტური სისტემა და მოდელი.
როდესაც დანაშაულზე ვსაუბრობთ, მესმის აქ წინა პლანზე მუდმივად პოლიცია, პროკურატურა და სასამართლოა. ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობა ვერ იაზრებს, რომ საკანონმდებლო დონეზე, ანუ სამართლებლივი პოლიტიკის განსაზღვრის საქმეში უმნიშვნელოვანესია იუსტიციის სამინისტროს როლი. სწორედ ამ სამინისტრომ უნდა განსაზღვროს და წარმოჩინოს თავის ხედვა როგორ იმოქმედებს და იმსჯელებს სახელმწიფო "კარნეადესის ფიცარზე" და ასევე არიან თუ არა კანიბალები ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თანაგუნდელი მოკლედ და შეჭამეს. ამის კვალობაზე შეაფასებს საზოგადოებას იმას, ვინც შეჭამეს ის მსხვერპლია თუ გმირი.

რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ პროცესი, "ვარდების რევოლუციის" შედეგად ხელისუფლებაში მოსული ძალის მიერ, იმ პერიოდში, შემუშავებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. ამჟამად სახელმწიფოს წინაშე არის სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, აუცილებელია ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორად გააზრება. პოლიტიკის, რომელიც იქნება ერთიანი, მართლმსაჯულების სისტემის ყველა ინსტიტუციისთვის და აქ, დღემდე არსებულ ვითარებაზე თუ დღეს არსებულზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში იუსტიციის სამინისტრომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
იცით, როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი დააკავეს, მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ეს იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება. დაკავება და დამნაშავედ ცნობა მოხდა კოლეგიალური ორგანოს, საქართველს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აქტის საბაბით. ანუ გადაწყვეტილება, მიიღო მთავრობამ და დაიჭირეს მერაბიშვილი, როგორც მისი ხელმძღვანელი. დიახ, მიმაჩნდა, როგორც არასამართლიანი, მაგრამ სასამართლომ სამართალზე, კანონზე დაყრდნობით განაჩენი გამოიტანა.
----
ხშირად გვავიწყდება, რომ მართლმსაჯულება უამრავი კომპონენტისგან შედგება - ინსტიტუციონალურად კი ამ კომპონენტის ნაწილია პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მოდელზე - როგორ და რა ხერხებით ვიბრძვით დანაშაულის წინააღმდეგ. რაც სწორედ იუსტიციის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს და პარლამენტმა დაადგინოს. ცალკე აღებულად, რომ პოლიცია ან სუს-ი ვალდებულია უზრუნველყოს ჩვენი სიმშვიდე და იდგას კანონის სადარაჯოზე, არის საკუთარი თავის მოტყუება და მწირარგუმენტიანი მსჯელობა.
ამ ფონზე, ჩვენ გვაქვს ვითარება: როდესაც არ არსებობს ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა, როდესაც პროკურატურაში არის სრული სტაგნაცია და დროში აცდენილი ქმედებები. შემიძლია ვთქვა - აბსოლუტური ქაოსი და არაპროფესიონალიზმი მეფობს პროკურატურაში - ამას ადასტურებს არა ერთი გახმაურებული საქმე; როდესაც სასამართლოში არსებული ერთი კლანი ძალადობს და აშანტაჟებს სახელმწიფოს, მის მოქალაქეებს; როდესაც იმავე პოლიციაში და სუს-ში ჯერაც ფუფუნებაა პროფესიონალიზმი და ცალკეული შემთხვევებში თანამდებობრივი გადაცდომები ხდება უწყებების დისკრედიტირების მიზეზი.
ამის მიუხედავად, რაც არ უნდა პოზიტიური იყოს რომელიმე ცალკეული ინსტიტუტის მოტივაცია, საბოლოოდ შედეგი ვერ იქნება ეფექტიანი. თითოეულ ჩამოთვლილ ინსტიტუციას და პარლამენტს, ზოგადად ხელისუფლებას, საზოგადოებას უნდა ესმოდეს - დამნაშავის დასჯა არ უნდა იყოს მხოლოდ შედეგი. შედეგი უნდა იყოს დანაშაულის პრევენცია, მაგრამ თუ დანაშაული ხდება, ეფექტური გამოძიება და კანონიერი განაჩენი ნებისმიერი პერსონის მიმართ, არის ქვეყნის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ტესტი. ნებისმიერმა გამონაკლისმა, ან ინსტიტუციონალურმა მიკერძოებულობამ პოზიტიურ ტენდენციას შესაძლოა უდიდესი ზიანი მიაყენოს.
რა თქმა უნდა, როდესაც პრობლემა გააზრებულია, უმნიშვნელოვანესი გარემოებაა პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება ხელისუფლების და პოლიტიკური ნება ნებისმიერ უწყებაში. ვიმეორებ- როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულზე და მის მიმართ კომპლექსურ დამოკიდებულებაზე, ცალკეული ინდივიდის - რომელიმე მინისტრისა თუ მთავარი პროკურორის პოლიტიკური ნება პრობლემას ვერ მოაგვარებს. თუმცა ინდივიდებს - პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არსებული პოლიტიკის განხორციელების საკითხში უნდა გააჩნდეთ თანამდებობის შესაფერისი სახიერება და აქ გამომეტყველებაზე ან ფაბიტუსზე არ ვსაუბრობ. არამედ შინაგან და სახელმწიფოებრივ მოტივაციაზე, მინდობილი საქმისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებაზე, გულისხმიერებაზე. თუ არსებობენ სახიერი პერსონები აუცილებელია არა მხოლოდ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება - რაც უმნიშვნელოვანესია და გადამწყვეტია, არამედ საკითხი, უნდა იქცეს საერთო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსესუსის საგნად.
----
დანაშაულთან ბრძოლის და პრევენციის მიზნით ჩვენ - საზოგადოებამ, უნდა ავირჩიოთ სამი უმთავრესი პრიორიტეტი: 1. ვიყოთ სახელმწიფოს პარტნიორები ნებისმიერი დანაშაულის გამოვლენის დროს; 2. ვაიძულოთ ხელისუფლება (ნებისმიერი) იბრძოლოს დანაშაულის ყველა სახის წინააღმდეგ; 3. მედია, საზოგადოებრივი ჯგუფები, არასამათავრობო სექტორი გამოვიყენოთ სამართალდამცავი ორგანოების შემართების, საქმიანობის ეფექტიანი ზრდისა და მორალური წახალისებისთვის, ისევე როგორც ობიექტური მხილებისთვის;
ამ პრიორიტეტებსთვის უნდა არსებობდეს დამცავი მექანიზმები: 1. დანაშაულთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა უნდა იყოს უმაღლესი მოქალაქეობრივი ვალდებულება; 2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში საზოგადოებრივმა ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ქმედითი მექნიზმები - აკადემიური პოლემიკიდან დაწყებული, უკიდურეს ვითარებაში საპროტესტო აქციების გამოყენების ჩათვლით; 3. სამართალდამცავთა ნებისმიერი კანონსდაქვემდებარებული და მორალური ასპექტებით გაჯერებული ქმედებების პოპულარიზაცია უნდა გახდეს ინსტიტუტებისადმი პატივისცემის გამოხატულების დამადასტურებელი ფაქტორი. ისევე როგორც, კანონსგაცდენილი ქმედებების მხილება, უწყებების შინგნით და გასაჯაროებით, ასწევს თავად ამ ინსტიტუტების ავტორიტეტს.
უახლოესი წარსულიდან ჩვენ გვაქვს იმის ნათელი მაგალითები თუ როგორი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება გამოიჩინა მედიამ 2008 წლის აგვისტოში. სიმართლე გითხრათ, ეს არ იყო სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი. ანუ კრიზისის მართვის ნაწილი და ამას ნუ დაიბრალებს ნურავინ წინა ხელისუფლებიდან. ეს იყო აბსოლუტურად თვითშეგნებაზე დაფუძნებული მოცემულობა. ხელისუფლებას მაშინ, იმ დრომდეც და მას მერეც მედია მხოლოდ მისი კონკტროლირებადი ტელევიზიები ეგონა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - იმ უმნიშვნელოვანესი გასაცდელის ჟამს მედიამ სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლესი სტანდარტი გამოავლინა, ვგონებ ორი გამონაკლისი ფაქტის გარდა, რომელზეც ახლა საუბარი არ ღირს. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რამდენად იზიარებდა ხელისუფლების ღირებულებსა თუ ზოგად პოლიტიკას ესა თუ ის მედიასაშუალება. ამიტომ, ხელისუფლება ვალდებულიც კია განსაზღვროს მედიასთან ამ მიმართულებით სწორი სტრატეგია და დაამყაროს სწორი კომუნიკაცია. ასევე უმნიშვნელოვანესია კომინიკაცია არასამათავრობო სექტორთან.
მედალს ორი მხარე აქვს - ნებისმიერი მოვლენა შეიძლება წარმოჩნდეს როგორც დადებითი ისევე უარყოფითი კონტექსტით. მაგალითად, ერთის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არის მძიმე. მეორე მხრივ - შეგვიძლია ვთქვათ, კრიმინალის ზრდის პირობებში მინდინარეობს ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ. ანუ ნეგატივშიც დავინახოთ პოზიტივი და აქცენტირება ამაზე გავაკეთოთ რაც ერთის მხრივ იქნება სამართალდამცავი სტრუქტურების პოზიტიურად იძულების მექანიზმი, მეორეს მხრივ - მუდმივი ნეგატივი საზოგადოების და თავად უწყების თანამშრომელთა დემორალიზების საფუძველი გახდება. ამავე დროს, ეს სულაც არ ნიშნავს დანაშაულის დაფარვას და მის "გაუბრალოებას".
----
ისევ და ისევ "კარნეადესის ფიცარს" უნდა დავუბრუნდე. ამ თემაზე მსჯელობისას უამრავი მოსაზრება გამოთქმულა - ასეთიც კი, უნდა გადარჩეს ის ვინც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, უნდა გადარჩეს მრავალშვილიანი, თითქოს დამხრჩვალის ობლისთვის რაიმე ნუგეში იქნებოდა, ბევრს რომ ეყოლებოდა მამა და მას არა, ან იმ ბევრი შვილისთვის მტკივნეული არ იქნებოდა, რომ ისინი მამას დაკარგავდნენ და ერთ შვილს მამა დაუბრუნდებოდა სახლში. იცით, იყო მოსაზრებები, რომ ორივე "გმირულად" უნდა დამხვრჩალიყო, რადგან ეს უფრო ზნეობრივი იქნებოდა და მორალთან ახლოს. მე არ ვიცი, რომელი თქვენგანი რა არჩევანს გააკეთებდა განსჯის საფუძველზე და ანალოგიურ ექსტრემალური ვითარებაში როგორ მოიქცეოდა, მაგრამ ერთს დაბეჯითებით ვიტყვი - ამ ვითარების განსასჯელად რა წესი თუ კანონი არ უნდა დადგინდეს, მუდამ იქნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც დადგენილი მიუღებელი იქნება.
სწორედ ამ კონტექსტში ვიტყვი - დიახ, დანაშაული მნიშვნელოვნად უშლის ხელს ქვეყნის პროგრესს უამრავი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ერთის მხრივ უნდა "ვამხილოთ" ხელისუფლება და მეორე მხრივ ამ ზედოზირებული მხილების პროცესში არ უნდა დავაზიანოთ სახელმწიფო.
დიახ, დანაშაული იყო და ალბათ ყოველთვის იქნება. მაგრამ აქ ხომ მთავარი სხვა რამეა - როგორ ვებრძვით დანაშაულს და რამდენად ვჯდებით კანონის მოთხოვნების ფარგლებში, იმ კანონების, რომლებიც ჩვენი დაკვეთით იქმნება, მაგრამ რომლის შინაარსი არ ვიცით ხოლმე. კანონის, რომელიც არასოდეს არ არის რეპრესიული ან ლიბერალური. კანონია ისეთია როგორი განწყობა და მოთხოვნა - დაკვეთა არის საზოგადოებაში. მხოლოდ ერთი დათქმით, ნებისმიერ სამართალდამცავ სტრუქტურაში უნდა ესმოდეთ, საკუთარი თანამშრომლების ღირესების დაცვა და ასევე, ნებისმიერ გადაცდომაზე ყველას პასუხისგება კანონით დადგენილ ფარგლებში, კონკრეტულ თანამშრომელს და უწყებას კი არ სჭირდება, არამედ სახელმწიფოს. სწორედ ასეთი მოცემულობის დროს ვერც ერთი პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვერ გაბედავს გავიდეს კანონის ფარგლებიდან და პირიქით, მისთვის პატივიც კი იქნება "თანამშრომლობა", არა საბჭოური გაგებით, არამედ სახელმწიფოებრივი გაცდით, თუნდაც ისე, როგორც ისრაელში ან ნებისმიერ დასავლურ-ცივილიზებულ სამყაროში. შეუძლებელია ერთის მხრივ შვილებს ვზრდიდეთ საბჭოთა ან ქურდული მენტალიტეტით და მერეს მხრივ ვითხოვდეთ უსაფრთხოებას, დანაშაულის პრევენციას. სხვათა შორის, ამ სახელმწიფოებრივ განცდაზე დგას ისრაელის და სხვა ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფოს სიძლიერე. ამიტომ, პირველი - უნდა ვისმჯელოთ პრობლემაზე, მეორე- უნდა შევძლოთ პრობლემის მინიმალიზირება და მესამე - რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური ყველა უწყებისთვის და ბოლომდე გააზრებული; მეოთზე - ეს ჩვენი სახელმწიფოა. ჩვენი ყველა გაგებით და მოვექცეთ ისე როგორც ჩვენს.
----
გახსოვთ, წლების წინ საერთოდ არ ვიცოდით რა იყო სიძულვულის დანაშაული - ანუ ის, რასაც ოჯახურ დანაშაულს ვუწოდებთ. უფრო სწორად ვიცოდით, რომ ქმარი ცოლს სცემდა, ძალადობდა შვილებზე, მაგრამ ამას მხოლოდ მორალური კატეგორიის პრიზმაში განვიხილავდით და ვერც კი წარმოგვედგინა, რომ იარსებებდა "შემაკავებელი ორდერი", უფრო მეტი - ვერ წარმოვიდგენდით, თუ ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო ქმარი ციხეში მოხვდებოდა. დიახ, ეს სულ რაღაც 15-20 წლის წინ ხდებოდა. ჩვენი მორალური სტანდარი, რომელიც მეტწილად სხვის საქმეში ჩაურევლობას გულისხმობდა ვერანაირად ვერ იცავდა დაჩაგრულ ადამიანს. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულზე, მის ზრდაზე და რეალურად იმის გარდა არაფერს ვაკეთებთ რომ ხელისუფლებებს ვუკიჟინოთ- კრიმინალი ბობოქრობს, იქნებ ერთი პრევენცია, ერთი მხილება, ერთი სამართლებლივი აქტი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პოზიციიდან ჩვენც ჩავიდინოთ და დანაშავეს ვუთხრათ - ჩემზე, ჩემს სახელმწიფოზე ძალადობის უფლებას არ მოგცემ. მაგრამ არც ეს გამოგვდის, რადგან როცა ვიცით მაგალითისთვის საჯარო მოხელე, ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი კორუფციაშია ჩართული ვბობოქრობთ, როცა მას დააკავებენ, პოლიტიკურიაო გავყვირით. სულ ეს არის ჩვენი სამართლებლივი სტანდარტი - ანუ, რეალურად აბრაგები და ყაჩაღები გვიყვარს. და თუ "კარნეადესის ფიცარზე" მიდგება საქმე, უმეტესი ჩვენგანი ერთს კი არა, ათასობით ადამიანს დაახრჩობს, იმისათვის რომ თავად გადარჩეს.
ყველას უნდა გვახსოვდეს და განსაკუთრებით ყველა ხელისუფლებას, რომ ქართული სისხლის სამართლის კოდექსი სიტუაციას, როდესაც ერთი სამართლებრივი სიკეთის გადარჩენას მეორე თანაბარმნიშვნელოვანი სამართლებრივი ეწირება, სახელდებით არ ითვალისწინებს. შენი სიცოცხლე ჩემს სიცოცხლეზე მეტი არ ღირის და არც შენი ახლობელი დამნაშავეა ჩემს ახლობელ დამნაშავეზე უკეთესი იმის გამო, რომ შენ დიდი ვინმე გგონია თავი.

გოჩა მირცხულავა

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა