პოდოლიაკი ცხვირს ნუ ყოფს სხვის საქმეში-დავითულიანი
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს-სერგეი შოიგუ
უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა
შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, სიტყვა რეჟიმი სწორად გამოიყენა-

ივანიშვილი და სააკაშვილი - მათი გადარჩენის გზა

05.02.2022 | 21:11

ახლაც იგივე მოხდება - ერთის და მეორეს მომხრეები იბურტყუნებენ, საკუთარ „პრინციპებს“ ისევ დააყენებენ სახელმწიფოს და თუნდაც ამ ორი პერსონის პრინციპებზე მაღლა და მერე დადუმდებიან. რადგან ეს ბურტყუნი მეტწილად პოზა იქნება და არა სახელმწიფოს, ან როგორც ზემოთ ვთქვი, თუნდაც ამ ორ პერსონის ბედზე ფიქრი.

არ ვიცი რას აკეთებენ სახელმწიფოს ანალიტიკური სამსახურები გარდა იმისა, რომ გონიერი აზრის მარგინალიზება მოახდინონ და საერთოდ იციან თუ არა, რა არის განჭვრეტადი მომავლის მოდელირება, მაგრამ ფაქტია, რომ მათაც ფეხებზე ჰკიდიათ სახელმწიფო და თუნდაც ამ ორი ადამიანის ბედი.

რატომ ვაბამ ერთმანეთს სახელმწიფოს და ამ ორ პერსონას? იმიტომ, რომ რეალობას აღვიქვამ ადეკვატურად და ზუსტად ვიცი, ისეთივე მართალი ვარ, როგორიც ვიყავი მაშინ, როცა პრეზიდენტობის ზენიტში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა თვითგანადგურებისა და თვითდისკრედიტაციის რეჟიმი ჩართო და ეს ხმამაღლა ვთქვი. ვგრძნობდი იმ უბედურებას, რასაც მოაწევდა ყოველი შემდგომი დღე სახელმწიფოს.

ჯერ კიდევ 2013 წელს ხმამაღლა ვთქვი: - „ხელისუფლებას პარტნიორი არ ჰყავს და საზოგადოების შიშის იმედად ცხოვრობს...“ თავის დროზე, ვთქვი რომ ნაციონალებიც შიშით ცხოვრობდნენ - დიდი ფულის შიშით. ეს შიში იყო მთავარი ფაქტორი, რამაც ერთმანეთს „შეზრდილი“ ნაცებისა და ივანიშვილის ერთობლივი (!) ძალაუფლება დაანგრია და დღეს იქ ვართ სადაც ვართ... აქ, სახელმწიფოს ყოფნაზე ვსაუბრობ და არა რომელიმე ჩინოვნიკის უკაბინეტოდ დარჩენაზე თუ კაბინეტის დათრევაზე....

უკანასკნელი სამი ათეული წლის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, ისევე როგორც ამ ცხოვრების მთავარი აქტიორების - პოლიტიკოსების ლოგიკაც. არაერთხელ მითქვამს და, შესაბამისად, არ ჩავუღრმავდები იმას, რომ ქართველი პოლიტიკოსების უმეტესი ნაწილისთვის პოლიტიკა ბიზნესი - პირადი კეთილდღეობის წყაროა. მათ იმაზე მეტად ჰკიდიათ ფეხებზე ამ ქვეყნის ბედ-იღბალი, ვიდრე „ლუდოვიკოს ვახტანგი“.

დამისახელეთ ბოლო 30 წლის 20 ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ამ ქვეყანას თავდადებითა და მაღალი კეთილსინდისიერებით ემსახურა. ფრიად გაჭირდება 20 ადამიანის ჩამოთვლა, რომლებმაც საკუთარი დიდებისა და სიმდიდრის მოხვეჭის მაცდუნებელი გარემოთი არ ისარგებლეს.

დიახ, ჩვენ ამ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება...

ისე, გვაქვს კი უფლება პოლიტიკოსებზე ვთქვათ - „ისინი დისკრედიტირებულები არიან“, მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობა მათი სტატუსისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად კომფორმიზმში იხრჩობა? 2011 წლის 12 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა მეორე წერილით მიმართა საქართველოს მოსახლეობას (ამ წერილს კიდევ გამოვიყენებ ქვემოთ), სადაც შავით თეთრზე წერია: "ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: იმიტომ, რომ ვხედავ სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც _ ქონებას, არც _ ფულს, არც _ პრივილეგირებულ მდგომარეობას... ეს სიტყვები ჩვენს კომფორმიზმით დაავადებულ საზოგადოებაში შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს და სწორედ ამაშია ჩვენი ყოფის უბედურება".

მოდით გვერდზე გადავდოთ ყველა პასაჟი და ისე ვკითხავ ბატონ ივანიშვილს: ჩვენი საზოგადოება ოდნავ მაინც განიკურნა კომფორმიზმისგან? მერწმუნეთ - არა! და თუ ასეა, რატომ ფიქრობთ, რომ კომფორმიზმით დაავადებული ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით თქვენი გარემოცვა - რომლის ამოცანა სწორედ ამ კომფორტისა და პრივილეგიების შენარჩუნებაა, ოდესმე რამეს გირჩევთ სწორად? თუნდაც სწორ ინფორმაციას მოგაწვდით დასკვნებისთვის? თქვენი უახლოეს გარემოცვა დაუშვებს რაიმე ფორმით ისეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც „საამურ არ იქნება თქვენთა ყურთა“?

არ ვაპირებ ანალოგიის კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის ციტატების მოყვანას ცალკეულ მოვლენებთან, პროცესებთან დაკავშირებით. თუნდაც იმიტომ, რომ ოპონენტები უცებ წამომაშველებენ იმავე მოვლენაზე მისსავე განსხვავებულ პოზიციას ან ფაქტს.

მაგრამ გაგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ივანიშვილს უკანასკნელ კაპიკამდე აზღვევინებს ყველაფერს.

არც ბატონი სააკაშვილი და არც მისი მომხრეები არასოდეს დაფიქრებულან, რომ სწორედ ეს გამონათქვამები და რევანშიზმის შიში ადუღაბებს ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს. არა თუ მხარდამჭერებს, იმათაც კი ვინც იცის, რომ სახელმწიფოში მძიმე ყოფაა, თავად მათი ყოფაც გაუსაძლისია და მაინც „ოცნებას“ უჭერენ მხარს.

ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ „თამადობით“ არასოდეს უმსჯელია საკუთარი მარცხის რეალურ მიზეზებზე, რადგან მათთვის მიზეზი ყოველთვის ნათელია - ოლიგარქი და მხდალი - ხახვზე, ფქვილზე, შაქარზე გაყიდული ხალხი.

თითქოს ამ ოლიგარქის ფულს არ ხრავდა და ხრავს დღემდე ზოგიერთი მათგანი და თითქოს, ბოლო ათი წელია, პლატონის მიერ ძვ. წ. 380 წელს დაწერილი ცნობილი დიალოგის შიშები ვერ დაძლია ხალხმა.

 

***

რეგიონს, რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ იმათ შორის, ვისაც მიმდინარე გლობალური პოლიტიკური პროცესებისადმი მგრძნობელობა დაკარგული აქვს. შიგნით კი სახელმწიფოში ერთგვარი პოლიტიკური ცუგცვანგის პირობებში ვცხოვრობთ.

თითქოს ხელისუფლებას უკან დასახევი გზა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, რადიკალური ძალები ივანიშვილის გარემოცვაში მას არწმუნებენ, რომ მიხეილს სააკაშვილის ციხეში ყოფნა აუცილებელია და უფრო მეტიც - სამართლიანიცაა.

ცალკე ოპოზიცია - არა, ოპოზიცია არა, ოპოზიციას ფიქრის თავი სად აქვს, - მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მრჩევლებზე დაყრდნობით ფიქრობს და ცდილობს, რომ მისი ციხეში ყოფნით საბოლოოდ კუთხეში მოიმწყვდეს ივანიშვილს, რომელსაც უკანასკნელ კაპიკამდე უნდა აზღვევინოს ყველაფერი.

ესეც საშინელი საღიარებელია ნებისმიერი თავმოყვარე მოქალაქისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ რეალურად ჩვენ ვცხოვრობთ ორი ჯიუტი თუ არა, პრინციპული ადამიანის ვნებებისა და ინტერესების ტყვეობაში. ორი ადამიანის, რომელთაგან ერთი არ თმობს ძალაუფლებას, ხოლო მეორეს ამ ძალაუფლების წაგლეჯის სურვილი ასულდგმულებს.

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რამდენიც არ უნდა გვიმტკიცონ საპირისპირო, ციხეში ჩასაჯდომად არ ჩამოსულა საქართველოში.

ჩამოსვლის ფორმას რომ თავი დავანებოთ, ციხეში ყოფნის პერიოდში დაშვებული ტაქტიკური შეცდომები მეტყველებს ამაზე თვალნათლივ.

ფაქტია ისიც, რომ ბატონი ივანიშვილი ნამდვილად არ ელოდა მოვლენების ასე განვითარებას - ანუ სააკაშვილის დაბრუნებას. ეს მეორე შემთხვევაა მისთვის, როდესაც სხვა რამეს ელოდა და სხვა რამე მიიღო. მახსოვს მის მოქალაქეობასთან დაკავშირებული პროცესები 2012 წლის გაზაფხულზე. მაშინაც ამბობდა ბიძინა ივანიშვილი - აბა, გაბედოს სააკაშვილმაო და მიშამ გაბედა - საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთვა. მაშინაც დავწერე ვრცელი პუბლიკაცია - „ბატონო ბიძინა, გაბედა!“.

ახლა რა ხდება? კიდევ ერთხელ გავიაზროთ - რაზე დგას ივანიშვილის ხელისუფლება? შიშზე! საზოგადოების შიშზე, რომ „ნაციონალების“ „სისხლისმსმელმა" ფრთამ არ დაიბრუნოს ხელისუფლება.

და სანაცვლოდ რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა?“ საზოგადოებას უმყარებს ამ შიშს ფრაზებით - ოლიგარქს მოუწევს პასუხისგება, ივანიშვილის ქონება გადაეცემა და მოხმარდება ხალხს. ანუ, საზოგადოებისთვის ეს არის რევანშის დეკლარირება, თუნდაც იმიტომ, რომ მათ კარგად ახსოვთ კრწანისში მშვიდად მცხოვრები შევარდნაძე და გაყვლეფილი მისი გარემოცვა, რიგით მოქალაქეებზე თუ არაფერს ვიტყვი.

გააკეთა რამე „ნაცმოძრაობამ“ იმისთვის რომ ეს ერთი, უმთავრესი მითი გაექარწყლებინა ხალხისთვის? ან სააკაშვილის სასჯელის შესამსუბუქებლად, გადასავადებლად, ქვეყნიდან სამკურნალოდ გასაყვანად, რამე შედეგიანი გაკეთდა? არა! ფაქტი ხომ სახეზეა.

ამ დროს გულისწყრომა გამოიწვია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნათქვამმა, რომ სააკაშვილის შეწყალება პოლარიზაციას გააღრმავებს. "ქართულმა ოცნებამ", შექმნა ეს განცდა სწორედ ნაცმოძრაობის და თავად მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით. "ოცნებას" ასე მოქმედების საფუძველი ჰქონდა და აქვს. რა გააკეთა ამის გასანეიტრალებლად მეორე მხარემ? არაფერი!

და ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც სააკაშვილის არც ერთი პოლიტიკური ოპონენტი, არც ერთი ადამიანი ვისაც პირადად მისგან ან სისტემისგან უდიდესი ზიანი აქვს მიყენებული, ხელს არ მოაწერს პატიმარ სააკაშვილის სიკვდილს. დიახ, არავინ პერსონალურად ამას არ იზამს.

მაშინ რატომ გახდა შეუძლებელი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არა თუ გაზრდის პოლარიზაციას, არამედ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი მზად არის ამ მოცემულობის მისაღებად?

 

***

ახლა ვინმესთან საუბარს აზრი არ აქვს. მით უფრო გაკოტრებულ პოლიტკოსებთან და პარტიული კარის ექსპერტებთან. ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს უნდა ესაუბროს ადამიანი.

 

ბატონო მიხეილ,

დღეს, ახალი მსოფლიოს წესრიგის, მომავალი მსოფლიოს ბედი იჭედება უკრაინაში.

თქვენი პოლიტიკური მგრძნობელობისა და ინფორმირებულობის პირობებში შეუძლებელია ეს განცდა წინასწარ არ გქონოდათ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოში თქვენი ჩამოსვლა, თან იმ ფორმით როგორც დაბრუნდით, არასწორი იყო და არის. მაგრამ ეს უკვე შემდგარი ფაქტია.

თქვენ ახლა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მთლიანად დასავლური სამყაროს გამღვიძებლის როლი უნდა გეთამაშათ, რაც რა თქმა უნდა, უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა პროცესს, რომელიც უნდა დადგეს.

ამის მიუხედავად, თუ არსებულ სტატუს-ქვოს გავიაზრებთ, ვგულისხმობ თქვენს ციხეში ყოფნას და საკუთარი ჯანმრთელობისადმი ასე მიზანმიმართული ზიანის მიყენებას - არც ეს მიმაჩნია სწორად და ადრეც მოგმართეთ შიმშილობის შესაწყვეტად.

მსოფლიოში პროცესები იცვლება და სულ მალე არა მხოლოდ უკრაინა ან საქართველო იქნება სხვაგვარად მოსაწყობი, არამედ - მთლიანად მსოფლიო, მისი საერთაშორისო სტრუქტურები და მართვის სისტემები.

მე ვფიქრობ, რომ თქვენ სწორედ ამ პროცესში უნდა ჩაერთოთ.

რაოდენ მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს, საზოგადოების შიში, რომელზედაც ზემოდ ვსაუბრობდი, არსად წავა და გინდათ სამომავლოდ იმ სახელმწიფოს ბედს წყვეტდეთ, რომლის თუნდაც ერთ მოქალაქეს შეეშინდება თქვენი? თქვენი და არა კანონის. ახლაც ხომ კანონის კი არა რევანშის, თქვენი და „ნაცმოძრაობის“ ეშინიათ.

ამიტომ, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება სად და როგორ ემსახურებით საკუთარ სამშობლოს. საიდან უფრო შეძლებთ მის შეხიდებას, გამარჯვებას და დამიჯერეთ, მერწმუნეთ - ადამიანები ამას დაინახავენ და დააფასებენ.

რაოდენ ცუდი მოსასმენიც უნდა იყოს, მთელი ათი წელი თქვენ ებრძოდით არა სისტემას, რომელიც მემკვიდრეობით ერგო „ქართულ ოცნებას“ და მისი ყველა მანკიერება შეისისხლხორცა, არამედ თავად „ოცნებას“ და მის ლიდერს. ესეც შეცდომა გახდათ. ეს შეცდომა იქნება სამომავლოდ - ყველა დროში და ყველა პერსონისათვის.

სწორედ ეს განაპირობებდა იმ შიშის სიმტკიცეს, რომელიც დღემდე არსებობს საზოგადოებაში. ამიტომ, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მშვიდობიანი და კონსტიტუციური პროცესის ფარგლებში უნდა წარიმართოს, შიშის პირობებში არასოდეს მოუტანს გამარჯვებას არც ნაცმოძრაობას და არც თქვენ. რევოლუცია კი უფრო მეტ მოწინააღმდეგეს გაგიჩენთ.

ვიცი ამას არავინ გეტყვით, ისიც მესმის, რომ ეს რთული გასააზრებელია იმ პერსონისთვის, რომელსაც სხვა მოტივაცია აქვს და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანები, თან ამ წუთას გამეტებულად გრძნობს თავს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მაგრამ ამის გააზრების გარეშე ნაბანს ბავშვი გადაჰყვება. თქვენთვის ხომ ნამდვილად არ არის ასახსნელი, რომ ბავშვი ამ შემთხვევაში საქართველოა - სახელმწიფოა, რომლის მშენებლობაში უდიდესი ენერგია და თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლები გაქვთ ჩადებული.

ამიტომ, თქვენი საერთაშორისო აქტივობა და ახალი საერთაშორისო სტრუქტურების მშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა, საქართველოში მმართველობისა და პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის ხელისშეწყობა უნდა გახდეს თქვენი სამომავლო ამოცანა.

მესმის ერთ-ერთი მთავარი კითხვა - „ჩემი მხარდამჭერები?“ თქვენი მხარდამჭერები აქ იქნებიან, ისინი არასოდეს უღალატებენ სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპებს, მაგრამ თქვენი მაგალითით ისინიც გაიაზრებენ, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

ბატონო ბიძინა,

"მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადაწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში, ეჭვი, სკეპტიციზმი...", - ეს თქვენი სიტყვებია. ვფიქრობ გულწრფელი სიტყვები. შიში, ეჭვი სკეპტიციზმი - ჩვეულებრივი ადამიანური განცდაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ პროცესების ცვლილებებთან ერთად ადამიანს შესაძლოა ახალი შიშები, ახალი ეჭვები, ახალი სკეპტიციზმი გაუჩნდეს, ესეც ბუნებრივი პროცესი გახლავთ.

თავის დროზე ვრცლად დავწერე, განვიხილე თქვენი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზები და პროცესების განვითარებამ დამარწმუნა - არ შევცდი.

ახლა სხვა ვითარებაა - ახლა შურისძიების დრო არ არის. ახლა მსოფლიოს არსებობის პარადიგმა იცვლება და იცვლება ადამიანის არსებობის მოტივაციაც.

2006 წლის 3 მაისს, ნიუ -იორკში გამართულ აუქციონზე 62,8 მილიონად პაბლო პიკასოს "დორა მარი" იყიდეთ. პიკასოს ერთ-ერთი შედევრის შეძენა აზარტის საქმე იყო - „პიკასოს "დორა მარი" ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში!“

თუმცა ვაღიაროთ, თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება ხომ 2012 წელია.

თქვენ არ იცით "დორა მარი" 10 ან 40 წლის შემდეგ ვისი იქნება. 2012 წლის გამარჯვებას კი ვერავინ წაგართმევთ. და ამ ფონზე მინდა კვლავ გაგახსენოთ თქვენი სიტყვები: მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად“.

რეალობას თვალი გავუსწოროთ - დამარცხებულიც არსებობს, შურისძიების აქტიც შესრულებულია, მაგრამ გამარჯვებული? ხართ თქვენ დღეს გამარჯვების ზეიმის განწყობაზე? ეს ხომ საერთოდ სხვა სულიერი და ემოციური მდგომარეობაა. და უფრო მეტიც - არის საქართველოს თითოეული მოქალაქე გამარჯვებული?

რას გთავაზობთ? არაფერს, უკვე შემოგთავაზეთ თქვენი სიტყვების პრინციპად ტრანსფორმირება - საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვებას.

როგორ? ფორმა უამრავი არსებობს - თან ტყუილად ხომ არ აჭმევთ (მე ვფიქრობ ტყუილად) პურს იმათ, ვისაც აჭმევთ. მით უფრო, რომ დავწერო კონკრეტული რამ კომფორმისტები - აი, თქვენ რომ რეალურად გეზიზღებათ, მაგრამ ბოლომდე გეტენებიან ისინი, უცებ დაიწყებენ საპირისპიროს რჩევას. თუმცა ერთ მინიშნებას მაინც გავაკეთებ - პროცესი ორმხრივია და ნახეთ, ბატონ სააკაშვილს რაც ვურჩიე.

ყველაზე მთავარი - დაალაგეთ და გაერიდეთ!

ისტორიული მახსოვრობა საშინელებაა ხშირად. მაგალითად თამარ მეფეს მოვიყვან. დღემდე ემდურიან (მსუბუქად ვთქვი) საქართველოს უდიადეს მეფეს - იმპერატორs, არა სადმე სხვაგან, არამედ აქ - მთაში.

ბატონო ბიძინა და ბატონო მიხეილ,

ახლა ვინმეს თუ რამე აქვს დასაკარგი სწორედ თქვენ ხართ... რამე - სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქონება, მდგომარეობა, რეპუტაცია, სამშობლოც კი...

და თუ სწორად გაიაზრებთ ვითარებას - ამ დანაკარგით საქართველოც დაკარგავს ბევრს.

რაოდენ ცუდად მოსასმენიც უნდა იყოს, თქვენ შექმენით ერთმანეთი სწორედ ისეთებად, როგორებიც ხართ.

თქვენ ერთად (!) შეძელით უამრავი საინტერესო და სასარგებლო გეკეთებინათ საქართველოსთვის (2003-2010 წლები) და თქვენ ქმნით ვითარებას, როდესაც თქვენი გარჯა და რუდუნება შესაძლოა, ერთბაშად გაცამტვერდეს.

ასე, ცალ-ცალკე არავინ მომიშვებს თქვენთანm უფრო მეტად გასაგებად რომ ავხსნა არსებული ვითარება და დაგანახოთ განჭვრეტადი მომავალი. შესაბამისად, ვალდებულიც კი ვარ საჯაროდ არ ვისაუბრო ბევრ რამეზე.

თუმცა თუ ორივე სწორად დაფიქრდებით, ახლა ურთიერთ დაზიანების პროცესში კი არა სახელმწიფოს დაზიანების პროცესში მონაწილეობთ და ეს პროცესი უნდა დაასრულოთ.

სხვა შემთხვევაში აქ ყველაფერი თქვენს გარეშე მოხდება.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"