18 იანვრის ღამით უკრაინულმა დრონებმა ბესლანს შეუტიეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე დაეცა.
ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიაილომ გაავრცელა. სახლიდან ევაკუირებულია 70 ადამიანი. ერთ-ერთ მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ხუთსართულიან კორპუსს დაზიანებული აქვს სახურავი და ფანჯრები.
ვლადიკავკაზის აეროპორტში, ასევე გროზნოსა და მაგასის აეროპორტებში დილიდან დაწესდა დროებითი შეზღუდვები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი. უწყების ინფორმაციით, მთლიანობაში რუსეთის რეგიონებში ღამის განმავლობაში განადგურებულია 63 უკრაინული დრონი.