ივანიშვილის განცხადება - დიპლომატიურად არაეთიკური ანუ „მტკიცე ლიდერი“ რუსული გეგმის შეფუთვას ცდილობს
წულუკიანს ჩემთან დებატი და დისკუსია თუ სურდა, ყველა ჯერზე თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ეხმაურება თეა წულუკიანის მიერ საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილს, თეა თუთბერიძეს, გიორგი კანდელაკს, ჩიორა თაქთაქიშვილს თუ აქვთ სურვილი „კომისიაზე მობრძანდნენ, კარი ღიაა, ნუ დაელოდებიან მოწვევას“.
გიგა ბოკერიას თქმით, "პოლიტიკურ მასკარადში" მონაწილეობას არ მიიღებს.
"ქალბატონი წულუკიანისგან სიძულვილის, ცილისწამების და პუტინისტური პროპაგანდის მორიგი ბოდვა მოვისმინეთ: მთავაზობს, რომ ჩემი ინიციატივით გამოვცხადდე ე.წ. კომისიაზე.
რეჟიმის შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დებატი და დისკუსია თუ სურდა, ყველა ჯერზე ინტერაქტიული დებატებისთვის თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი.
რაც შეეხება ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მასკარადს კომისიის სახით, ჩემი პოზიცია იგივე რჩება: ამ პარლამენტის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას არ ვცნობ, ამ კომისიის და ამ პროპაგანდის ამოცანად მიმდინარე კრიზისის წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებად გარდაქმნის მცდელობად მივიჩნევ, რასაც არ ვაპირებ ხელი შევუწყო.
პოლიტიკური ამოცანებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება და პოლიტიკური დევნა, რაც მათ შორის ამ კომისიის გამოყენებით მიმდინარეობს და რის შედეგადაც დამატებით რამდენიმე პოლიტპატიმარი გვყავს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა.
ამავე დროს, ის, რის გამოც გრძელდება პროტესტი საქართველოში, უკავშირდება კიდევ უფრო დიდ რამეს, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა. ის შეეხება ჩვენს საერთო მომავალს, ჩვენ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რომელსაც გარე მტერთან, რუსეთთან ერთად საფრთხეს ივანიშვილის რეჟიმი უქმნის.
და სულ ბოლოს - განვმეორდები: ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ მომხრეებსაც დასცინის, როცა არ მიბარებს მე და იბარებს და იჭერს რეჟიმის იმ ოპონენტებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონია წინა ხელისუფლებასთან", - აცხადებს გიგა ბოკერია.