სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე - ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა
მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა
ირაკლი კობახიძის წერილი – პოლიტიკური დემარში ვაშინგტონს და დემონსტრირებული ლოიალობა კრემლს
მიხეილ ჯანელიძე - კარგი რაც შეიძლება დავინახოთ კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია
„პრომო ჰაუსი“ - სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს

ირაკლი კობახიძის წერილი – პოლიტიკური დემარში ვაშინგტონს და დემონსტრირებული ლოიალობა კრემლს

13.05.2025 ნახვები: 312

დასავლური ინტეგრაციის სრული საბოტაჟი და სრული სვლა რუსეთის მიმართულებით

თავშივე ვიტყვი - მსგავსი წერილები, ისტორიულად, წინ უძღოდა სტრატეგიული კურსის ცვლილებისთვის გადამწყვეტ ეტაპს. ამჯერადაც, იგივე საფრთხეს ვხედავ.

წერილი ერთი შეხედვით, წარმოადგენს მორიგ გაუგებრობას ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მაგრამ მისი შინაარსდან აშკარად ჩანს, რომ ეს არ არის უბრალოდ პასუხგაუცემელი მიმართვის გამო იმპულსური რეაქცია, გნებავთ წყენა - არამედ, საკმაოდ გააზრებული პოლიტიკური მანიფესტია. მანიფესტი, რომელმაც „ოცნების“ სამომავლო მკვეთრი ნაბიჯების იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური გამართლება უნდა მოამზადოს.

შინაარსობრივად და სტილისტურად წერილი არის რუსული შაბლონების მორიგი რეინკარნაცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. კიდევ ერთი მცდელობა, ჩამოყალიბდეს მყარი დისკურსი, სადაც საქართველოს მთავარი მტერი დასავლეთია და არა ოკუპანტი რუსეთი.

„ქართული ოცნების“ სრულიად იზოლირებული, შეშინებული და ქაოტური პოლიტიკა, რომელიც თანმიმდევრულად ამჟღავნებს ავტორიტარული ტრაექტორიის გაღრმავებას, სრულად არის ასახული ირაკლი კობახიძის ღია წერილში დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსსადმი.

ამავდროულად, ეს არის მკვეთრი სიგნალი, რომ „ქართული ოცნება“ ღრმად შევა დასავლური კავშირების რევიზიის პროცესში, ხოლო კრიტიკული დამოკიდებულება აშშ-ის მიმართ გახდება პროპაგანდის ახალი ფაზის ოფიციალური დასაწყისი.

წერილის ტონი და სტრუქტურა, თავისი უხეში, ცინიკური, ანტიამერიკული და შეთქმულების თეორიებით გაჯერებული რიტორიკით, სრულიად აცდენილია დიპლომატიური სტანდარტების ჩარჩოს. ეს არ არის აშშ-ის ადმინისტრაციისადმი მიმართული რეალური სურვილი ურთიერთობის „გადატვირთვისთვის“ – ეს არის წინასწარ ჩაფიქრებული პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ცდილობს ცხადად დააფიქსიროს: "ჩვენ ვცადეთ, მაგრამ ამერიკამ ზურგი გვაქცია".

მიზანი? მომხრეების მომზადება მომავალი ნაბიჯებისთვის - დასავლური ინტეგრაციის სრული საბოტაჟი და სრული სვლა რუსეთის მიმართულებით.

წერილში ნახსენები ყველა ძირითადი თემატიკა – „დიფ სთეიტი“, USAID-ის მიერ ორგანიზებული რევოლუცია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგობა, სოროსის ფონდი, დასავლეთის ორმაგი სტანდარტები - მთლიანად ეხმიანება რუსული სახელმწიფო პროპაგანდის ძირითად მესიჯბოქსს.

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ ფრაზებში, სადაც კობახიძე აგდებული ტონით საუბრობს აშშ-ის დახმარებაზე, ცდილობს გააუფასუროს წლების მანძილზე გაწეული ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა და დასავლეთი წარმოაჩინოს როგორც მტრული, უღირსი და რადიკალიზმის გამავრცელებელი ძალა.

ეს ტექსტი იდეალურად ერგება კრემლისთვის საჭირო სცენარს - საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტა, რაც უნდა იყოს „დამაჯერებელი“ ქართველი ხალხისთვისაც და ისეთი ფორმულირებით შეფუთული, რაც მიუთითებს თითქოს ეს „დამსახურებული“ პასუხია დასავლეთის უყურადღებობისა და „გაცრუებული იმედების“ გამო.

შესაძლოა, წერილი გახდეს საფუძველი ისეთი ნაბიჯებისთვის, როგორიცაა: დასავლური პროექტების დაბლოკვა/დეზინფორმაცია მათ შესახებ; აშშ-ის ელჩისა და ინსტიტუტების მიმართ აგრესიული კამპანიების გაძლიერება; ღია ეკონომიკური ან უსაფრთხოების თანამშრომლობის გაწყვეტა აშშ-სთან; რუსეთისკენ გადახრა დეკლარირებული ნეიტრალიტეტით.

ეს იქნება ძალიან მკაფიო კურსის ცვლილების დასაწყისი, რომელსაც ახლავს არა მხოლოდ დიპლომატიური კრიზისი, არამედ შიდა პროპაგანდისტული ევოლუცია – მტერი გარეთ, მტერი შიგნით, ხოლო გმირი ამ შემთხვევაში კვლავაც ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით „ქართული ოცნება“ იქნება, რომელიც „მტკიცედ იცავს ეროვნულ ინტერესებს“.

ცალკე საკითხია, წერილში თავად დონალდ ტრამპის დამცირების მცდელობა. კობახიძე ცდილობს ტრამპი „სარკეში“ ჩაახედოს და აუხსნას რომ უსურად გამოიყურება. თან უხსნის რომ „ოცნება“ კვალიფიციურად უპირისპირდება დიფ სთეიტს. ცხადია, ამ წერილში მნიშვნელოვანი მხოლოდ შინაარსი არ არის, არამედ ფორმაც - რომელიც ყალბი პათოსთ არის გაჯერებული. ამავდროულად კობახიძე პირდაპირ ეუბნება აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ის ტყვეობაში იმყოფება ან ცრუობს, როცა დიფ სთეიტს უპირისპირდება და რებრენდიგით არის დაკავებული.

წერილის ყველაზე სახიფათო და პრობლემური ნაწილია პირდაპირი მტკიცება, რომ USAID, აშშ-ს ელჩი და სხვა ინსტიტუტები საქართველოში რევოლუციას ამზადებენ.

ამ ტიპის განცხადებები ძირს უთხრის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ასევე აჩენს ღრმა პარანოიას, რაც ავლენს ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ სტრატეგიას - ერის გაერთიანება „გარშე მტრის“ წინააღმდეგ.

და მაინც, სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე წავიკითხე ეს ადგილი და ყოველ ჯერზე წამომაწითლა: „იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს;“

ეს სახიფათო დიპლომატიური უვიცობის გამოვლენაა ერთი შეხედვით. მაგრამ თუ თავად წერილის მიზნიდან ამოვალთ და გვერდზე დავტოვებთ საკთხს, რომ მსოფლიო დიპლომატიაში ასე არავინ ელაპარაკება სტრატეგიულ პარტნიორებს, ეს გახლავთ სურვილი აშშ-ის მხრიდან მკაცრი რეაგირების, რასაც ასევე სათავისოდ გამოიყენებს „ოცნება“ საკუთარი ობივატელის თვალში.

ირაკლი კობახიძის წერილი პრეზიდენტ ტრამპს, არის არა დიპლომატიური კომუნიკაცია, არამედ ღია პოლიტიკური შანტაჟის, სასოწარკვეთილი მანიპულაციის და პროპაგანდის ელემენტების ერთობლიობა.

წერილი უფრო ჰგავს ვენეციური პიესის ტრაგიკომიკურ სცენას, სადაც პერსონაჟი - სუვერენიტეტის დამცველის ნიღბით, მთელ დარბაზს შესჩივის, რომ დიდმა მეფემ წერილს არ უპასუხა და ამის გამო მალე ხალხიც უკმაყოფილო გახდება.

ამ წერილით ნათლად ჩანს „ოცნებას“ საქართველო ავტოკრატიული იზოლაციისკენ და საბოლოოდ რუსეთისკენ მიჰყავს.

ეს წერილი ასევე არის საბოლოო გაფრთხილება - არა აშშ-სთვის, არამედ ქართულ საზოგადოებისთვის. ის გვიჩვენებს, სადამდე შეიძლება მივიდეს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობს.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა