„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან 26 მაისთან დაკავშირებით ბოლო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, აღნიშნულ დღეს სხვადასხვა დროსა და ადგილას მარშებია დაგეგმილი, კულმინაცია კი, 19:00 საათზე იქნება, როცა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.
„ჩვენ გვინდა ეს დღე იყოს ის, რაც ყველა ქართველს გააერთიანებს, ვისთვისაც დამოუკიდებლობა ძვირფასია. ჩვენ ვიცით, რომ ასეთები არიან ისინიც, ვინც დღეს შეიძლება სტატუს-კვოს უჭერენ მხარს სრულიად შეცდომით. 26 მაისის ჩვენი მხრიდან გაკეთებული ღონისძიების სულისკვეთება იქნება ის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა და რომ ეს დამოუკიდებლობა დგას საფრთხის ქვეშ რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენით.
დაახლოებით, 15:00-16:00 საათიდან იწყება სხვადასხვა მარში, ძალიან დეცენტრალიზებული პროტესტია, მომწონს ძალიან, რომ ყველა ჯგუფი თავის პროგრამას აკეთებს და მთელ რუსთაველზე იქნება გაშლილი, რუსთაველის თეატრიდან "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე". კულმინაცია იქნება 19:00 საათზე, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს. ყველაფერი ხაზგასმით მშვიდობიანი, მეგობრულია ყველას მიმართ, ვისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა ძვირფასია და მტრული მათ მიმართ, ვისთვისაც არ არის ძვირფასი",- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისი განმარტებით, შეხვედრაზე ზურაბიშვილთან მათ შორის, იმაზეც ისაუბრეს, თუ როგორ უნდა აიცილონ მოსალოდნელი პროვოკაციები.
„ეს იყო ბოლო სამუშაო შეხვედრა და ვისაუბრეთ როგორ უზრუნველვყოთ ის, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ, გეგმა „B“ რა შეიძლება იყოს, ეს ყველაფერი დავალაგეთ. „პლატფორმამ“ კი დააანონსა ეს აქცია, მაგრამ უფრო ფართო მოვლენაა - ბევრი პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო ორგანიზაცია სულ არ სწყალობს ამ „პლატფორმას” და გააფართოვა უბრალოდ, კომიტეტი შეიქმნა, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები, პროტესტის მონაწილეები არიან, ბევრი ხალხია, ჩემი სკეპტიციზმის მიუხედავად რაღაცებზე შეთანხმება მაინც გამოვიდა, რაც მიხარია",- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.