ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ
მამუკა მდინარაძე ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე - ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
ბათუმში 2 პირი დააკავეს, რომლებმაც კაფე-ბარის სტუმარ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს
თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ზაზა გოროზია: არჩევნებში ქართველი ხალხი მიხეილ სააკშვილის როლს კარგად აცნობიერებს!

10.06.2020 | 11:53 ნახვები: 1124

სამეგრელოს აღორძინების მასშტაბური გეგმა, რომლის განხორციელებაც 31 ოქტომბრის მერე დაიწყება

მართალია, 8 წელია, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში აღარაა, მაგრამ სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრსა და სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს მხარის განვითარებაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. მეტიც, ზაზა გოროზია აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის, ანუ მას შემდეგ, რაც „ოცნება" მმართველობიდან წავა, ქვეყნის და, კერძოდ, სამეგრელოს აღმშენებლობა კვლავ გაგრძელდება და დაპაზუებული მასშტაბური პროექტებიც განახლდება. სხვათა შორის, ვრცელ ინტერვიუში ჩვენს რესპოდენტს კითხვა იმის შესახებაც დავუსვით, თუ რატომ არ წარადგინა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ მაჟორიტარად და, საერთოდ, კარსმომდგარ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება თუ არა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ ინტერვიუს ზაზა გოროზიასთან.

- ბატონო ზაზა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე როგორი განწყობა გაქვთ, ანუ 31 ოქტომბრისგან რას ელოდებით?

- განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია. ამ ოპტიმიზმის საფუძველს კი, პირველ რიგში, მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობა იძლევა. პირადად მე, მთლიანად ენმ და „ძალა ერთობაშია" დარწმუნებულნი ვართ, რომ გავიმარჯვებთ. მარტო ჩვენი ამომრჩეველი კი არა, არამედ, მთელი მოსახლეობა ცვლილებების აუცილებლობას კარგად ხედავს. პოლიტიკურ და, გნებავთ, მეტაფიზიკურ კანონზომიერებას თავი რომ დავნებოთ, საქართველოს მოსახლეობა ოცნებით დაიღალა. ყველა გრძნობს, რომ მშიერი შვილისა თუ მხცოვანი მშობლის დასაპურებლად ოცნება საკმარისი არაა, ოცნებით ვერც მედიკამენტებს ყიდულობ და ვინმე არც ანაზღაურებას გიზრდის. ოცნება საკმარისი სულაც არ არის, რომ დასაქმებული იყო, ან კრედიტებს მოემსახურო! ოცნებით ქალაქები არ შენდება, არც მოსახლეობის გაზიფიცირება ხდება და არც წყლით მომარაგება. ოცნება სამართლიანობის გარანტი არაა, ოცნება საკმარისი არც გამართული საერთაშორისო ურთიერთობებისა და კეთილმეზობლობისთვისაა. მოკლედ, ყველა ხედავს, რომ ოცნება, ქართული იქნება, მშვენიერი, კეთილი თუ საოცარი, რეალურად არაფერია, თუ მისი რეალიზება ვერ და არ ხდება. ადამიანებს საქმე, პირადი და სახელმწიფოებრივი პერსპექტივის განცდა, ცვლილებები და წინსვლა სჭირდებათ! ამას კი სწორედ ჩვენს პოლიტიკურ ძალაში ხედავენ და 31 ოქტომბრისთვის ემზადებიან, რომ მხარი ძლიერ საქართველოსა და საკუთარი მდიდარი ოჯახის პერსპექტივას დაუჭირონ!

- საერთოდ, აქამდე თითქმის ყველა არჩევნებზე სამეგრელო ერთ-ერთ ცხელ წერტილად ითვლებოდა, თუმცა წელს ცხელი წერტილი ჯერჯერობით ქვემო ქართლია, ანუ „ოცნება" სამეგრელოში დამარცხებას შეეგუა და მშვიდად ამიტომაა თუ სიტუაციის დაძაბვას ელოდებით?

- ხელისუფლება, ანუ მმართველი პარტია არაპროგნოზირებადი ძალაა და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ისევე, როგორც დაზარალებულის დამნაშვედ გამოცხადება.
რაც შეეხება სამეგრელოს, არაერთი ინფორმაცია გვაქვს, თუ როგორ ზეწოლას განიცდიან არა მხოლოდ ჩვენი მომხრეები, არამედ, თავად „ოცნების" მხარდამჭერები, რომელთაც ხელისუფლება უსამართლოდ მოექცა და ახლა მათი ხმების დაკარგვაც კი არ უნდა, თუმცა სამეგრელოში აბსოლუტურად სხვა საარჩევნო სტრატეგია ავირჩიეთ და შესაბამისად, ხელისუფლებას მასზე რეაგირება უჭირს.

- რა სტრატეგიას გულისხმობთ, ბატონო ზაზა?

- ამ კითხვას პასუხის გარეშე დავტოვებ და მხოლოდ ერთს გეტყვით: ხელისუფლება, რამდენიც უნდა ეცადოს, სამეგრელოში ჩვენს წონასწორობიდან გამოყვანას და საარჩევნო პროცესიდან მოწყვეტას ვერ შესძლებს!

- ისე, „ვარდების რევოლუცია" სამეგრელოდან დაიწყო. ცვლილებები, რომელსაც ყველა ელოდება, 17 წლის მერეც, ისევ სამეგრელოდან ხომ არ დაიწყება?

- კარგი კითხვაა. დიახ, სამეგრელო ცვლილებებისა და ქართული სახელმწიფოს წარმატების უმთავრესი გარანტი იქნება! „ახალი სამეგრელოს" კონცეფცია, რომელიც სამეგრელოში ტრანსნაციონალური და საერთაშორისო პროექტების რეალიზებას ითვალისწინებს, 21-ე საუკუნის სახელმწიფოს და, ამ შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოზე არ ვსაუბრობ, განვითარების მოდელი გახდება! სამეგრელოს თითოეული მოსახლე და ჩვენი თითოეული თანამოქალაქე ნახავს ეკონომიკური სასწაულის მოდელს, რომელიც ისეთი პროექტების რეალიზებას დაეფუძნება, რაც ყველასთვის ხელშესახები იქნება!

- ბატონო ზაზა, მოდით, „ახალი სამეგრელოს" კონცეფციაზე უფრო დეტალურად მესაუბრეთ...

- პირველ რიგში, ეს ანაკლია-ლაზიკას ტრანსნაციონალური პროექტის რეალიზებაა, რომელიც მხოლოდ ეკონომიკური კი არა, არამედ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია.
საერთოდ, პანდემიით გამოწვეული მსოფლიო შოკი ჩვენგან რეგიონის პერსპექტივის ისეთ ახლებურ გააზრებას მოითხოვს, რომ თითოეული მოსახლის ინტერესი უზრუნველყოფილი იყოს. ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტრანსნაციონალური პროექტის პარალელურად, მომავალი წლიდან სამეგრელოს მაღალთიანი რეგიონების საკურორტო განვითარება დაიწყოს. კერძოდ, საუბარია სქური-ლუგელა-ლებარდეს ერთიანი საერთაშორისო სამედიციონო საკურორტო ინფრასტრუტურის მოწყობასა და მენჯისა და ნოქალაქევის ბანლეოროლოგიული კურორტების აღორძინებაზე. სწორედ ამ წუთებში მუშავდება ცაიშის პროექტი და ხდება მისი ეკონომიკური გათვლები. ასევე, უმნიშვნელოვანესია სოფლის მეორნეობის პროექტები, რომელთა რეალიზებაც მომავალი წლიდან დაიწყება. ამ მიმართულებით დაგეგმილია 348 მილიონი ლარის ინვესტიცია და 8300 ადამიანის დასაქმება. ჩამოგითვლით რამდენიმე მიმართულებას, რომლებზეც სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით აქცენტი გაკეთდება.

- კი ბატონო, გისმენთ...

- მოხდება არსებული ბაღების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ასევე, მოეწყობა ხილის სამაცივრო-გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, გაშენდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები, აშენდება თანამედროვე ტიპის ქაფშიის გასაყინ-გადამამუშავებელი საწარმო, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში კი ქაფშიას ფქვილში დიოქსინისა და ვერცხლისწყლის დონის განსაზღვრა მოხდება, რაც ევროპაში მისი ექსპორტის შესაძლებლობას მოგვცემს.
ამის გარდა, ციტრუსისა და ხურმის არსებული ბაღები ოთხი წლის განმავლობაში წვეთოვანი სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და პარალელურად ციტრუსისა და ხურმის თანამედროვე ჯიშების ბაღებიც გაშენდება. რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რამდენიმე მეფრინველეობის კომპლექსი და თანამედროვე ტიპის თევზის მეურნეობა მოეწყობა.
რა თქმა უნდა, როგორც თხილის და კენკროვანი კულტურების წარმოებას, ასევე, მეფუტკრეობასაც უმნიშვნელოვანესი ყურადღება დაეთმოება, რისთვისაც მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თაფლის გადამამუშავებელი და დამაფასოებელი საწარმო, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის მეფუტკრეებს მოემსახურება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულყოფილი აგროდაზღვევის სიტემის შექმნას. აგროდაზღვევის 10-წლიანი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც გლეხის - ფერმერის შემოსავლის გარანტირებულ დაზღვევას უზრუნველყოფს.
სხვათა შორის, დასრულდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მართვის კონცეფციაზე მუშაობა და შეიქმნება მიწის ბანკიც.

- ბატონო ზაზა, ქათინაურად არ ჩამითვალოთ, მაგრამ, როგორც სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორსა და სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს რეგიონის აგრარული განვითარების მიმართულებით საუკეთესოდ გიმუშავიათ. ჰოდა, თუ თქვენს მიერ დასახელებულ ანაკლიისა და საერთაშორისო სამთო კურორტების პროექტების რეალიზებასთან ერთად, ამ აგრარულ მეგაპროექტებსაც ხორცს შეასხამთ, ეს სამეგრელოსთვის, მართლაც საშვილიშვილო საქმე იქნება!

- სხვანაირად არ გამიგოთ და, ეს ყველაფერი არ არის.

- ანუ, სხვა გეგმებიც გაქვთ?

- დიახ.

- კერძოდ?

- ჩვენ „ მომავლის სახლებს" შევქმნით, სადაც მოსახლეობის იდეების პროექტებად გარდაქმნა მოხდება, ანუ ამ იდეების რეალიზებას მენეჯმენტს გავუწევთ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სამეგრელოს კულტურული და ტურისტული პოტენციალის ეფექტური გამოყენება, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა, გაზიფიცირების დასრულება და წყალმომარაგების პრობლემის გადაწყვეტა.
ისე, თბილისში, სახლიდან სამსახურში მისვლას და უკან დაბრუნებას რა დროს ანდომებთ?

- არ მესმის, ეს რისთვის გაინტერესებთ, მაგრამ გეტყვით: საცობიც რომ არ იყოს, გზაში, მინიმუმ, 40 წუთს ვკარგავ...

- ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ აბაშასა და მარტვილში მცხოვრები პროფესიონალი, რომელიც ანაკლიაში იქნება დასქმებული, სამუშაო ადგილამდე სწორედ ამ დროში მივიდეს. ზუგდიდში მცხოვრებ ექიმს კი ლებარდეს, ლუგელას, ან სქურის სამედიცინო საკურორტო ზონაში მდებარე სამსახურში მისასვლელად, მაქსიმუმ, ერთი საათი დასჭირდეს.

- მშვენიერია, თუმცა ახლა მოდით, ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ...

- ძლიერ სახელმწიფოში იმაზე დიდი პოლიტიკა, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას განაპირობებს, არ არსებობს!

- გეთანხმებით, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების წყალობით, ჩვენი სახელმწიფო, სამწუხაროდ, ძლიერი აღარაა!.. მოკლედ, სანამ „ენმ-ძალა ერთობაშია" მაჟორიტარებს დაასახელებდა, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მთავარი ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი. სხვათა შორის, სახელდებოდა მესამე პრეზიდენტის დედა. ასევე თქვენც სახელდებოდით ერთერთ ოლქში მაჟორიტარად, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა. ბატონო ზაზა, პირდაპირ მითხარით, მაჟორიტარად რატომ არ დასახელდით?

- მე „ენმ"-ს სამეგრელოს რეგიონის საარჩევნო შტაბის უფროსი ვარ და ადგილობრივ აქტივთან ჩემი შეხვედრები ცალკეული პერსონების მიერ კონკრეტულ საარჩევნო ოლქში და არა - ზუგდიდში შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის წინაპირობად იქნა აღმქული. სინამდვილეში კი, ეს საკითხი არც განხილულა და შესაბამისად, ეს ხმაც მხოლოდ ჭორი იყო.
რაც შეეხება ქალბატონ გიული ალასანიას, პარტიაში ამ საკითხზე არც მსჯელობა ყოფილა და ვინმეს მხრიდან არც განცხადება გაკეთებულა. ამიტომ, ის ისტერია, რაც ცალკეულმა პოლიტიკოსმა თუ პოლიტიკურმა ძალამ საკუთარ გამონაგონს მოაყოლა, რბილად რომ ვთქვა, უხერხულია! ყველაფერ ამის პოლიტიკურ და მორალურ შეფასებას არ გავაკეთებ. საკუთარ უხერხულობაზე ჭორებისა და კომენტარების ავტორებმა თავად იმსჯელონ!

- ისე, „ენმ"-ს სიამ საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პირველ ოცეულში თქვენც არ ხართ. ამას რითიღა ხსნით?

- თქვენი კითხვა პესიმიზმითაა გაჯერებული.

- რატომ?

- რატომ ოცეული და არა სიის 50, 100 ან, სულაც, 150 წევრი? თქვენ, რა, ფიქრობთ, რომ პარლამენტში მხოლოდ 20 ადამიანის გაყვანისთვის ვიბრძვით? ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში „ძალა ერთობაშიას", მინიმუმ, 76 წარმომადგენელი ეყოლება! მოკლედ, ცალკეული ლიდერების, როგორც თქვენ მიანიშნებთ, უკანა პოზიციაზე ყოფნა, სწორედ იმის დასტურია, რომ ჩვენ უფრო მასშტაბური მიზნები გვაქვს, ვიდრე პარლამენტში 20 ან 25 ადამიანის გაყვანაა!

- კეთილი, მაგრამ სამეგრელოში როგორი განწყობაა - ხალხი ხელისუფლების შეცვლაში დარწმუნებულია თუ ერთგვარი ნიჰილიზმი აქვს?

- არანაირი ნიჰილიზმი! მოდით, ძალიან ობიექტურები ვიყოთ და პირდაპირ ვთქვათ: სამეგრელოს ისტორული მისია საქართველოს კულტურულ-რელიგიური, სახელმწიფოებრივი ერთიანობის უზრუნველყოფაა. ეს არის მეგრელი - კოლხი კაცის გენეტიკური კოდი. ისტორიული მაგალითები გინდათ? - ერისთავი ქუჯი, ჭყონდიდელი, ამბროსი ხელაია. მეტიც, ილია ჭავჭავაძის სიტყვები რად ღირს - სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახეო. ეს უტყუარი საზომი და იმის დასტურია, რაც მოგახსენეთ. ამიტომ, იმის მიუხედავად რომ სამეგრელო უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია და მოსახლეობას შიმშილთან ბრძოლა უწევს, მეგრელი კაცის დაბეჩავება შეუძლებელია! ის ბევრად გონიერია, ვიდრე მასზე ნებისმიერ ხელისუფალს აქვს წარმოდგენა. შესაბამისად, ველოდები, რომ 31 ოქტომბერს გონიერება და სამართლიანობის უდიდესი განცდა, რომელიც ამ კუთხეშია, კონკრეტულ გადაწყვეტილებაში, ანუ არჩენების შედეგებში რეალიზდება.

- უკაცრავად, სამართლიანობა რა შუაშია?

- მოსახლეობასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარმა კანდიდატმა, როლანდ ფიფიამ თქვა: როდესაც ზვიად გამსახურდია აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა, სამეგრელოში სამართიანობის დაცვა განსაკუთრებით გამძაფრდა და თვით ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ოპონენტები მიიჩნევდნენ, რომ ეს ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ეს კუთხე ამჟამადაც, ალბათ, ყველაზე გამორჩეულად გრძნობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის დევნილობაში ყოფნა რას ნიშნავს.

- ვთქვათ, ისე მოხდა, რომ „ოცნებამ" ხელისუფლებაში დარჩენა მესამე ვადითაც გადაწყვიტა. თქვენს პოლიტიკურ ძალას ამ სცენარისთვის რა მზაობა და სტრატეგია აქვს?

- „ოცნება" ვერაფერს გადაწყვეტს. 31 ოქტომბერს გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს და არა - რომელიმე პოლიტიკური ძალა, მაგრამ თუ ვინმემ გადაწყვიტა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი მიიტაცოს, მას პასუხის გამცემად არც „ენმ" სჭირდება და არც - რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა. არჩევნების შედეგების უზურპაციის შემთხვევაში, პასუხის გამცემი ხალხი იქნება!

- გასაგებია, რომ ხალხს ცვლილებები უნდა, მაგრამ, ამას გარდა, ამომრჩევლის მთავარი დაკვეთა კიდევ რა არის?

- პირველ რიგში, სტაგნაციის დასრულება. ადამიანებს შრომა, საქმე, კეთილდღეობა და აღმშენებლობა უნდათ. ადამიანებს ძლიერი საქართველო, სახელმწიფო და მდიდარი ოჯახები სურთ.

- ბატონო ზაზა, თქვენი დაკვირვებით, ხელისუფლება კორონას საარჩევნოდ ხომ არ გამოიყენებს, ანუ თუ დაინახავს, რომ არჩევნებს აგებს, ლოკალურ ლოქდაუნებს გამოაცხადებს?

- გითხარით, ხელისუფლების ცალკეული ქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება-მეთქი, თუმცა ამ პროცესებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებიან და დარწმუნებული ვარ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც ყველაფერზე მყისიერი რეაგირება იქნება.

- ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკის ფაქტორია, მაგრამ მის აქტიურობას ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება?

- დიახ, მიხელ სააკაშვილი ფაქტორია და მიუხედვად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა შეზღუდული აქვს, ამ არჩევნებში ქართველი ხალხი მის როლს კარგად აცნობიერებს! რაც შეეხება აქტიურობას, აქტიურობა იმ ფორმითა და დოზით, ანუ საშუალებით იქნება, რასაც კანონი იძლევა.
აი, თქვენ რომ დედის ნახვა აგიკრძალონ, დედა აღარ გეყოლებათ? - ეს ხომ სისულელეა. ასეა ამ შემთხვევაშიც, ანუ ვიღაცეები ცდილობენ, მოსახლეობას უთხრან, რომ მიხეილ სააკაშვილი, თურმე, არ არსებობს და ამავდროულად, მისი ყოველი გამოჩენა თუ განცხადება ოპონენტებს საშინელ დღეში აგდებთ, მომხრეებს კი აძლიერებს.

- ბოლოს, ოპოზიციას არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ რა ბერკეტები გაქვთ?

- არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ უმთავრესი მექანიზმი კანონის დაცვაა. ნებისმიერი პერსონა, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას მიიღებს, უმკაცრესად დაისჯება და ეს უნდა იცოდნენ, არა მხოლოდ საარჩვენო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა - მოხელეებმა, არამედ, შესაძლო გაყალბების პროცესში ჩართულმა ნებისმიერმა პერსონამ!

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა