ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ ცესკოს, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებზე
ნინო დოლიძე - შედეგებს არ ვაქვეყნებთ, ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება
თინა ბოკუჩავა - აუცილებელია ჩვენი აქტიურობა დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმის, საპროტესტო მოძრაობის გამოყენებით
4 ნოემბრამდე საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი - სიფრთხილის გამოჩენით საქართველოს ვკარგავთ
Trudeau calls for doubling down efforts to help Ukraine
Russia keeps violating OPEC+ agreements - research
Minister comments on European Commission's assessment of Ukrainian media reforms

დამარცხდით ბიძინა ივანიშვილთან, ვერ აჯობეთ და ეს უნდა აღიაროთ - ენმ-ს თავმჯდომარე უკვე არჩეულია

22.01.2023 ნახვები: 1879

თუ ვინმეს ეთქმის ორი სიტყვა ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე მეც ვარ, იმის მიუხედავად, რომ არასოდეს ვყოფილვარ ამ პარტიის წევრი, თუმცა მრავალგზის ვიყავი ამ პარტიის ცალკეული წარმატებების თანამონაწილე.
ამავდროულად, ნამდვილად ცოტა მახსოვს პერსონა, რომელსაც არ ჰქონდა მასთან პირველ რიგში პიროვნული (რეალურად მსოფლმხედველობითს არც არასოდეს უარსებია) დაპირისპირება, ან არ აკეთებდა ამას ანგარებით - ჩემზე მეტი ეთქვა და ეწერა იმ მანკიერებებზე რაც ამ პარტიის მმართველობის ჟამს ხდებოდა.  პიროვნულად ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი ორიოდე, მე ვიტყოდი არასწორი ქმედება, დიდსულოვნად მივუტევე იმ დროს და არა მერე.

2012 წელს, მას შემდეგ რაც პარტია დამარცხდა არჩევნებში, პარტიის ცალკეული ლიდერების ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი მაქვს შეტანილი. მქონდა მოლოდინი, რომ პარტია მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებდა და რაც მთავარია, გაიაზრებდა - აღიარებდა დაშვებულ შეცდომებს და ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი ახალი ფურცლიდან დაიწერებოდა.

ადამიანებს ვაიძულებდი მიეცათ კომენტარები, ინტერვიუები, გამოეხატათ საკუთარი აზრი - არ დამალულიყვნენ და გამოსულიყვნენ საკუთარი სამზარეულოებიდან.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია „ივერიის“ მხარდაჭერა, სადაც პარტიის ინტელექტუალებმა (ნ. რურუა, გ. ვაშაძე, ნ. ვაშაკიძე, მ. გამყრელიძე და ა.შ.) მოიყარეს თავი და ქართული ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში, იმ ლოკალურ პერიოდში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

დღემდე მიმაჩნია, რომ პარტიის პირველი შეცდომა ზურა (გირჩი) ჯაფარიძის დანიშვნა იყო საკვანძო თანამდებობაზე. იმიტომ, რომ ასეთი პერსონები ამ ღრმად კონსერვატორული პარტიისა და მისი წევრებისთვის, რომელთა უმეტესობა დღემდე ცხოვრობს გარდასულ დღეთა პერსონალური (ეგოისტური) დიდებით, უცხო სხეულს წარმოადგენდნენ. იგივე სახის შეცდომა იყო სერგო რატიანის პოლიტიკური თანამდებობით დატვირთვა პარტიაში. გარდამავალ პერიოდში საერთოდ სხვა საკადრო პოლიტიკა იყო საჭირო. არა უცხო სხეულებით - არამედ ნაცნობი და პარტიის შიგნით ავტორიტეტის მქონე ადამიანების აქტოვობა რეფორმების გასატარებლად.

ენმ-ში პოლიტიკური პროცესების შეფასებების დროს, პარტიის პირველი გახლეჩა გიგა ბოკერიას უკავშირდება, რაც აბსოლუტურად არასწორია. შესაძლოა, დღეს არავის ახსოვს ან არ უნდა გაიხსენოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს „გაემიჯნა“ საჯაროდ, გიგა ბოკერია იყო ის კაცი, რომელიც სასწრაფოდ ჩავიდა ოდესაში და მესამე პრეზიდენტს აუხსნა ამ შინაარსის განცხადებების საზიანო შედეგი. ერთია, რა აუხსნა ბოკერიამ და მეორეა რა გაითვალისწინა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა ისიც რეალობაა, რომ სამშობლოსაგან შორს მყოფი სააკაშვილი მნიშვნელოვნად იყო მოწყვეტილი ქართულ პოლიტიკურ რეალობას და საკუთარ პარტიაში მიმდინარე პროცესებს მხოლოდ სასურველ ჭრილში აფასებდა.

როდესაც გახლეჩაზე ვსაუბრობ აქ კეთილი ინებონ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ და ყველა იმ სახემ, რომლებმაც ერთობლივად მოაწერეს ხელი პეტიციას - გნებავთ პოლიტიკურ განაცხადეს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯართია. ამიტომ ამ პროცესის შეტენვა მხოლოდ ბოკერიასთვის აბსოლუტურად არამართებულია.

სააკაშვილი ჯართი კი არ იყო, არამედ საკუთარი თანაგუნდელებისგან დაბოლებული პოლიტიკური ფიგურა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კონსპირაციულად იყო და არის პორტირებული „ქართულ ოცნებაში“.

თუ შეცდომებზეა საუბარი, უდიდესი პოლიტიკური შეცდომა იყო იმავე ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებში და ამას ახლა კი არ ვამბობ პირველად, ეს პირადად მითქვამს ნაცმოძრაობის ლიდერებისთვის და დამიწერია კიდეც. უდუმაშვილის „გამორჩევამ“ გააღრმავა შიდა დაპირისპირება პარტიაში და ეს, პოლიტიკაში და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის დინებებში გაურკვეველი ადამიანი, რეალურად ერთი-ერთზე დარჩა კონკურენტის პირისპირ და ამომრჩევლის იმედად. მის გვერდით მდგომი თანაპარტიელები მეტწილად ფორმას ქმნიდნენ ვიდრე შინაარსს. ანუ უმეტესობა იყო მაგრამ არაფერს აკეთებდა მისი წარმატების მისაღწევად. ამ გაღრმავებულ შიდა დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა მაინც მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, რადგან საბოლოო ვერდიქტი უდუმაშვილის პერსონაზე სწორედ მას ეკუთვნოდა.

შემდგომ კი საერთოდ - გრიგოლ ვაშაძის გამორჩევა თავმჯდომარედ, აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი იყო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უკვე აშკარად იგრძნობოდა, ენმ-ს არ სურდა თავმჯდომარედ არავინ სააკაშვილის გარდა (აქ სწორი იქნება ვთქვა, სააკაშვილს არ სურდა არავინ, მაგრამ სჭირდებოდა ვინმე და ამის გააზრებას პარტიის წევრთა უმეტესობა ვერ ახერხებდა) და ვაშაძე იყო ბუტაფორიული თავმჯდომარე. თუმცა ეს ფორმატიც არ ამართლებს პოლიტსაბჭოს ცალკეული წევრების გაცხადებულ დამოკიდებულებას მის მიმართ - „ამას ვინ ეკითხება...“

ეს ყველაფერი ფაქტთან ერთად არის იმის ნათელი დადასტურება, რომ პარტია მისი წევრების უმეტესობისთვის არის:

1. სახლი;

2. საშუალება პირადი ინტერესების რეალიზაციისთვის;

3. ძველი დიდების დაბრუნების ინსტრუმენტი;

ვიმეორებ, უმეტესობისთვის და არც ის არის დასამალი, ამას ყოველდღიურად ვხედავთ ნათლად, რომ იგივე გააზრება აქვს ენმ-სთან მიმართებაში მისი მხარდამჭერების უმეტესობას.

არა და პარტია უნდა იყოს იდეა, რომლის შესახებაც, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ მიზანი დასავლეთისკენ სწრაფვაა, არა თუ მხარდამჭერთა უმეტესობა, თავად პოლიტიკური ფიგურები ვერაფერს გეტყვიან. ნუ, ერთადერთი, იდეის პრიზმაში თუ იმ ულტრარეაქციულ პოზიციასაც გამოვკვეთთ, რომელიც პარტიას ჰქონდა თუნდაც 2020 წლის 5 ივლისს, როდესაც საპატრიარქოსთან ერთად ჟურნალისტთა მარბიელი რაზმების იდეოლოგიურ მხარდამჭერად წარმოდგა და ამ ხაზს აგრძელებს დღემდე, სხვა „ღირებული“ მათგან ბოლო 11 წელია არაფერი მოგვისმენია.
დიახ, აბსოლუტური კანონზომიერება იყო, იმავე ზურა (გირჩი) ჯაფარიძის, წასული ლიდერშიპის, ვაშაძის გვერდზე გასვლა, რადგანაც ეს ადამიანები და მათი მსოფლმხედველობა არ არის ულტრა რადიკალური.
ისე, ერთი ნამდვილად უნდა შევნიშნო - 2003-2012 წლის ყველა წარმატება, ყველა წარმატებული რეფორმა ლიბერალურ კანონმდებლობას უკავშირდება. ყველაფერი ცუდი კი ამ კანონმდებლობის - ანუ სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების წესის რეაქციულ მართვას. რა თქმა უნდა, ამას ენმ-ს მხარდამჭერების უმეტესობა ვერ აღიარებს, რადგან მათთვის ნებისმიერი რეფორმა და წარმატება კანონს კი არა, პერსონას უკავშირდება. და თუნდაც პერსონების ჭრილში რომ დაგანახოთ სხვაობა გაიაზრეთ აბა, ბენდუქიძე და სააკაშვილი ერთ პრიზმაში. მათ მეგობრობა და ურთიერთდამოკიდებულება აქ არაფერ შუაშია. სწორედ ამ განსხვავებების გამო და იდეოლოგიური შეუთავსებლობისთვის გასწიეს და გადამალეს თავის დროზე ბენდუქიძე. არა და, ყველა ეკონომიკური წარმატების უკან, რომლითაც დღესაც თავს იწონებს ენმ, სწორედ ის იდგა.
თითქოს ავცდი თემას, მაგრამ არა. რადგან, დღეს რაც ხდება ამ პარტიაში ეს ღირებულებითი არჩევანია, უფრო რეზონანსული ვიდრე იმავე გირჩი (ზურა) ჯაფარიძის წასვლა პარტიიდან , ან „განქორწინება“ ჯართის თანხლებით, ან სულაც გრიგოლ ვაშაძის ცივილური გაშვება.
ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ჩემთვის პატივსაცემი პერსონის - ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრების პოზიციას გავეცანი, რომლებიც აცხადებენ, რომ არ ერევიან მიმდინარე პროცესში. ზოგი ამ პროცესის პოლიტიკურ გაუმართლებლობაზე საუბრობს, ზოგიც კანდიდატების მიმართ პერსონალურ დამოკიდებულებაზე - მეგობრობაზე. ჩაურევლობის სხვა მიზეზებიც ვნახე, მაგრამ აქ მთავარია ფაქტი - არ ვერევი. ვინც ერევა მათი პოზიცია ისედაც ვიცით.
და ამ ფონზე რამდენიმე რიტორიკული კითხვა:

1. თუ საკუთარი პარტიის თავმჯდომარის, რომელიც მეგობრული კი არა პოლიტიკური პროცესია, არჩევნებში არ ერთვება პოლიტიკოსი, მაშინ აქვს კი მას უფლება დაამუნათოს ამომრჩეველი, რომლისთვისაც საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიუღებელია, იმიტომ რომ „ყველა ერთნაირად უვარგისია“?

2. ამ გადაწყვეტილებით აღიარებთ, რომ ყველა კადიდატი მიუღებელია? და თუ ასეა, გამოდის, რომ „მთავარ ოპოზიციურ პარტიას“ მხოლოდ თქვენთვის კი არა, სახელმწიფოსთვის (!) მიუღებელი პერსონა უნდა ჩაუდგეს სათავეში?

3. იმ პირობებში, როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული, პარტია და მისი მხარდამჭერები ახდენთ ე.წ. "შუაშისტების“ ბულინგსა და მარგინალიზებას, ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენი პოზიციაც "შუაშისტურია“ (მერწმუნეთ, ნებისმიერი გამარჯვებულისთვის პირველი სამიზნე სწორედ თქვენ იქნებით)?

4. „მთავარი ოპოზიციური პარტიის“ თავმჯდომარე, თუ ის მართლა ბუტაფორია არ არის, ჰიპოთეზურად ხვალ, ზეგ - პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - უნდა გახდეს ქვეყნის პრემიერი, ან პარლამენტის თავმჯდომარე (იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნების“ ანალოგიას არ მოიყვანთ. თუნდაც მოიყვანოთ, ის უნდა სარგებლობდეს რეალური და შეუვალი გავლენით, როგორც ეს კობახიძის შემთხვევაშია, რაც არც ერთ თქვენს კანდიდატს არ აქვს და ვერც ვერასოდეს ექნება), მაშინ ამიხსენით - გავიგე რომ თქვენ არ ერევით, მაგრამ ვის არჩევნებს ატარებს თქვენი პარტია?

კითხვები კიდევ მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ და მხოლოდ ამას ვიტყვი ყველა მხარის, თავშეკავებულებისა და ამა თუ იმ კანდიდატის მხარდამჭერების გასაგონად: პოლიტიკა მეგობრულ პასაჟებზე უფრო მაღლა დგას და მორალური სტანდარტი - მე არ მომწონს ან მე მომწონს, მხარს ვუჭერ იმიტომ რომ გამოვრჩები რაღაცას - რაც რეალურად ხდება დღეს, სულაც არ არის პოზიცია. თუ არ მოგწონთ - არ მოგწონთ არც პარტია და მანდ ყოფნა არ ყოფნის ეგზისტენციალური საკითხი უნდა გადაწყვიტოთ - სწორი ეს არის. ვისაც მოსწონს და თან ანგარებით, მაგათ გვერდზე როგორ უნდა აშენოთ ქვეყნის მომავალი? იდეურად ვისაც მოსწონს ეგენი ძალიან მცირერიცხოვანნი არიან და რეალურად ყველაზე ცუდ დღეში.

ზოგადად კი, რაც ახლა პარტიაში ხდება ეს სულაც არ არის მელიას ან მერაბიშვილის ბრალი. პირველ რიგში ეს უნდა გაიაზრონ ენმ-ს წევრებმაც და მხარდამჭერებმაც, რომლებიც სწუხან არსებულ ვითარებაზე.

პარტიის არაფორმალურ მართვაშიც და პარტიულ დისციპლინაშიც (აუცილებელი კომპონენტია პარტიის არსებობის) დამარცხდით ბიძინა ივანიშვილთან, ვერ აჯობეთ და ეს უნდა აღიაროთ.

და მაინც, ვინ უნდა გაიმარჯვოს და ვინ გაიმარჯვებს? ერთმნიშვნელოვნად - „ზავხოზი“. „ზავხოზი“, რომელმაც მხოლოდ გასაღებები აცმა უნდა ატრიალოს ხელის თითზე... თან მხოლოდ ორი გასაღებით - სახლი და კაბინეტი... რადგან ფაქტობრივად პარტიის ჰყავს თავმჯდომარე - გინდ ციხეში იყოს და გინდ კლინიკაში და მას არ უთქვამს, რომ რაც ხდება ცუდია და ენმ-ც ფეხებზე ჰკიდია. ამიტომაც არის ეს არჩევნები სეირი, ზოგისთვის კი პურის ფული.

„ზავხოზის“ იმედი უნდა ჰქონდეს ენმ-ს მხარდამჭერებს და ქართველ ამომრჩეველს?... - ეს ფაზა კარგი იქნებოდა ვარლამ არავიძის ხმით წარმოთქმული.
რატომ ვარლამის? ეგ ცალკე ამბად და სხვა დროს...

(უფრო ვრცლად ენმ-ში მინდარე პროცესებზე და 2012-2023 წლის პარტისტორიაზე ამ ეტაპზე წერას არ ვაპირებ, მხოლოდ და მხოლოდ მარკ ტვენის შეგონებით: "ნუ ეტყვი სიმართლეს ხალხს, რომელსაც ამის მოსმენა არ სურს"... თუმც ამის დროც მოვა.)

ავტორი: გოჩა მირცხულავა

ნეიშენ ჯორჯია

ფოტოკოლაჟი:ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა