ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შტატების ეკონომიკურ სიძლიერეზე საუბარს გამორჩეული დრო დაუთმო. მან აღნიშნა, რომ ამჟამად, მისი ლიდერობის დამსახურებით ქვეყანა უპრეცედენტო ზრდას განიცდის და ქვეყანაში სრულიად სხვა სურათია. შედარებით იმ რეალობასთან, რომელიც მას წინამორბედმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაუტოვა.
ტრამპმა თეთრ სახლში მის დაბრუნებამდე ქვეყნის ეკონომიკური “ჩამოქცევის” მთავარ მიზეზებად ღია და უკონტროლო საზღვრები, მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური ქაოსი დაასახელა. როგორ შტატების ლიდერი ამბობს, მისი მოსვლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ არნახულ ნიშნულს მიაღწია და “ისტორიაში საუკეთესოდ” იქცა. ტრამპმა გაოცებაც კი გამოთქვა, რომ ასე მოკლე პერიოდში მოხერხდა ვითარების შემობრუნება. “ჩემ გარშემო იყვნენ ექსპერტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ გამოწვევასთან გამკლავებას შეიძლება ჩემი საპრეზიდენტო ვადაც არ ჰყოფნოდა, მაგრამ მე მჯეროდა, რომ 1 წელიწადსა და ერთ თვეში მოვაგვარებდი ყველაფერს. როგორც ხედავთ, მხოლოდ ერთი წელი დამჭირდა”, - თქვა შტატების ლიდერმა.
ეკონომიკური ზრდის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზებად ტრამპმა დერეგულაცია დაასახელა. როგორც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, ყველა ახალი შეზღუდვის დაწესების სანაცვლოდ, მისი ადმინისტრაცია ბაიდენის დროინდელ 100-130 შეზღუდვას აუქმებს, რაც ბიზნესისთვის სრულიად მისაღებია. როგორც ტრამპი აცხადებს, ამჟამად კორპორაციული გადასახადები 21%-მდეა შემცირებული. ეს მაშინ, როცა დემოკრატიული პარტიის მმართველობის წლებში მაჩვენებელი 35%-ზე იყო. შტატების ლიდერმა უმუშევრობის შემცირებაზე საუბრისას კონკრეტული ციფრების დასახელებისაგან თავი შეიკავა, თუმცა თქვა, რომ ბოლო ერთ წელიწადში მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და ფერადკანიან, ასევე ესპანური და აზიური წარმოშობის მოსახლეობაში უმუშევრობა დონე მკვეთრად შეამცირა.
ამერიკის პრეზიდენტმა დრო ფედერალურ რეზერვს, მისი ხელმძღვანელის გაკრიტიკებას და რეფინანსირების განაკვეთის შემცირების აუცილებლობაზე საუბარსაც დაუთმო. როგორც ტრამპმა თქვა, ახალი ქვეყნის ეკონომიკაზე ისე დადებითად არაფერი აისახება, როგორც მონეტარული პოლიტიკის შემცირება. შტატების ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ჯერომ პაუელი საჭირო ნაბიჯების გადადგმას აგვიანებს და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც ანელებს. სწორედ ამიტომ, მან დავოსის სამიტზე წარმოდგენილ ათობით ქვეყნის ლიდერისა თუ გავლენიანი ბიზნესმენების თანდასწრებით FED-ის ხელმძღვანელი სასაცილოდ კიდევ ერთხელ აიგდო და მას ჯერომ “ნელი” პაუელი რამდენჯერმე უწოდა. ტრამპმა ისიც გაიხსენა, რომ უახლოეს მომავალში პაუელს თანამდებობაზე ყოფნის მანდატი ამოეწურება და იმედი გამოთქვა, რომ ფედერალური რეზერვების მომავალი მმართველი გაცილებით სწორ ნაბიჯებს გადადგამს. როგორც შტატების ლიდერმა თქვა, ოთხივე კანდიდატთან გასაუბრებით კმაყოფილია. შეგახსენებთ, ახალი ხელმძღვანელი FED-ში მაისის თვეში დაინიშნება.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ტრამპმა კიდევ ერთხელ წამოაყენა ტარიფების თემა და თქვა, რომ მათი დაწესება ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან “ამერიკა არ არის ვალდებული, სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქციის სუბსიდირება საკუთარ თავზე აიღოს”. შტატების ლიდერმა თქვა, რომ ის ამ ინსტრუმენტს მომავალშიც გამოიყენებს, რადგან ეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სერიოზულად უწყობს ხელს. ამ კუთხით, ტრამპმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის მაგალითები გამოყო, თუმცა არაფერი უთქვამს საუდის არაბეთზე, რომლის ტახტის მოსაყდრეც ამერიკაში $1 ტრილიონის ინვესტირებას აანონსებს. ტარიფებზე საუბრისას ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ჩინეთი და თქვა, რომ სტრატეგიული მოწინააღმდეგისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებით ამერიკის ბიუჯეტში დამატებით ასობით მილიარდი შევიდა.
რაც შეეხება კრიპტოინდუსტრიას, დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყურადღება ამ მიმართულებასაც დაუთმო. მისი თქმით, შტატები მსოფლიოს “კრიპტო დედაქალაქი” უნდა გახდეს და ამ კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობის ის ციფრული ინოვაციები უნდა გახდეს, რომლებსაც ოფიციალური ვაშინგტონი წაახალისებს. ტრამპმა გასული წლის დასაწყისში ე.წ. გენიოსის აქტის ხელმოწერაც გაიხსენა, როგორც მაგალითი იმის, რომ კრიპტოინდუსტრიის ინსტიტუციონალიზებით სერიოზულადაა დაინტერესებული. “ჩვენთვის ამ მიმართულებით მხარდაჭერა სტრატეგიულ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ასე ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდასა და ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევას შევძლებთ",- თქვა ტრამპმა. შტატების ლიდერმა წინამორბედი ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ჩამორჩენა სწორედ იმის ბრალია, რომ ბაიდენის გუნდი კრიპტოინდუსტრიის პოტენციალს ვერ ხედავდა.