დიმიტრი პესკოვი - არანაირად არ იყო საჭირო კანონპროექტს რუსული დარქმეოდა
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი არის უცხოური გავლენის აგენტი
სალომე ზურაბიშვილი ელჩებს - თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
აქციებზე ყველას გვიჭირს ერთმანეთის პოვნა, გადავწყვიტე გამეკეთებინა რუკა, რომელიც გაგვიმარტივებს რუსთაველის გამზირზე ორიენტაციას - ივა ქიმერიძე
"ოცნების" 83 დეპუტატი, ვინც რუსულ კანონს ხმა მისცა
კახა კალაძე - ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება
ილია თოფურია - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვის

წინააღმდეგობის მოძრაობა - თავისუფლება არ იყიდება!

03.12.2023 | 14:01 ნახვები: 10259

მარტის წინააღმდეგობის მოძრაობას რამდენიმე მნიშვნელოვანი მდგენელი აქვს. ერთი თავად კანონპროექტთან დაკავშირებული, მეორე მასზე რეაგირება.
პოლიტიკაში არსებობს სიტყვის წონის ფაქტორი, ანუ თუ ვინ ამბობს ამა თუ იმ მოსაზრებას და რას ამბობს.

ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო „ხალხის ძალის“ მიმართ საზოგადოების განწყობების განჭვრეტა. აღქმას ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ხალხის ძალად“ არსებობის განმავლობაში მასში გაერთიანებულმა ადამიანებმა - ვუწოდოთ მათ „ხძ“-ის ლიდერები, იმდენი კრიტიკული მოსაზრება, ბრალდება და დამოკიდებულება გააჟღერეს დასავლეთის მიმართ - რა იყო მართალი და რა გადაჭარბებული ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი გაჟღერების ფორმა და მკვეთრად რადიკალური შინაარსი გახლდათ, - სულაც, რაღაც კანონპროექტი დაეინიციირებინათ სათაურით: „საქართველოს გამარჯვების შესახებ“, ხალხი მას წაიკითხავდა „რუსეთის გამარჯვების შესახებ“.

არ ვიცი რამდენად აპირებს ეს ძალა, სახელის შენარჩუნებას სამომავლოდ, მაგრამ რაც მოხდა და ვნახეთ, იმის შემდეგ ცოტაზე მეტად მკრეხელობაც არის საკუთარ თავს უწოდო - „ხალხის“, თუმცა ეს მათი საქმეა.

მეორე ფაქტორი - არავის არასოდეს დაუჯერებია, რომ „ხალხის ძალა“ იყო „ქართული ოცნებისგან“ ცალკე მყოფი პოლიტიკური ჯგუფი. ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და იდეოლოგიური სპიკერები მოწინააღმდეგე მხარეს ამუნათებენ კანონპროექტი ქაღალდზე არ იყო გადმოტანილი და უკვე რუსულად მონათლესო, ქაღალდზე გადაუტანელ კანონპროექტს რომ თავად გამოუცხადეს იმთავითვე ნდობა, შინაარსის „გაცნობის“ გარეშე ამაზე რატომღაც არ საუბრობენ.

წამით თავი დავანებოთ კანონპროექტს... „ხალხის ძალის“ „გამოჩენისა“ და მათ მიერ დასავლეთის „მხილების“ კამპანიას, რომ იმთავითვე „მხარი აუბა“ „ქართულმა ოცნება“ ესეც ახსოვს ყველას. თან ამ „მხილებისა“ და დასავლეთის გაშავების კამპანიაში მნიშვნელოვანი იყო ფრაზები - „პრინციპში მათ („ხალხის ძალის“) პათოსს ვეთანხმებით, თუმცა არ ვაპირებთ ამაზე გუნდის გარეთ საუბარს“.... ანუ კიდევ უარესების თქმაც შეგვიძლია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ან არ გვინდა იმიჯი დავიზიანოთო, ამას ნიშნავდა ეს ღიად ნათქვამი ტექსტები.

ერთ-ერთმა სპიკერმა ისიც კი თქვა - „ჩვენ ეს რომ გვსურდეს უარესსაც ვიტყოდითო“, ანუ ანტიდასავლურ კამპანიას ვუერთდებით და "ხალხის ძალა" რომ ამბობს, იმაზე უარესის თქმაც შეგვიძლიაო.

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო "ოცნებისგან" გაუცხოება საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისაც სჯეროდა, რომ მრავალი წინააღმდეგობების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მიისწრაფოდა დასავლეთისკენ და ახდენდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის რეალიზებას, იმ შესაძლებლობების ფარგლებში რასაც იძლეოდა მოცემული პოლიტიკური მომენტუმი.

„ოცნებამ“ ბოლო თვეების განმავლობაში საკუთარი ანტიდასავლური განცხადებებით წითელი ხაზი გაავლო.
და სად ხარ მაშინ თუ შენი მისწრაფებებით არ ხარ დასავლეთთან და დასავლეთისკენ? რჩება ვინ? - რუსეთი!

შესაბამისად სწორედ საკუთარ და „ხალხის ძალის“ ანტიდასავლურ, პოლიტიკურ განცხადებებს (სხვა ქმედებებზე ახლა საუბარი არ ღირს) უნდა დააბრალოს პირველ რიგში ხელისუფლებამ კანონპროექტების „რუსულად“ მონათვლა.

გაკვირვებული სახეებით სვამდნენ კითხვებს კანონპროექტის მხარდამჭერები: როგორ არის ამერიკული კანონი რუსული? მეტაფორულად - კანონი ქოთანია და მას ყურს საიდანაც გინდა იქიდან მიადგამ. მთავარი ფაქტორია ენდობი თუ არა კანონის აღმსრულებელს.

 ამიტომ „რუსულად“ ნათლობა იყო და არის სრულიად ლოგიკური „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალიან“ ბოლოდროინდელი გააფთრებული ანტიდასავლური იდეოლოგიური კამპანიის პირობებში.

თვით აშშ-ის მიერ გაკეთებული არა ერთი განცხადება, რომ „არ შეესაბამება“, „აფერხებს“, „ხელს უშლის“ მართლა თარგმანს კი არ შეეხებოდა, არამედ იმას, რომ საქართველოში - არასაკმარისი დემოკრატიის ქვეყანაში, კანონად ქცეული ეს კანონპროექტი შესაძლოა, გამხდარიყო რეპრესიების საფრთხე.

და კიდევ „ოცნებას“ დაავიწყდა, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია მყისიერად ხელმისაწვდომია. ამის მაგალითია, სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები ვ. პუტინისა და ი. კობახიძის განცხადებები იმის შესახებ, რომ „მათი“ – 2012 წელს რუსეთის და 2023-ში „ქართული“ კანონპროექტი არის ბევრად რბილი ვიდრე აშშ-სი. თვით ბაჩანა ბრეგვაძესაც არ უთარგმნია ასე ერთი ერთში არაფერი, როგორც შეაჩეჩა ხალხს პუტინის ციტატა საკუთარ მოსაზრებად „ოცნების“ პარტიულმა ლიდერმა.

ამ ყველაფრის შემდეგ სულაც არ იყო საზოგადოებისთვის საჭირო კანონპროექტის შინაარსში შეცვლა, რადგან ეს უკვე ნიშნავდა განაჩენის არჩევანს „ჩამოხრჩობასა“ და „დახვრეტას“ შორის.

პოლიტიკაში, როგორც პოლიტიკოსისთვის არის მნიშვნელოვანი მგრძნობელობა, ასევე ადამიანები ოპერირებენ აღქმითა და მგრძნობელობით.
სწორედ ამ მგრძნობელობით გადაწყვიტა ხალხმა, რომ ეს იყო კანონპროექტი მოსალოდნელი რეპრესიების შესახებ, რომლის ინიციირებას აკეთებდა ანტიდასავლური „ხალხის ძალა“ და თავგადაკლულად უჭერდა მხარს ხელისუფლება. ისე, საზოგადოების რარაც ნაწილში მაინც არსებობდა განცდა, რომ კანონპროექტი არ გავიდოდა და ამ განცდის საფუძლევს იძლეოდა დებატებში პრემიერ-მინისტრის ჩაურევლობა, თუმცა ბერლინში, ირაკლი ღარიბაშვილი მიერ გაკეთებული განცხადბებმა ყველას დაანახა, რომ „ოცნება“ უკან არ დაიხევდა და აქ უკვე ფიზიკა ირთვება - ძალათა წინააღმდეგობების შესახებ.

„რუსული კანონის“ გააზრება კონვერტირდა ინიციატორების რუსულ ინტერესებში და ამ აღქმას კიდევ უფრო აძლიერებდა დასავლეთის სახელმწიფოების, სახელმწიფოთა ლიდერების, პოლიტიკური პერსონების, დასავლეთის ინსტიტუციების რჩევებისა და განცხადებების სრული იგნორირება, რითაც „ქართული ოცნება“ ამბობდა - ფეხებზე გვკიდია თქვენი აზრი! როდესაც პარტნიორების განცხადებებში გაჩნდა შემდეგი შინაარსის ფრაზები - „კანონპროექტის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს დასავლური მისწრაფებების რეალიზებას“, „კანონპროექტის მიღება შემაფერხებელია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის“, ხალხი საბოლოოდ მიხვდა („ხალხის ძალა“ და „ოცნება“- ვერ), რომ პირდაპირი საფრთხე ექმნებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო ხალხისთვის, რათა კანონპროექტისთვის „რუსული კანონი“, ხოლო მათი ავტორებისა და მხარდამჭერებისთვის სხვადასხვა ნეგატიური კონოტაციით ეწოდებინათ რუსეთის ინტერესების გამტარებელი.

დღეს ძნელია იმის დაბეჯითებით თქმა, ისტორია რა სახელით შემოინახავს 7-8-9 მარტის დღეებს სამომავლოდ, მაგრამ ცხადია, რომ ეს იყო წინააღმდეგობის მოძრაობა, რისკენაც მოუწოდა ხალხს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. ამ პროცესის მთავარი აქტორი იყო ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და როგორც ახლა მოდური გახდა მათი მოხსენიება - Gen Z თაობა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიხილეთ დიდი წინააღმდეგობები პარლამენტში - ოპოზიციის წარმომადგენელთა, განსაკუთრებით ქალების თავგანწირვა - პოლიტიკური კონვერტაციით ეს ყველაფერი სწორედ წინააღმდეგობის მოძრაობა იყო. ამიტომაც აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში კონკრეტულ მომენტში ნათქვამ კონკრეტულ სიტყვას და „წინააღმდეგობის მოძრაობა“ ამ მხრივ ნამდვილად არის „ლელოს“ აქტივი.

გასაგებია, რომ დღეს ხელისუფლება ძალიან გაბრაზებულია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ამ დრომდე არ დასრულდა მათი განცხადებები და განმარტებები კანონპროექტის სიკეთეებზე. თუმცა, რაც უფრო მეტს ისაუბრებენ ისინი კანონპროექტების სასარგებლოდ და შეცდომაში შეყვანილ და ამჩატებულ ხალხზე, მით უფრო განამტკიცებენ ხალხში არსებულ აღქმას - „რუსული“ დავალებების შემსრულებელების შესახებ. ისე, ერთი საგულისხმო ფაქტი - როდესაც აშშ გირცევს, კანონი არ მიიღოო და რუსეთის საგარეო მინისტრი წუხს მერიკული კანონის მიუღებლობაზე, ეს პოლიტიკურ კუბოში ჩაჭედებული ლურსმანია.
და ბოლოს, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ მთავარი შედეგი ის არის, რომ ხალხმა ოცნების მმართველობის პირობებში პირველი გამარჯვება იგრძნო. ვითარებიდან გამომდინარე სათუოა, რომ მან ეს გამარჯვება დათმოს სამომავლოდ. „ოცნებამ“ კი მნიშვნელოვნად დაკარგა მომხრეები და მათ შემორიგებას და ამ რიგების ახლით შევსებას ის ვერასოდეს შეძლებს. ვერც ფულით და სიკეთეებით? ფული საჭიროებაა, თავისუფლება კიდევ ღირებულება არ იყიდება - სამწუხაროდ, ეს ავიწყდებათ ხელისუფლებებს.

ავტორი: გეგა სილაგავა

ვერსია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა