3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი
მიხაილ როთი - ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“
პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია
არმაზ ახვლედიანი შს მინისტრს - ვინ არის „ხარება“ ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას?
გიორგი ვაშაძე მინისტრს - თქვენ არ ხართ შს მინისტრი, თქვენ იცავთ მხოლოდ ივანიშვილს

„ედისონ რისერჩის" კვლევა და ქართველთა შეუცნობელი გზანი

09.01.2020 | 13:59 ნახვები: 415

ავტორი: გეგა სილაგავა

ჩვენ აბსოლუტურად გადავეჩვიეთ ფიქრს. შესაბამისად, გვიჭირს სწორი ანალიზის გაკეთება და ადეკვატური დასკვნების გამოტანა ცალკეული პროცესებიდან. ან, იქნებ, არც არასოდეს გვიფიქრია, მინიმუმ, 200 წელი, არაფერზე გარდა ჩვენი კომფორტის უზრუნველყოფისა? დიახ, არაფერი გვიფიქრია მას შემდეგ, რაც ალექსანდრეს პერიოდში გაერთიანებული საქართველო დაიშალა, ერეკლემ იტრაქტატა და ჩვენს ნაცვლად ფიქრი გრაფმა ვორონცოვმა დაიწყო... მერე რა, რომ შიგადაშიგ ქართველებიც ფიქრობდნენ _ მაგალითად, სოლომონ დოდაშვილი ან ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, გნებავთ, კირიონ საძაგლიშვილი თუ ამბროსი ხელაია? რა შეგვმატა მიხეილ ჯავახიშვილისა თუ სანდრო ახმეტელის ფიქრმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, ჯანსუღ ჩარკვიანის თუნდაც ერთმა ფრაზამ, რომ „თავისუფლება ლომთა ხვედრია", რამე გვატყვია ჩვენ მერაბ კოსტავას ან ზვიად გამსახურდიას ფიქრის შედეგად? _ არც არაფერი! ჩვენ ფიქრის, ანალიზისა და მოქმედების უფლება სხვას გადავაბარეთ, ვიღაცას _ ვინც ზემოთ დგას. გადავაბარეთ იმისთვის, რომ იმ ვიღაცამ უზრუნველყოს ჩვენი პირადი კომფორტი. და თუ კარგად დავაკვირდებით, იმის გამო, რომ არ ვფიქრობთ, უმეტესობა როცა ხელისუფლების შეცვლისთვის ან შენარჩუნებისთვის იბრძვის, ამ ყველაფრის მიღმა სახელმწიფოს წარმატებას კი არ იაზრებს, არამედ გარანტირებული პირადი კომფორტისთვის ამტვრევს თავპირს მოწინააღმდეგეს, რომ თავად იცხოვროს კარგად, ხოლო კარგი ცხოვრებისთვის კი სწორედ იმან იფიქროს, ვინც ხელისუფლების სათავეშია.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო ვარ მე, არის ის, ის, აი, ისიც... არ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო ვართ ჩვენ, რადგან მაშინ მოგვიწევს ფიქრი ვალდებულებებზეც და პასუხისმგებლობაზეც, რომელიც სახელმწიფოს წინაშე უნდა ჰქონდეს მოქალაქეს. მაშინ იზღუდება ჩვენი ჩალიჩის არეალი, რომ თავიდან ავიცილოთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ნეპოტიზმით, პროტექციონიზმითა და ათასი მაქინაციით შევძლოთ მოვიპოვოთ ის, რაც რეალურად არ გვეკუთვნის; მაშინ მოგვიწევს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა და აშკარად დავიჩაგრებით კონკურენტულ გარემოში. და განა ასე არ სჯობს, როდესაც მარიფათით შეგვიძლია მივაღწიოთ თუნდაც იმას, რაც წარმოუდგენელია გვქონდეს წელგამართული სახელმწიფოს პირობებში? მოიცათ, მოიცათ... მგონი, საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები... ამდენ რამესაც ხომ ფიქრი უნდა? ე. ი. ვფიქრობთ... ა, ხო, მივხვდი უკუღმართად და „ჩემთვის" სასარგებლოდ... დიახ, „ჩემთვის" და სწორედ ეს უკუღმართი ფიქრი კლავს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარს.

***
და ვინც ფიქრობს, იმათ მოუწევთ აღიარება, რომ დღეს ქართველი ხალხი (ნუ აურევთ ერში) პოლიტიკური პროცესების აქტიური სუბიექტიდან პროცესების მაყურებელ პასიურ სუბიექტად გადაიქცა. ნეტავ, რატომ? მე კი მაქვს ჩემი ვრცელი ახსნა, მაგრამ მისი გახმოვანების აზრს ვერ ვხედავ, მხოლოდ ორი სიტყვით ვიტყვი _ ხელისუფლებები პოლიტიკას არ უნდა კლავდნენ, სატელიტ პარტიებსა და ვითომ ოპოზიციებს არ უნდა ქმნიდნენ და სატელიტობაც და „ვითომობაც" ცუდი ტონი უნდა იყოს. საქართველოს ყველა ხელისუფლებას აქვს საკუთარი ბრალეულობა ამ სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინაშე, ყველას! ვის მეტი, ვის ნაკლები ეს გემოვნებისა და დავის საკითხია. ნებისმიერი „ისტობაც" ჩვენი მოქალაქეების არასახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია და მათი სწრაფვის დემონსტრირებაა კონფორმიზმისკენ... აქ ფუნაში ყოფნა ჯერაც კარგი ტონია... ფუნა ვისია, ესეც გემოვნების კატეგორიაა.

***
ამ ყველაფრის დასტურად ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩაატარებული კვლევის პასაჟებიც გამოდგება. კვლევა 23 ივნისინ _ 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.
შევეშვათ ყოველი კვლევის ბოლოს პოლიტიკოსებისა და ცალკეული „პრო" ექსპერტების ჟონგლიორობას იმის შესახებ, რომ კვლევებს არ ენდობიან ან ენდობიან. ეს იმის მიხედვით, ვინ ვისი ურმის (როლს-როისის) მგზავრია. ხშირად მითქვამს მეც, რომ საქართველოში სოციოლოგია არ მუშაობს, არ მუშაობს იმის გათვალისწინებით, რომ რესპონდენტების უმეტესობა ცრუობს და გულწრფელი არ არის. არ მუშაობს იმიტომ, რომ პოლიტიკურ ნაწილში პოზიორობს ან პირად სურვილებზე დაყრდნობით აფასებს რეალობას, სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილში კი მუდამ მოწყალებას ითხოვს და ბეჩავი კაცის პოზას იღებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ისინიც კი, ვინც პოზიორობენ, რომ კვლევების არ სჯერათ, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ კვლევებში. მაგრამ აქ უბედურება ის არის, რომ არანაირი თანხები არ იხარჯება მოქალაქეთა მწყობრი სახელმწიფოებრივი აზროვნების უზრუნველსაყოფად, მინიმუმ, სწორი ვექტორის განსასაზღვრად.
სწორად შენიშნა ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ჯეჯელავამ ბოლო კვლევის შედეგების კომენტირებისას: თუ ამ კვლევებს გავაანალიზებთ, „პოლიტიკური პროცესის რა გითხრათ, მაგრამ საზოგადოების ზუსტ დიაგნოზს ნამდვილად მივიღებთ". და ეს დიაგნოზი საკმაოდ ნეგატიურია, საკმაოდ...
ასე დავსვათ საკითხი, _ ჩვენს საზოგადოებას სახელმწიფოებრიობის მინიმალური განცდა რომ ჰქონდეს, ნომერ პირველ პრობლებად უმუშევრობას კი არა, ოკუპაციას უნდა ასახელებდეს, სულაც შიმშილით რომ ხდებოდეს სული. ცალკე საკითხია ის, რომ ამ შემთხვევაშიც და სხვა კვლევების დროსაც, პრობლემების ჩამონათვალში მითითებულია „ოკუპირებული ტერიტორიები". არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ფორმულირება, მაგრამ ცხადია, რომ ეს არის ბრიყვული ფორმულირება. პრობლემა ვერ იქნება „ოკუპირებული ტერიტორიები", პრობლემა თავად ოკუპაციაა და ამ გააზრებით თუ რამე უნდა დასახელდეს სახელმწიფოსთვის ნომერ პირველ პრობლემად, ეს გახლავთ „ოკუპაცია" და ამაზე ეროვნული კონსენსუსი უნდა არსებობდეს. მაგრამ ამას გონიერება სჭირდება და სწორად ფიქრი, რომლის აშკარა დეფიციტია, თორემ სახელმწიფოს, რომლის 22 პროცენტი უკუპირებულია, მისი მოქალაქეები ამ დილემას მეოთხე რიგის პრობლემად არ უნდა განიხილავდნენ.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა _ 72% _ ქვეყნის წინაშე მდგომ მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს; 61% ასახელებს სიღარიბეს; 48% _ მზარდ ფასებს; 26% _ ოკუპირებულ ტერიტორიებს; 16% _ ჯანდაცვას; ასევე 16% ასახელებს კორონავირუსს, როგორც მნიშვნელოვან პრობლემას. შემდეგ მოდის განათლება (12%), კანონის უზენაესობის ნაკლებობა (10%); კორუფცია (8%); გარემოს დაცვის პრობლემები (4%); მედიის თავისუფლება (1%).
ბარემ ამ ბლოკში ასევე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი _ მთავარი პრობლემები, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქე იაზრებს, ძირითადად სოციალური ხასიათისიაა. მაგრამ გინახავთ ამ ქვეყანაში დემონსტრაციები, აქციები, მასშტაბური გამოსვლები სოციალური თემატიკით? _ არა! რატომ? ეს კიდევ ცალკე საკითხია. მაგრამ რესპონდენტები ვერ იაზრებენ, რომ ეს პრობლემები მუდმივად იქნება, თუ მათ არასათანადო განათლება ექნებათ. აქ არის ერთი ფრიად უხერხული ფაქტორიც _ იმდენად უჭირთ იმის აღიარება, რომ ქვეყნის მოსახლეობა, თავად და მათი შვილები, არასათანადოდ, არასაკმარისად განათლებულები არიან, როგორც პროფესიულად ასევე მეცნიერულად, რომ ურჩევნიათ, ამ საკითხს წაუყრუონ. წესით, სოციალური პრობლემატიკა მიზეზშედეგობრივი კავშირის კონტექსტშია განსახილველი, მაგრამ ამას გამოკითხული რესპონდენტები არ აკეთებენ. შეხედეთ, დააკვირდით, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის ყოველდღიური თემები კანონის უზენაესობაზე, კორუფციაზე მოსახლეობას დიდად არ ანაღვლებს, მედიის თავისუფლების საკითხი ხომ საერთოდ. ანუ რა გამოდის? პარტიები თუნდაც ამ ნაწილში ვერ ზომავენ მოსახლეობის განწყობებს და არ არიან ადეკვატურები, თუნდაც პრობლემის საფუძველების სწორად გააზრების საშუალება რომ მისცენ მოსახლეობას.
ხშირად აღმინიშნავს, რომ ჩვენ კერპთაყვანისმცემელი ხალხი ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვთაღლითობთ, ვფარისევლობთ ხოლმე. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელმაც ყოველგვარი იდეალების, გააზრების, ცოდნის გარეშე ერთ მშვენიერ დღეს გადააგდო ან სკივრში შეინახა პარტბილეთი და მკერდზე ჯვარი დაიკიდა. ჩვენი მორწმუნეობა მეტწილად იმით იზომება, ვის უფრო ძვირფასი ჯვარი კიდია და ვინ უფრო მეტ შესაწირს მიიტანს ტაძარში. ბოლო დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, უფრო სწორად, მის ადმინისტრაციაში განვითარებულმა მოვლენებმა, მეტ-ნაკლებად შეასუსტა ეკლესიის ავტორიტეტი, მაგრამ ნახეთ, რა ხდება? _ ჩატარებული კვლევის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი _ 90% _ ჯარს ენდობა. მეორე ადგილზე ეკლესიაა _ 88% ამბობს, რომ მას ენდობა. შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოდის 79%-ით. პოლიციას 70% ენდობა, უნივერსიტეტებს _ 69%; ქართულ მედიას _ 68%; პრემიერ-მინისტრს _ 63%; ომბუდსმენს _ 61%; ადგილობრივ ხელისუფლებას _ 57%; მთავრობას _ 52%; ცესკოს _ 51%; NGO-ებს _ ასევე 51%; ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოს პრეზიდენტს აქვს _ 59% ამბობს, რომ მას არ ენდობა. ასევე 58% არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს; 58% ამბობს, რომ არ ენდობა ქართულ ბანკებს; 54% არ ენდობა პროკურატურას; ასევე 54% არ ენდობა სასამართლოებს; 51% არ ენდობა პარლამენტს.
ამ ნაწილში პარადოქსის დონეზეა კერპთაყვანისმცემელი გამოკითხულების აზროვნება. ეკლესიის, რომელმაც კოვიდის დროს სახელმწიფო რეგულაციები ფეხებზე დაიკიდა, რეიტინგი 88%-ია, ხოლო იმ ექიმების, დავკონკრეტდები _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის _ რომლის რეკომენდაციების საფუძველზეც მთავრობა რეგულაციებს აწესებდა, ხოლო ცენტრის ხელმძღვანელები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, მათ შორის ეკლესიებში მისვლის თავშეკავებისკენ და რეალურად აკრძალეს ეს პროცესი _ 79%.
ცხადია, რესპონდენტების უმეტესობა ვერ ხვდება, რომ ეკლესიის რეიტინგი და ნდობა არაფერ შუაშია ინდივიდის რწმენასთან. ამიტომაც, როდესაც მათ ეკლესიას უსახელებენ, ისინი, პირველ რიგში, იმის ხაზგასმას ცდილობენ, რომ თავად არიან „მრევლი" და მორწმუნენი. მაგრამ 88% და 79% როგორ ესადაგება ერთმანეთს თუნდაც თავნებობისა და კანონის საკითხში?

***
ახლა პოლიტიკური ნაწილი გავიაროთ ზედმეტი სიღრმეების გარშე.
კვლევის შედეგების მიხედვით, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
„ქართული ოცნება" _ 39%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" _ 16%;
„ევროპული საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები" _ 5%;
მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას;
ლეიბორისტული პარტია _ 3%;
„ლელო" _ 3%;
„ახალი საქართველოსთვის" (გიორგი ვაშაძე-„სტრატეგია აღმაშენებელი") _ 3%;
პატრიოტთა ალიანსი _ 3%;
„გირჩი" _ 2%;
„მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) _ 2%;
„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე)" _ 1%;
„გამარჯვებული საქართველო" (ირაკლი ოქრუაშვილი) _ 1%;
„სამართლიანობისთვის" (ეკა ბესელია) _ 1%;
„თავისუფალი საქართველო" (კახა კუკავა) _ 1%.
მხოლოდ ერთი შენიშვნა თუ კითხვა, _ რატომ არის ცალკე წარმოდგენილი ენმ? სად არის „ძალა ერთობაშია"? როგორი იქნებოდა ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ერთობლოვი შედეგი? რატომ „დაშალეს" კვლევის ავტორებმა ეს გაერთიანება?
კიდევ ერთი კითხვა, _ თუ კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების" უმრავლესობაში დარჩენის ნაცვლად პარლამენტის მმართველის როლში გამოკითხულთა 59%-ს სურს ახალი პარტია(ები) იხილოს, ხოლო „ოცნებას" ისევ 41% ემხრობა, მაშინ რეიტინგში ეს 2 პროცენტი რატომ დააკლდა „ოცნებას"?
ამომრჩევლის არამწყობრ აზროვნებაზე მიუთითებს შემდეგი შედეგიც, თან თუ წინა პროცენტებს დააკვირდებით _ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგი 12 თვის განმავლობაში, ქვეყნის მომავალი უკეთესი იქნება. ასე მოსახლეობის 56% ფიქრობს. შესაბამისად, 44% ამბობს, რომ ამ პირობებში მომავალი უარესი იქნება. ანუ ვისაც პარლამენტში გამარჯვებულ ძალად ოპოზიცია სურს, მათგან 3% დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მმართველობის პირობებში მომავალი 12 თვე ცუდი იქნება? ამას მე ხომ არ ვამტკიცებ, აგერ გამოკითხვის შედეგები გვეუბნება.
საქართველოს მოსახლეობის 71% ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კიდევ 23% კი ფიქრობს, რომ ალბათ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მოსახლეობის მხოლოდ 2% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს, დამატებით 4% კი ვარაუდობს, რომ არჩევნებზე ალბათ არ წავა. ანუ არჩევნებზე ამომრჩევლის 98% მივა? ისევ იტყუებიან რესპონდენტები...
შემდეგ კითხვაზე მედიამ ასეთი ფორმულირება განსაზღვრა, რომ პრემიერ გახარიას დადებითად აფასებს მოსახლეობის მეტი წილი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილსო და მონაცემებიც წარმოადგინა:
გიორგი გახარია _ 65% პოზიტიური; 35% ნეგატიური;
კახა კალაძე _ 55% პოზიტიური; 45% ნეგატიური;
ბიძინა ივანიშვილი _ 48% პოზიტიური; 52% ნეგატიური;
ირაკლი ღარიბაშვილი _ 45% პოზიტიური; 55% ნეგატიური;
არჩილ თალაკვაძე _ 37% პოზიტიური; 63% ნეგატიური;
ირაკლი კობახიძე _ 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური.
მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელსაც მოგვიანებით ქვემოთ გავახმოვანებ და კვლავ რესპონდენტთა არამწყობრ აზროვნებაზე მომიწევს აპელირება.
აი, ასევე ფრიად პარადოქსული პასუხები მორიგ კითხვაზე, _ როგორია დამოკიდებულება ამა თუ იმ პარტიის მიმართ? პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
„ახალი საქართველოსთვის" (გიორგი ვაშაძე _ „სტრატეგია აღმაშენებელი") _ 36% პოზიტიური; 64% ნეგატიური;
„ევროპული საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები" _ 35% პოზიტიური; 65% ნეგატიური;
ლეიბორისტული პარტია _ 33%; პოზიტიური; 67% ნეგატიური;
„ქართული ოცნება" _ 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური;
„მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) _ 32% პოზიტიური; 68% ნეგატიური;
„ენმ _ გაერთიანებული ოპოზიცია" _ 29% პოზიტიური; 71% ნეგატიური;
„პატრიოტთა ალიანსი" _ 29% პოზიტიური; 71% ნეგატიური;
„ლელო" _ 27% პოზიტიური; 73% ნეგატიური;
„გამარჯვებული საქართველო" (ირაკლი ოქრუაშვილი) _ 23% პოზიტიური; 77% ნეგატიური;
„თავისუფალი საქართველო" (კახა კუკავა) _ 21% პოზიტიური; 79% ნეგატიური.
შეხედეთ, გამოკითხულები ყველაზე მეტად პოზიტიურები არიან „ახალი საქართველოსთვის" (გიორგი ვაშაძე _ „სტრატეგია აღმაშენებელი") და „ევროპული საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების" მიმართ, მაშინ როდესაც დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, პირველს _ 3, ხოლო მეორეს 5 პროცენტი დაუჭერდა მხარს.
გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე უნდა იყოს.
ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
დავით ბაქრაძე _ 26%;
გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი") _ 20%;
გრიგოლ ვაშაძე _ 18%;
მიხეილ სააკაშვილი _ 7%;
ნიკა მელია _ 5%;
შალვა ნათელაშვილი _ 4%;
ირმა ინაშვილი _ 2%;
მამუკა ხაზარაძე _ 2%.
ამ შემადგენლობაში ირმა ინაშვილი როგორ მოხვდა გაუგებარია. აქ პერსონალურად როგორ მოხვდა, იმაზე არ ვსაუბრობ, არამედ იმაზე, რომ პროდასავლური ოპოზიციის პრემიერი ინაშვილი ვერ იქნება, ეგ ხომ ცხადია. ასეც რომ იყოს, რატომ აქვს მას 2%, მაშინ როდესაც დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „პატრიოტთა ალიანსს" 3% უჭერს მხარს. ან ხაზარძეს იმავე გათვლებით როგორ აქვს 2% თუ ლელოს 3% უჭერს მხარს? არაფერი პიროვნული ბატონ დავით ბაქრაძესთან, მაგრამ როდესაც ოპოზიცია რადიკალურ რეფორმებზე საუბრობს, რომელიმე რეფორმების მომხრე ინტერვიუერი ფიქრობს, რომ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ფიგურა რადიკალური რეფორმების სულისჩამდგმელი იქნება? ის ხომ მეტწილად გაწონასწორებული, მშვიდი და ნაკლებინიციატივიანი პოლიტიკური ფიგურის შთაბეჭდილებას ტოვებს. დამოკიდებულებებს ხომ სწორედ ის განსაზღვრავს, რა წარმოდგენაც აქვს საზოგადოებას კონკრეტული პერსონის მიმართ და არა ის, რეალურად შეძლებს თუ არა... აქვე დასაფიქრებელია, „ნაციონალური მოძრაობის" 16%-ის ფონზე პრემიერად გრიგილ ვაშაძე როგორ სურს 18%-ს, ხოლო პერსონა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ელექტორალური განწყობის მთავარი განმსაზღვრელია _ მიხეილ სააკაშვილი, პრემიერად თანაპარტიელების, მხარდამჭერების 50%-ზე მეტს რატომ არ სურთ? ასევე საინტერესოა ნიკა მელიას 5%. სოციოლოგია ყველანაირ დაშვებას განიხილავს და ამ დაშვების პირობებში გამოდის, რომ ამომრჩევლის _ დავაკონკრეტებ, გამოკითხულთა 30%, პრემიერ-მინისტრად ენმ-ის კანდიდატურას განიხილავს და ასეთი ჯამის შემთხვევაში დავით ბაქრაძის პირველი ადგილი რეალურად მეორე ადგილი გახლავთ. ისე, გიორგი ვაშაძის პრემიერად მსურველი 20%, მის პარტიას რატომ არ უჭერს მხარს (3%)? იგივე შეგვიძლია ვთქვათ დავით ბაქრაძეზე _ პერმიერად 26%-ს სურს და პარტიას 5% უჭერს მხარს. ანუ რა, ამ მხარდამჭერებმა არ იციან, პრემიერი რომ გახდეს პერსონა, მისი პარტიის გამარჯვება აუცილებელია? მოკლედ, ასეთი არათანმიმდევრული და დაუფიქრებელი რესპონდენტების ხელში კიდევ კარგ დღეშია ქვეყანა.
საყურადღებოა კვლევის სოციალური ნაწილი _ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (43%) ამბობს, რომ მომავალ 12 თვეზე ფიქრის დროს, მათი აზრით, მათი ცხოვრება იგივე იქნება. 32% ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება უკეთესი იქნება, 25%-ის აზრით კი _ უარესი. კვლევაში მონაწილეთა ეს მოსაზრება როგორ ესადაგება მათსავე შემდეგ პოზიციას, თავად განსაჯეთ _ საქართველოს მოსახლეობის 37%-ს ძალიან ეშინია, რომ ახლო მომავალში არ ექნება საკვებისა და საოჯახო საყიდლების შესაძენი თანხა, 44-%-ს კი ოდნავ ეშინია. მხოლოდ 19% ამბობს, რომ მას ამის საერთოდ არ ეშინია.
ანუ 37%-ს ეშინია, 44-ს ოდნავ ეშინია, ანუ მაინც ეშინია, რომ მომავალში „ხვალ" არ ექნება საკვებისა და საოჯახო საყიდლების შესაძენი თანხა. ანუ ჯამში შეშინებულია 81%. მაშინ შეშინებული ადამიანებიდან 39% როგორ უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას"? თუ ეს მაინცდამაინც ოდნავ შეშინებულთა კონტინგენტია? არა, ასე ვერ იქნება. რადგან 19%-ს საერთოდ არ ეშინია და, სავარაუდოდ, დანარჩენი 20% „ოცნებამ" ოდნავ შეშინებულებიდან და შეშინებულებიდან დაიმატა. ესეც პარადოქსის სფეროდანაა, _ გეშინოდეს, რომ მთავრობა შიმშილით მოგკლავს და მაინც მას უჭერდე მხარს. ანუ აქ რესპონდენტები საკუთარი თავის ვიღაცისთვის შებრალებას ცდილობენ.
აბსურდის თეატრს ემსგავსება რესპონდენტების მოსაზრებები საგარეო ფაქტორებთან დაკავშირებით. ჩატარებული კვლევის შედეგებით მოსახლეობის 93% ამბობს, რომ ენდობა უკრაინას; აშშ-ს _ 92%; დიდ ბრიტანეთს _ 90%; ისრაელს _ 85%; თურქეთს _ 74%; აზერბაიჯანს _ 73%; სომხეთს _ 68; ირანს _ 56.
ანუ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში რომელიმე უცხო ქვეყნის ნდობა? რას ეყრდობა ის? უკრაინის შემთხვევაში „ოცნების" მხარდამჭერების უმეტესობისთვის მისაღებია უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება თუნდაც მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით? ახლა ვიღაც იტყვის, რომ რესპონდენტები ქვეყანას _ სახელწიფოს არ განიხილავენ ხელისუფლებების პრიზმაში. მაშინ მათ მოუწევთ ახსნან, რას გულისხმობენ ნდობაში. აშშ, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი დონორია და მისი დემოკრატიული განვითარების გარანტი, რატომ არის ნდობის თვალსაზრისით მეორე ადგილზე? როგორ აღმოჩნდა ბრიტანეთი მესამე ადგილზე?
გამოკითხულთა მხოლოდ 28% ამბობს, რომ ენდობა რუსეთს, 72%-ის აზრი საპირისპიროა. აქვე კითხვა, _ რადგან ჩვენ, ოპოზიცია და ცალკეული მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ ხელისუფლება პრორუსულია, რატომ ვერ მოხერხდა რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობა 28%-ზე მეტი ყოფილიყო? აქ განა მხოლოდ „ოცნების" მხარდამჭერები არიან ნდობის გამომხატველები?
საქართველოს მოსახლეობის 92% ენდობა NAთO-სა და ევროკავშირს. მხოლოდ 8-8% ამბობს, რომ ხსენებული გაერთიანებების მიმართ ნდობა არ აქვს. ანუ რა გამოდის? _ ერთი იმ 28 პროცენტიდან ვინც რუსეთს ენდობა, ნატოსა და ევროკავშირს ენდობა 20%? მეორე _ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, ყველაზე პროდასავლურ პარტია „ევროპულ საქართველოს" (ამ პარტიისა და ენმ-ს მკვეთრ პროდასავლურობას ხელისუფლება უსვამს ხაზს, როდესაც საუბრობს, რომ მათ წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ აგორებული კამპანია სწორედ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს უკავშირდება) როგორ აქვს 5%, მაშინ როცა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრეა 92%? და მესამე _ გახსოვთ, ზემოთ გახარიას რეიტინგზე საუბრისას აღვნიშნე, დავუბრუნდები მის საკითხს-მეთქი: ანუ ამ 92%-დან „პრორუსი" გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს 65% და მთლად რუსეთზე „მიერთებული" ივანიშვილისას _ 48%?
მოკლედ, ჭეშმარიტად შეუცნობელ არს ქართველი რესპონდენტების (რომელიც კვლევაში მოსახლეობად კონვერტირდება) და საბოლოოდ ელექტორატის გზანი და ფიქრნი.

***
და აქვე, კიდევ ერთი პარადოქსი: Edison Research -ის კვლევის ფაგლებში საქართველოს მოსახლეობას (დააკვირდით ფორმულირებას) ჰკითხეს, თუ როგორ აფასებს როგორც 2004-2012 წლების, ასევე 2012 წლიდან დღევანდლამდე პერიოდს?
2004-2012 წლების პერიოდს მოსახლეობის 76% დადებითად აფასებს, 24% _ უარყოფითად. 2012-დან დღევანდლამდე პერიოდს კი დადებითად 58% აფასებს, უარყოფითად _ 42%.
მგონი, მე სხვა საქართველოში ვცხოვრობ. უკაცრავად და გამახსენეთ, ვინ გაიმარჯვა 2012 წლის არჩევნებში, პროცენტები როგორ იყო? ა, ხო, უკეთესის მოლოდინის გამო დაამარცხეს „კარგი" და აირჩიეს „ცუდი", რომელიც კარგი ეგონათ? ანუ რეალობაში კარგისა და ცუდის გარჩევის უნარიც არ გვაქვს და ამას „მომავალი" სჭირდება და იქიდან უკან გამოხედვა?
ეჰ!..

***
ერთი ფრაგმენტი თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილის შეფასებიდან ამ კვლევებთან მიმართებით: „ედისონ რისერჩის" ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ჩვენივე „ბაბლის" (ტერმინი გაფილტრული ბაბლი აღწერს მდგომარეობას, როცა ჩვენ სოციალურ ქსელებში (საზოგადოებაში), მეგობრების შერჩევით ვქმნით ერთგვარ ჩაკეტილ სოციალურ წრეს. ასეთ დროს ჩვენში უკვე არსებულ რწმენებსა და ღირებულებებს ყველა გარშემომყოფიც იზიარებს, რაც იმის ილუზიას ქმნის, რომ ამ წრის გარეთაც ანალოგიური რეალობა არსებობს, _ გ. მ.) ტყვეები ვართ, ვხედავთ იმას, რაც მოგვწონს, რასაც ვეთანხმებით და არა იმას, რეალურად რა ტენდენციებიც მიმდინარეობს ქვეყანაში... მაგ.: ფბ-ს ვფილტრავთ, ვშლით, ვბლოკავთ ან გამოწერას ვუუქმებთ იმ ადამიანს, რომლის შეხედულებები ჩვენსას კარდინალურად ეწინააღმდეგება, ვუყურებთ მხოლოდ იმ ტელევიზიებს, რომელთა მიერ გაჟღერებული აზრი ჩვენსას ეთანხმება და ა. შ. ამის შედეგად ჩვენ ისეთ საქართველოს ვქმნით, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს და ამის შესაბამის ილუზიებშიც ვცხოვრობთ. ბაბლის ტყვეები ვართ როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის დროს. ამ ყველაფრიდან კი ის დასკვნა გამომაქვს, რომ ილუზია და არარეალურია ფიქრები იმის თაობაზე, რომ საქართველოში მოკლე პერიოდში უპრობლემოდ შეიცვლება დადებითისკენ პოლიტიკური, ეკონომიკური ან საეკლესიო სიტუაცია. პირიქით, მინიმუმ, 20 წელი (საუკეთესო ვარიანტში) მაინც დაგვჭირდება პროგრესის მისაღწევად და რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით უკეთესი, თუ არადა, კიდევ დიდხანს მოგვიწევს „უახლოეს მომავალში მესიანური მოლოდინისგან იმედგაცრუება". ოპტიმიზმი კარგი რაღაცაა, მაგრამ როდესაც იგი რეალობას მოკლებულია, კრახისთვისაა განწირული, რაც, როგორც ქრისტეფორე მგალობლიშვილი იტყოდა, აუცილებლად გამოიწვევს შოკს. გამოსავალი? ბევრი რომ არ გავაგძრელო, ყველამ ჩვენ-ჩვენს პროფესიაში უნდა გავაკეთოთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და არ გვქონდეს იმის ილუზია, რომ ამ ჩვენი თავგანწირვის გამო ვინმე დაგვაფასებს... აი, ლანძღვა-გინება კი იცოცხლე, ბლომად გვექნება.

***
სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა საქართველოს მოსახლეობის ნაფიქრალის შედეგებზე ბოლო კვლევების მიხედვით, რომელსაც ისედაც თავლათლივ ხედავს ყველა ის, ვინც ფიქრობს საკუთარი „ბაბლის" მიღმა, ხოლო ვინც არ ფიქრობს, იმას არც არაფერი ენაღვლება. ვინც არ ფიქრობს, ის ახლა უპირატეს მდგომარეობაშია თუნდაც დროებით, რადგან საკუთარი კომფორტის უზრუნველსაყოფად ცდილობს გაანადგუროს ის, ვინც ფიქრობს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა