Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte
Fedorov at UDCG meeting: Ukraine now intercepts 80% of missiles, 90% of drones
Ukrainian forces regain control of nearly 50 km² in March – CinC Syrskyi
Zelensky meets Norway’s Crown Prince, thanks for €9 billion in support for Ukraine
UK to provide Ukraine with 120,000 drones in biggest ever package
რუსეთმა ომის ოთხი წლის განმავლობაში, სანქციების გვერდის ავლისთვის, 130 მილიარდი დოლარი ხარჯა – დაზვერვა
Russia spends $130 billion to circumvent sanctions over four years of war – intelligence
Zelensky announces deals for PAC-2 missiles, IRIS-T launchers after Europe talks

ნესტან კუტივაძე: იდეალისტების გადამდები ხიბლი

15.04.2026 ნახვები: 645

თანამედროვე ქართული მწერლობა ისეთივე მრავალფეროვანი და მრავალშრიანია, როგორც დღევანდელობა. ბუნებრივია, სხვადასხვა თაობის ხელოვანები განსხვავებული ხელწერით ქმნიან ტექსტებს, მაგრამ ერთნაირად ინახავენ დროს, ამ დროების საწუხარსა და პრობლემებს, ასახავენ იმ ეპოქას, რომელშიც ცხოვრობენ. ყველა საუკუნის მხატვრული ლიტერატურისათვის დამახასიათებელი ეს უნივერსალური კანონზომიერება მოქმედებს გეგე დადიანის (გოჩა მირცხულავას) რომანშიც „საშიში იდეალისტები“ (გეგე დადიანი, „საშიში იდეალისტები, თბილისი, 2024).

„საშიში იდეალისტები“ მხატვრულად განასახოვნებს ფუტკრის სკასავით აფუთფუთებულ და აჯანყებულ დღევანდელ საქართველოს, წარსულის ტრამვებისათვის თვალი ჯერ კიდევ რომ სათანადოდ ვერ გაუსწორებია და თავისი თავიდან საბოლოოდ ვერ განუდევნია საბჭოთა კავშირი, არცთუ იშვიათად ტოტალიტარული სახელმწიფოს კლიშეებით განსჯის მოვლენებს და ვერ გრძნობს ამით კიდევ უფრო რომ უუცხოვდება სამყაროს, რომელიც ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. რა არის ამის მიზეზი – სტერეოტიპული აზროვნება?   გაბედულების უკმარისობა? თუ ერთიც და მეორეც? არამხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის ძიებაა წიგნი მიმზიდველ იდეალისტებზე.

ჩნდება განცდა, რომ ამ თემების მხატვრულ რეპრეზენტირებაში ზედმეტადაა შემოჭრილი პოლიტიკურ–პუბლიცისტური დისკურსი, მიუხედავად იმისა, რომ რომანში ასეთ ეპიზოდებს თავისი მკაფიო ფუნქცია აქვს დაკისრებული, მაგრამ თხზულების კარგად აწყობილი სიუჟეტური ხაზი, გმირების დრამატული და ემოციური თავგადასავლები ოსტატურად ანეიტრალებს  ამ ტიპის პასაჟებს, რომლებიც მთავარი გმირის საგამომცემლო საქმიანობითაც აიხსნება.

მწერალი ნათლად წარმოაჩენს, რომ ქვეყანა, სამშობლო და სახელმწიფო სხვადასხვა სიბრტყეა და აუცილებელია მათი ერთ მთლიანობად ქცევა. მთავარია, ჩვენ რა გვინდა, სამშობლო ქვეყანა იყოს, თუ სახელმწიფო. ავტორმა კარგად იცის, რომ ამ არჩევანისას ყველა ლუდოვიკო XIII–ს მსგავსს სიმტკიცეს ვერ გამოიჩენს და ვერ განაცხადებს, რომ  დედასა და სახელმწიფოს შორის გადაწყვეტილებას სახელმწიფოს სასარგებლოდ იღებს (გვ. 67), თუმცა იმაშიც დარწმუნებულია, რომ არა თუ ყველაზე გულანთებული პატრიოტის, არამედ ჩვეულებრივი, რიგითი ქართველის შინაგანი მოწოდება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება სახელმწიფოს სიმყარის გარანტად ყოფნა.

ლაკონური და თვალსაჩინოა გეგე დადიანის კონცეპტუალური მარკერები:  ქვეყანა უწესრიგობა და ქაოსია, სახელმწიფო – სამართლიანობა და კანონი, სამშობლო კი ტრადიცია, კულტურა, ისტორია, რომლებიც წარმოშობს და კვებავს ჰეროიკას. სამშობლო სულია, სახელმწიფო – სხეული. შესაბამისად, მტერი სამშობლოს ვერ ართმევს ადამიანს, სახელმწიფოს უსპობს. რომანის მთავარ გმირს მიაჩნია, რომ ახლა მისი სამშობლო  ქვეყნისა და სახელმწიფოს გზაგასაყარზეა.  ამ გზაზე ორდე ქორდავა ლუდოვიკოს მსგავსად სახელმწიფოს ირჩევს, რადგან ზუსტად იცის, რომ ქართველისათვის ასე დამახასიათებელი სილაღისა და თავისუფლების კოდები უნდა გახდეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის მთავარი გასაღები, რომელიც  ძლიერთა ამა ქვეყნისათა ნებას კი არ მოერგება, არამედ სახელმწიფოს, სადაც სამართალი და სამართლიანობა ერთი მთლიანობაა.  ამისათვის ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდად, ცვლილების ნების, ძალის მქონე პერსონად  უნდა აღიქვამდეს საკუთარ თავს.

თავისთავად ეს საკმაოდ მწყობრად და  მიმზიდველად ჩამოყალიბებული კონცეფცია როგორ უნდა იქცეს მოქმედებად ავტორი მთავარი გმირების ორდესა და მემეს მეშვეობით აჩენებს, რითაც მხატვრულად განსახოვნდება რომანის იდეა.

ორდესა და მემეს სისასტიკითა თუ დრამატიზმით სავსე ცხოვრება აქვთ გავლილი. მათი შეხვედრაც შემთხვევით, საკმაოდ ტრივიალური მიზეზით ხდება, თუმცა იმთავითვე იზიდავენ ერთმანეთს მკვეთრად ინდივიდუალური ხასიათის მქონე პიროვნებები, რომლებიც ტექსტის ფინალში დიდ გამრჯვებას აღწევენ სწორედ იმიტომ, რომ ზედმიწევნით აცნობიერებენ  საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ეს უკანასკნელი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ავტორისათვის ისიც მეტყველებს, რომ მას წიგნი მოქალაქის მანიფესტადაც წარმოუდგება, იმ მოქალაქის, რომელიც მუდმივად იბრძვის უკეთესი სახელმწიფოსთვის (გვ. 4).

როდის ხდება ცოცხალი არსება ადამიანი და მოქალაქე? ამ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კითხვებზე ნათელია გეგე დადიანის პასუხიც: როდესაც არ ნებდება, ეცემა, მაგრამ მაინც დგება, არ ხდება გარემოს ფერი მიმიკრია, იბრძვის, რომ ხვალ უკეთესად იგრძნოს თავი არა მხოლოდ მან, არამედ მისთვის ძვირფასმა ადამიანებმაც.

უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც თავის დროზე ქართულ მწერლობაში საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო ანა მხეიძის მოთხრობა „არჩევანი მე“, რომელშიც მხატვრულად განსახოვნდებოდა ნარკოდამოკიდებული ადამიანი და რომლის დასაწყისს ჰგავს კიდეც „საშიში იდეალისტების“ დასაწყისი, ეს წიგნიც არაერთ ტაბუდადებულ თემას თამამად უსწორებს თვალს.

ორდე ქორდავა, ტექსტის მიხედვით, წარმატებული გამომცემელია. მას ხშირად იწვევენ ლექციების წასაკითხად, ახალგაზრდებთან შესახვედრად.  მისი წერილებიც აშუქებს უმწვავეს თემებს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე, ფანატიზმსა და რწმენაზე, ეკლესიიდან გაძევებულ, ფორმალურ მხარეს შეწირულ შინაარსსა და ტოტალიტარიზმში აღზრდილი ადამიანების/სასულიერო პირების აზროვნების სიმძიმეზე. ეს და სხვა მსგავსი საკითხები რომანში წარმოჩნდება რეგრესის მთელ ჯაჭვად, ყალბი შეხედულებები, ფარისევლობა და უპასუხუსმგებლობა რომ იწვევს. 

ორდესა და მემეს ურთიერთობის დასაწყისშივე ისმის ფრაზა, რომელიც ტექსტის ბოლოს რომანის ერთ–ერთ მთავარ კონცეპტად გარდაისახება. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მემეს კითხვაც: „მართლა ასე ფიქრობ, თუ ეს მხოლოდ პუბლიკაციისთვისაა“ (გვ. 29). დღევანდელ არაგულწრფელობით დაღდასმულ საქართველოში საკმაოდ ბუნებრივად ჩანს ეს კითხვა. ბუნებრივად ისმის პასუხიც – „მართლა არ მეშინია“ (გვ. 29), – მით უფრო, რომ ორდე არა მხოლოდ ზოგადსაქვეყნო საკითხებზე მოფიქრალი მოაზროვნეა, არამედ საკუთარ თავთანაც მუდმივად მოკამათე, საკუთარი თავის მაძიებელი თვითკრიტიკული ადამიანია, რომელიც არ ცხოვრობს „წუთისოფლის თეატრის მაყურებლისთვის“. ამიტომ ის ხშირად უსმენს თავისივე ორეულს, შინაგან ხმას. სწორედ ამგვარი დიალოგი აძლევს სულიერ სიმტკიცეს, არწმუნებს თავისი გადაწყვეტილებების მართებულობაში და ამ გზით მიდის საკუთარ თავთან ჰარმონიამდე. ამ გზით ერთდება მასში ორი ორდე – გონებისმიერი, განმსჯელი და ემოციური, გრძნობებით სავსე რომანტიკოსი. 

გეგე დადიანი ორდეს მოგონებების სახით  მკითხველს მოუთხრობს ცნობილი გამომცემლის ბავშვობის ტრამვემზე, მამისაგან მიტოვებული შვილის განცდებსა და ცნობიერებაში მოკლულ მამაზე, დედასთან ურთიერთობის შუქ–ჩრდილებზე, სკოლის მოგონებებზე, მომჩივან მეზობელსა და მის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩენილ ვაჟა მასწავლებელზე, მის სატრფიალო გრძნობებსა თუ საკუთარი შვილების დედის სიყვარულის ერთგულებაზე. სწორედ სხვა ადამიანების წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის რწმენა აღადგენდა მას ფენიქსივით და არც ერთ ურთიერთობაში დანებების საშუალებას არ აძლევდა. მრავლისმთქმელია ორდეს/ მწერლის სიტყვები, რომ „ჩვენ“ პასუხისმგებლობის გადანაწილების მცდელობაა და, როდესაც კარგი ხდება, მაშინ ყველა მეა (გვ. 117). საგულისხმოა, რომ ეს რომანი თითოეულის პასუხისმგებლობაზეა. პიროვნებების ერთობლიობაა საბოლოოდ ამ წიგნშიც გამარჯვების შემოქმედიც და გარანტიც.

უმძიმესია რომანის მეორე გმირის, მემეს, ისტორია, რომელიც არამხოლოდ ქრონოლოგიური თვალსაზრისით მოიცავს საბჭოთა კავშირს, არამედ აჩვენებს საბჭოთა კავშირში არსებულ კლიშეებსა და სტერეოტიპებს, კიდევ უფრო აუტანელს რომ ხდიდა ბიჭის ისედაც  დრამატიზმით აღსავსე ოჯახურ ყოფას. მემე გარბის საკუთარი სახლიდან, მაგრამ გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება მოძალადე მამის აჩრდილისაგან ცნობიერად გათავისუფლებას, ვიდრე მასთან წარმატებული, აღიარებული იუველირი და ფინანსურად გაძლიერებული არ დაბრუნდება, თვალს არ გაუსწორებს „ადამიანის სხეულში ჩაბუდებულ მონსტრად“(გვ. 127) ქცეულ მამას და არ აიძულებს ბოდიში მოუხადოს ქალს, რომელიც მისი  მსხვერპლი იყო და რომელმაც ვერასდროს გაბედა წასულიყო მისგან.

რომანი ღიად, ქვეტექსტების გარეშე, რეფლექსირებს უაღრესად მძიმე თემებზე, გაშიშვლებული სახით აჩვენებს ოჯახის საფარველ ქვეშ არსებულ შემზარავ დანაშაულებს (ინცესტი, პედოფილია), ადამინობადაკარგულ მამას, თავად კიდევ უფრო ველური მამის ძალადობის მსხვერპლი რომ იყო. ტრაგიკულია გმირისათვის იმის გაცნობიერებაც, რომ ბავშვობიდან სხივად გამოყოლილი ბებიის სითბო და ერთგვარი ემპათია უახლოესი ადამიანების ტანჯვის მიმართ სხვა არაფერია, თუ არა მორჩილებისა და მოთმინების მოთხოვნა, გაჩუმება საკუთარი თავის მსხვერპლად ნებაყოფლობით ქცევა სირცხვილის კულტურის ვერ გარღვევის გამო. ამიტომ ვერც მოძალადე მამას ექნება გამართლება, რადგან საკუთარი ცხოვრების შეცვლის ნაცვლად, იგივე გაიმეორა. შესაბამისად სასტიკია შვილის მიერ გამოტანილი განაჩენიც. მამის საფლავიც კი მისთვის მიუღებელი და უარყოფილია.

„საშიშ იდეალისტებში“ პიროვნების ავტონიმიურობის აღიარება  საზოგადოების განვითარების, წინსვლის  ქვაკუთხედია, რაც, უპირველეს ყოვლისა, თვითგამორკვევასა და ნებისმიერი სახის შიშის დამარცხებაზე, პიროვნული და მოქალაქეობრივი თავისუფლების მოპოვებაზე დგას.  ტექსტში გმირები შეახსენებენ ადამიანებს, რომ სამყაროს გვირგვინი თავად არიან, რომ ღმერთი სიყვარული, თავისუფლება და სამართლიანობაა, რომ სამუდამოდ უნდა დამარცხდეს ჰომოსოვიეტიკუსი, თავისუფალმა მოქალაქემ უნდა გაიმარჯვოს ისე, რომ არავინ დამარცხდეს.

საგულისხმოა, რომ ორდე მეგრულად ნიშნავს „ვიყო“. თავად ავტორი რომანის დასაწყისშივე ხსნის სახელის მნიშვნელობას, როგორც სიცოცხლეს და მუდმივად ყოფნას (გვ. 28), რაც კარგად ერწყმის წიგნის იდეას – მოქალაქედ ყოფნას, იდეალისტად ყოფნას.

მრავლისმთქმელია მეორე გმირის საკუთარი სახელიც – მემე. მემე კულტურული რეპლიკატორია, რომელსაც ინფორმაციის მარტივად მიწოდებისა და საზოგადოებაზე ზემოქმედების უნარი გააჩნია.  წიგნის კონცეპტუალური ფრაზები: „ნუ გეშინია“, „არ მეშინია“, ფაქტობრივად, მემეებია, რომლებიც ზედმიწევნით ლაკონურად აყალიბებენ იდეალისტების გადამდები მოქმედების  არსს. ამ გადამდები, გამაერთიანებელი ენერგიისა და ხიბლის გამო ხდებიან იდეალისტები საშიშები ყველა ქვეყანასა და ყველა ეპოქაში.

საგულისხმო დეტალია ორდეს გვარიც. ის ქორდავაა ასე გავრცელებული ქარდავას ნაცვლად, რაც მიზანმიმართული ცვლილებაა. ქორდა, როგორც მათემატიკური ტერმინი,  სწორი ხაზია, რომელიც მრუდი ზედაპირის ორ წერტილს აერთებს.   

მწერალი სწორედ მემესა და ორდეს მეშვეობით აერთიანებს სახელმწიფოსა და თავისუფლებას (ორდე თავისუფლების სასახლეს ქმნის, მემე კი სახელმწიფოს უდგება სათავეში). ისინი ალუზიურად ელიასა და ენოქის – ბოლო ჟამის წინასწარმეტყველთა ფუნქციასაც ითავსებენ და ამ ანალოგიას თავად ავტორი გვთავაზობს. ცნობილია, რომ ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, სწორედ მათ  უნდა ამხილონ ანტიქრისტე მეორედ მოსვლის ჟამს. წიგნიც არაერთ მამხილებელ პასაჟს შეიცავს.  

გეგე დადიანის „საშიში იდეალისტების“ სახით მკითხველის წინაშეა პოსტმოდერნისტული ესთეტიკით დატვირთული რომანი, რომლის ფილოსოფიურ–ფსიქოლოგიური შრეები ზედმიწევნით აჩვენებს ჩვენი თანამედროვეობის სულისკვეთებას, გადმოსცემს ადამიანში პიროვნებისა და მოქალაქის დაბადების ტკივილს,  ასახავს თაობათა კონფლიქტს, ამსხვრევს ჯერ კიდევ მყარად გამჯდარ კლიშეებს, რომ  მკითხველმა/საზოგადოებამ დაიწყოს არამხოლოდ ფიქრი და განსჯა, არამედ ცხოვრების წესის შეცვლაც. სხვა რაა მხატვრული ლიტერატურის ფუნქცია, თუ არა ადამიანების დაფიქრება და ამ გზით მათი სულიერი კათარზისი.

 

ავტორი - ნესტან კუტივაძე

ფილოლოგიის დოქტორი,

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა