"Within days, if not sooner": Pentagon on when Ukraine to receive the first batches of armaments
Washington encourages Berlin to send long-range missiles to Kyiv - media
China must stop siding with Russia if it seeks rapprochement with West - Stoltenberg
War update: 114 combat clashes along Ukrainian frontlines
U.S. readying new $6B security aid package for Ukraine - media
რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია
აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ჭკუას ამ ქალაქში რა უნდა, კონტრაბანდია - ივანიშვილის მარცხისა და გამარჯვებისთვის

07.13.2022 | 12:35 ნახვები: 1181

აი, ახლა, სრულიად ქართული პოლიტიკური კლასი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოთრევას ცდილობს. ცდილობენ ისინი, ვინც იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დასაწესებლად და ცდილობენ ისინიც, ვინც იბრძვის ივანიშვილის დასაცავად.

ერთს ეს სჭირდება საკუთარი მიზნების მისაღწევად, მეორეს არსებული სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად.

წლებია ვაკვირდები ივანიშვილის პერსონას ვაანალიზებ რეაქციებს. ადრეც მითქვამს - არ არის ივანიშვილი „ხიხო“, როგორც მას ქართული ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები აფასებენ და არც პოლიტიკის პელეა - როგორც ამის წარმოჩენა სურთ მის მომხრეებსა და მხარდამჭერებს. ის საკმაოდ რთული ფენომენია (!) რისი გააზრებაც ამ დრომდე არ უნდა ქართულ საზოგადოებას.

პირველი მოსაზრების გასაბათილებლად ისიც კმარა, რომ ამდენი ხანია „ხიხოს“ ვერ აჯობეს და აქ ფული არაფერ შუაშია. მეორე მოსაზრებას კი სრულად აბათილებს პრემიერ მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილი თუ განცხადება.

---

ჩვენ „გვყავს“ ერთი პერსონა, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს უმტკიცებდა - სახელმწიფო იგივეა რაც ბიზნესკორპორაცია.  წარმატებას ყოველთვის ახლავს ხიბლი და „ყურთა შენთა საამური“ აზრების გაზიარება და დაჯერება.  2012 წლიდან დღემდე, თუ ვინმემ უმტრო ივანიშვილს, სწორედ ის და მსგავსი „პერსონა“ გახლავთ.

ვინმეს უფიქრია რეალურად რა მიზნით და რა მისიით მოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში? „რუსული პროექტი“ - იდიოტობაა. მასეც რომ ყოფილიყო - რუსეთის სურვილზე ვსაუბრობ, მას ყოველთვის შეეძლო შემოთავაზების თავიდან არიდება. მე ვკითხულობ, თავად რატომ გაუჩნდა სურვილი გამხდარიყო სახელმწიფოს ფაქტობრივი მმართველი - ამაზე უფიქრია ვინმეს და გაუანალიზებია? არა! შესაძლოა, უფიქრიათ კიდეც, მაგრამ საჯარო სივრცეში ამაზე კვალიფიციური მსჯელობა არც კი გამართულა.

რიგი მიზეზების გამო შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთ ვიცნობ, ეს იმის მიუხედავად, რომ არასოდეს შევხვედრილვარ მას. შემიძლია გითხრათ, რომ მისი მიზნებისა და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მისი გარემოცვის თითქოს ყველაზე ახლო წევრებმა... ახლა და ამ წერილში არ ვაპირებ ამაზე ვრცლად საუბარს, მაგრამ დაბეჯითებით ვიტყვი - თუ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკური ცხოვრების მიმართ სრულიად დაკარგავს ინტერესს - რაც ამ ეტაპზე არც ოპოზიციას აწყობს და არც ხელისუფლებას - გონიერი ადამიანისთვის შედეგი გასაგებია.

ამ შედეგის ანატომიას შესაძლოა, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ იაზრებს, მაგრამ შედეგის განცდა აქვთ. შესაბამისად, ხელისუფლება ცდილობს იბრძოლოს რათა შეინარჩუნოს ადგილი ივანიშვილის მზის - ჩრდილის ქვეშ, ხოლო ოპოზიცია ცდილობს სწორედ ივანიშვილზე გავლით შექმნას თავისი ახალი დღის წესრიგი, რის შემდეგაც საბოლოოდ მოიცლის მისთვის. აქ არ ვგულისხმობ - მოკლავს, გაანადგურებს... მაგრამ ვგულისხმობ - გაძარცვავს კანონის სახელით....

ივანიშვილის სურვილი - ფაქტობრივი მმართველი  - იყო მისი ოცნება, ქართული კი არა „მისი“ და თუ ის ამ „ოცნებაზე“ უარს იტყვის - ო, ჰო....

-----

და მაინც, პრემიერის წერილს ორი ადრესატი ჰყავდა - პირველი და უმთავრესი ბიძინა ივანიშვილი და მეორე დიპლომატიური კორპუსი (აქვე შესაძლოა მოვიაზროთ საერთაშორისო სტრუქტურები).

ამ გააზრების შემდეგ ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება:

  1. სრულიად დასტურდება მოსაზრება, რომ ივანიშვილი ბოლო რამდენიმე (ადრე დავწერე, სავარაუდოდ 2-3 თვე) თვეა არ ურთიერთობს (!) პრემიერთან. შესაბამისად, ხელისუფლება გაურკვევლობაშია, რადგან არ იციან, როგორ აფასებს ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გარჯა-საქმიანობას. ცხადია, რომ პრემიერის მეუღლის კონტაქტმა ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან ინფორმირებულობის თვალსაზრისით თავად ღარიბაშვილს  ბევრი ვერაფერი შესძინა;
  2.  წერილის-განცხადების სტრუქტურა, სტილი და ფორმა ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი ან გასაგებად რომ ვთქვა - პრემიერს (თანამდებობას ვგულისხმობ)  ბევრად უკეთესად მოეთხოვება აზრის თუ „გულის ნადების“ გადმოცემა;
  3. უმტკიცო ივანიშვილს ის, რაც მან წერილის ავტორზე უკეთ იცის - არაფრის მომცემია. მე მის ადგილზე მინიმუმ გამეღიმებოდა და მაქსიმუმ კელი დეგნანივით - არც კი წავიკითხავდი ბოლომდე. არის მესამე ვარიანტი - თუ გაბრაზებული  ვარ (ივანიშვილი უნდა იყოს გაბრაზებული პირველ რიგში მის მიერ დაფუძნებული პარტიის ლიდერშიპზე და სახელმწიფოს მმართველ ელიტაზე) კიდევ უფრო გავბრაზდებოდი:
  4.  ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება იმის მტკიცება - „მკერდით გადაგეფარებით“, ივანიშვილს სჭირდებოდა - მისთვის მოეშორებინათ პოლიტიკა, მაგრამ ეს უკვე მისი და არა ღარიბაშვილის ან „ოცნების“ პრობლემაა. არის ვითარება, როდესაც შენ განერიდები პოლიტიკას, მაგრამ პოლიტიკა არ და ვერ დაგანებებს თავს;

 ----

არ ვაპირებ იმაზე საუბარს რა იყო და არის ივანიშვილის საკადრო პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი, ან მისი მოტივაცია ათასობით ადამიანს წლების განმავლობაში უხადოს ათასობით ლარი ჰონორარი.  ნურავინ მიაბამს ამას მის „ჩანაფიქრს“, რომ სჭირდებოდა განწყობები ეყიდა წინასწარ.

2011-2012 წლებში - როდესაც ხელისუფლებასთან ომში იყო ჩართული, სანდრა რულოვსის რადიოს დაფინანსებას აგრძელებდა - სანდრას კეთილგანწყობისთვის? არა! პოზისთვის - არა! ჰო, ამ მიზეზის გააზრებაც ბევრ რამეს მისცემდა მის ოპონენტებს და მომხრეებს. მაგრამ ჩვენ ხომ ჭკუის, სიბრძნეებისა და ფიქრის გარეშე, იმპულსებით ვცხოვრობთ და ეს იმპულსები - ფიქრისგან გაქცევაა. „ღირს ივანიშვილი ამდენი დროის დაკარგვად?“ - ამას გეტყვიან ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების მოპოვება/შენარჩუნების აზარტში არიან და აპოკალიფსური განწყობების თესვით, სრულ ისტერიაში ამყოფებენ სახელმწიფოს მოქალაქეებს.

აქვე, ერთი ძალიან მარტივი კითხვა: თუ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რუსული პროექტია - რას ვაღიარებთ მაშინ? ვინც ამას ამბობს, რას აღიარებს? რას, იმის გარდა, რომ წლების განმავლობაში ჰარმონიულად თანამშრომლობდა რუსეთთან კულუარებში და ახლა _ ათი წელია ყველა ბრძოლა წააგო კრემლთან? „რუსული პროექტია“ არის არსის გააზრებისგან გაქცევა.

----

ბატონ ივანიშვილს საკუთარი საქმიანობის, ასე ვთქვათ - საკუთარი ოცნების რეალიზების გზაზე ერთი რამ გამორჩა მხედველობიდან - ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში და ნაპოლეონით აღფრთოვანებული პარიზი, იტალიის კამპანიის შემდგომ. იცით რა თქვა ბონაპარტმა? „ეს ბრბო ასეთივე ემოციებით შემხვდებოდა, ახლა ეშაფოტზე რომ მივყავდეთ“... როდესაც ღმერთს და იმპერატორის არ ინდობენ - ვის სამართლიანად, ვის  უსამართლოდ - კაცს აუცილებლად გმართებს დაფიქრება საკუთარი „ოცნების“ ფინალზე.

უფრო მეტიც - საქართველოს და ქართველის ბუნება უნდა იცოდე, როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ - აქ ნამდვილად არაფერი იცვლება - ე, ჰე თუნდაც დავითის ეპოქიდან რომ შევხედოთ - რაც მეტი ძალაუფლება გაქვს, მით უფრო მეტად გეჯიბრება ქართველი. გეჯიბრება თითიდან გამოწოვილი არგუმენტითაც კი. მთავარია „შენ“ გეჯიბრება - ძალაუფლების ცენტრს. რაც უფრო მეტი ხანი ხარ მედგრად ამ ჯიბრში, მით უფრო სასტიკი და დაუნდობელი ხდება „ის“ ქართველი შენს მიმართ.

თუ თანამედროვე ეპოქის შესაძლებლობებს გავიაზრებთ, ქართული პოლიტიკურ ველზე არსებული დაძაბულობა - სახელმწიფოს მუდმივი წინარევოლუციურ ვითარებაში ყოფნის მდგომარეობა  გახლავთ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მიზანიც. აბა, ქართველ პოლიტიკოსებს შორის შეთანხმება რომ მოხდეს სტრატეგიულ, ეგზისტენციალურ და ნაციონალურ საკითხებზე, - მაშინ რუსეთსაც დავამარცხებდით. მაგრამ, თუნდაც, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჩვენ არც ერთხელ არ გვქონია ეს ფუფუნება, არასოდეს გვეყო ჭკუა ასე მოქმედებისთვის.   

 ---

2018 წელს (!) როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა გამოვაქვეყნე პუბლიკაცია "ბიძინა ივანიშვილის ბოლო შანსი _ მეორე ასი დღე" სადაც ვწერდი ივანიშვილის დაბრუნების მიზეზებზე, ფულზეც - „ფული უნდა გადაარჩინოს, რომ სხვა ყველაფერს მიხედოს“.

იქვე აღვნიშნე, რომ მას ჯერაც ჰქონდა ჰქონდა შანსი და ეს „ჯერაც“ გახლდათ სულ რაღაც 100 დღე, რამე შეეცვალა. „იმას რა ეშველება, რომ გარეთ 2018 წელია? ან იმას, რომ პოლიტიკაში დროს სხვა დატვირთვა აქვს? და უმთავრესს _ ივანიშვილის საათი ახლა 22-ე საუკუნეშიც რომ იყოს და დანარჩენი საქართველოსი _ 2018 წელს, მისთვის ახლა ცაიტნოტია. გნებავთ, ჭადრაკის საათი წარმოიდგინეთ, სადაც წამი წამზე ჩამოვარდება ალამი და გნებავთ, ქვიშის საათი, სადაც სულ მალე დაილევა ქვიშა. და მაინც, რამდენია ეს დრო? მხოლოდ 100 დღე! დანარჩენი ყოველი მომდევნო დღე, კვირა, თუ გნაბავთ, თვე, ტექნიკური შესვენებაა _ ტაიმ აუტი ფინალამდე. ამ ასი დღის შემდეგ ან ივანიშვილის ნებით, ან მის გარეშე ამ ქვეყანაში ბუენდიები აღარ იქნებიან და ეს ქვეყანაც არ იქნება მიყრუებული მაკონდო“.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ივანიშვილის გამარჯვების ხიბლში იყო, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი კი იმალებოდა (იმდენი სიხარული მე და ჩემს შვილებს, რამდენიც ძალით მყავს გამოყვანილი ჩირგვებიდან - უკაცრავად ამ პასაჟისთვის, მაგრამ უნდა მეთქვა, მით უფრო ახლა, როცა მავანთა ლომგულობას ვუყურებ გ.მ.), ანუ „ოცნების“ გამარჯვებიდან ასი დღის თავზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ( „მარტოობის ასი დღე _ ხალხს დაშორებული „ოცნება“) ვწერდი: „თუ კარგად მიმოვიხედავთ ირგვლივ და გონებასაც არ დავიჩლუნგებთ, მივხვდებით, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში მიყრუებულ სოფელ მაკონდოდ გადავიქცევით და საბოლოოდ, თითოეული ჩვენგანის გვარიც ბუენდია იქნება“. ხომ არ გავიწყდებათ - „ოცნების“ გამარჯვებიდან 100 დღეში დავწერე ეს.  და იქვე მივმართე ბატონ ივანიშვილს: „თქვენ, ბატონო პრემიერო (ბიძინა ივანიშვილი, _ ავტ) და თქვენი გუნდი ისეთი კატასტროფული სიჩქარით დაშორდით ხალხს, რომ თუ ასე გააგრძელებთ, 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩვენ გვეყოლება „ოცნება“ და დანარჩენი საქართველო სწორედ იმავე ანალოგიით, როგორც „ნაციონალები“ და დანარჩენი საქართველო იყო. საზოგადოებისგან დისტანცირებისთვის, მაინცდამაინც, „ცოცხი“, რეკეტი და ვინმეს თავისუფლების შელახვა ან შეზღუდვა არაა სავალდებულო“.

მე კი არა უამრავ ჩემზე გონიერსა და ჭკვიანს მოუსმინა ან ერთხელ ან მეორედ ვინმემ? არა! ჩვენ ხომ სხვების კრიტიკასა და რჩევას ვერ ვიტანთ, ვერ ვიტანთ „ჭკუის სწავლებას“, რადგან საკუთარი ისე გვამძიმებს არ ვიცით სად წავიღოთ....

---

ახლა რა, რაში სჭირდება ივანიშვილს ღარიბაშვილისგან იმის მტკიცება რაც წერილში/განცხადებაშია? არაფერში! ეს „ეპისტოლე“ ღარიბაშვილსა და „ოცნებას“ სჭირდება ივანიშვილისთვის იმის სამტკიცებლად, რომ იბრძვიან.... წერილის მეორე ადრესატს - დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო სტრუქტურებსაც არ სჭირდებათ ეს წერილი. ისინი სხვა მეთოდოლოგიით და წესებით ზომავენ ვითარებას.  ეს წერილი/განცხადება ამ ადრესატისთვის საპირისპირო ეფექტის მატარებელია. მათთან სხვა სახის მუშაობაა საჭირო... თუმცა სულაც არ ვარ ვალდებული ეს რეკომენდაცია გავცე.  

ამ ფონზე ივანიშვილის მიერ პირადი „ოცნებაზე“ უარის თქმა არ აწყობს არავის. პარადოქსია მაგრამ ასეა.

და ახლა ერთი კითხვა მაწუხებს: - ამ ღიად რომ ჩაერიოს ივანიშვილი პროცესებში რა ხდება?

რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ამის კონსტატაცია - ქართულ პოლიტიკას „ვაი ჭკუისაგან“ სჭირს.... თუმცა, აკოფ დარდიმანდიანცის არ იყოს: „ჭკუას ამ ქალაქში რა უნდა, კონტრაბანდია“!

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა