„ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება
ადვოკატი - უჩა აბაშიძეს ამოღებული იარაღი კანონიერად აქვს დარეგისტრირებული, დანარჩენი არის გასართობი თოფი
ზურაბ ჯაფარიძე - მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით! ჰაერში ვისროლე და დავემუქრე
დიმიტრი ჩიქოვანი - ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას
იაგო ხვიჩია - ახლა რომ შეამოწმონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მგონი, ძალიან ჩამოქვეითებული ექნებათ IQ, რადგან ვისაც ჭკუა ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ ნელ-ნელა ეცლება
პრეზიდენტი - ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა
ლევან ხაბეიშვილი - კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, მივმართავ მათ - ნუ გაყიდით საქართველოს!
USA, Europe jointly work to use frozen Russian assets for Ukraine’s benefit – Department of State

თეატრი მორიგი განახლების პირისპირ, ანუ ჰიბრიდული თეატრის ეპოქა იწყება?

09.14.2020 | 20:50 ნახვები: 543

ლაშა ჩხარტიშვილი

პანდემია, რომელიც თავს დაატყდა დედამიწას, მოუმზადებელი აღმოჩნდა სამყარო. რა შედეგებს მოიტანს ახალი კორონა ვირუსი კაცობრიობის მომავალზე ჯერ არ ვიცით, მაგრამ გავლენა რომ მოახდინა ცხოვრების ყველა სფეროზე, ეს ფაქტია. პანდემია დამანგრეველი აღმოჩნდა განვითარებული ქვეყნებისა და მყარად კონსტრუირებული, დაცვითი ფუნქციის მქონე დარგებისთვისაც. დიდი ზიანი მიადგა სამყაროს, რომელიც ჯერ დათვლილი არ არის, მაგრამ ყველაზე დიდი მტერი შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის მაინც COVID 19 აღმოჩნდა, ვინაიდან შემოქმედებითი ინდუსტრია სოციალიზაციაზე დაფუძნებული, ხოლო უხილავმა მტერმა, ვირუსის სახით, დესოციალიზაცია გვაიძულა.
სათეატრო ხელოვნება, რომელიც 26 საუკუნის განმავლობაში მუდმივი გადარჩენისთვის იბრძვის, კვლავ სასიცოცხლო გამოწვევის პირისპირ აღმოჩნდა. ნებისმიერი ბრძოლა კი მსხვერპლს მოითხოვს, თეატრსაც ახალ რეალობაში ექნება დანაკარგი, მაგრამ ის აუცილებლად იპოვნის გამოსავალს, როგორც მისი განვითარების ისტორიის განმავლობაში პოულობდა.
ახალ მოცემულობასთან გასამკლავებლად არც მსოფლიო თეატრი აღმოჩნდა მზად. თეატრების ფუნქციონირების მოულოდნელი შეწყვეტა თავზარდამცემი აღმოჩნდა სათეატრო ინდუსტრიისთვის. პირველად, 59 წლის განმავლობაში, მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს ცარიელი და ჩაბნელებული დარბაზებით შეხვდა. გაურკვეველი ვადით გადაიდო მსოფლიოს მეგა თეატრალური ფესტივალები, თეატრებმა შეწყვიტეს წარმოდგენები, სარეპეტიციო პროცესი. პანდემიის პერიოდში, პირველ ეტაპზე, თეატრების რეფლექსური რეაქცია სპექტაკლების ინტერნეტის საშუალებით ონლაინ ტრანსლირება იყო. ერთი მხრივ, უახლესი მსოფლიო სათეატრო საგანძური მთელი სამყაროსთვის ხელმისაწვდომი გახდა, საგრძნობლად გაფართოვდა მაყურებლის არეალი, მეორე მხრივ, ყველაზე ცოცხალმა ხელოვნებამ გადაინაცვლა ვირტუალურ სივრცეში და დაკარგა მისი მთავარი ხიბლი - ცოცხალი კომუნიკაცია.
ქართული თეატრიც არ ჩამორჩა მსოფლიო პროცესს და თეატრების უმრავლესობამ საჯარო გახადა ვიდეო არქივი, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. ბევრმა გარკვეული თეატრების, რეჟისორების, მსახიობების შესახებ პირველად ონლაინ პრემიერების შემდეგ გაიგო, თუმცა ამ პროცესმა აშკარა გახადა მრავალი პრობლემა, არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ სარეპერტუარო პოლიტიკისა და თეატრების ტექნიკურ-მატერიალური რესურსის სიმწირის, მისი ვერ ათვისების. გადაღებული სპექტაკლების ჩანაწერების უმრავლესობა იყო დაბალი მხატვრული ხარისხის, რომელმაც კი არ დააინტერესა მაყურებელი, არამედ პირიქით, არასახარბიელო შთაბეჭდილება შეუქმნა იმათ, ვინც არასდროს ყოფილა თეატრში. პანდემიის პერიოდში თეატრი, როგორც ხელოვნება (ოღონდ მეორადი სახით), თავად მივიდა თვითიზოლაციაში მყოფ მაყურებელთან და ეს გაცნობის პროცესი სულაც არ აღმოჩნდა მიმზიდველი.
თვითიზოლაციაში ქართულმა თეატრმა რამდენიმე აქტივობა ჩაითვალა მის ანგარიშზე. პირველი ინიციატივებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკა ფაიქრიძე იყო, რომელმაც სახლიდან, Facebook ლაივის საშუალებით წარმოადგინა მონოსპექტაკლი თამაზ ბაძაღუას მონოპიესის „ღამე და თუთიყუში" (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) მიხედვით, რომელმაც 6000 მდე ნახვა დააგროვა. თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტებმა ქეთევან სამხარაძემ და დავით თარბამ ახალი პლატფორმა „პიესების ონლაინ კითხვა" შექმნეს და დებიუტანტი დრამატურგების ანა სანაიას და გურამ მაცხონაშვილის პიესების დისტანცირებული თეატრალიზებული კითხვა მოაწყვეს. ამავე პერიოდში დმანისის თეატრმა წამოიწყო პროექტი „თეატრი კომიქსში", რომელიც სარეპერტუარო სპექტაკლების ონლაინ სივრცეში აქამდე თეატრისთვის უცნობი ტექნოლოგიების ათვისება-გამოყენებით გადატანას ითვალისწინებდა. კარანტინის პირობებში ტელეკომპანია „იმედმა" ჩაწერა და პირდაპირ ეთერში გადასცა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის რობერტ სტურუას ამ დროისთვის უკანასკნელი სპექტაკლი სამოელ ბეკეტის „თამაშის დასასრული". შედეგად მივიღეთ პროდუქტი, რომელიც არ არის ცოცხალ კომუნიკაციაზე დამყარებული მხატვრული შემოქმედების ნიმუში, ის არც კინოა და არც მულტიპლიკაციურ-მულტიმედიური პროდუქტი, არამედ ძირითად შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ ვირტუალურ რეალობაში გადატანილი თეატრი, ტექნიკური პროგრესის მიერ შემოთავაზებული საშუალებების ათვისებით, იგივე ჰიბრიდული თეატრი. პანდემიის გამოისობით თეატრის წინაშე მდგარ გამოწვევებზე პასუხი ამ ეტაპზე ქართულმა თეატრმა (საქართველოში 2019 წლის მონაცემებით 49 მოქმედი სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო პროფესიული თეატრია) ასე პასიურად გასცა. შოკირებული და ახალი მოცემულობით დაბნეული ქართული თეატრი ჯერ ისევ ფიქრობს, აანალიზებს, ეძებს ახალ რეალობასთან ადაპტირების გზებს, აპროტესტებს, უჭირს დამდგარი მოცემულობის ბოლომდე გაცნობიერება - გათავისება და მოცემულობით განპირობებული ბარიერების გადალახვა...
პანდემიამ ევროპული თეატრი, როგორც მძლავრი კულტურულ-ეკონომიკურ-ტურისტული ინდუსტრია გააჩერა, მაგრამ წინასწარ შემუშავებულმა თავდაცვის მექანიზმმა ის განადგურებისგან იხსნა. ქართული თეატრი კი თავდაცვის ინსტრუმენტებს არ ფლობს და ამიტომაც პანდემიამ მას ორმაგი დარტყმა მიაყენა. ზედაპირზე ამოტივტივდა ქართული თეატრის წინაშე მდგარი მწავე და აქტუალური პრობლემები და ახლა თვითიზოლაციის პირობებში შემოქმედებით წრეებს და სფეროს წარმომადგენლებს მიეცა საშუალება დაფიქრების, მსჯელობის, დისკუსიის, რისთვისაც აქამდე თითქოს არ ეცალა. აღმოჩნდა, რომ პანდემიამდეც თეატრის წინაშე მრავალი პრობლემა იდგა, რომლის გადაჭრაზე ფიქრი კულუარებს არ გასცდენია. სწორედ ახლა, დაიწყო ხმამაღლა და საჯარო საუბარი რეფორმების აუცილებლობაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება სათეატრო პოლიტიკის და შემოქმედებითი პროცესის გაჯანსაღებაზე, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე.
პანდემიის პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციამ „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები" (დამფუძნებლები: ნინო წითლანაძე, ელენე მეჩითოვა, ლევან გელიაშვილი, ზვიად ელიზიანი) ჩაატარა მეტად მნიშვნელოვანი კვლევა, რომელმაც დათვალა შემოქმედებით ინდუსტრიებში პანდემიით გამოწვეული ზარალი. კვლევის თანახმად, ხელოვანთა 44,7% დარჩა შემოსავლის გარეშე, ხოლო 38, 8 % -ს შემოსავალი სხვა საქმიანობით არ აქვს. ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი არტისტები, ე.წ. ფრილანსერები, რომლებიც შემოქმედებით საქმიანობას ვერ ანხორციელებენ, რადგან სახელმწიფო თეატრების მუშაობაზე არიან დამოკიდებულები. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა რეკომენდაცია სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის, რომელიც სრულიად ახალ მოცემულობას სთავაზობს კულტურას და მათ შორის, თეატრს. შემუშავებული რეკომენდაციები შესრულებადია, მაგრამ ის დამატებით ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ვინაიდან თეატრს რეკომენდაციების დაცვით ახალი რეპერტუარის შექმნა მოუწევთ ან არსებული რეპერტუარის ახალ რეკომენდაციებზე მორგება.
სათეატრო ხელოვნებაში მორიგი გადატვირთვისა და განახლების დრო მოულოდნელად დადგა. ჩიხში შესული თეატრი, დარწმუნებული ვარ, ახლაც მოახერხებს გამოსავლის პოვნას და საზოგადოებას მეტამორფოზაგანცდილი დაუბრუნდება, მაგრამ ის იქნება ახალი, სხვა თაობის ჰიბრიდული თეატრი, რომელიც იმედი მაქვს, ყველაზე ღირებულის - ცოცხალი კომუნიკაციის შენარჩუნებას შეძლებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა