ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი თამაზ გოლოევია - რადიო თავისუფლება
ზვიად რატიანის ღია წერილი იუსტიციის მინისტრს და გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას
War update: 194 frontline clashes over past day, heavy fighting in Pokrovsk and Huliaipole sectors
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Russia expands AI disinformation into cognitive warfare
Baltic states say Europe cannot return to pre-war relations with Russia — Bloomberg
Budanov opposes legalizing weapons for civilians
Ukraine launches new level of air defense — Fedorov

ზვიად რატიანის ღია წერილი იუსტიციის მინისტრს და გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას

24.04.2026 ნახვები: 413

პოეტი ზვიად რატიანი, მისთვს სასჯელის მკაცრი რეჟიმის პირობებში მოხდის გადაწყვეტილების გამო, ღია წერილით იუსტიციის მინისტრს და გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას მიმართავს.

წერილს პენცენტრი აქვეყნებს და მას უცვლელად გთავაზობთ.

"მართალია, პირდაპირ არავის მივმართავ, მაგრამ ამ წერილს რამდენიმე ირიბი ადრესატი ჰყავს. პირველ რიგში, ამხანაგი პაატა სალია, იუსტიციის მორიგე მინისტრი. ასევე, პენიტენციალური დეპარტამენტისა და გლდანის VIII საპატიმროს ხელმძღვანელი მუშაკები.

6 აპრილს პენიტენციურმა დეპარტამენტმა წერილობით შემატყობინა, რომ მე, როგორც "საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა.

ჯერ ავხსნი განსხვავებებს აღკვეთის ამ ორ მოდელს შორის და მერე ვიკითხოთ, რა უნდა ყოფილიყო ცვლილების მიზეზი, რა ხილვა, რა გამოცხადება ეწვიათ ასეთი, რომ მანამდე შეუმჩნეველი რისკები განჭვრიტეს და დაგვიანებით, მაგრამ აღკვეთეს.

პირველი და ჩემთვის უმნიშვნელო განსხვავება ისაა, რომ ნახევრად ღია წესი პატიმარს უტოვებს შესაძლებლობას, სასჯელი კოლონიურ ღია სივრცეში მოიხადოს, დახურული წესი კი მხოლოდ ოთხ კედელს ითვალისწინებს.

მეორე და ჩემთვის მტკივნეული განსხვავება ისაა, რომ დახურული წესით მინიმუმადე მცირდება თვიური ხანმოკლე და წლიური ხანგრძლივი პაემანების რიცხვი.

საქმეც ისაა, რომ მე ისედაც, დაპატიმრების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, დახურული წესით ვიხდი სასჯელს. მეტიც, ექვსი თვეა სრულდება, რაც საერთოდაც სამარტოო საკანში ვიმყოფები. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ჩემივე სურვილი იყო. არც არასდროს გამომითქვამს ღია სივრცეში გადასვლის და სხვა პატიმრებში გარევის სურვილი.

ღია კარის მტვრევა გამიგია, მაგრამ დახურულის დახურვა რა ფენომენია, აღარ ვიცი. როგორც ჩანს დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი.

მაგრამ "საშიშროების მომეტებული რისკი რაღა იყო, ეგაა საკითხავი.

თანასაკნელები ისედაც არ მყავს, ციხის იმ თანამშრომლებთან, ვისთანაც მიწევდა და მიწევს ურთიერთობა, არათუ კონფლიქტი, მცირედი გაუგებრობაც არასდროს მქონია. არც მოუციათ საბაბი.

თავიდან ისიც კი დავუშვი,  მექანიკური სამოხელეო შეცდომის წყალობით აღმოვჩენილიყავი "საშიშროების მომეტებული რისკის“ მსჯავრდებულთა ნუსხაში და ამ დაშვებას ლოგიკური ახსნაც თავადვე გამოვუძებნე. ვიფიქრე, ციხე პირთამდე გადაიტვირთა, ისღა დარჩენიათ, პატიმრების ნაწილს აღკვეთის რეჟიმი დაუმძიმონ და ასე შეამცირონ პაემნების საერთო რაოდენობა მეთქი.

გულუბრყვილობა იყო, ვაღიარებ, ასეთი დაშვება, რომელ მექანიკურ შეცდომაზეა ლაპარაკი, როცა დეპარტამენტის უწყებას ასეთი მინაწერი აგვირგვინებს: “საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო სხდომის ოქმი“…

რა უნდა ვთქვა? ვგიჟდები გუნდურ მუშაობაზე საიდუმლო ვითარებაში!

ყოველთვის ვერიდებოდი ჩემი პატიმრული პრობლემების საჯაროდ გამომზეურებას და ამჯერადაც ვეცადე, მიზეზი ციხეშივე მომეკითხა. სოცმუშაკის პირით შევუთვალე ადმინისტრაციას, იქნებ აეხსნათ, რა ნიშნით არ აკმაყოფილებდა ჩემი ყოფაქცევა მათ მაღალ სტანდარტებს. იმავე სოცმუშაკის პირით შემომითვალეს, ასეთი უადგილო შეკითხვით პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისთვის მიმემართა, ანუ კედლისთვის ცერცვი შემეყარა.

მაინც პოეზიასთან წილნაყარი კაცი ვარ და ჩავთვალე რომ დახურულ რეჟიმს ღია წერილი მოუხდებოდა.

ამხანაგი სალია იმიტომაც ავირჩიე ირიბ ადრესატად, რომ ყველაზე მეტად სწორედ მისნაირებს ვერჩი, ისეთებს, ვისზეც მსმენია, ოდესღაც ადამიანები იყვნენო. სამაგიეროდ, დღეს არის თევზივით, არასდროს არაფერი იცის. არ იცის, რა ხელი ჰქონდა რუსთავი2-ის მიჭირხვნის საქმესთან. არ იცის, როგორ მოხვდა წულუკიანის მოღალატურ კომისიაში, არ იცის, რის სანაცვლოდ დაარქვეს მინისტრი.

გამოიჭერს ხოლმე რომელიმე რეპორტიორი:

– ბატონო პაატა, მართალია რომ ოდესღაც ადამიანი იყავით?

– არ ვიცი, ასე როგორ გიპასუხოთ, ხომ უნდა მოკითხო…

ამ წერილს, დიდი ალბათობით, დეპარტამენტის პასუხი მოჰყვება, მორიგი ბინძური ცილისწამება, რაშიც უბადლოდ არიან დახელოვნებული. გულწრფელად მაინტერესებს, ამჯერად რით გამაშავებენ, რით დაასაბუთებენ ჩემგან მომდინარე „საშიშროების მომეტებულ რისკებს“.  საკნის სათვალთვალო კამერის არქივში ქექვა არაფერს მისცემთ; ეს ის შემთხვევაა, როცა გაცილებით ღრმა შემოქმედებითი გარღვევა მოეთხოვებათ. მე მჯერა მათი!

ერთს კი ვურჩევდი. ყოველთვის, როცა მორიგი ცილისწამების შესათხზავად მოკალათდებიან, ისიც ახსოვდეთ, რომ დაგინება მათივე პრეზიდენტის საყვარელი გატაცებაა, თორემ მე და ჩემნაირებს ასეთები არც გვაქვს ჩვევაში.

თუმცა, მალე მოვა დროს, როცა ყველას ყველაფრისთვის მოეკითხება და აღარც არცოდნა ჩაეთვლებათ სალიებს არცოდვად.

არც მე დავიზარებ, მოვყვე ჩემი წილი სიმართლე ბოროტებაზე, რომელთა შემსწრეც არასრული ერთი წლის მანძილზე გავხდი და ვატყობ, ჯერ სად ვარ!

თუმცა, მანამდე, ამხანაგო მინისტრო, რისკები დაიდოს!" - ნათქვამია წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა