„ქართული ოცნების“ მომხრეებმა რომ პოსტები წერონ და ოპოზიცია ლანძღონ, ციხე მათ არ ემუქრებათ?!
"სულ ვამბობდი და ყოველთვის ვიტყვი, უნდა ვისაუბროთ არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობაზეც! სად არის ის გადამზადებული ათასობით ადამიანი, რაშიც ამდენი გრანტი იხარჯებოდა?! არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა უნდა აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა, რადგან მათ საშინლად იმუშავეს! სად და რაში განიავდა გრანტები?!"
სახლში თბილად წამოგორებულები რომ წუწუნებენ, აუ რას გვიშვრება ეს მთავრობა, ცოტა ცინიზმი ხომ არ არის ამაში?! რადგან ხალხის გასაკეთებელს, არავინ გააკეთებს.
პროფესორ-მასწავლებელთა უმრავლესობა მთელი ამ ხნის განმავლობაში, თანაუგრძნობდა ხელისუფლებას და მხარს უჭერდა მათივე კოლეგებისთვის თუ სტუდენტებისთვის თავ-პირის მტვრევას და ციხეში გამოკეტვას.
თანამედროვე ავტოკრატია მოითხოვს საკუთარი თანამოქალაქეების მორჩილებას კანონის ჩარჩოებში. ავტომატი რომ არ იყოს საჭირო, ქუჩაში პირდაპირ ცეცხლი რომ არ გახსნან, ამიტომ კანონებით უნდა შეძლონ ადამიანების დამორჩილება და მე ვხედავ იმას, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის ამ მორჩილებისთვის.
ტრამპს კი არ ექადნებიან, არამედ რუსეთს უძვრებიან. ვერც შათირიშვილი, ვერც „უცნობი და ვერც ნაცნობი, რუს იდეოლოგებს ამ საკითხში ვერ ჩაანაცვლებენ. ამისთვის არც ინტელექტუალური შესაძლებლობები ჰყოფნით, არც მარიფათი და გაქანება!
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, შევაფასოთ ბოლო პერიოდის პროცესები. თქვენთვისაც ცნობილია, რომ „ოცნების“ პარლამენტი ახალი კანონების მისაღებად ემზადება. რას იტყვით ე. წ. გრანტების კანონზე? რა უნდა „ოცნებას“ ბოლოს და ბოლოს?!
- „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისთვის რუსეთის ხელისუფლებასაც კი გადაასწრო. უფრო მეტად კრეატიული აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძე გვეუბნება, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოტკასტი, კი ბატონო, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ პოტკასტს წერ და შინაარსი პოლიტიკურიაო, მაშინ არ უნდა მიიღო უცხოური დაფინანსებაო.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის საკითხი, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ადამიანი ვერ ახერხებს იმას, რომ მინიმალურად დააფინანსოს საკუთარი ცხოვრება, ვგულისხმობ საყოფაცხოვრებო დონეზე, საჭმელი, კომუნალური გადასახადები და პირველადი ხარჯები და ამისთვის, გარედან შვილისგან, მეუღლისგან ან ახლო ნათესავისგან იღებს გარკვეული სახის მინიმალურ თანხებს, იმისათვის, რომ გადარჩეს! ამავდროულად, მას აქვს მოქალაქეობრივი პოზიცია, აი ეს დახმარება შეიძლება ჩათვალონ პოლიტიკურ ქმედებად და 6 წლით ციხეში გაუშვან! ასეთ დროს რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ?! ამ შემთხვევაში, მე „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ პრეტენზია ვერ მექნება.
- აბა ვის მიმართ გაქვთ პრეტენზია?
- ნებისმიერი ხელისუფლება იტაცებს იმდენ ძალაუფლებას, რის უფლებასაც მას აძლევს ხალხი! შესაბამისად, ახლა წუწუნი იმასთან დაკავშირებით, რომ ვაიმე დედა რას გვიშვრებიან, ეს მე მგონი, მენტალური ანომალიის მანიშნებელია, რადგან „ქართული ოცნება“ ამ ზომამდე სწორედ ქართველმა ხალხმა მიიყვანა! ხელისუფლება მოქმედებს მე და ჩემი ნაბადი-ს პრინციპით. სახლში თბილად წამოგორებულები რომ წუწუნებენ, აუ რას გვიშვრება ეს მთავრობა, ცოტა ცინიზმი ხომ არ არის ამაში?! რადგან ხალხის გასაკეთებელს, არავინ გააკეთებს. უფრო თუ ჩავუღრმავდებით ამ კანონს, დავინახავთ, რომ ეს ყველაფერი, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც ეხებათ. თუნდაც იმიტომ, რომ დაფინანსებებს ისინიც იღებენ. „ოცნების“ მხარდამჭერების საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა ამ კანონით დაზიანდება! ერთი რამ მინდა კიდევ დავამატო, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე როცა ვსაუბრობთ, სულ ვამბობდი და ყოველთვის ვიტყვი, უნდა ვისაუბროთ არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობაზეც! სად არის ის გადამზადებული ათასობით ადამიანი, რაშიც ამდენი გრანტი იხარჯებოდა?! არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა უნდა აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა, რადგან მათ საშინლად იმუშავეს! სად და რაში განიავდა ამხელა რაოდენობის გრანტი?!
- „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც შეეხება ეს კანონიო, ბრძანეთ და კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- „ქართული ოცნების“ მომხრეებმა რომ პოსტები წერონ და ოპოზიცია ლანძღონ, რა ოპოზიცია პოლიტიკის ნაწილი არ არის?! იმათ არ ემუქრებათ ციხე?! ამაზე ფიქრობს ვინმე?! ოპოზიცია არის ხელისუფლების ნაწილი! შესაბამისად, ნებისმიერი სახის აქტივობა, თუნდაც „ქართული ოცნების“ მომხრეების, უნდა იყოს დასჯადი. ამას ვერ გამიჯნავს „ოცნება“! ვერავინ იტყვის, რომ ოპოზიცია პოლიტიკის ნაწილი არ არის! ოპოზიცია არის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი! ასე, რომ არც „ოცნების“ მომხრეებს ექნებათ ამის უფლება.
- ისინი ყველაფერს თავისი გადმოსახედიდან უყურებენ. თურმე მარტო „ოცნების“ კრიტიკა არ შეიძლება.
- არა ბატონო, ეგრე ვერ იმუშავებს ეს კანონი. ბევრი კანონი მიუღიათ ვიღაცეებს და მერე იმ კანონზე ჩამოუხჩიათ თავი! სხვისთვის რომ დაუწერიათ და მათთვის რომ ამოქმედებულა.
- ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთო, ბრძანებთ და აქვე არ შემიძლია არ გკითხოთ განათლების რეფორმაზე და ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებაზე. ამ ფონზე ვხედავთ პროფესორ-მასწავლებლების დამოკიდებულებას, ვნახეთ, რა წერილებს წერენ ბიძინა ივანიშვილის და როგორი მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი.
- მე ასე ვიტყვი, ქართული განათლების სისტემა რომ კრიზისში იმყოფება ბოლო წლების განმავლობაში, ამას ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას, დაახლოებით 66%-ს რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლია, ეს, რა თქმა უნდა, ქართული უმაღლესი სკოლის კრიზისზე მეტყველებს. მეორე მომენტიც ის არის, რომ საერთოდ ვის ვედავებით?! თსუ-ში და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც, პროცესები მთელი ამ ხნის განმავლობაში ისე მიდიოდა და რომ ეს ადამიანები იყვნენ კომფორმისტები. დააკვირდით, პროფესორ-მასწავლებელთა უმრავლესობა მთელი ამ ხნის განმავლობაში, თანაუგრძნობდა ხელისუფლებას და მხარს უჭერდა მათივე კოლეგებისთვის თუ სტუდენტებისთვის თავ-პირის მტვრევას და ციხეში გამოკეტვას.
მსოფლიოში გამორჩეული ინჟინრები და არქიტექტორები გამოზარდა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. აზრადაც არავის მოსვლია ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმა!
- არა და პაპუაშვილს რომ ჰკითხო, ჯავახიშვილის ოცნება იყო ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს საქმეო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
- პაპუაშვილთან დავას ნამდვილად არ ვაპირებ. ან რაზე უნდა ვედავო ადამიანს, რომლის ღირებულებებსაც საერთოდ არ ვიზიარებ. საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც პაპუაშვილი ლაპარაკობს. „ჯავახიშვილის ოცნება ჰქონდა და ვერ განახორციელა“, მოდით ასეთ სისულელეებზე კომენტარს ნუ გავაკეთებთ.
- ამდენი დრაკონული კანონის ფონზე, რას ცდილობს „ოცნება“? რა უნდა?
- უნდათ, რომ რუსეთს გადაასწრონ. ჩვენ ავტოკრატიის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბების პირობებში ვიმყოფებით. 21-ე საუკუნეში დიქტატურად ჩამოყალიბება რთულია. დიქტატურას სჭირდება ის, რომ ქუჩაში იდგნენ ჯარისკაცები ავტომატებით და ასე შემდეგ. ანუ ჯარიც უნდა მონაწილეობდეს ადამიანების დამორჩილების პროცესში. ჩვენთან ჯარი არ მონაწილეობს, მაგრამ პოლიციური ძალების როგორი ჩართულობაც იყო, ვნახეთ. თანამედროვე ავტოკრატია მოითხოვს საკუთარი თანამოქალაქეების მორჩილებას კანონის ჩარჩოებში. ავტომატი რომ არ იყოს საჭირო, ქუჩაში პირდაპირ ცეცხლი რომ არ გახსნან, ამიტომ კანონებით უნდა შეძლონ ადამიანების დამორჩილება და მე ვხედავ იმას, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის ამ მორჩილებისთვის. თუმცა კანონზომიერებები ცოტა სხვანაირად ვითარდება ხოლმე. არცერთი პროცესი არ არის მუდმივ მდგრადობაში. მე ზედმეტად ოპტიმისტი ვარ და შესაბამისად, ასე ვუყურებ ამ პროცესს, ძალიან მალე, ჩვენ ვნახავთ ამ ყველაფრის კრახს! ეს ავტოკრატია, რომელიც ჩვენთან ჩამოყალიბდა, დიდხანს ვერ გასტანს!
- გოჩა, გარე ფაქტორებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მთლად მშვიდად ვერ არიან. აგერ შათირიშვილის პირით გვამცნეს, ტრამპი მშვიდობის მტრედი გვეგონა და ომის გამღვივებელი აღმოჩნდაო.
- „ქართული ოცნება“ საკუთარი პროპაგანდისტული იდეოლოგიური ხაზით, ასეთ რამეს აკეთებს, მთლად არ გამოსდით ეს მათრახისა და თაფლა კვერის ამბავი. ზოგჯერ ამბობენ, რომ მზად არიან სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ყველაფერი, ხშირად კი ცდილობენ, ტრამპის წამობურთავებას. ეს მარტო მათი მომხრეებისთვის არ არის, ეს კეთდება იმისთვის, რომ რუსეთსაც აჩვენონ, როგორი „შეუვალები“ არიან. ეს ადგილი უკვე დუგინს აქვს დაკავებული და შათირიშვილი ვერ გადაასწრებს. ყოველთვის მეასე იქნება, თავისი ფილოსოფიურ ინტელექტუალური მდგენელით. ამით ტრამპს კი არ ექადნებიან, არამედ რუსეთს უძვრებიან. ვერც შათირიშვილი, ვერც „უცნობი და ვერც ნაცნობი, რუს იდეოლოგებს ამ საკითხში ვერ ჩაანაცვლებენ. ამისთვის არც ინტელექტუალური შესაძლებლობები ჰყოფნით, არც მარიფათი და გაქანება!
- შიგნით ჯერჯერობით ისეთი არაფერი ხდება, მორჩილებას უფრო ვხედავთ, ვიდრე წინააღმდეგობას. მოხდება რამე ისეთი, რაც აქ „ოცნებას“ სიტუაციას ამოუყირავებს?
- ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტი, რომელიც საბოლოოდ თავს იყრის. ნებისმიერ სიტუაციაში, მოსახლეობის მოწამვლასთან დაკავშირებული თემა არის ძალიან აქტუალური. დასავლეთში ამ თემასთან დაკავშირებით მიდის დეტალური მუშაობა და საკითხის შესწავლა. ასევე საკმაოდ სკანდალური საკითხი ამოტივტივდა, რუსული ნავთობის თემასთან დაკავშირებით. რომელიც ჯერ კიდევ არ ამუშავებული და არ გაშვებული სუფსის ტერმინალიდან გაიტანეს. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემებების თემა. ამ საკითხს დასავლეთში უკვე გამოეხმაურნენ, როგორც ჩანს, ამ საკითხის შესწავლაც იწყება. კიდევ უამრავი სხვა ფაქტია. მოკლედ, პროცესები ისე მიმდინარეობს, წინმსწრებად ნუ ვილაპარაკებთ…„ოცნების“ მმართველობასთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი მასალები გროვდება საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების თემა. რომელიც ასევე დამოკლეს მახვილივით დაეკიდება „ოცნების“ კისერზე. ეს ყველაფერი ერთ ქეისში მოიყრის თავს.
„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ დემოკრატია მდედრობითი სქესის არის და მის გასაუპატიურებლად რიგში დგანან! არ არის ეგრე! არ არის დემოკრატია მდედრობითი სქესის! მიუხედავად იმისა, ვინ მოინდომებს მის გაუპატიურებას, ამას საბოლოოდ ვერ შეძლებენ. დემოკრატიაზე უკეთესი კაცობრიობას არ მოუგონია და თანამედროვე ავტოკრატიის მშენებლობა, ამ შემთხვევაშიც დამარცხდება. ვერც ივანიშვილი, ვერც კობახიძე და ვერც პაპუაშვილი დემოკრატიას ვერ გააუპატიურებენ!