რომანი 2024 წელს გამოიცა. შესავალშივე თვითონ ავტორი გვიჩვენებს გზას, მიმართულებას - როგორ გავიგოთ წიგნის სათქმელი. სიტყვა იდეაცააო, გვეუბნება და სწორედ ეს არის ამ რომანის გასაღები. „საშიში იდეალისტები“ მხატვრული სიტყვით გადმოცემული განსჯაა საზოგადოებრივი მოვლენებისა და უკეთესის, სულაც იდელურის ძიების მცდელობა. წიგნი ეძღვნება ყველას და, რაც უმთავრესია, სახელმწიფოს. ბუნებრივია, რომ საუბარია საზოგადოების პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებზე. ავტორი არამხოლოდ რეალისტურად ასახავს ცხოვრებას, არამედ გაიაზრებს, აფასებს მას და საკუთარ შეხედულებებს, აზრებს, იდეებს პერსონაჟებს გამოათქმევინებს. მათ ფიქრებსა თუ საუბრებშია გამჟღავნებული ავტორის მოსაზრებები სახელმწიფოს მოწყობის პრინციპებზე, თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე. საკითხთა ეს წრე, ეს სპექტრი თანამედროვე მკითხველისთვის ნაცნობიცაა, მტკივნეულიც და, სამწუხაროდ, ბოლო 30-35 წლის მანძილზე აქტუალურიც. როგორც ჩანს, კიდევ რამდენიმე ხანს დარჩება ცოცხალ, ღია ჭრილობად. თხზულებაში საკმაოდ მწვავედაა შეფასებული ხელისუფლება - არა მაინცდამაინც ახლანდელი, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს სხვადასხვა დროისა. ასე ვთქვათ, საერთოდ, ხელისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მმართველთა სახე განზოგადებულია. იდელისტები საშიშნი არიან, მაგრამ ვისთვის? ხალხისთვის - არა, სახელმწიფოსთვის - არა, მამულისთვის - არა. ისინი საშიშნი გახლავან ისეთ ხელისუფალთათვის, როგორებსაც წიგნში ვეცნობით.
ამ ჭრილში გეგე დადიანის მონათხრობმა შეიძლება მკითხველს მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებიც გაახსენოს - დაწყებული ანტიკური ლიტერატურიდან (პლატონის „სახელმწიფო“), დამთავრებული მე-20 საუკუნისა და უფრო ახალი თხზულებებითაც (ორუელის „ცხოველების ფერმა“ იქნება თუ სხვა). ამ კონტექსტში კიდევ უფრო საყურადღებო ხდება რომანი. პოლიტიკური აქცენტების მიუხედავად, წიგნი, რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური ტრაქტატი. მხატვრული ნაწარმოებია, მიმზიდველად დაწერილი, მომხიბლავი, თუმცა არამძაფრი სიუჟეტით. სიუჟეტის შედარებით, ასე ვთქვათ, უბრალოება (თუ ნაკლები მნიშვნელობა) მწერლის შეგნებული არჩევანია და გაპირობებულია იმით, რომ უპირატესობა მიენიჭოს მსჯელობას, ფიქრს, რთულ პერიოდში გამოსავლის ძიების მცდელობას. ტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინტელექტუალურ მსჯელობებს. მთელი ამბავი და განსაკუთრებით დიალოგები ისეა აგებული, რომ მკითხველი შორიდან მსმენელი და მაყურებელი კი არ არის, არამედ საუბრის თანამონაწილე ხდება, შეუძლია, უშუალოდ ჩაერთოს კამათში, რომელიმე მხარე გაამართლოს ან გაამტყუნოს, თავისი არგუმენტებით გაამყაროს ესა თუ ის მოსაზრება.
რომანი, ვთქვათ ასე, დისტოპიურია, უტოპიის ელემენტებით. თვით დისტოპია რეალისტური ამბებით არის ნაჩვენები. ხოლო დასასრული რომანისა სასურველი, თუმც (არ ვიტყვი, მიუღწეველი-მეთქი) ძნელად მისაღწევი ყოფის ჩვენებაა (ამადაც ვახსენე უტოპია).
აქვე მინდა აღვნიშნო ირაკლი ნაკუდაიძის მშვენიერი, შინაარსის შესაფერისი ილუსტრაციები.
თხრობის დასაწყისშივე გამოჩნდება ქალაქის მთავარ ქუჩაზე მდგარი პირქუში შენობა, რომლის ადგილასაც ადრე თურმე ტაძარი იდგა. ყველა ქართველისთვის ნაცნობი ადგილია, ფაქტობრივად, შეუფარავად აღწერილი. გარემო კი მძიმე და დამთრგუნველი მარტო უსახო არქიტექტურის გამო არაა... ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ეს ადგილი არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მოწმეა. სხვათა შორის, მე-19 საუკუნისდროინდელი, როცა ახლანდელი პარლამენტის შენობა არ არსებობდა, ამქართა მშვიდობიანი გაფიცვა რომ სისხლში ჩაახშო რუსეთის ხელისუფლებამ, ისიც ახლანდელი თავისუფლების მოედანზე, მაშ, ფაქტობრივად, იმავე ადგილას მოხდა.
ქვეყნის ბედზე დაფიქრებული პერსონაჟი, რომელსაც ავტორი საკუთარ ნააზრევს გამოათქმევინებს, სახელმწიფოს ჩამორჩენის ერთ-ერთ მიზეზად ხელისუფალთა გაუნათლებლობას მიიჩნევს. ამონარიდი წიგნიდან: „პირველი პარლამენტის თავმჯდომარედ არისტოტელე გყავდეს, ახლა კი ისეთი კრეტინი, არისტოტელე რომ არ იცის, ვინ არის...“ და ამ უვიც, უმეცარ მმართველში მხოლოდ ერთი ადამიანი არ იგულისხმება. „ახლა“ აქ ფართო ცნებაა და თითქმის მთელ დამოუკიდებლობის წლებს მოიცავს - ზვიად გამსახურდიას შემდგომდროინდელ ხანას. არისტოტელეს არცოდნა კი მარტო პირდაპირი მნიშვნელობით არ არის ნათქვამი. ეს ნიშნავს იმ იდეალების ვერ თუ არ გაცნობიერებას, რომელთაც მისდევდა და ამკვიდრებდა პირველი პრეზიდენტი. ეს ნიშნავს შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად თავისუფლების იდეალების ვერ გააზრებას და მონობის „სიკეთის“ აღიარებას. სწორედ ასე უნდა გავიგოთ ის ამბავი, მომცრო და ლამაზ შენობაში რომ დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს, მერე იმ დიდი შენობიდან ის აქტი თავზე გადაახიეს ქვეყანას.
[აქ თითქოს ლოგიკური იქნებოდა თხრობაში განათლების ახლანდელი რეფორმისა და მასთან დაკავშირებული პერიპეტიების შემოტანა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ წიგნი 2024 წელს, რეფორმამდეა გამოცემული].
დროდადრო ახლო წარსული შემოდის თხრობაში. ავტორი ახერხებს და დროთა აღრევა მკითხველს არ აბნევს, ერთიანი ამბიდან არ გადადრეკს. 90-იანი წლების თბილისის ომის დროს წესიერი, კანონის დამცველი, ქალაქისა და საკუთარი თავის პატივისმცემელი მძღოლი ამბობს: „წესი დღისითაც წესია და ღამითაც, მშვიდობის დროსაც და ომის დროსაც...“ თითქოს წვრილმანია, მაგრამ სწორედ წვრილმანებით იწყება წესრიგი გარეთაც და სულშიც. ამიტომ შერცხვა მამას (ძველთაობელს), როცა დააკვირდა, და შენიშნა - შვილმა (ახალგაზრდამ) ურნა რომ ვერ ნახა, სიგარეტის ნამწვი ჯიბეში ჩაიდო. ასეთებმა გადაარჩინეს ქვეყანა. ვერა, ტერიტორია ვერ შეინარჩუნეს, არც სახელმწიფოს მართვის საუკეთესო სისტემა შეუქმნიათ, ვერც ეკონომიკასა ან განათლებაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებით დაიტრაბახებდნენ. არა, ასეთებმა შეინარჩუნეს ზნეობა და ქართული სულიერება, რომელიც, როგორც იტყვიან „ევროპული რადიუსით“ გამართეს.
ბევრ საჭირბოროტო - სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, რელიგიურ საკითხს ეხება მწერალი ორდესა და მემეს დიალოგით, თითოეულის მოგონებათა ასხმულით. საკითხთა ასეთი წრე ლირიკისთვის ადგილს თითქოს არ ტოვებს, თუმცა მთხრობელს არ გამორჩება ლამპიონის შუქის ფონზე თოვლის ფანტელების პირუეტები, მელანქოლიურია ბავშვობის, დედას, ბებიას გახსენება. ამ ეპიზოდებს სითბო, სინათლე, ინტიმი შემოაქვს თხრობაში.
ამბავი არც ფილოსოფიურ-რელიგიურ განაზრებებსაა მოკლებული. ვთქვათ, პერსონაჟები მსჯელობენ ღვთისა და ლუციფერის, რწმენისა და ფარისევლობის, წარუვალი, მარადიული ღირებულებებისა და მოჩვენებითი, რიოში კეთილდღეობის შესახებ. აღნიშნულია, რომ თავისუფლებას, სიყვარულსა და სამართლიანობას - ღვთის მთავარ გამოვლინებას, სამწუხაროდ, რელიგიურ გაერთიანებებში ხშირად ენაცვლება ძალაუფლებისკენ სწრაფვა და მორჩილებაზე, ძალადობაზე აგებული ურთიერთობები. საერო ხელისუფალთ კი, გარდა პატრიოტიზმისა, ეკლესიის სიყვარულსა და პატივისცემაზეც ექსკლუზივი აქვთ. რაც მთავარია, ყოველი დემაგოგიური ხელისუფლება მოქმედებს ხალხის სახელით. ის თემები, ის საკითხები, რომლებიც აწუხებდათ მოაზროვნეებს საბჭოთა ეპოქაში, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სადღეისო და საჭირბოროტოა ახლაც. ვთქვათ, როგორ „იცის“ მხოლოდ ხელისუფალმა, რა არის უკეთესი ხალხისთვის; როგორ კლავს, აწამებს, ანადგურებს „ხალხის სასიკეთოდ“ ადამიანებს; როგორ ანგრევს უკეთესი მომავლის სახელით უკვე აშენებულს; ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის სახელით წყვეტს სამყაროსთან და ღმერთთან დამაკავშირებელ ძაფებსა და სხვა. როგორც ჩანს, ეს დილემები არ ყოფილა მხოლოდ ერთი ეპოქისთვის, ერთი სახელმწიფოსთვის ან ერთი პოლიტიკური წყობისთვის დამახასიათებელი. უფრო ზოგადია და საერთოდ, ადამიანური ყოფის თანმდევი.
მთელი რომანი ცხადად თუ შეფარულად, დაწერილითა თუ სტრიქონებს შორის ნაგულისხმევით, თვითონ ავტორის შეგონებებითა თუ პერსონაჟების მიერ გამოთქმულით, აღწერით, წარსულის გახსენებით, მომავლის დახატვით, ნებისმიერ საკითხზე მსჯელობით, ერთიანობაში, თავისუფლების ხოტბაა, თავისუფლებისკენ მოწოდებაა, თავისუფლების ჰიმნია. თავისუფლება კი განსწავლულობასთან, განვითარებასთან, ქვეყნის მსახურებასთანაა გაიგივებული. ღმერთი რომ სიყვარული, თავისუფლება და სამართლიანობაა, რამდენჯერმე, ხაზგასმულად, დაჟინებით, რეფრენივით მეორდება რომანში. ეს ერთი, შეიძლება ითქვას, მთვარი სათქმელია ნაწარმოებისა.
ავტორის აზრით, ნამდვილი რწმენა ისაა, როცა არეულ, ფსევდოღირებულებებით გაჯერებულ, ძალადობრივ, აგრესიულ სამყაროში ადამიანს მაინც აქვს არჩევანის საშუალება. სწორედ შინაგანი, ღრმა, გულით განცდილი და არა ვინმეს ბრძანება-მითითებით მიღებული რწმენის ნიმუშია ორდეს მეზობლის, ორი შვილის დედის, დილაადრიან ქუჩის დასაგველად გამოსული ქალის ლოცვა: „ყველა კარგად იყოს, ყველას მიეცეს ჭკუა და გონიერება, ჯანმრთელობა, სიუხვე, სიმდიდრე, სიხარული და ვიყო ამქვეყნად ერთადერთი უპოვარი და შეწირული, შლეგი და ხეიბარი...“ ასე ილოცება სამყარო, ასე გვესაუბრება ღმერთი ადამიანის პირით.
ღმერთი ეცხადება გადამრჩენელად ვაჟა მასწავლებლის სახითაც მეხუთეკლასელ ბავშვს, რომელიც მილიციას ჰყავს დაკითხვაზე და წესრიგის დაცვის მიზნითა თუ საბაბით აიძულებენ, დააბეზღოს დედა და ბებია. სიუჟეტურად ამბავი საბჭოთა ეპოქაში ხდება, თუმცა მკითხველს თანამედროვე თუ ახლო წარსულის არაერთი ეპიზოდიც გაახსენდება უნებლიეთ.
რომანის პერსონაჟი საშიში იდეალისტები ცდილობენ, ჯემალ ქარჩხაძის პერსონაჟის, იგის, მსგავსად, თოვლზე თავიანთი კვალი დატოვონ. ავტორსაც საკუთარი კვალის დატოვება სურს, ჩვენთვის ცხოვრების სწორ სარკეში დანახვება სურს, ნათლისა და ბნელის, მტყუან-მართლის ჩვენება სურს, რათა მომავალი სავალი გზების კონტურები მეტ-ნაკლები სიცხადით წარმოვიდგინოთ, გულისხმავყოთ, გავისიგრძეგანოთ.
თხზულებაში მწვავედ დგას საკითხი, სამშობლო თუ სახელმწიფო? სწორადაა შენიშნული, რომ სახელმწიფო ინსტრუმენტია, რომელსაც სამშობლოს ხან კარგი და ხან ცუდი შვილები აყალიბებენ და სახელმწიფოც, ადამიანის მსგავსად, ტოვებს თავის კვალს. უაღრესად საყურადღებო დიალოგია, მნიშვნელოვანი. აქ მის შინაარსს სრულად აღარ გადმოვცემ. ამას ისედაც წაიკითხავს დაინტერესებული მკითხველი. მხოლოდ მინდა გავიხსენო სულ ახლახან გახმოვანებული ვითომ დილემა, რომელმაც ფართოდ მოიცვა მთელი მედია და მთელი საზოგადოება - ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ახალგაზრდები გულით მოქმედებენ და არა გონებითო. გრძნობები, ემოციები და გონება ისე დაუპირისპირდა ერთმანეთს, რომ არ დარჩა ადგილი და შესაძლებლობა დაშვებისა, რომ შესაძლებელია ორივე საწყისით ერთდროულად მოქმედება. თითქოს გრძნობა გონებას გამორიცხავდეს და გონებისთვის გრძნობა მიუღებელი ყოფილიყოს. გული, გრძნობა და გონება რომ ერთმანეთზედა ჰკიდია, ყველას დაავიწყდა ან შეგნებულად დაივიწყეს. ამ საკითხებზე ფიქრი, რა იყო კარგი და რა ცუდი წარსულში, თუნდაც გუშინ მომხდარ ამბებში, სწორედაც რომ დროულია. იმის ცოდნა, რა კარგი გაგვიკეთებია და რა ავი, როგორც დავით გურამიშვილი, როგორც ილია ჭავჭავაძე, როგორც სხვა მოძღვარნი გვასწავლიან, მომავალსაც სწორად დაგვანახებს და განგვასაზღვრინებს.
ავანტიურისტები სათავისოდ იყენებენ მეფე-მზის სიტყვებს: „სახელმწიფო ეს მე ვარ“, თავს უტოლებენ და ამეტებენ კიდეც მას. შეცდომა ადამიანურია, ყველას აქვს უფლება, შეცდეს რამეში, მით უმეტეს, დიდი საქმის კეთებისას (სახელმწიფოს მართვისას), ალბათ, სრული სამართლიანობა, დაურღვეველი წესრიგი, აბსოლუტურად უშეცდომო სვლები თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ სხვაა, როცა მართვის სათავეში მოქცეულნი მიზანმიმართულად მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას იწყობენ. მოწყობად და ბედნიერებად კი მატერიალური კეთილდღეობა მიაჩნიათ, ფულისა და ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნება, რისთვისაც აუცილებელია სხვათა შეგნებულად დამონება, დამცირება, მოტყუება და სხვა, ერთი სიტყვით, ბრბოდ, ნახირად მიჩნევა.
მაგრამ ტრაგიკული ისაა, რომ საზოგადოების ნაწილიც ასე ფიქრობს, ხელისუფლებამ უკეთ იცის, რაც გვჭირდებაო („მაგრამ ვინ იცის, იგი იქნება უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირვება“ - მეფეზეა ნათქვამი და არა ხალხის მიერ არჩეულ მეთაურზე). ნაწილი კი შიშს შეუპყრია და უხმოდ ითმენს და იტანს ნებისმიერ ქმედებას, როგორც „აბოს წამებაში“ არაბების შიშით დათრგუნვილი და გატვრენილი ქართველები იქცეოდნენ მანამ, სანამ შიშს დაძლევდნენ. შიშის დაძლევისკენ, სილაღის, სიცოცხლის, სამართლიანობის, თავისუფლების სახელით შიშზე გამარჯვებისკენ მოგვიწოდებს მწერალი. მწერალი, შემოქმედია ღვთისგან იმისთვის მოვლენილი, რომ ხალხს სიმართლე დაანახოს, ცისკენ აახედოს, ღვთის სიტყვა უთხრას, გამოაფხიზლოს, სულიერების უპირატესობის ჩვენებით გაამხნევოს, სამოქალაქო ვალდებულებაც შეახსენოს და თავისუფლების აუცილებლობაც აგრძნობინოს. ილიას გზის გამგრძელებლად შეიგრძნობს თავს ავტორი და თუ სიყალბეში, ცრუ ბრწყინვალებასა და ელვარებაში ერთი ადამიანის გამოღვიძებას მაინც შეძლებს, ესეც მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნია.
რომანში რამდენიმე ჩართული მცირე ნოველა თუ მინიატურაა. ორდეს ოჯახის თავგადასავალი კი, არსებითად, ხერხემალია მთელი თხრობისა. მიმზიდველ და დახვეწილ კომპოზიციაში ავტორი ყოველთვის უბრუნდება და გამოკვეთს მთავარ თემას - სახელმწიფოს მართვის, სახელმწიფოს უკეთ მოწყობის, სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვისთვის ფიქრსა და ზრუნვას. რამდენიმე ფორმულაც გვხვდება. მაგალითად: „ხელისუფლება საქმეებით უნდა ფასდებოდეს და არა საკუთარი კასტისთვის შექმნილი პრივილეგიებით“, ან: „ყველაზე საშიში ლიდერები სწორედ ისინი არიან, რომელთა მორალი მხოლოდ ფულზე, ქონებაზე, პირადი კეთილდღეობისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაზე გადის“, ან: „უნდა შევძლოთ და საკუთარ თავს მივცეთ შანსი, რომ შევცვალოთ ცხოვრება და სახელმწიფო უკეთესობისკენ, რაც შესაძლებელს გახდის, ადამიანები ერთმანეთს მგლებივით კი არა, ადამიანებივით ექცეოდნენ“. ციტატებით არ გადაგღლით. მიუხედავად იმისა, რომ თხზულებაში ხშირად ვხვდებით პერსონაჟთა მიერ პირდაპირ გამოთქმულ შეხედულებებს, არაორაზროვნად, მხატვრული საფარველის გარეშე ნათქვამს, ეს, ცხადია, მაინც არ არის პუბლიცისტიკა. პუბლიცისტურ ელფერს სრულიად არიდებულია რომანში ჩასმული რომანი - ორდეს ოჯახის თავგადასავალი - ცოლი, შვილები, მეგობრები, მეგობრის შვილები და შვილების მეგობრები, თანამშრომლები და სხვა - გამოკვეთილი ხასიათებია, თხრობა მიმზიდველი, სიუჟეტი - დამუხტული.
გვხვდება ჩვენი ლიტერატურისთვის უცხო, თუმცა დღევანდელი მსოფლიოსთვის აქტუალური პასაჟიც. განსხვავებული ორიენტაციის ყმაწვილი, ქართველი მშობლების დამოკიდებულება მასთან და უცხოელი ოჯახის რადიკალურად სხვა შეგნება და შესაბამისად, თბილი და კეთილი ურთიერთობა. მე მთლიანად ვიზიარებ ავტორის შეხედულებას, მაგრამ, ვფიქრობ, ყველა ასაკისა და სქესის მკითხველისთვის ერთნაირად მისაღები არ იქნება ის ტოლერანტული დამოკიდებულება, რომელიც რომანში წარმოჩენილია, როგორც მისაბაძი, ჩვეულებრივი, ცივილური, ადამიანური...
ნაწარმოების ორი მთავარი პერსონაჟი - ორდე და მემე - ფაქტობრივად, ერთი იდეის მატარებელნი არიან. კაცმა რომ თქვას, ერთი ადამიანია, ერთი ხასიათია ორ ინდივიდში განაწილებული. ავტორი ახერხებს ამ გამოცდილი და აპრობირებული ლიტერატურული მოდელის ლამაზად, თავისებურად, საკუთარი სათქმელის შესატყვისად გამოყენებას.
ზემოთ ლირიკული პასაჟებიც ვახსენე და ასეთთა რიგს უთუოდ მიეკუთვნება სიყვარულზე მსჯელობაც და თვით სიყვარულის ჩვენებაც. ადამიანის მორალური განვითარება, ზნეობრივი სიმაღლე ერთ-ერთ დიალოგში იმითაც ფასდება, თუ რამხელა თავისუფლებას, არჩევანის უფლებას აძლევს ცოლ-ქმარი ერთმანეთს, რასაც, ვფიქრობ, მკითხველი უყოყმანოდ იზიარებს და ეთანხმება (მორალურად განვითარებული მკითხველი). ჯოყოლა და აღაზა ნახსენები არ ჰყავს მწერალს, თუმცა მსჯელობს ვაჟას პირველსა და მეორე ცოლზე, მათ დამოკიდებულებაზე შემოქმედი მეუღლის მიმართ. ხოლო ვაჟას სახება უთუოდ იწვევს მისი გმირების და, უპირველესად, ჯოყოლას გახსენებას, მე რა გამგე ვარ მაგისაო, რომ ეუბნება ცოლს. არც ცოლი და ქმარია ერთმანეთის მონა და, მით უმეტეს, შვილები არ არიან (არ უნდა იყონ) მშობლების მონები, - ეს დასკვნა სრულიადაც არ ნიშნავს უსიყვარულობის ქადაგებას. სწორედ პირიქით. გამგებმა უნდა უნდა გაიგოს, ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს ერთმანეთთან თუ გულწრფელი ურთიერთობები აკავშირებთ, მოთხოვნა, იძულება, დამორჩილება საჭირო არ არის, ურთიერთგაგება და სიყვარული არეგულირებს ყველაფერს. ოღონდ ისიც უნდა ვთქვათ (შევავსოთ მწერლის ნააზრევი), რომ ამ გრძნობებს ჩამოყალიბება, აღზრდა, განვითარება სჭირდება. უფლებები აუცილებლად გულისხმობს ვალდებულებებსაც.
დემოგოგიური ხელისუფლება ყოველთვის იპოვის საბაბს, თვით სიყვარულში, რწმენაშიც, თავდადებაშიც ნაკლი, უღირსობა, დანაშაული დაინახოს. საკუთარი უმოქმედობა მშვიდობად გაასაღოს, თმის ფერისა თუ ჩაცმულობის წინააღმდეგ ბრძოლა კრიმინალთან ბრძოლად...
სახელმწიფოს ძიებაში, თავისუფლების ძიებაში თავისუფლების სასახლეში თავისუფლების სადარაჯოს შექმნის იდეით მთავრდება რომანი - მე მგონი, იდეალისტური, უტოპიური, განუხორციელებელი, მაგრამ მომხიბლავი, საჭირო და აუცილებელიც კი იდეით.
ტექსტი გვაფიქრებინებს, რომ თუმცა სახელმწიფოს მართვა რთულ ბალანსს გულისხმობს იდეალურსა და რეალურს შორის, მაგრამ უკეთესი მომავლისთვის, განვითარებისათვის, გავლილი თუ გასავლილი გზის სწორად დასანახავად სრულიად აუცილებელია იდეალიზმი და იდეალისტების არსებობა.
ასეთი წიგნები, ასეთი საფიქრალი ჰაერივით სჭირდება მკითხველს ახლაც და ყველა დროში, რათა თითოეულმა ადამიანმა გაიცნობიეროს საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მშენებლობაში. რათა ნიჰილისტებს საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგოს და განუმტკიცოს, განმტკიცებულთ კი უფრო მეტი ძალა შეჰმატოს მამულის კეთილდღეობაზე ზრუნვაში.
ნინო ვახანია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი