არსებობს შეთანხმება, რომ მომავალ კვირას საამიროებში შესაბამის დონეზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. თებერვალი საკმაოდ ინტენსიური საგარეო პოლიტიკური აქტივობის პერიოდი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინა ელის, რომ ამერიკული მხარე დეესკალაციის ზომებთან დაკავშირებით აქტიური იქნება.
„ველით, რომ ამერიკული მხარეც ისეთივე აქტიური იქნება, განსაკუთრებით დეესკალაციის ზომების - დარტყმების შემცირების - კუთხით. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას მიაღწევს აშშ, რათა ხალხი ენდოს როგორც პროცესს, ასევე შედეგებს”, - აცხადებს ზელენსკი.
უკრიანის პრეზიდენტი დნიპროში, რუსების მიერ ავტობუსზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასაც ეხმაურება, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი ემსხვერპლა და აცხადებს, რომ ბოროტება უნდა შეჩერდეს.
“დნიპროს რეგიონში მაღაროელების გადამყვან ჩვეულებრივ ავტობუსზე რუსული დრონით თავდასხმა აშკარა დანაშაულია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ბოროტება უნდა შეჩერდეს“, - წერს ზელენსკი.