უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაზაფხულისა და ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშები მოისმინა.
„ორი მნიშვნელოვანი სადაზვერვო ანგარიში - საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროს ივაშჩენკოსა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს ბუდანოვისგან - გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. რისთვის უნდა ვიყოთ მზად შესაძლო მტრული ქმედებების ყველა ფორმატში. აშკარაა, რომ კრემლში სიგიჟე კვლავ ძლიერია, ოკუპანტი შეეცდება გააძლიეროს თავდასხმა და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შტაბის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩასივ-იარისთვის ბრძოლებს, პოკროვსკის და კუპიანსკის მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უახლოეს კვირებში უკრაინის პრიორიტეტი პარტნიორებთან მუშაობისას საჰაერო თავდაცვა და ფრონტის ხაზზე სამხედროებისთვის იარაღის მიწოდების საკითხები იქნება.