„მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა თანხის გაფლანგვას“ - ადვოკატი
„მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება“ - გიული ალასანია „პიჯაკების საქმის“ სასამართლოზე
პოზიტიურია, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიეცა საშუალება, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს - კელი დეგნანი
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა“ - ადვოკატი
„დღევანდელი სასამართლო სააკაშვილისთვის პოლიტიკური ტრიბუნა იქნება“ - გურამ მაჭარაშვილი
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენმდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორედ აირჩიეს
სააკაშვილის ადვოკატები „პიჯაკების საქმის“ დღევანდელ სასამართლოზე
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია

"ძირს ხუდონჰესიდან" - "ძირს ნამახვანჰესამდე" ანუ დავაბრუნოთ ENKA

11.16.2021 | 12:20

"ხუდონი", როგორც "ვარლამიზმის", ანუ კლინიკური ჰესო-ფობიისა და თვითმავნებლური ეკომანიაკობის ისტორიული წყარო...

თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ, ან გვსურს რაიმე სახით ვამჟღავნებდეთ სახელმწიფოს ნიშან-თვისებებს, ყველამ, უკლებლივ ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ENKA" საქართველოში დაბრუნდეს. ამის აუცილებლობა უნდა გვიკარნახოს წლევანდელმა ევროპულმა ენერგოკრიზისმა, რომელსაც შესაძლოა, ევროპის ენერგოშატნაჟიც დავარქვათ. ყველა სხვა შემთხვევაში მოგვიწევს პასუხისმგებლობის აღება იმ უგუნურობისათვის, რომელსაც ეკონომიკის კონკრეტული სფეროს - ენერგეტიკას კი არა, დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს და მის უსაფრთხოებას მიადგა.

შორეულ 1988 წელს, როცა საქართველოში პირველი მიტინგები გაიმართა, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაცვასთან ერთად მთავარ თემად "ხუდონჰესი"იქცა.
იმ წლის ოქტომბერში და ნოემბერში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა ჯერ იპოდრომზე, შემდეგ ე.წ. "მთავრობის სახლთან" (ეს სახელწოდება დღემდე გაუგებრობაა), რათა საქართველოს დამოუკიდებლობა მოეთხოვა. თუმცა ამ სამართლიანი მოთხოვნის ლოგიკური კავშირი ლოზუნგთან "არ დავუშვათ ხუდონი, არ დავუშვათ ენგურის დაჭაობება"უკვე მაშინ იწვევდა, როგორც ამ ბოლო დროს იტყვიან "კითხვის ნიშნებს" დამოუკიდებლად აზროვნების უნარის მქონე ადამიანებში
მაგალითად პირადად შევესწარი, იპოდრომზე ერთ-ერთი "გრანდიოზული მიტინგის" დროს, ცხარე კამათს თვალებაპრიალებულ აქტივისტსა და ელემენტარულად გონიერ ადამიანს შორის:
- კი მაგრამ, დამოუკიდებლობა რომ გვინდა, ელექტროენერგია არ დაგვჭირდება?
- დაგვჭირდება და ვიყიდით!
- ვისგან იყიდით?
- ვისაც ექნება. მაგალითად რუსეთისგან ან აზერბაიჯანისგან
- და ეს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა იქნება?
- რა თქმა უნდა!
- ფასი?
- ფასს არა აქვს მნიშვნელობა, - დამოუკიდებელი საქართველო მდიდარი და აყვავებული სახელმწიფო იქნება.
- განა არ სჯობს საკუთარი ენერგეტიკა გქონდეს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ააშენო?
- ოღონდ არა ეკოლოგიური გენოციდის ფასად: მოსკოვი სპეციალურად აშენებს ამ ელექტროსადგურებს, რათა ქართველი ერის გენოციდი მოაწყოს. ენგურჰესიც ამ მიზნით ააშენა. საქართველოს მოსპობა უნდა და აქ მერე სხვების ჩამოსახლება. ენგურჰესიც და ხუდონჰესიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული და ამ დამოუკიდებლობის "ბორკილები" არიან. არაფერში არ გვჭირდება ჩვენ არც ეს ბორკილები და არც ასეთი ენერგეტიკა.

"უდროო კითხვების" ავტორმა ვეღარაფერი უპასუხა.
ვერც ოდესმე "უპასუხებ" ვერაფერს თვალებაპრიალებულ პასსიონარს, რომელმაც "ზეიდეა" აქცია საკუთარი იდენტობისა და სოციალური თვითდამკვიდრების ინსტრუმენტად. ზუსტად ისე, როგორც ვარლამმა - ასევე სახელდებული "პროექტის" ფარგლებში.
მით უმეტეს, როდესაც მისი მენტალური "კონსტიტუცია" გამორიცხავს ელემენტარულ განსჯას და რაციონალურ რეფლექსიას.
თავდაჯერებულად და უდრეკად იყო რაიმეს "წინააღმდეგ" გულისხმობდა ამპლუას, სტატუსს, უნიკალურ სოციალური "ნიშას", საზოგადოებრივი ფუნქციის მოპოვებას და შემდეგ ამ ფუნქციით სიამაყეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ინტელექტუალური პრიმიტივიზმი დანაშაული არ არის. იმ აზრით, რომ კანონით არ ისჯება. არ არსებობს ასეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში.
ხოლო ისტორიული თვალსაზრისით, როცა ეს "მარტივად აზროვნება" უზარმაზარი, მჩაგვრელი, დამპყრობელი ტოტალიტარული იმპერიის ნებისმიერი წამოწყებისადმი ეჭვიანობაში, თუნდაც უაზრო უარყოფაში მჟღავნდება, მისაღები თუ არა, გასაგები მაინცაა.
ოღონდ სულ სხვა საქმეა, როცა ამგვარი პრიმიტივიზმი და საქვეყნოდ მავნებლური (!) უაზრობა უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოში ხდება ისეთივე "ამპლუა", იმავე "სოციალური სტატუსის" მოპოვების ინსტრუმენტი სახელმწიფოებრივი თვითმავნებლობის ტექნოლოგიით.
ასეთ შემთხვევაში ეს ან ფსიქიკური პარანოიაა ან პირდაპირი და აშკარა შეკვეთა!
რა თქმა უნდა არ ვიცი, სად არიან ან რას აკეთებენ ახლა 1988 წლის ოქტომბერში, დიდ მიტინგზე გამართული იმ დისკუსიის მონაწილენი. თუმცა ეჭვი მაქვს, იმავე პოზიციებზე არიან, როგორც მაშინ.
33 წლის წინ ძალიან ძნელად შესამჩნევი იყო: ეს მენტალური პრობლემაა და არა იმდენად ინტელექტუალური! უფრო ზუსტად სოციო-ფსიქოლოგიური მანკია, რაც ქართული საზოგადოების ზოგიერთმა ისტორიულმა ავადმყოფობამ მხოლოდ გააძლიერა.
მაგალითად ამბიციამ და "უჩემოდ ვით იმღერეთა"-ს სინდრომმა.
რიგითი აქტივისტი კი არა, ე.წ. "ელიტარული ინტელიგენციაც", განსაკუთრებით მისი "შემოქმედებითი კოჰორტა", დიდწილად ასევე პრიმიტიულად აზროვნებდა მაშინ, თან საშინელი აგრესიით და ბრალდებებით ხვდებოდა ელემენტარულად ლოგიკურ კითხვებს საძულველი "ტექნოკრატების" მხრიდან.
ნეტარხსენებული "შემოქმედებითი ინტელიგენცია" მაშინვე იქცა ერთ დიდ "ეკო-ენჯეოდ" - უშველებელი ამბიციითა და პაწაწკინტელა ინტელექტუალური შესაძლებლობებით. მით უმეტეს ელემენტარული კომპეტენციით ამ საკითხში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გავიდა მთელი ეპოქა: 30 წელზე მეტი. გვაქვს დამოუკიდებელი საქართველო. მისი ტრაგიკული უახლესი ისტორიით, საშინელი მარცხით, ტერიტორიების (ჩავთვალოთ დროებითი) დაკარგვით და.....სრული ენერგეტიკული დამოკიდებულებით მეზობელ სახელმწიფოებზე: რუსეთსა და აზერბაიჯანზე.
„ცხინვალი" უდიდესი პრობლემაა რასაკვირველია. ოღონდ არა მხოლოდ......პრობლემა დავით გარეჯიცაა!
აფხაზეთი ამჟამად (დროებით) დაკარგულია. ვის აქვს უფლება აგვიკრძალოს ისტორიული მოდელირება? აბა აღვწეროთ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, 1993 წლისათვის ხუდონჰესი ჰქონოდა საქართველოს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველი კომუნისტები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ზოგჯერ აზროვნებდნენ კიდეც, ხუდონჰესის სამართავ პულტს, ენგურჰესისაგან განსხვავებით, ენგურის მარცხენა ნაპირზე აპროექტებდნენ. იოლი გასაგებია რატომაც: მაშინ უკვე იქუხა "პირველ ზარად" 1978-1979 წლების მოვლენებმა აფხაზეთში - ანქტიქართული და სეპარატისტული ლოზუნგებით.
1993 წლიდან კი ენგურჰესი მთლიანად სეპარატისტთა და მათი მოსკოველი "კურატირების" ხელშია, რაკი სამართავ პულტს, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ისინი აკონტროლებენ.
კაშხალი მნიშვნელოვანია რასაკვირველია. თუმცა ელექტროსადგური იმისია, ვინც "ღილაკს" აკონტროლებს.
ხუდონჰესის სიმძლავრე 700 მეგავატი უნდა ყოფილიყო. ენგურჰესიდან (დადგმული სიმძლავრე 1300 მვტ) ქართულ მხარეს, ცნობილი მიზეზების გამო, 200-300 მეგავატი თუ ერგება. სეპარატისტული რეჟიმი საკუთარ მოსახლეობას კილოვატ-საათში 1 თეთრს (68-70 რუბლს) ახდევინებს. უფრო ზუსტად, იმასაც არ ახდევინებს. ჩვენ რამდენს ვიხდით 1 კილოვატში? 22 თეთრს მინიმუმ და ეს ფასი ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ გაიზრდება.
იმ საშინელ, ბნელი "90-იანების" ეპოქაში, როცა გარდაბნის თბოელექტროსადგური და მისი "ლეგენდარული" მეცხრე ბლოკი საახალწლო ღამესაც კი ითიშებოდა, ენგურს გაღმა ელექტროენერგია სულ იყო.
"სულ" ნიშნავს უწყვეტად - ზამთარ, ზაფხულ, დღისით, ღამით......უფასოდ ათბობდნენ არა მხოლოდ ბინებს, არამედ სათბურებსაც კი.
დღეს ასევე უფასოდ ათბობენ "მაინინგ ფერმებს"....... საქართველო კი იძულებულია არა უბრალოდ ითმინოს ეს მარაზმი ქეციანი ყურშასავით, არამედ ნაწილობრივ "იქით უხადოს" გაზაფხულობით რუსეთიდან ნაყიდი ელექტროენერგიის საფასური სეპარატისტულ რეჟიმს.
იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ღილაკს, სოფელ საბერიოში, ერთს დააჭერენ და....... სხვათა შორის, ბევრჯერ "დაუჭერიათ" ასე, ოღონდ ჩვენი ხელისუფლებები, ამჟამინდელიც, წინაც, იმის წინაც და უფრო წინაც (ეს ცოტამ იცის და ბევრი ვერ ხვდება) თბილისში ელექტროენერგიის ბომბის აფეთქებასავით გათიშვებს "ქარიშხალს" და ელექტროგადამცემ ხაზებზე წყვეტას აბრალებდა.
სიმართლის თქმა ყველას რცხვენოდა და ახლაც რცხვენია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა შეიცვლებოდა ხუდონჰესით, რომლის მშენებლობა ეკომანიაკებმა და "აკრძალული ხილის" ხელმისაწვდომობის პერიოდიდან სოციალურ ასპარეზზე სტატუს/ამპლუას მაძებარმა პერსონებმა ჩაშალეს?
აბსოლუტურად ყველაფერი!
1990-იან წლებშიც და შემდეგაც, ხუდონჰესის 500-700 მეგავატი რომ ჰქონოდა ამ ქვეყანას, სულ სხვა პოზიციებიდან დაელაპარაკებოდა სეპარატისტებსაც და მოსკოვსაც. მინიმუმ, საქართველოში აღარ იქნებოდა ის შავ-ბნელი, ათწლიანი მარაზმი, რომელმაც ძალიან ბევრ გულწრფელ პატრიოტსაც კი გაუტეხა გული და დააეჭვა ქვეყნის უნარში, აეშენებინა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ანუ თვით დამოუკიდებლობის იდეაც კი დანაშაულებრივად შებღალა.
ენგურჰესის კაშხლის დაცლა და მდინარის ძველ კალაპოტში მიშვება საქართველოს ხელში იქნებოდა! ტექნიკურად ეს ურთულესი ნაბიჯიც რომ ყოფილიყო, ამ ბერკეტის გამოყენებით ძალიან ბევრი დათმობა შეგვეძლო მიგვეღო სეპარატისტებისგან უმთავრეს (ლტოლვილთა თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნების) საკითხში უკვე მაშინ, - 1990 იან წლებში, როცა. . . . . . . . . "დაბრუნებისუნარიანი" ჯერ კიდევ ბევრი იყო.
ახლა აღარც ისე ბევრია სამწუხაროდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დღევანდელობასთან პარალელები ხომ ელემენტარული განტოლებაა?!
არადა, თუ კომუნისტურ ეპოქაში "ცვლადებს" უკიდეგანო იმპერიის ინეტრესები, მისი ძალმომრეობა და დამპყრობლური ბუნება ფარავდა, დღეს ორჯერ-ორის შვიდად ან თექვსმეტად გამოყვანა უკვე არა ფარული, ლატენტური, არამედ აშკარა კლინიკური პარანოიაა ან.....შეგნებული, კარგად დაგეგმილი და "შეფუთული" ანტისახელმწიფოებრივი მავნებლობა.
ჰიდროენერგეტიკის გარეშე ამ ქვეყანას მომავალი არა აქვს!
საქართველო არ მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში, სადაც არ შეგეშინდება მეზობლების, რომლებიც მისხალ ელექტროენერგიაში "შენი ქალის ნამუსს მოგთხოვენ" ერთი საზარელი ქართული ისტორიული გამოთქმის პერიფრაზით.
ჩვენ სულ სხვა რეგიონში ვცხოვრობთ, - მისი უმოწყალო, შეურიგებელი და მტაცებლური კანონებით.
აქ მით უმეტეს არავინ არც ერთ მეგავატს, არც ერთ კილოვატს არ გიწილადებს თუ პოლიტიკურ დომინაციას არ "დაუწვები".
ენერგეტიკა კი ეკონომიკის, შესაბამისად სახელმწიფოს "ჰაერია", მისი მაცოცხლებელი წყაროა. არ გქონდეს დამოუკდიებელი ენერგეტიკული წყარო, იყო მუდამ დამოკიდებული გარეშე მომწოდებლებზე ნიშნავს (ჩვენს პირობებში ორგზის უმეტეს ნიშნავს) დარჩე მუდამ განუვითარებელ, ერთ სლიპინა წერტილზე გაყინულ, ჩამორჩენილ, მაჩანჩალა, უბადრუკ არარაობად - "უმომავლო ბავშვების" ქვეყნად.
იმ ბავშვებისა, რომლებიც მუდამ იმაზე იოცნებებენ, როგორმე გააღწიონ და გაიქცნენ ღატაკი, უპერსპექტივო არშემდგარი "დამოუკიდებელი სახელმწიფოდან".

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი