არა რუსულ კანონს! - ქართველი ემიგრანტების აქციები ლონდონში
"ღამეები არ გვეძინა" - ემიგრანტები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის საქართველოში დაბრუნდნენ
"პრემიერ კობახიძეს გადავეცი ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზე" - აშშ-ის სახდეპის მრჩეველი
"მე იმ კაცის დედა .... ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს" - ჯაბა კანკავა
მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით - ისინი აჩვენებენ ურყევ სიმამაცესა და ერთგულებას თავისუფლების მიმართ - სანდუ
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვითარება საქართველოში ძალიან საგანგაშოა
11 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართება
"აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახურიო"- სახელმწიფო სსიპ-ის თანამშრომელს აქციებში მონაწილეობისთვის უსაყვედურეს და მან სამსახური დატოვა

უკრაინა - გარდაუვალი გზა გაყინვისკენ

11.06.2023 | 21:00 ნახვები: 1747

ომი უკრაინაში აშკარად შევიდა ჩიხში.

თანაც, ორივე მხრიდან. ბრძოლის ველზე - პარიტეტია, არც ერთ მხარეს არ შეუძლია გადამწყვეტი წარმატების მიღწევა. ფართოდ რეკლამირებული უკრაინული კონტრშეტევა უშედეგო აღმოჩნდა - 5 თვის მანძილზე წინსვლამ ყველა ფრონტზე შეადგინა ჯამურად 17 კილომეტრი. წარუმატებლობის გარდა ამას ვერაფერს უწოდებთ.

თუმცა, არც რუსეთია უკეთეს მდგომარეობაში - ბახმუტის აღებას დასჭირდა 8 თვე და ათობით ათასი ჯარისკაცის სიცოცხლე, დღეს იგივე გრძელდება ავდეევკასთან, რომელსაც სავარაუდოდ რუსები საბოლოოდ აიღებენ, დიდი მსხვერპლის ფასად.

ომში აშკარად დადგა გაყინვის სუნი - პირველ რიგში ამას კარნახობს რეალური მდგომარეობა. ორივე მხარეს აქვს უპირატესობებიც და სისუსტეებიც.

კერძოდ, უკრაინას ჰყავს იდეური და მოტივირებული ჯარი, რომელიც უკეთესად ომობს, მაგრამ უკრაინის სამობილიზაციო რესურსი 3-ჯერ ნაკლებია ვიდრე მეორე მხარის. რუსების უმრავლესობა ომობს ან შიშის ქვეშ ან დიდი ფულის სანაცვლოდ, მათ არ გააჩნიათ მოტივაცია, მაგრამ რუსეთი უკრაინაზე 3-ჯერ დიდია.

უკრაინას გააჩნია მაღალტექნოლოგიური იარაღი, მაგრამ ეს იარაღი სხვისია და ნაჩუქარი, დასავლეთს კი არ შეუძლია სწრაფად აამუშაოს სამხედრო მრეწველობა და მიაწოდოს უკრაინას იმდენი იარაღი, რამდენიც მას ესაჭიროება. რუსეთს აქვს ძველი და ნაკლებად ეფექტური შეიარაღება, თუმცა ის თავისია და რუსეთს შეუძლია იარაღის წარმოება წლების მანძილზე, შეუფერხებლად.

რუსეთის ეკონომიკა უფრო სუსტია ვიდრე აშშ-ს და ევროკავშირის, მაგრამ რუსეთი აფინანსებს თავის ომს, დასავლეთი კი - სხვისას. ბოლო დროს - სულ უფრო და უფრო ძნელად და ენთუზიაზმის გარეშე.

სისუსტეების და უპირატესობების ეს ბალანსი ქმნის პარიტეტს, რომლის გადალახვაც დღევანდელ პირობებში არ შეუძლია არც უკრაინას და არც რუსეთს.

ამავე დროს, დღეს უკვე ცალსახაა, რომ ომის გადაყვანა გრძელვადიან სტადიაში, რასაც აშკარად აპირებს პუტინი - უკრაინისთვის დამღუპველია, რუსეთს კი - თითქმის არ აზარალებს. რუსეთი ომის სიმძიმეს თითქმის ვერ გრძნობს - ეკონომიკური სანქციები ვერ მოქმედებს, ჯარისკაცები კი იღუპებიან, მაგრამ ძირითადად სოფლებიდან და ღრმა დეპრესიული პროვინციიდან, ეროვნული რესპუბლიკებიდან, ციხეებიდან.. ანუ ის კატეგორია, რომელსაც არავინ ითვლის.

ომი თითქმის არ ეხება თავად რუსეთის ტერიტორიას - დრონების შეტევები ძირითადად გამიზნულია სამხედრო ობიექტებზე და რუსეთის მოსახლეობას არანაირად არ აწუხებს.

საპირისპირო სიტუაციაა უკრაინაში - იღუპებიან ახალგაზრდა უკრაინელები, შეიძლება ნაკლები, ვიდრე რუსი, მაგრამ გავიმეორებ, უკრაინელები 3-ჯერ ნაკლები არიან. ომი მათ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, იღუპება მათი მშვიდობიანი მოსახლეობა, ინგრევა მათი ქალაქები და მათი ეკონომიკა, უკრაინიდანაა გაქცეული მილიონობით ადამიანი და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი წავა, როდესაც საზღვრები გაიხსნება.

პუტინს შეუძლია სასაკლაოზე მშვიდად გააგზავნოს ასობით ათასი თავისი მონა წლების მანძილზე. უკრაინას არ აქვს ფუფუნება გაწიროს თავისი საუკეთესო მოქალაქეები.

2024 წელს უკრაინა მიიღებს დასავლეთისგან მეტ შორსმსროლელ რაკეტებს და სამხედრო თვითმფრინავებს. სავარაუდოდ, ამას მოჰყვება კიდევ ერთი უკრაინული კონტრშეტევა და ეს იქნება კიევის ბოლო შანსი. თუ ეს შეტევაც უშედეგოდ ჩაივლის - დაიწყება უკრაინის გადასვლა ყრუ სტრატეგიულ თავდაცვაში და კონფლიქტის გაყინვა.

თუ ამ კონტექსტში ვისაუბრებთ საქართველოზე - ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა ყველა მხრიდან.

პირველ რიგში ეს იქნება ქოცების იდეოლოგიური გამარჯვება - ისინი ხომ თავიდანვე ამბობდნენ, რომ ამ ომს არ გააჩნია სამხედრო გადაწყვეტა და ორივე მხარეს მოუწევს ბოლოს და ბოლოს მოლაპარაკებების დაწყება.

ასევე ქოცები ატეხავენ კამპანიას სახელად - „ღირდა კი ამდენ მსხვერპლად წინააღმდეგობის გაწევა რუსეთისთვის?“. ქოცური იდეოლოგიით ხომ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა - საკმარისი იყო ნატოზე უარის თქმა.

მათ არ იციან და არ უნდათ იცოდნენ, რომ ომის მიზეზი იყო არა ნატოს მეორეხარისხოვანი საკითხი, არამედ უკრაინელობის, როგორც ცალკე ერის და უკრაინის როგორც სახელმწიფოს თავად იდეის მიუღებლობა რუსების 85%-ს მხრიდან.

პუტინის მიზანი იყო უკრაინელობის წაშლა, ხოლო უკრაინელი ხალხის წინაშე იდგა არჩევანი არა ნატოს და ნეიტრალიტეტს, არამედ უკრაინელობას და რუსობას შორის.

მთავარი საფრთხე კი ჩვენთვის ისაა, რომ კონფლიქტიდან შედარებით მსუბუქად გამოსული რუსეთი შესაძლოა, ისევ დაინტერესდეს ჩვენით, დაუყენოს ქოცებს ისეთი მოთხოვნები, რომლებსაც ისინიც კი ვერ შეასრულებენ...

ყველა შემთხვევაში 2025 წელს, კოლაფსს გადარჩენილი, იზოლირებული, და სისხლის სმას მიჩვეული რუსი საქართველოსთვის ბევრად უფრო საშიში იქნება ვიდრე 2022 წლამდე.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა