Ukraine will be able to stabilize frontlines in coming months - ISW
Russia loses 1,096 more soldiers in Ukraine
Ukrainian air defenders shoot down five drones overnight
Ukraine war update: 88 combat clashes on front lines in past 24 hours
SBU's special forces hit 25 enemy tanks in two weeks
Japan joins coalition to return Ukrainian children
Umerov thanked Denmark for its support in defense sector
President: Every media story about Russia's circumvention of sanctions limits Putin's terror

გაუშვი, აცალე სიკვდილი... ანუ ქართული რელიგიური ტოტემიზმის ფარისევლობა

07.13.2023 | 21:12 ნახვები: 1736

ბოლო დღეებშიმორწმუნეებისმხრიდან ჩემზე განხორციელებული ორკესტრირებული ფსიქოლოგიური ძალადობის საპასუხოდ რომ აღვშფოთდი, ჩემმა მეგობარმა ქალბატონმა, რომელიც არც თავად იყო უკეთეს დღეში, ასეთი რამ მომწერა: იცი ბრძოლაში ხარ ამ ქვეყნისთვის. ეს ყველაზე ცოტაა, რაც ამ ქვეყნისთვის შეიძლება გავიღოთ. ნუ აჰყვები. . მიზანში მოარტყი. გაუშვი, აცალე სიკვდილი...

საქართველოში მართლმადიდებელი მრევლის უმეტესობა საკუთარ თავს მორწმუნეს ეძახის. სხვაგან ყველა - სხვა რელიგიის წარმომადგენელი კი კონკრეტულად ასახელებს, რომ არის ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი, ბუდისტი... აი, მერე კონკრეტდება - კათოლიკე, მართლმადიდებელი, პროტესტანტი, შიიტი, სუნიტი...

რატომ? რატომ ხდება ასე? და რატომ ხდება ასე საქართველოში?
დიდი ჯაფისა და შრომის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ქართველი მორწმუნე საკუთარი რწმენის იდენტიფიცირებას არ ახდენს ქრისტესთან. ქრისტეზე მას გააჩნია უმწირესი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ძირითადად შობას, ჯვარცმას და აღდგომას. ქართველი მორწმუნეების უმეტესობამ არ იცის ქრისტეს დედას - მარიამს ჰყავდა თუ არა ქმარი, ან ვინ იყო ის, რა ერქვა. უმეტესობა მორწმუნეთაგან ფიქრობს, რომ ქრისტეს ჰყავს უფროსი -ღმერთი. ამ სახის მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ საუფლო დღესასწაულები საქეიფო დღე - ქეიფის მიზეზია.
უამრავი სხვადასხვა მარკერის, მატრიცის შედარებითა და ანალიზით დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი მორწმუნე - როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს, გაჭედილა წარსულის ორ პერიოდში: გვარ-ტომობრივში - როდესაც რელიგიის ერთ-ერთი უძველესი ფორმა იყო ტოტემიზმი; მეორე - მისთვის ასევე უცხო არ არის პირველყოფილ საზოგადოებებში არსებული რელიგიები ფეტიშიზმი – საგნების თაყვანისცემა - და ამავე პერიოდის რწმენა - ანიმიზმი -რაც გახლავთ წინაპრების კულტი და სულების რწმენა.
ამიტომაც არის, რომ ალბათ, ქართველ მორწმუნეებს თან ღმერთის (რომლის რომ ჰკითხო დაფიქრდებიან) სწამთ და თან მაგიით არიან შეპყრობილნი. ვცდები? არა! სწორედ მაგიის, როგორც რელიგიის ერთ-ერთი უძველესი ფორმის რწმენა გახლავთ საკულტო ცერემონიები და შელოცვები სასურველი მიზნების მისაღწევად. რელიგიის განვითარების ამ კლასიკურ ეტაპს ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯით გავცდით, ისიც ლოკალურ პერიოდში, როდესაც ჭინკების არსებობაც „დავიჯერეთ“ და შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე უარი ითქვა, სავარაუდოდ ჭინკებზე დიდი საფრთხობელას შიშით და ისევ უკან „დავბრუნდით“.
ქრისტიანობა? საქართველოში ქრისტიანობა უფრო მეფეთა და მისი ვეზირების - (ერისთავებისაც კი არა- ყველასი ყოველ შემთხვევაში) რელიგია გახლდათ. ამის სამტკიცებლად უამრავი ისტორიული ფაქტი და მასალა არსებობს გაყალბებული ქართული ისტორიის მიღმა და არც ვარ დარწმუნებული, რომ მისი შესწავლისა და გამომზეურების სურვილი არსებობდეს. მეც გვერდს ავუვლი ახლა იმის გამო, რომ ამ ყველაფერს პუბლიკაცია კი არა რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ვერ დაიტევს და ისე ვიკითხავ: რამდენი საუკუნეა საქართველოში (პირობითი გააზრებაა) ქრისტიანობის გავრცელებიდან თამარის ეპოქამდე? თამარის ეპოქიდან დღემდე? რატომ არ უყვართ დღემდე მთაში თამარი?
მთა და ფენომენი, მთა და რელიგია, მთა და ქრისტიანობა...
ჰო, ერთი სარკაზმიც - სხვა უამრავ ნიუანსთან ერთად, აქ ქრისტიანული სწავლებისა და წაწლობის ინსტიტუტის არსებობაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, მაგრამ ღირს? „მორწმუნეები“ ვერ გაიგებენ - არ გაიგებენ რაზე ვსაუბრობ და აქაც, „აბა ლგბტქ- გინდა?“- იქნება პასუხი. თუმცა კონკრეტული ფაქტების საპასუხოდ, ყველა ასპექტში, ეს ფრაზა რატომ არის არგუმენტი ვერ ვხდები. ერთადერთი გააზრება, რაც იმთავითვე წინ წამოიწევს არის - „ლატენტური ...“ მაგრამ ამასაც შევეშვათ, ახლა სხვა რამეზე ვსაუბრობ.
კითხვა კონკრეტული მაგალითის საფუძველზე: იქნებ ამიხსნას ვინმემ - წაჩხურობა (სხვა ასი შემიძლია ჩამოვთვალო) ქრისტიანული დღესასწაულია? ანუ, ვინც არ იცის განვმარტავ - „ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, წაჩხურობის დღესასწაული აღინიშნება და მოსალოცად ათასობით ადამიანი იმ ტაძარში მიდის, რომელიც საუკუნეებია უშვილოთა შემწედ მიიჩნევა"
ნიუსი მედიიდან - 20.04.2023 წელი: „ამ დღეს ტაძარში ძირითადად უშვილო წყვილები ადიან. მომლოცველები გრძელ აღმართს ფეხით მიუყვებიან. უშვილო წყვილების პატარა ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს..."
გინდათ ასეთი უამრავი მაგალითი მოგიყვანოთ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან და უამრავი ტაძრიდან - თითქმის ყველა ეპარქიაში? და ამ ყველაფერს რომ უყურებს, ამ რიტუალებში რომ მონაწილეობს იმ ღვთისმსახურებზე, განსაკუთრებით მაღალ იერარქებზე მეტყვით, რომ ქრისტიანები არიან? შესაძლოა, მითხრათ რა თქმა უნდა, არიანო, არ დაგიჯერებთ! მაგრამ დაგეთანხმებით, რომ ისინი მორწმუნენი არიან - დიახ, უბრალოდ ფეტიზიმში და ანიმიზში გაჩხერილები.
მე პატივს ვცემ მათ რწმენას, უბრალოდ ზუსტად ვიცი და მჯერა, რომ ისინი ქრისტეს ძალიან ცუდად იყენებენ. იმდენად ცუდად, რომ ქრისტეს სახელით შეუძლიათ იძალადონ და მოკლან კიდეც, მაგრამ მორწმუნენი არიან - სჯერათ და სწამთ, რომ ეს ძალადობა და მკვლელობა სწორია.
მე, ასევე მჯერა და მწამს, ჩვენი ხელისუფლებების წარმომადგენლებიც მორწმუნენი არიან. მხოლოდ ტოტემისტები. მათ, ყველას, საკუთარი ტოტემი ჰყავდა და ჰყავთ. ფეტიშისტებსა და ანიმისტებს ისინი საკმაოდ გონივრულად იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. მათ სულიერ და საქმიან კავშირს რელიგიურ ინსტიტუციასთან ის განაპირობებს, რომ ეს ინსტიტუციაც თავისი არსით ტოტემიზმს ეფუძნება - აქაც თავისი რეალური ტოტემი ჰყავთ, უფრო დიდი და აღმატებული ვიდრე ხელისუფლებებს. ქრისტე? ქრისტე აქაც ინსტრუმენტია ტოტემებისა და ტოტემისტების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
განა ტოტემიზმი არ იყო საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური და მმართველობითი ბაზისი? ტოტმები არ იყვნენ ლენინი, სტალინი და ყველა „გენსეკი“? ტოტემები არ იყვნენ საქართველოს ლიდერები - გამსახურდიას გამოკლებით, რადგან მას არც კი დასცალდა ლიდერობა.
ჩვენთან რომ ქრისტიანობა მორწმუნეთა შირმა და ბუტაფორიაა ამას აქვს საფუძველი - რადგან რწმენა ჩვენთან ტრადიციით გადადის. ადამიანს ისე ნათლავენ, რომ მისთვის გაუგებარია საერთოდ რა არის რწმენა. ჩვენთან რწმენა იძულებაა და არა მსოფლმხედველობრივი არჩევანი. ამასაც ეშველებოდა ნამდვილად, რომ შემდეგ ხდებოდეს რელიგიის სწორი სწავლება და ადამიანების გათვითცნობიერება რელიგიურ ასპექტებში. ჩვენი მორწმუნეებისთვის რწმენა რიტუალია და არა რელიგია. ჩვენი მორწმუნეებისთვის ქრისტეც ტოტემი იყო, რადგან მათ სასწაული რიტუალი ჩაატარეს - ტოტემი ლენინი ზუსტად ერთ დღეში გაყიდეს და ყველამ ჯვარი დაიკიდა მკერდზე, ახალი ტოტემის თაყვანისცემის და არა რწმენის დასტურად.
არა, არა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არ გვყოლია ან არ გვყავს ნამდვილი ქრისტიანები, თუ გნებავთ დავაკონკრეტებ - მართლმადიდებლები, მაგრამ ისინი მცირენი არიან და ვერ ახერხებენ ტოტემიზმის ძლევას. ტოტემისტებს კი მათი არსებობაც აწყობთ და ეგუებიან რადგან ბევრნი არ არიან - როცა სჭირდებათ სწორედ მათით ფუთავენ საკუთარ წარმართობას და სწორედ მათ იფარებენ წინ, საკუთარი ქრისტიანობის დასტურად. წარმოიდგინეთ, როგორი უტიფრობაა - სჭირდებათ ტოტემს იკიდებენ ფეხებზე, სჭირდებათ ქრისტეს.
ყველაზე საშინელი, დიახ საშინელი ამ ყველაფერში კი მათი მიმდევრების - ფეტიშისტებისა და ანიმისტების სიყრუე, სიბრმავე და ტოტემისტების მონური მორჩილებაა. პრინციპში ამ ყველაფერში გასაკვირი ვგონებ არც არის არაფერი, რადგან თუ არის ნახირი, აუცილებლად იქნება მენახირეც.
ჰო, რისი თქმა მინდოდა? მე ქრისტიანი ვარ! იყავით თქვენ მორწმუნეები.

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია



 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა