Ukraine will be able to stabilize frontlines in coming months - ISW
Russia loses 1,096 more soldiers in Ukraine
Ukrainian air defenders shoot down five drones overnight
Ukraine war update: 88 combat clashes on front lines in past 24 hours
SBU's special forces hit 25 enemy tanks in two weeks
Japan joins coalition to return Ukrainian children
Umerov thanked Denmark for its support in defense sector
President: Every media story about Russia's circumvention of sanctions limits Putin's terror

„ქართველობის” ნაყიდი დამცველები

06.19.2023 | 17:48 ნახვები: 2783

ამ დღეებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე დღით, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა „მაკდონალდსი“.

სახელისუფლებო ტელევიზიებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს ქსელის რესტორნებში საშინელი მკრეხელობა - „ჰეფი მილის“ მენიუში - ელტონ ჯონის ბიოგრაფია. მამა-პაპური ქართველისთვის ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს? ლგბტ-პროპაგანდა, რომელიც მიმართულია არასრულწლოვანებზე.

კოლექტიური ალტინფოს ყველაზე საშინელი კოშმარი - ბავშვების გარყვნა.

ცხადია, ხელისუფლება, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე „ქართველობის“, „მართლმადიდებლობის“, და „ოჯახის ინსტიტუტის“ დამცველად გვევლინება, ამ ფაქტს უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თემურ ჭყონიას უარყოფითი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს.

„ოპოზიცია ჩვენს შვილებს რყვნის!“ - ამაზე უკეთეს სასპეკულაციო თემას ვერც კი მოიფიქრებთ.

რამდენიმე მსხვილფეხა ქოცმა, კერძოდ ქოცური ვაჟკაცობის და მასკულინობის ჭეშმარიტმა სიმბოლომ, ირაკლი კობახიძემ, მერე მამუკა მდინარაძემ აღშფოთება გამოხატეს, შემდეგ კი ესტაფეტა უფრო წვრილფეხა რქოსნებმა აიტაცეს.

ბოლო კი საკონტროლო გასროლა თვით საპატრიარქომ გააკეთა - გამოვიდა განცხადებით, რომელშიც ელტონ ჯონის ბიოგრაფია „მაკდონალდს“-ში პროვოკაციად შეაფასა.

წესით, მეორე დღეს ფასტ-ფუდების ქსელი დიდი პრობლემების წინაში უნდა აღმოჩენილ იყო - ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოში მოცემულობად ითვლება წარმოდგენა, თითქოს საქართველოს მოსახლეობის 80% ალტინფოს მიმდევარია, პროვინციული ფაშისტი და ჰომოფობი.

წესით, აღშფოთებულ „ქართველ ხალხს“ როგორც მინიმუმ „მაკდონალდსისთვის“ ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა, მათ უღმერთო რესტორნებთან კი საპროტესტო აქციები გაემართა.

თანაც პლაკატებით ხელში - „ხელები შორს, ჩვენი შვილებისგან!“, „მაკდონალდსი გარყვნილებას ქადაგებს!“.

„კონსერვატორი“ და „იდეალების დამცველი“ ერი ხომ სწორედ ასე მოიქცეოდა - თუ გული გულობს და ქართველობა ქართველობს - სულ არაა აუცილებელი ორი ირაკლის მოწოდება - თვითონ უნდა გამოხატონ პროტესტი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილი ტრადიციონალისტი ვინცხა ირაკლი კობახიძის დაძახების გარეშეც უნდა გამოდიოდეს გარეთ.

თანაც თავისი მრისხანე სიტყვა საპატრიარქომაც წარმოთქვა - ეკლესიის რეიტინგი კი, მოგეხსენებათ, 90%-ია. წესით, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ხვალ-ზეგ თავხედ თემურ ჭყონიას გარდაუვალი გაკოტრება უნდა ელოდეს.

თუმცა, რას ვხედავთ რეალობაში? „მაკდონალდსი“ მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, კლიენტურა როგორც ჰყავდა ისევე ჰყავს, აღშფოთებული „ქართველო ერი“ კი - არსად ჩანს.

მაშ რა ხდება? არ ადარდებს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას „ქართველობის დაცვის“ სახელით მიმდინარე მართლმადიდებლური ჯიჰადი დასავლეთის წინააღმდეგ? ან არც ეკლესიის აზრი აინტერესებს ვინმეს იმაზე მეტად, ვიდრე საზეიმო დღეებში სანთლის დანთება, და „მამაო ჩვენო“-ს ტექსტის გადაიკითხა? - თუ გაახსენდება სიტყვები, რას თქმა უნდა...

ირონია იქეთ იყოს და რეალობა  რადიკალურად განსხვავდება საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისგან - არანაირი „კონსერვატიული უმრავლესობა“ საქართველოში არ არსებობს მინიმუმ 20 წელი. „ქართველობის დამცველები“ დიდ უმცირესობაში არიან თუნდაც რაოდენობრივად, რომ არაფერი ვთქვათ გონებრივ მონაცემებზე და თვითორგანიზების უნარზე.

ქართველთა 70% არც კონსერვატორია და არც ლიბერალი - როგორც სხვა ქვეყნებში, აქაური უმრავლესობაც არის ობივატელი, ბიურგერი, რომლისთვისაც ერთნაირად მიუღებელია როგორც გეი-აღლუმები, ასევე ლგბტ-ს წინააღმდეგ გაჩაღებული 20-წლიანი ომი.

არ მომწონს, მაგრამ რა ჩემი საქმეა, იცხოვრონ როგორც უნდათ - აი ეს არის საქართველოში ყველაზე გავრცელებული მიდგომა ლგბტ-ს საკითხთან დაკავშირებით.

მოსახლეობის 90%-სთვის ეს არის სრულიად უცხო და აბსტრაქტული საკითხი - მათი ცხოვრების ათწლეულებმა შეიძლება ისე ჩაიაროს, რომ არც ერთხელ არ შეხვდეს ნამდვილი და აშკარა გეი. ქართული ჰომოფობია არის ზედაპირული და პასიური - თუ არ „შეუკიკინე“ არც გაახსენდება.

საქართველოში უმცირესობის მიმართ სიძულვილი არაა მასობრივი, ეს დამახასიათებელია მაქსიმუმ მოსახლეობის 10-15%-სთვის. ეს რომ ასეა, იმითაც დასტურდება, რომ ქართულ ტრადიციონალიზმთან და ეკლესიასთან დაპირისპირებამ „მაკდონალდსი“ ვერანაირად ვერ დააზარალა.

ის რაც შემდეგ მოხდა, ამ აზრს კიდევ უფრო ადასტურებს. დარბევების სერიამ აშკარად დაგვანახა, რომ საქართველოში მოძალადეებიც კი - ფასიანები არიან.

თუ ვინმეს სჯერა, რომ „გულწრფელად აღშფოთებულ ჭეშმარიტ ქართველებს“ „ მაკდონალდსში“ „ლგბტ-პროპაგანდაზე“ მეტად დოყლაპია ირაკლი კობახიძის წყენამ გააბრაზა - ნეტარ არიან მორწმუნეები.

თუმცა, ეს რწმენაც ხომ - მეტწილად ნაყიდია.

ავტორი:თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა