14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

“აგენტომანია” და მისი წამალი

03.04.2023 | 11:58 ნახვები: 9457

პოლიტიკურ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული და უტყუარი ისტორიული შეფასებით, ნებისმიერი ავტორიტარული თუ დიქტატორული რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იწყება “აგენტოფობიით” და ქვეყანაში პოლიტიკური სასამართლო პროცესებით.

არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რას მიუსჯის “აგენტს” ეს მორჩილი სასამართლო: ადმინისტრაციულ პატიმრობას თუ ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთას: როგორც კი  პოსტსაბჭოურ და პოსტტოტალიტარულ ქვეყანაში ჟღერს ტერმინი “აგენტი”, მაშინვე იქმნება სამართლიანი ალუზია “ხალხის მტრებთან” თუ  კუდიანებზე ნადირობასთან.

ეს არის წესი - გამონაკლისის გარეშე.

იმიტომ, რომ “აგენტომანია”, “მავნებლების დევნა” და ერეტიკოსთა ძიება ყოველთვის, მუდამ, ყველა ეპოქაში რეჟიმის “გადაძაბვის” ნიშანია; სინამდვილეში მის სისუსტეს ავლენს და არა ძალას იმ შემთხვევებშიც, როცა ამ გზით თითქოს დროებით კიდეც  ახერხებს “სარქველთა ამოქოლვას”, “ქანჩების მოჭერას” და მარად შეშინებულთა ნაწილის კიდევ უფრო დაშინებას.

ოღონდ ეს მხოლოდ იმ ნაწილისა, ვინც ისედაც “მარად შეშინებულია”!

 თავისუფალ ადამიანებს სტალინი რომ სტალინი იყო და ანდროპოვი რომ ანდროპოვი იყო, ისინიც ვერ აშინებდნენ საჩვენებელი პროცესებით და “მავნებლებზე” (იგივე “აგენტებზე”) ისტერიული რიტორიკით.

ამაზრზენია, რომ ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიდა სლოგანით “დავეწიოთ და გადავასწროთ ევროპას დემოკრატიის მშენებლობაში”, ახლა თავის მოღვაწეობას ასრულებს სამარცხვინო აგენტომანიით: იღებს კანონს, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება აქვს - ჟღერდეს ტერმინი “აგენტი”, ესე იგი  ადამიანთა “ყურს” ხვდებოდეს და “ითარგმნებოდეს”, როგორც “ჯაშუში”, “მტერი”, “მავნებელი” და ასე შემდეგ.

რომც “გაათრიონ” ეს სამარცხვინო კანონი,  მაინც სისუსტის ნიშანი იქნება.

ანუ დასასრულის დასაწყისისა.

სინამდვილეში კიდევ უფრო დააჩქარებს და გააძლიერებს წინააღდმეგობის ტალღას, რაკი  თავმოყვარე, თავისთავად, ანუ თავისუფალ ადამიანს ღირსებას ულახავს ასეთი დამოკიდებულება.

 საქართველოს უახლესი ისტორია კი, თუ რაიმეს ადასტურებს ერთმნიშვნელოვნად, ისაა, რომ ადამიანები ქუჩაში არ გამოდიან ელექტროენერგიის ან სხვა მატერიალური სიდუხჭირის გამო. სამაგიეროდ, მრისხანედ იკრიბებიან ქუჩაში, როცა ვინმე გავრილოვი იმდენად გათავხედდება, ქვეყანას სულში ჩააფურთხებს და პარლამენტში მთავარ პოზიციაზე წამოსკუპდება. ანუ ადამიანები ყველაფერს მოითმენენ, მათი ღირსების შეურაცხყოფის გარდა.

სწორედ ამიტომ, აბსოლუტურად დროულია “ლელოს” ლიდერთა ინიციატივა, წინააღმდეგობის მოძრაობის გაშლისა  ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე.   

სამოქალაქო აქტივობა და მისი ყველაზე რადიკალური მშვიდობიანი ფორმა, - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა - ისტორიულად ყველაზე ქმედითი წამალია თავად შეშინებული ავტორიტარიზმის დასაშლელად და მის მოსასროლად ისტორიის დიდ  სანაგვეზე.

მნიშვნელოვანია, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა სამოქალაქო აქტია პირველ რიგში და შესაბამისად, რამდენიც არ უნდა მოისურვოს მისი პოლიტიკური კონტექსტით შეფუთვა ხელისუფლებამ, ამას ვერ შეძლებს. არა, როგორ ვერ შეძლებს საკუთარ მედიაში და გნებავთ სასამართლოში. მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება ძალადობა მით მეტი იქნება წინააღმდეგობა.
ხელისუფლება რომ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს იქიდანაც ჩანს, პარლამენტთან დაკავებული ადამიანები ზაჰესის თანამედროვე სტანდარტების იზოლატორში კი არ გადაიყვანეს, რამედ ზოგს მანქანაში ათევინეს ღამე, ხოლო ზოგი უკვე დახურული იზოლატორის ჯურღმულებში ჩაგდეს. თუნდაც ეს მაგალითია საოცარი დასტური იმისა, რა სულისკვეთება აქვს „აგენტების“ დევნა-გამოვლენას.

ცალკე საკითხია, რომ ქართული კანონმდებლობა სრულად იძლევა იმის შესაძლებლობას, „ენჯეოთა“ რეესტრიც შედგეს და მათი ფინანსური გამჭვირვალეობაც უზრუნველყოფილი იყოს. და აქვე ერთი კითხვა, ის ფონდები, რომლებიც გამჭვირვალედ აშუქებდნენ საკუთარ ხარჯებს, ხომ ისევ აქ არიან? და რა ამით, თუ ვიღაცას ეცოდინება რომელი ფონდი უწყობს ხელს კენკრის მოშენებას, ან დემოკრატიული სტანდარტების ზრდას საქართველოში?

ხელისუფლებამ - „ქართულმა ოცნებამ“ და აქ „ხალხის ძალაზე“ საუბარი თავის მოტყუებაა, აშკარაა ფეხზე რუსული ჩექმა მოირგო და სწორედ ამ ჩექმებით სურს თავი გაუსრისოს ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, „სურს“ ერთია, მეორეა - შეძლებს? ვერ, რადგან წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს - ანუ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, უკვე აქვს შინაგანი წინააღმდეგობა რეჟიმად ფორმირებულ ხელისუფლებასთან და ამის დემონსტრირებას აუცილებლად მოახდენს, რადგან ვერსად და ვერასოდეს, წინააღმდეგობის მოძრაობას რეჟიმი ვერ ამარცხებს.

ავტორი: გიორგი ლებანიძე

"ნეიშენ" ჯორჯია"

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა