გვჯერა, ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი სასოებელი - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამებაში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა დასვენებული, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, პატრიარქის ამქვეყნიური ცხოვრება მთლიანად იყო „გზა მოწამეობისა ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყნისა ანგელოზისა, შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანებს.“
როგორც მან აღნიშნა, ამ სამ საუნჯეს იგი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაჰყვება, როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა.
“დიდია ჩვენი მწუხარება, გულისტკივილი. დიდმა განსაცდელმა გააერთიანა დღეს სრულიად საქართველო. ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღმსარებლობის მქონენი, დაობლებულნი, შვილობრივი სიყვარულით მუხლს ვიყრით და უდიდეს მადლობას ვწირავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფეს მამასა ჩვენსა ილია მეორეს. იგი დააკლდა არამარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ საქრისტიანოს და საერთოდ მსოფლიოს, მაგრამ ამ მძიმე წუთებში გვანუგეშებს მაცხოვრის საოცარი სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე“. ამიტომაც ღვთისადმი სასოებით განვიმტკიცებთ გულსა და გვწამს რომ მისი უწმინდესობა აგრძელებს რა სიცოცხლეს მარადიულობაში, ღვთის წინაშე თავისი მეოხებით მფარველობას არ მოგვაკლებს და უფრო მეტადაც შეგვეწევა. გვჯერა, ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი სასოებელი. 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: ღვაწლი კეთილი მოიღვაწა, აღასრულა სარწმუნოება დაიმარხა. მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყნისა ანგელოზისა, შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანებს. ამ სამ საუნჯეს იგი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაჰყვება, როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიოს თქმით, პატრიარქის აღსაყდრებისას მოქმედი იყო მხოლოდ 7 ეპარქია, გვყავდა 80-მდე სასულიერო პირი, ფუნქციონირებდა 50-მდე ეკლესია და სამლოცველო, დღეს კი გვაქვს 49 ეპარქია, მათ შორის 7 საზღვარგარეთ, გვყავს 3 ათასზე მეტი სასულიერო პირი და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი.
„მან როგორც პირველმა იერარქმა მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში დაიწყო, ჩაიბარა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული ეკლესია. მისი აღსაყდრებისას მოქმედი იყო მხოლოდ 7 ეპარქია, გვყავდა 80-მდე სასულიერო პირი, ფუნქციონირებდა 50-მდე ეკლესია და სამლოცველო. დღეს გვაქვს 49 ეპარქია, მათ შორის 7 საზღვარგარეთ, გვყავს 3 ათასზე მეტი სასულიერო პირი და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. მისი მოღვაწეობის ნაყოფია ყოვლადწმინდა სამების ეს დიდებული ტაძარი, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით წმინდანად შეირაცხა არაერთი საეკლესიო და საერო მოღვაწე; გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიები, ოთხი სხვა სემინარია; ამოქმედდა საეკლესიო სკოლა-გიმნაზიები, საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია და რადიო; აღორძინდა საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ქართული საეკლესიო გალობა და აღდგა საეკლესიო ხელოვნების პრაქტიკულად ყველა დარგი; უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ძალისხმევით, მოხდა უძველესი დროიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, რაც შემდეგ დაამოწმა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ; უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება; მისმა უწმინდესობამ დააწესა შვიდგზის ლოცვები, რასაც იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ეს ლოცვით აერთიანებდა ჩვენს ერს; პატრიარქმა იტვირთა ნათლობა ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვისა, რითაც შეცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. დღეს მისი ნათლულების რიცხვი 50 000-ს აჭარბებს. არაფერს ვამბობთ მრავალ სხვა საქველმოქმედო, მისიონერულ, სამეცნიერო თუ საგამომცემლო საქმიანობაზე. ასე შეიქმნა გაძლიერებული, აღმშენებლური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფის თქმით, სურვილი იმისა, რომ იგი დაკრძალულიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მას არაერთხელ აქვს გაცხადებული.
„სურვილი იმისა, რომ იგი დაკრძალულიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მას არაერთხელ აქვს გაცხადებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქის მოწამებრივი გზა. აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი კათოლიკოს - პატრიარქები: კირიოსი, ამბროსი, კალისტრატე, რომელთა შრომის და ღვაწლის გამორჩეულ გამგრძელებლად იქცა პატრიარქი ილია მეორე“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ამასთან, მეუფე შიომ მიმართა მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს I-ს და აღნიშნა, რომ იმ დიდ ღვაწლს და მონაწილეობას, რომელიც არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში მიუძღვის, ქართველი ერი და ეკლესია არასდროს დაივიწყებს.
„ყოვლად უწმინდესობავ შეუძლებელია, რომ ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები და ძლიერი და სულიერი სიტყვა და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ ცნობილია, თქვენი სიყვარულის და პატივისცემის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ ილია მეორის მიმართ მისი ღვაწლისადმი. თქვენ თქვენ სიტყვაში აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. რა თქმა უნდა, ამ დიდ ღვაწლს და მონაწილეობას ქართველი ერი და ეკლესია არასდროს დაივიწყებს. კიდევე ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.