ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი ალირეზა არაფი.
ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის არჩევაში აუცილებლად თავადაც უნდა იყოს ჩართული. „ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“.
მოჯთაბა ხამენეი 1969 წელს მეშჰედში დაიბადა. ანალიტიკოსები მის გზას „სტრატეგიულ ტრაექტორიას“ უწოდებენ. 17 წლის ასაკში ის მოხალისედ წავიდა ირან-ერაყის ომში და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ერთ-ერთ გამორჩეულ ბატალიონში მსახურობდა.
სწორედ ომის პერიოდში ჩამოუყალიბდა მას მჭიდრო კავშირები სამხედრო ელიტასთან. მისი თანამებრძოლები მოგვიანებით ირანის უსაფრთხოების სისტემის საკვანძო ფიგურები გახდნენ. მათ შორის იყვნენ ყასემ სულეიმანი და ჰოსეინ ტაები. ამ კავშირებმა მას საშუალება მისცა, მამის ჩრდილში ყოფნისას შეექმნა საკუთარი გავლენის ქსელი, რომელიც დღეს მისი ძალაუფლების მთავარი გარანტიაა.
მოჯთაბა ხამენეის გავლენა ირანის ძალოვან სტრუქტურებზე კარგა ხანია ცნობილია ვაშინგტონისთვის. ჯერ კიდევ 2019 წელს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ (OFAC) მას სანქციები დაუწესა. მაშინ უწყება განმარტავდა, რომ მოჯთაბა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ სამთავრობო პოსტზე არ იყო არჩეული, ოფიციალურად წარმოადგენდა უზენაეს ლიდერს და მჭიდროდ თანამშრომლობდა „ყუდსის ძალებთან“. ეს უკანასკნელი ირანის მიერ რეგიონული დაჯგუფებების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი.
გარდა ამისა, ამერიკული მხარის მონაცემებით, ხამენეი უშუალოდ იყო დაკავშირებული მოხალისეთა გასამხედროებულ შენაერთ „ბასინჯთან“, რომელიც ირანის მოქალაქეების პროტესტის და აჯანყებების ძალისმიერი ჩახშობისთვის გამოიყენება.
როგორც euronews- ი წერს, სანამ მისი ძმები მოსტაფა, მასუდი და მეისამი კულტურული თუ ადმინისტრაციული საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, მოჯთაბა უსაფრთხოების სამსახურების კურატორად იქცა. მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა დღემდე გამოცანად რჩება, რადგან ის საჯარო გამოსვლებს ყოველთვის ერიდებოდა. ზოგი მას რადიკალების მოკავშირედ მიიჩნევს, ზოგი კი ფიქრობს, რომ მისი რეალური სახე მხოლოდ ახლა გამოჩნდება.
არანაკლებ საინტერესოა მისი ფინანსური მდგომარეობა. დასავლური მედია მას მილარდელად მოიხსენიებს და ევროპაში, კერძოდ ლონდონსა და ვენაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიუთითებს. თუმცა, ირანის შიგნით ის ბიზნესმენად არასდროს აღქმულა. მისი სიმდიდრე პირდაპირ არის გადაჯაჭვული იმ სახელმწიფო ფონდებთან და ეკონომიკურ სტრუქტურებთან, რომლებსაც „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აკონტროლებს.
ახალ ლიდერს ლეგიტიმაციის პრობლემა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც ექნება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გააკეთა მკვეთრი განცხადება.
„ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს. მე აუცილებლად უნდა ვიყო ჩართული ამ პროცესში“, - აღნიშნა ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში.
საერთაშორისო მედია წერს, რომ ამჟამად მოჯთაბა ხამენეის წინაშე სამი უმძიმესი გამოწვევა დგას. დაუმტკიცოს ირანელ ხალხს, რომ მამის ღირსეული მემკვიდრეა, შეაჩეროს ისრაელის სამხედრო მანქანა და გამონახოს საერთო ენა ვაშინგტონთან, რომელიც მის დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.