ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები-ზალკანიანი
„ოცნების“ ხელში მოქალაქე დაუცველია, სახელმწიფო კი მოშლილი-ნათია მეზვრიშვილი
მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს-ირაკლი ზარქუა
სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები-აზარაშვილი
პრემიერი მპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
31 გარდაცვლილი და 7 947 ახალი შემთხვევა-24 იანვრის კოვიდსტატისტიკა
30-იანი წლების პატარა საბჭოთა მოღვაწეა-გიორგი გაგოშიძე წულუკიანზე
ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

დათო გამცემლიძე: ჩვენ ჯერ კიდევ შეუმდგარი სახელმწიფო ვართ... არ მინდა ამ საახალწლოდ საშინელებები ვილაპარაკო

12.30.2021 | 20:14

როგორი იყო 2021 წელი? რა პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობდა ქვეყანაში და ვინ იყვნენ მისი მთავარი აქტორები. მოვლენები, რომლებიც უარყოფითად აისახება სახელმწიფოზე და საერთოდაც ვართ თუ არა სახელმწიფო. ამ და სხვა საკითხებზე NATION-ს ისტორიკოსი და ჟურნალისტი დათო გამცემლიძე ესაუბრა.

 

შევაფასოთ 2021 წელი, როგორც საქართველოში განვითარებული პოცესების ანალიზით, ასევე გლობალურ კონტექსტში. დავიწყოთ საქართველოთი. როგორი იყო ეს წელი ქართული სახელმწიფოსთვის?

საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი თვისება ისაა, რომ მისი მდგრადობა მეტისმეტად დამოკიდებულია პოლიტიკურ ტურბულენტობაზე. ამ აზრით ჩვენ ჯერ კიდევ შეუმდგარი სახელმწიფო ვართ.

მაგალითად საფრანგეთში, ე.წ. “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობამ ლამის გადაწვა პარიზის ცენტრი, თვეობით გრძელდებოდა დაპირისპირება, უამრავი სისხლი დაიღვარა, ძალიან ბევრი -40-მდე ადამიანი დარჩა თვალის გარეშე რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, მაგრამ სახელმწიფოებრივ მდგრადობას ამან ძვრა ვერ უყო და  არათუ სახელმწიფოებრივ, არამედ პოლიტიკურ კრიზისშიც არ გადაიზარდა.

იმიტომ, რომ საფრანგეთი შემდგარი სახელმწიფოა - მყარი პოლიტიკური სისტემით და ღრმად ფესვგადგმული, სოციალურად სტრატიფიცირებული სამოქალაქო საზოგადოებით. შესაბამისად, ამ “ყვითლებს” პარიზის დიდი ნაწილიც რომ გადაეწვათ, ფრანგული სახელმწიფოს საძირკველს და შენობას მაინც ვერაფერს დააკლებდნენ.

საქართველოს სახელმწიფო კი, სამწუხაროდ, ჯერ არ შემდგარა. მარტივად  თუ ვიტყვით “ვერ დალაგდა”. ამიტომაც ხდება და ეს ძალიან ნიშანდობლივი მარკერია ჩვენს  დისკურსში, რომ ყველა არჩევნებისას “შედეგების გაყალბება”, “ფალსიფიკაცია” ხდება მთავარი პოლიტიკური ბრალდება და ბობოქარი მოვლენების, პოლარიზაციის, პოლიტიკური კრიზისის “თრიგერი” - “ჩახმახი”.

რატომ?

იმიტომ, რომ არ არსებობს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, არ არსებობს ნდობა სასამართლოსადმი. ასეთი სტრატეგიული ნდობის არარსებობის - არათუ უბრალოდ დეფიციტის, არამედ სრული არარსებობის პირობებში კი რომელ “შემდგარ სახლმწიფოებრიობაზე”შეიძლება ლაპარაკი?

აბსოლუტურად გეთანხმები...

შემდგარი სახელმწიფო  სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, უპირველესად  სასამართლოსადმი სტარტეგიულ ნდობას ეფუძნება.

აქვე უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური კლასის და ე.წ. “სამოქალაქო სექტორის” უდიდესი  ნაწილის მხრიდან სასამართლო სისტემის კრიტიკა დემაგოგიის, არაგულწრფელობის და ცრუპენტელობის ძალიან დიდ წილს შეიცავს. ეს მარტივი შესამჩნევი არ არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით, მაინც დავადგენთ.

ახლა მორიგ რისხვას დატიეხავ თავზე. ჩვენთან სიმართლე არავის სჭირდება. თუმცა შენს ნათქვამს მაგალითებითაც თუ გაამყარებ ცუდი არ იქნება...

მაგალითად, ისინი გამუდმებით აკრიტიკებენ სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების არსებულ წესს, როცა “მოსამართლეთა კონფერენცია” ირჩევს ხელმძღვანელ ორგანოებს, შემდეგ ის ნომინირებს კანდიდატებს და ა.შ. მაგრამ შევნიშნოთ ის მომენტი, რომ ოპოზიცია ზოგადად, ასევე ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო სექტორი მუდამ ცდილობს თავი დაიძვრინოს იმაზე საუბრისგან, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტების წესი, ვინ უნდა დანიშნოს მოსამართლეები, შემდეგ ვინ/როგორ  უნდა დააკომპლექტოს იუსტიცისი საბჭო და ასე შემდეგ. 

თუკი დღევანდელი წესი და ალგორითმები ამ ინსტიტუტის დაკომპლექტებისა მანკიერია, ანუ ე.წ. “კლანს” ქმნის, მაშინ თქვან, რომელი და როგორი წესი იქნებოდა “არმანკიერი”?!

აი ამ კითხვაზე პასუხისგან მუდამ ცდილობენ თავი დაიძვრინონ, რადგან როგორც კი კონკრეტულ პროექტს “დადებენ“, უმალვე გაჩნდება კითხვა, რით სჯობს ეს წესი იმას, რაც ახლა არსებობს და რატომ არის უფრო დემოკრატიული, ვიდრე არსებული.

რასაკვირველია სერიოზულად არ ღირს იმ ინიციატივის განხილვა, რომ მოსამართლეთა კორპუსი და იუსტიციის საბჭო არა პარლამენტმა, პრეზიდენტმა, მთავრობამ ან იმავე მოსამართლეთა კონფერენციამ, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთმა მცირე, თუმცაღა კარგად პრომოუტირებულმა და “მდიდარმა”  ნაწილმა დააკომპლექტოს.  და რომ მაშინ იქნება თურმე სასამართლო კომპეტენტური, მოუსყიდავი, არაკლანური, საყოველთაო ნდობით აღჭურვილი და ა.შ. და ა.შ

ამ საკითხზე საგანგებოდ იმიტომ შევჩერდი, რომ ჩემი ღრმა რწმენით, საკვანძოა სახელმწიფოებრივი “შემდგარობის” თვალსაზრისით. ქვეყანა, სადაც სასამართლოს ნდობა არა აქვს, არშემდგარი, ესე იგი “ჩამოშლადი” სახელმწიფოა! -Failed State.

ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია არ დაგეთანხმო...  

1999 წელს, როდესაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჯორჯ ბუშის და ელ გორის მომხრეებს შორის კინაღამ სამოქალაქო ომი დაიწყო “გაყალბების” და “ფალსიფიკავიის” მოტივით, სიტუაცია სწორედ ერთმა “რიგითმა” მოსამართლემ გადაარჩინა. მან შეისწავლა საკითხი, გამოიტანა ვერდიქტი და მოსამართლის მანტიისადმი  უდიდესი ნდობა/პატივისცემის  წყალობით ეს ვერდიქტი ორივე მხარემ მიიღო. ვერ გაბედავდნენ არ მიეღოთ - ამას აიძულებდათ საზოგადოებრივი ატმოსფერო, რომელიც ამერიკაში გაჟღენთილია მოსამართლისადმი მოწიწებით.

სამწუხაროდ, ამ მხრივ განვლილმა წელმა საქართველოში სასიკეთო და  ახალი არაფერი მოიტანა. ქართული სახელმწიფო კვლავინდებურად დავრდომილი და დაჩაჩანაკებულია  არა მხოლოდ  ტერიტორიული გაურკვევლობით (ეს თავისთავად) არამედ ცენტრალური, “გულანი” ინსტიტუტებისადმი უნდობლობის გამო.

და თუ ბოლომდე გულწრფელნი ვიქნებით, სანამ ნდობის მაღალი ხარისხით აღჭურვილი სასამართლო არ გვექნება, ვერანაირ ევროპულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და საერთოდ არაფერს აზრი არ ექნება ამ ქვეყანაში სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით.  

ახლა გვეტყვიან, რომ ჩვენც ვსჯელობთ და არაფერს ვთავაზობთ...

ჩემი მოკრძალებული აზრით, პირველი, მხოლოდ პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება იქნებოდა. თუმცა ამას ყველა  უფრთხის. მათ შორის პოლიტიკური კლანიც და მუდამ კონიუნქტურის “მყნოსავი” სასამართლო “კორპორაციაც”. ეს უკანასკნელი ნამდვილად ჩამოყალიბდა, როგორც “ჰამქარი”და მისგან სამართლიანობასაც აღარავინ ელის. 

რა თქმა უნდა, როცა წლის შეფასებაზე ვსაუბრობთ, საზოგადოება პირველ რიგში პოლიტიკური პროცესების შეფასებას ელოდება. რა იყო ამ მხრივ, ვთქვათ, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც პოზიტიური აღმოჩნდა კონკრეტულ ვითარებაში ან გნებავს, ექნება გრძელვადიანი ეფექტი?

გრძელვადიანი სიკეთის ნიშნებს გასული, 2021 წლის ვერც ერთ პოლიტიკურ მოვლენაში ვერ ვხედავ. თუ მცირე პოლიტიკურ სიკეთეზე ვისაუბრებთ და თან ვიგულისხმებთ ცნება “მოვლენას”, როგორც პროცესის ნაწილს, მცირედ ოპტიმისტურია ის, რომ წლის ბოლოს პრეზიდენტის ინსტიტუტმა, რის ვაი ვაგლახით, დაიწყო იმ როლთან მიახლოება, რაც მას უნდა ჰქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორც შეთანხმების და კომპრომისის გარანტორისა პოლიტიკურ ძალთა შორის. თუმცა ჯერ მაინც მყიფეა ეს ფუნქცია.

სააკაშვილის დაბრუნებაზე დადებით რაკურსშიც შეიძლება ვისაუბროთ და უარყოფითშიც.

ანუ?

იმ აზრით, რომ ამ “დაბრუნებამ” ასე თუ ისე შექმნა შანსი, 3 წლიანი ტურბულენტობის შემდეგ, - რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დაიწყო, - მივაღწიოთ რაღაც გარკვეულობას, სიცხადეს, ანუ რაღაც დამთავრდეს, რაღაც შეწყდეს, რაღაც ახალი რეალობა დადგეს, რაიმე მორიგება-გარიგება მოხდეს და ახალი ეტაპი დაიწყოს, რომელიც უფრო პერსპექტიული იქნება.

თუმცა ამის ალბათობაც მცირეა, რადგან მხარეთა პოზიციები ჯერ-ჯერობით მეტისმეტად დაშორებულია.

ისიც პარადოქსია, რომ 2021 წელს ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკისგან  დისტანცირებაც კი ორივე ასპექტში განიხილება.

როგორც დადებითში ასევე უარყოფითში?

დიახ. ნორმალურ ვითარებაში ძალიან კარგი იქნებოდა, თუ მილიარდერი პოლიტიკაში აღარ ჩაერევა. ამით პოლიტიკური ძალები განვითარების მეტ რესურსს შეიძენდნენ, მაგრამ...... ამის ვის სჯერა? ანუ ვის სჯერა, რომ ივანიშვილი ნამდვილად “აღარ ერევა”, “აღარ მართავს”?

ან თუნდაც ის, რომ ივანიშვილი აღარ არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ეს კარგია თუ ცუდი?  რა სჯობდა: ოფიციალური პოსტი ანუ ოფიციალური სტატუსი ჰქონოდა თუ არაოფიციალური, ჩრდილოვანი?

გულწრფელად რომ ვთქვა ძალიან მიჭირს საკუთრივ პოლიტიკურ პროცესებში რაიმე დადებითი გამოვყო. არაპოლიტიკურში კი ბატონო: ის, რომ ბოლოს და ბოლოს გვეღირსა ვაქცინა და უკვე ყველას აქვს საშაულება აიცრას, უკვე თავისთავად კარგია. იმის მიუხედავადაც კი, რომ ვაქცინირების პროცესი მანკიერად მიმდინარეობს.

ეს მაინც სჯობს არაფერს.

და სამი ყველაზე ნეგატიური? აქ შეგვიძლია გარკვეული დიფერენციაცია. ანუ მოვლენა, რომელსაც ვერ ავიცილიბდით თავიდან და მოვლენები, რომელთა გვერდის ავლა აბსოლუტურად შესაძლებელი იყო.

ვერ ავიცილებდით თავიდან საბრალო გოგონას, ახალციხელი ექთნის გარდაცველებას ლამის პირდაპირ ეთერში, პირველი აცრის შემდეგ.

ანიფილაქციური შოკი საზარელი სამედიცინო შემთხვევაა, რაც ყველგან შეიძლება მოხდეს; თუმცა ამ ტრაგედიამ კიდევ უფრო დაამძიმა ანტივაქსერული განწყობები საქართველოში, რასაც ისედაც ღრმა სოციო-ფსიქოლოგიური და ეთნო-ფსიქოლოგიური ფესვები აღმოაჩნდა. ეს ჯერ კიდევ შესასწავლია.

გასული წლის ყველაზე ნეგატიური მოვლენა იყო ნამახვან-ჰესის მრავალმილიონიანი, საშვილიშვილო ენერგო-პროექტის ჩაშლა უპასუხისმგებლო პოლიტიკანთა, ეკო-მანიაკთა, გულწრფელ “სასარგებლო იდიოტთა” და ფარულ აგენტთა ჯგუფის მიერ. ამით დაშინდა ყველა ინვესტორი, ვისაც კი საქართველოს ერთადერთ რესურსში, ჰიდრო-ენერგეტიკაში ინვესტიციის “ჩასხმა” შეეძლო. შესაბამისად, ძალიან დიდი ხნით აღმოვჩნდით უიმედოდ მიბმული რუსულ ენერგოგიგანტებზე. სამწუხაროდ, როგორც სჩანს, ამას თავიდან ვერ ავიცილებდით, რადგან მეტისმეტად დიდი რესურსებია დახარჯული “ანტიჰესური” მოძრაობის  - რეალურად საქართველოს ნამდვილი დამოკიდებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის გასაძლიერებალდ.

შესაძლებელი იყო 5 ივლისის სამარცხვინო მოვლენათა თავიდან აცილება. თანაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და უშედეგო აკრძალვის გარეშეც, მთავრობას ელემენტარული მარიფათი და წინდახედულება რომ გამოეჩინა.

ევროპის ძალიან ბევრ სახელმწიფოში მოქმედებს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ასეთ მწვავე, კრიზისულ, სახიფათო ვითარებებში ავალდებულებს ყველა მხარეს პატივი სცეს შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ოღონდ იმავდროულად ქმნის სამართლებრივ მექანიზმებს საიმისოდ, რათა კომპრომისი არა მხარეთა კეთილი ნება, არამედ ორმხრივი ვალდებულება იყოს.

აღარ დავაკონკრეტებ, რაკი იმ მოვლენებისას,  წახალისებულ ფანატიკოსთა ველური ძალმომრეობის შედეგად უდანაშაულო ადამიანი, ჩვენი კოლეგა, ლექსო ლაშქარავა დაიღუპა. იგი მხოლოდ და მხოლოდ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მოვლენების კონტექსტში ისეთ თემებზე გაამახვილე ყურადღება დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ორივე მხარეს თან, შეეცდება მათ გვერდი აუაროს, რაც ძალიან ცუდია მათთვის. და მაინც ვფიქრობ უპრიანი იქნება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე ცალკე შევაჩეროთ ყურადღება. აქაც არ არის შეფასებები ერთმნიშვნელოვანი - მეტწილად დიამეტრალურად საწინააღმდეგოა. ამიტომ საიტერესო იქნება შენი როგორც ისტორიკოსის და ჟურნალისტის შეფასება რა სარგებელი მოუტანა მისმა დაბრუნებამ ქართულ პოლიტიკას და ამავდროულად არის თუ არა მის დაბრუნებაში ნეგატიური კომპონენტი?

ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ საზრისს ერთი მანკიერი თვისება აქვს: მუდამ ცდილობს ანალიტიკა დაიყვანოს მათემატიკურ განტოლებამდე. ისტორიაში ასე არ ხდება. და არც პოლიტიკაში ხდება ასე. პოლიტიკა “განუჭვრეტელობის სქელნისლიანი სივრცეა”. იმიტომ, რომ ადამიანის პიროვნულ ნებას, ვნებას, მის ასპირაციას, იდენტობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება

ამიტომ, მე მაგალითად არავითარ შემთხვვევაში არ გამოვრიცხავ ემოციურ, სრულიად არარაციონალურ შემადგენელს  მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაში, დაბრუნებულიყო საქართველოში ყველა რისკის მიუხედავად.

აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ალბათ უპირველესად ის უნდა გავარკვიოთ, რა იყო მისი გადაწყვეტილების ემოციური მდგენელი.  ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის მოტივაცია არ დაიყვანება “ხელისუფლება/ძალაუფლების” დაბრუნებაზე.  ვფიქრობ, მისი მთავარი ვნება ამჟამად ის ფენომენია, რასაც ინგლისურად ეწოდება Legacy. არა მგონია ზუსტი თარგმანი იყოს “მემკვიდრეობა”. შინაარსობრივად უფრო ზუსტი იქნებოდა “დანატოვარი” ან “ნამოღვაწარი”.

რას გულისხმობ, იქნებ დააკონკრეტო...

სააკაშვილს მიაჩნია, რომ მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, მისი რაობა, იდენტობა განხორციელდა იმ 9 წლის განმავლობაში, როცა ის საქართველოს მართავდა, ქვეყანას ცვლიდა, რეფორმებს ატარებდა.....აქედან გამომდინარე, მისი აღქმით, თუ ის იქნება საქართველოში, ხოლო  პარტია - ხელისუფლებაში, მისი Legacy ისტორიულად დაფასებული იქნება. თუ არა, მაშინ “დანატოვარი” დაკნინდება. შესაბამისად დაკნინდება მისი როლიც ისტორიაში.

აი, ეს მისწრაფება და ვნება, ისტორიული როლის დამკვიდრებისა, ბევრად ღრმა და  რთულია ვიდრე უბრალოდ ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრობა და ა.შ. მით უმეტეს, როცა უამრავი მარკერი არსებობს იმ განცხადებათა სარწმუნოდ მისაჩნევად, რომ საააკშვილი  არც ერთ შემთხვევაში არ იტყვის უარს უკრაინის მოქალაქეობაზე, რაც გამორიცხავს საქართველოში უმაღლესი თანამდებობების დაკავებას. სხვას კი სააკაშვილი არ დათანხმდებოდა.

თუმცა დავიტოვებ უფლებას გამოვთქვა ჩემი მოსაზრებაც, რომ არა 2012 წლის მოვლენები სააკაშვილი ახლა ან პრემიერი იქნებოდა ან ისევ პრეზიდენტი და თან სხვა უფლ;ებებით ვიდრე დღევანდელი. და დაბრუნებაზე რას იტყვი, ანუ დაბრუნების შედეგებზე?

რაც შეეხება მისი დაბრუნების შედეგებს. მე არ ვიჩქარებდი დასკვნების გაკეთებას. პროცესი ჯერ არ დასრულებულა ანუ “თამაში ბოლომდე არ შემდგარა”.

ვაღიაროთ: მიშა ძლიერი მოთამაშეა. მისი ლამის ფანატიკური ვნება, რაზეც ვილაპარაკე, კონკრეტულ ბრძოლაში რესურსთა მოძიებაზე არ ზემოქმედებს. ამის მაგალითები ისტორიაში უამრავია, როცა არარაციონალური ასპირაცია აიძულებს ადამიანს ჩაებას ბრძოლაში, თუმცა უშუალოდ ბრძოლისას უკვე “ჭადრაკის თამაშს” ახერხებს.

ანუ პროცესი გრძელდება?

ვიმეორებ: ჯერ არაფერი დამთავრებულა და არ “შემდგარა”. პროცესში ვართ.... ესე იგი  არათუ მიტელშპილში, ანუ შუათამაშში, არამედ დებიუტიც არ “დალაგებულა” ბოლომდე.

პირადად ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად გაშვებული შანსია შარლ მიშელის დოკუმენტის ჩაგდება, რომელსაც შეეძლო საკმაოდ პოზიტიური როლის თამაში გრძელვადიან პერსპექტივაში და 2021 წლის გამორჩეულ შავ ლაქად მიმაჩნია - 5 ივლისის მოვლენები. თუმცა თუ საზოგადოებრივ პოზიტივზე ვისაუბრებთ, რისი შეფასებებისგან ხშირად თავს იკავებენ ჩვენი, ზედმეტად პოლიტიზირებული თანამოქალაქეები, აქ ნამდვილად გამოვყოფდი ლაშა ტალახაძის უპრეცენდენტო გამარჯვებებს - ოლიმპიადა, მსოფლიოს და ევროპის ჩემიონატები და ყველგან რეკორდები, ისევე როგორც საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ზიანის კონტექსტში ნამდვილად პირველ ადგილზეა ნამახვანის პროექტის ჩანდება. ამ მეორე ნაწილში როგორია შენი მოსაზრება?

“შარლ მიშელის შეთანხმება”  იმთავითვე მკვდრადშობილი დოკუმენტი იყო. ამას აქვს აბსოლუტურად “შეუვალი” სისტემური მიზეზი: მმართველ პარტიას სურდა, ამ ქაღალდზე  დაყრდნობით, დღის წესრიგიდან მოეხსნა რიგგარეშე არჩევნების საკითხი. მაგრამ ოპოზიციის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ძირეული ინტერესები ამას კატეგორიულად გამორიცხავდა.

ანუ ეს იყო მთავარი პოლიტიკური აქტორების თამაში?

ორივე მხარე თამაშობდა რასაკვირველია. აბა როგორ წარმოედგინა “ქართულ ოცნებას” პროცესი ისე გაგრძელებულიყო, რომ მაგალითად არ შეწყვეტილიყო ის  სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც უკვე მომავალი წლის იანვარში დადგება ალბათ განაჩენები - ნიკა გვარამიას, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის და არ შესრულებულიყო მიხეილ სააკაშვილის დეკლარირებული თუ არადეკლარირებული მოთხოვნა მისი განაჩენების გაუქმების და საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ?

ლაშა ტალახაძეს თქვენი მეშვეობით ვულოცავ არა უბრალოდ ბრწყინვალე გამარჯვებებს არამედ ღირსეულ ადგილს რაც მან უკვე მოიპოვა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, როგორც ადამიანმა, ვინც თავისი შრომით და ვაჟკაცობით საკაცობრიოდ სახელი გაუთქვა ქვეყანას. იმ ქვეყანას, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამდენი დამარცხება იწვნია და სჭირდებოდა თვითრწმენის აღდგენა.

მისი ანტიოპოდია ის კამარილია, ვინც ჩაშალა ნამახვანის პროექტი, ამით ჩაშალა ზოგადად საქართველოს ენერგეტიკული რესურსის ჩაყენება ჩვენი ქვეყნის თავისუფალი განვითარების სამსახურში და ჩემი ღრმა რწმენით,  ჩაიდინა ისტორიული დანაშაული!

საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე - როგორი იყო 2021 წელი და რა მთავარი მახასიათებლებით შემორჩება ეს წელი ისტორიას?

თუ საქართველოზე ვისაუბრებთ........ძალიან არ მინდა ამ საახალწლოდ საშინელებები ვილაპარაკო, მაგრამ ვშიშობ, ხომ არ აღმოჩნდა ჩვენი პატარა ქვეყანა იმ საბრალო ციკნის მდომარეობაში, გათავხედებული მგელი რომ ეუბნება: “შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული რწმენაო........”

პუტინის აგრესია უკვე იმ საშიშ ზღავრს უახლოვდება, როცა უკრაინის, საქართველოს, ბელორუსის, მოლდოვას დამოუკიდებლად არსებობის საკითხი დგება ეჭვქვეშ.

ყველაზე საზარელი კი ისაა, რომ ალტერნატივებს ვერ ვხედავთ. ანუ ჩემთვის არ არის სარწმუნო ის თეზისი, თითქოს ამ მოცემულობის შესაცვლელად არსებობს რაღაც “ალტერნატიული საგარეო პოლიტიკური ტაქტიკა ან სტრატეგია” და თუ ხელისუფელება შეიცვალა, მაშინ მოცემულობაც შეიცვლება.

ჩვენს პატარა ქვეყანას არც ერთ შემთხვევაში არა აქვს რესურსი, გლობალური მოცემულობა შეცვალოს. ამიტომ ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, დასავლეთი გამოფხიზლდება, გააცნობიერებს საკუთარ გლობალურ ფუნქციას და ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე  ძველ-ახალი რუსული “დერჟავას” აღდგენას არ დაუშვებს.

ცალკე თემად გვერდს ვერ ავუვლი აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს. ისევე როგორც გერმანიაში ხელისუფლების ცვლილებას. შესაძლოა ახლა თემას ვცდები, მაგრამ ამ ქვეყნებისა და მათი ლიდერების დღის წესრიგის რა გზამკვლევი გამოიკვეთა 2021 წელს? ანუ, უფრო კონკრეტლად, რა სამომავლო მემკვიდრეობას ჩაუყარეს მათ საფუძველი?

გერმანიის ახალი ლიდერი, ოლაფ შოლცი, ისევე როგორც მისი კოალიცია ჯერ-ჯერობით ვერ ამჟღავნებენ თვისებებს ან/და სურვილს, თავისი ქვეყანა თუნდაც ნაწილობრივ გაათავისუფლონ ისტორიული კომპლექსებისგან, არც ამ გენიალურ ერს მისცემდა საშაულებას, ევროპის ლიდერი ქცეულიყო. შედეგად, ევროპა იქცეოდა ერთ-ერთ გლობალურ ლიდერად ამერიკასთან და რუსეთთან ერთად. ბუნებრივია, ეს პროცესი პოსტსაბჭოურ სივრცეზე, ანუ პუტინის სახელმწიფოს მეზობელ ქვეყნებზეც სასიკეთოდ აისახებოდა. თუმცა იმ საზარელი ტრაგედიის შემდეგ, რაც ამ დიდ ქვეყანას თავს დაატყდა 90 წლის წინ აგრესიულ მანიაკთა ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად,  გერმანია თავის ისტორიულ მისიას ალბათ კიდევ დიდხანს ვეღარ შეასრულებს. ეს ისეთი ისტორიული ტრავმაა, რომელიც ერს საუკუნეები გაჰყვება. ამიტომ გერმანია კიდევ დიდხანს ვერ იქნება რეალური ისტორიული აქტორი.

ხსენებული საზარელი ეროვნული ტრაგედიის საილუსტრაციოდ კი შეგვიძლია ვიხილოთ გერმანელი რეჟისორის, ოლივერ ხირშბიგელის შემაძრწუნებელი ფილმი “ბუნკერი”.

გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სიფრთხილე და სიფაქიზე გერმანული პოლიტიკური კულტურის უმთავრეს შემადგენლად იქცა. თან პოლიტიკური სისტემაც ისეთი შექმნეს ადენაუერის დროიდან, კონცენტრირებული პოლიტიკის გატარება ბერლინს ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდება.

მეორეს მხრივ, სწორედაც გლობალურად მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესია, რომ სულ უფრო იკვეთება სისტემური დაპირისპირება ამერიკასა და ჩინეთს შორის. ვგულისხმობ მათ სტრატეგიულ ინტერესთა შეუთავსებლობას. შესაძლოა ცუდი შედარებაა, მაგრამ დიდ  სახელმწიფოთა ამგვარი დაპირისპირება მხოლოდ ისტორიული ასპარეზიდან ერთ-ერთის გაქრობით თუ შეიძლება აღმოიფხვრას. როგორც რომისა და პართიის, კართაგენისა და რომის ისტორიული დაპირისპირება დასრულდა.

ჩინეთი ვეება გოლიათია, რომელიც უკვე აქტიურად იყურება წყნარი ოკეანისკენ, სადაც დაიბადა სინამდვილეში ამერიკა, როგორც გლობალური ზესახელმწიფო მეორე მსოფლიო ომში საიმპერატორო იაპონიის დამარცხების შემდეგ. წყნარ ოკეანეს, ამ აზრით,  კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის გლობალური ლიდერობისთვის, ვიდრე ევროპასაც კი.

დღემდე ჩინეთი მშვიდად და სტაბილურად ვითარდებოდა ეკონომიკურად. ეკონომიკურ ექსპანსიასაც კი ფრთხილად მიმართავდა, ხოლო სამხედრო აქტიურობისაგან ყველა შემთხვევაში თავს იკავებდა.

დღეს უკვე სულ სხვა ტენდენცია იკვეთება. და რაც ჩვენთვის არსებითია, აი ამ გლობალურ დაპირისპირებაში ამერიკასა და ჩინეთს შორის, რუსეთმა შესაძლოა “ხელი მოითბოს” პოსტსაბჭოური სივრცის უდიდეს ნაწილზე “დერჟავას” აღდგენით - 1945 წლის საზღვრებამდე, ბალტიის გამოკლებით. 

2021 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, თავისი ინსტიტუციებით, სრული კომპონეტებით უფრო გაძლიერდა თუ დასუსტდა?

ჩემი აზრით უფრო დასუსტდა, რადგან “ჩამოშლადი სახელმწიფო”ნხანგრძლივი ტურბულენტობის შედეგად მხოლოდ სუსტდება, არათუ რაიმენაირად  ძლიერდება. ამ შემთხვევაში არარელევანტურია ნიცშეს გენიალური გამონათქვამი: “რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს”.

უკვე ცხადია, რომ 2022 წელი არ იქნება მარტივი. პანდემია კვლავ რჩება ჩვენი ცხოვრების ერთგვარ თანაგზავრად. ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი რუსთაველის გამზირს არ სცდება. გვაქვს საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარება - ქვეყნიდან ინვესტორები გარბიან. როგორ ფიქრობ მაინც რა იქნება 2022 წლის მთავარი თემა და ამოცანები, რომლის გადაჭრა-გადაწყვეტა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო კონტექსტში მოუწევს საქართველოს?

2022 წელი დიდი ალბათობით, გლობალური პანდემიის დასასრული იქნება. ეს ოპტიმისტური პროგზონი ბევრმა უმაღლესი კლასის სპეციალისტმა გამოთქვა. მათი აზრით, Omicron  შტამი ამ მზაკვარი ვირუსის აღასასრულის დასაწისის მაჩვენებელი უფროა, ვიდრე მისი სიცოცხლისუნარიანობისა.

საქართველოში კი, მომავალი წლის მთავარი პოლიტიკური თემა კვლავინდებურად იქნება მიხეილ სააკაშვილი! ეს ობიექტური მოცემულობაა, მოსწონს ვინმეს თუ არა. ამ თემის ჩანაცვლება  შესაძლოა მოხდეს ორი სხვა  “მეგათემით” და ორივე ნეგატიურია: თურქეთის ფინანსური კრიზისი, ლირას კატასტროფული დევალვაცია, - ამ ქვეყანაზე საქართველოს მიბმულობის გამო, - შესაძლოა საქართველოს   ეკონომიკას წალეკვით დაემუქროს.

მეორე თემა კი, არ არის გამორიცხული, უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესია გახდეს.

ვიმედოვნოთ, დასავლეთის მკაფიო პოზიციის წყალობით, ამ ნეგატიურ “მეგათემას” პოზიტიური ჩანააცვლებს. დასავლეთს ამის რესურსი ნამდვილად აქვს. თვალსაჩინო პრობლემა  პოლიტიკური ნებაა.

მადლობა, მართლაც რომ საინტერესო ინტერვიუსთვის.

 

NATION, ესაუბრა გეგა სილაგავა