"გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას" -კობახიძე
Anonymous ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა
"აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან" - ეკლესიის ეზოში, ახალგაზრდები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს- განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა" - ზურაბიშვილი
"საქართველოს მომავალი EU-შია... არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი" - მიშელი კობახიძეს ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი

სვანეთი - მამაპაპური საქართველოს სახე

02.05.2024 | 10:11 ნახვები: 4763

სვანეთში კვდება ტურისტული ინდუსტრია. რეგიონში ეკონომიკის ერთად-ერთი დარგი, სადაც შესაძლებელია მოპარვის, სახელმწიფო ყულაბაში შეძრომის და ნათესაობრივი კავშირების გარეშე წარმატების მიღწევა - სულს ღაფავს.

ცოტაც - და სვანეთი დაუბრუნდება თავის ტრადიციულ რეალობას, სადაც შემოსავლის ერთად-ერთი მნიშვნელოვანი წყარო დარჩება ხე-ტყის ბარბაროსული ჩეხვა... ჯერ საქმე აქამდე არ მისულა, მაგრამ, როგორც ამბობენ სვანეთში სასტუმროების მფლობელები, ვითარება ძალიან ახლოსაა ასეთ კატასტროფასთან.

მიზეზი - ყველამ ვიცით. 21-ე საუკუნეში სვანეთში მძვინვარებს სრულფასოვანი ენერგოდეფიციტი. სვანეთი ისედაც არ გამოირჩევა დიდი კომფორტით და უცხოელი ტურისტები იქ კომფორტისთვის არ მიდიან. მათ იზიდავთ ველური ბუნება, მთები, კოშკები, და სამზარეულო. მაგრამ ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვა სცილდება იმ ბუნებრივ დისკომფორტს, რომელიც გარდაუვალია მაღალ მთაში.

ოფიციალურად, ყველაფერში დამნაშავეა ხელისუფლება (აბა ვინ მეტი?) - სვანეთში უფასო ელექტროენერგიაა, ეს იზიდავს უკანონო კრიპტომაინერებს, ენერგომოხმარება იზრდება, ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს და მწყობრიდან გამოდის. ეს რა თქმა უნდა ასეა. ელექტროენერგია სვანეთს რომ მიეწოდებოდეს იგივე პრინციპით, რაც დანარჩენ საქართველოს - არანაირი ენერგოკრიზისი არ იქნებოდა. ეს ცხადია და ეჭვგარეშეა.

მაგრამ არის ერთი მხარე, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას და საერთოდ სალაპარაკოდაც არ მიიჩნევს. არადა ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთავრობის სიბრიყვე - ასევე ცალსახა და უეჭველი.

სვანეთი - არის ერთად-ერთი რეგიონი საქართველოში, სადაც ბატონობს ე.წ. ჭეშმარიტი ქართველობა. იქ არ არის არც ერთი ლიბერალი, იქ არ იცავენ ლგბტ-თემის უფლებებს, იქ არაფრად აგდებენ ადამიანის უფლებებს და საერთოდ, სვანეთი - ალტინფოს საოცნებო მხარეა - ჭეშმარიტი, მამაპაპური ქართველები ყოველგვარი ევროპული გავლენის გარეშე.

სვანეთი ნათლად გვიჩვენებს, რა ხდება იქ, სადაც ბატონობს მამაპაპური ქართველობა. იქ, სადაც ებრძვიან ყველაფერს დასავლურს - ფულის და კომფორტის გარდა და ამაში გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ.

გაინტერესებთ, როგორი იქნება საქართველო „ლიბერასტების“, უფლებადამცველების, არასამთავრობოების, ოპოზიციური მას-მედიას, რელიგიური შემწყნარებლობის და უცხოელებისადმი ლოიალური დამოკიდებულების გარეშე? აგერ, ცოცხალი მაგალითი, თუ რა დონის მართვა და თვითორგანიზება შეუძლიათ „ქართველობის დამცველებს“.

სვანეთს აჩუქეს ტურისტული ინდუსტრია. შეუქმნეს, ფეხზე დაუყენეს. საერთაშორისო ტურისტები მოუზიდეს. მხარე გამოცოცხლდა და მე-15 საუკუნიდან ერთბაშად მე-19-ში გადმოხტა. შექმნეს, ააშენეს და აჩუქეს ტურიზმი სვანეთს სწორედ საძულველმა „ლიბერასტებმა“. მათ დაამყარეს მხარეში მინიმალური წესრიგი და სვანეთს სახელი უცხოეთში გაუთქვეს.

ლიბერასტების აწყობილ საქმეს - დღეს მამაპაპურები ანადგურებენ. იმიტომ, რომ 5000 ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს სვანეთში - თავი ვერ მოაბა იმას, რომ ერთმანეთს ელექტროენერგია არ მოპარონ. ყველამ ყველაფერი იცის - ვინ ფლობს კრიპტოფერმებს, ვინ სპობს რეგიონის ენერგეტიკას და ანადგურებს ტურისტულ სექტორს, მაგრამ არავინ ხმას არ იღებს - „ჩაშვება გამოვა“.

21-ე საუკუნეში ათასობით ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე, ვერ ფარავს სასტუმროების მოწყობაზე აღებულ სესხებს, მხარე დგას ნამდვილი კატასტროფის წინაშე. მაგრამ არავინ არ იღებს ხმას.

3 წლის წინ სვანებმა პათოსურად დაიფიცეს ხატზე რომ მაინინგს არ დაუშვებენ. ეს ძალიან სასარგებლო ფაქტი იყო - გამოჩნდა, რამდენად არავის ადარდებს ეს მაღალფარდოვანი რიტუალები მაშინ, როდესაც დიდი ფულის სუნი სცემს. ეს ჩვენ, ქალაქელ ქაჯებს გვიმტკიცებენ, რომ „თუ სვანმა ვაჟკაცებმა ხატზე დაიფიცეს - შანსი არაა არ შეასრულონ“.~ ჰო, აბა, ამ ზღაპარს დღეს ქალაქელი ქაჯებიც ვერ დაიჯერებენ.

სვანეთი არის იმის ნათელი მაგალითი, რისი გამკეთებელია ტრადიციული, მამა-პაპური საქართველო ევროპული გავლენის გარეშე. უყურეთ და კარგად დაიმახსოვრეთ - სწორედ ეს მოაქვთ ჩვენთვის ალტინფოს, კონსერვატიულ პარტიას, პატრიოტთა ალიანს, და „ქართველობის“ სხვა დამცველებს.

მათ რომ გაიმარჯვონ - სვანეთი ხვალ მთელი საქართველო იქნება.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა