ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები-ზალკანიანი
„ოცნების“ ხელში მოქალაქე დაუცველია, სახელმწიფო კი მოშლილი-ნათია მეზვრიშვილი
მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს-ირაკლი ზარქუა
სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები-აზარაშვილი
პრემიერი მპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
31 გარდაცვლილი და 7 947 ახალი შემთხვევა-24 იანვრის კოვიდსტატისტიკა
30-იანი წლების პატარა საბჭოთა მოღვაწეა-გიორგი გაგოშიძე წულუკიანზე
ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველო - ეგზოტიკური ქვეყანა, დარდიმანდი მოსახლეობა და ჭრაქის პერსპექტივა

11.30.2021 | 11:11

საქართველო, დიდი ხანია, ეგზოტიკური ქვეყანაა, რომელსაც საუკუნეებია, სახელმწიფოებრიობის განცდა არ აქვს. ამ ეგზოტიკურობას მოსახლეობის დარდიმანდობა კვებავს, რაც პირველ რიგში, კარგად და სხვის ხარჯზე ცხოვრების სურვილს გულისხმობს.

საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ კარგად ცხოვრება კარგია. ისიც იცის, როგორია კარგი ცხოვრება, მაგრამ არ იცის, რა არის საჭირო ამ კარგი ცხოვრებისთვის. არა, მთლად ეგრეც არ არის, რომ არ იცის, რა არის საჭირო, მაგრამ ურჩევნია, ამ საჭიროებით სხვა დაკავდეს და თავად ისინი აცხოვრონ და აცხონონ.
ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ - ქართველის, ანუ მოსახლეობის უმეტესობის თვალსაწიერი რუსთაველის გამზირს ვერ სცდება და დედამიწის ჭიპი ჰგონია. ისე, რომ ჰკითხო, სადაა დედამიწის ჭიპიო, რამდენი განათლებული და თავკერძა ქართველი გიპასუხებთ ამ კითხვაზე საძიებო სისტემის - „დაგუგვლის" გარეშე, ეგ ცალკე უბედურებაა. არადა, ჩვენ ხომ დედამიწაზე ყველაზე განათლებული და ყველაფრის მცოდნე ხალხი ან, თუ გნებავთ, ერი ვართ.
ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ვერ გუობს რეფორმებს, პროგრესს, მაგრამ რეფორმებისა და პროგრესის პროდუქტს სიამოვნებით ეძალება.
ღარიბ ქვეყანას მსოფლიოში გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ერთ სულ მოსახლეზე ავტომობილების, მერე რა რომ მეორადი, ფლობით. ასევე, მოწინავეები ვართ ბოლო თაობის „აიფონისა" თუ „სამსუნგის" ტელეფონების ქონით.
ისე, მობილურ ტელეფონებზე, გახსოვთ, გასული წლის 90-იანი წლების შუა პერიოდისა და მიწურულის ამბები? - ჰო, სასულიერო პირების ქადაგებებს გახსენებთ, ეშმაკის გამოგონილია, თორემ ხაზის გარეშე ხომ წარმოუდგენელია დიდ მანძილზე ხმის გადაცემაო. ამას იმეორებდა და ამბობდა ის „სოციუმი", რომელმაც რადიოდან გამომავალი ხმა რომ გაიგო, ეგრევე ეშმაკი ახსენა, ტელევიზორის ნახვაზე კი კრუნჩხვებში ჩავარდა.
ვერ დამაჯერებთ, რომ ერთი „ნაცნობიც" არ გყავთ ისეთი, რომელიც ისევ „იქ" ბაზრობაზე დგას და ისევ „იმას" ვაჭრობს. ვერ დამაჯერებთ, რომ ერთი ნაცნობი არ გყავთ ისეთი, რომელმაც 50 წელს მიაღწია და არასოდეს არსად უმუშავია და ამ დროს სულ სამსახურს ეძებს და სულ უკმაყოფილოა ყველა ხელისუფლებით, იმის გამო, რომ თავად წარსულში ჩარჩა. ვერ დამაჯერებთ, რომ... ჰო, ჩემზე უკეთ იცით რასაც...
საქართველო ეგზოტიკური ქვეყანაა, რომლის მოსახლეობასაც არ სურს შრომა, მაგრამ დაუსრულებლად საყვედურობს ყველას და ყველაფერს იმის გამო, რომ მისი ქვეყანა არ არის განვითარებული ეკონომიკა.

***
აი, „ჭიპი", რომ ვახსენე, ეგ აღქმა რომ არ გვქონდეს და „რუსთაველის გამზირის" მიღმა ვიხედებოდეთ, სამყაროსაც სხვაგვარად აღვიქვამდით. მინიმუმ, ის გვექნებოდა გააზრებული, რომ ხვალ ცხოვრება უფრო გაძვირდება და კარგი ცხოვრებაც ან, თუ გნებავთ, კარგად ცხოვრება ისევ შორეული პერსპექტივა გახდება თუნდაც იმის გამო, რომ ენერგორესურსების გაძვირებით ძვირდება ყველაფერი, რაც საქართველოში იმპორტზე შემოდის - ავტომობილიდან და „აიფონიდან " დაწყებული ჩვენსავე სახლში, ჩვენსავე მაცივარში ჩვენივე მომზადებული კერძის შენახვით დასრულებული.
კარგად ცხოვრების მსურველებმა ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ რთულ ვითარებაშია, რაც შესაბამის გავლენას ახდენს მარტივად რომ ვთქვათ, მაცივარში შენახული, თუნდაც ჩვენივე ბოსტანში მოყვანილი კერძის ფასზე.
ეკონომიკის განვითარებას პირველ რიგში საკმარისი ენერგორესურსები სჭირდება. სახელმწიფოები ცდილობენ, უზრუნველყონ საკუთარი პოტენციალი მდგრადი ენერგორესურსებით - პირველ რიგში, ტრადიციულ ენერგორესურსებზე კონტროლის დაწესებით, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური ღონისძიებების გამოყენებით.
გლობალური ენერგეტიკული პრობლემა მდგომარეობს მოსახლეობისა და ეკონომიკის მზარდი მოთხოვნილებების ენერგეტიკული რესურსებით სათანადო უზრუნველყოფაში.
მსოფლიო ენერგეტიკულმა საბჭომ წამოაყენა ე.წ. ენერგეტიკული ტრილემის კონცეფცია, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში: ბალანსის ძებნა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ სწრაფვაში; ენერგომომარაგების ფასების ხელმისაწვდომობა; ეკოლოგიური მდგრადობის გზების ძებნა;
მსოფლიო მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანია შედარებით იაფი, მყარი, უსაფრთხო, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული ენერგომომსახურება განახლებადი ენერგიის ხვედრითი წლის ზრდით.
2030 წლისთვის, ენერგიის გამოყენების მოცულობა მსოფლიოში ორჯერ გაიზრდება. გაზის, ნავთობის, ნახშირის იმპორტით ევროკავშირი საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეძლებს 70%-ით, აშშ - 40%-ით, იაპონია - 90%-ით.
2050 წლამდე ნავთობი, გაზი და ნახშირი კვლავ შეინარჩუნებენ დომინირებულ როლს დედამიწის ენერგეტიკულ ბალანსში, ხვედრითი წილი იქნება 70%, ამჟამინდელი მაჩვენებელი - 80%.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მოხდება ერთგვარი გადანაწილება. თუ დღეისთვის პირველ ადგილზეა ნავთობი, სამომავლოდ მას გაზის მოხმარება ჩაანაცვლებს. პრიორიტეტის ცვლილება გაზის მარაგებს და მისი ეკოლოგიურ კომპონენტს დაყრდნობა.
რაც შეეხება ჰიდროენერგეტიკას, ეს მიმართულება კვლავ შეინარჩუნებს საკუთარ სტაბილურ პოზიციას მსოფლიო ენერგეტიკულ ბალანსში, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის მოხმარების ორჯერ ზრდის პირობებში, ჰიდროენერგეტიკის მიერ წარმოებული ენერგიის მოხმარებაც ორჯერ გაიზრდება. შესაბამისად, ორჯერ უნდა გაიზარდოს ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალი. ფრიად სამწუხაროა, რომ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა ჰიდროელექტროსადგურებს ვერ იაზრებს როგორც განახლებადი ენერგიის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას.
2020 წელს, გენერირებადი სიმძლავრეების ზრდის 90% განახლებადი ენერგიის წყაროებზე, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურებზე მოვიდა.
მსოფლიო ისტორია მეოთხე ენერგეტიკული ცვლილების ან, როგორც უწოდებენ, გადასვლის ეტაპზე იმყოფება. ტექნოლოგიური პროგრესი ცალკეული ამოცანების უსაფრთხო და ეფექტური გადაწყვეტის საშუალებას იძლევა. ისეთ სეისმურად აქტიურ ტერიტორიაზეც კი, როგორიცაა იაპონია, ყოველწლიურად ხდება ატომური ელექტროსადგურების მოდერნიზება ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. იგივე ვითარებაა მსოფლიოში ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით.

***
ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, მაგრამ გვაქვს წყალი, წყალი, რომელსაც ვღვრით.
აბა, ახლა სხვა კითხვა დასვათ - რომელია მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ეკონომიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში, შემდგომი ზრდის ტენდენციით? ვუპასუხებ - ჩინეთი.
აქვე, კიდევ ერთი კითხვა - რომელი ქვეყანაა მსოფლიო ჰიდროენერგეტიკის ლიდერი?
ისევ მე ვუპასუხებ - ჩინეთი.
მსოფლიოს 100 ყველაზე დიდი ელექტროსადგურიდან 28 ჩინეთს ეკუთვნის. შემდეგ მოდიან კანადა და ბრაზილია.
21 საუკუნეში ვის აქვს მსოფლიოში ყველაზე ინტენსიური აქტივობა ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის? - ჩინეთს! ამ ქვეყნისთვის ჰიდროენერგია ენერგიის ძირითადი პოტენციალია ისევე, როგორც ნავთობი და გაზი - რუსეთისთვის. ჩინეთისთვის არის და იყენებს კიდეც, ჩვენთვის?
მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურის - „სამი ხეობა" -პარალელურად, ამ ქვეყანაშია განლაგებული მსოფლიოს მცირე ჰიდროელექტროსადგურების ნახევარი.
მკითხველმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჰიდროენერგიით ლიდერობენ ნორვეგია, ისლანდია და კანადა.
ახლა, ვნახოთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური სადაა განთავსებული:
„სამი ხეობა" - ჩინეთი; მდინარე იანძი; აშენებულია 2008/2011 წლებში; დადგმული სიმძლავრე 18 300 მვტ; საშუალო წლიური გამომუშავება - 100 მლრდ/კვ.სთ; წყალსაცავის მოცულობა -632 კვ.კმ.
„იტაიპუ" - ბრაზილია/პარაგვაი; - მდ. ფარანა; - 1984/1991/2003 წ.წ; - 14 000 მვტ; - 94,7 მლრდ/კვ.სთ; - 1 350 კვ.კმ;
„გური" - ვენესუელა; - მდ. კარონი; - 1986; - 10 200 მვტ; - 46 მლრდ/კვ.სთ; 4250 კვ.კმ;
„ტიკურუი" - ბრაზილია; - მდ. ტოკანტისი; - 1984; - 8370 მვტ; - 21 მლრდ/კვ.სთ; - 3014 კვ.კმ;
„გრანდ-კული" - აშშ; - მდ. კოლუმბია; - 1942/1980; - 6809 მვტ; - 20 მლრდ/კვ.სთ; - 330 კვ.კმ;
„საიანო-შუშენსკაია" - რუსეთი; მდ. ენისეი; - 1985/1989; - 6400 მვტ; - 26.8 მლრდ/კვ.სთ; - 621 კვ.კმ.
არ გავაგრძელებ ჩამოთვლას, ვისაც უნდა და აინტერესებს, იპოვის კიდეც მონაცემებს, მე, უბრალოდ, ის მაინტერესებს - ამ ქვეყნების მოსახლეობას არც საკუთარი სამშობლო უყვარს, არც პატრიოტები არიან, არც ღმერთი სწამთ?
მოდით, ჩინეთს თავი დავანებოთ, ნორვეგიაზეც თვალი დავხუჭოთ და ისლანდიაზეც, რამე უფრო მოკრძალებული მოძებნოთ რუკაზე. მაგალითად, ესტონეთი....
2012 წელს, ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების მაშინდელი მინისტრი იუჰან პარტსი ქვეყნის წინაშე არსებული ენერგოგამოწვევებზე საუბრისას, აცხადებდა: ელექტროენერგეტიკის სფეროში ჩვენ დავისახეთ შემდეგი მიზნები - საკუთარი წყაროებით უზრუნველვყოთ შიდა მოხმარების დაკმაყოფილება ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც მეზობლებზე დაყრდნობა შეუძლებელია, ან კიდევ იმპორტის განმახორციელებელი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებისას. ამ მიზნისთვის ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ახალ პროექტებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას შემდგომი 20-30 წელი. ახალი ელექტროსადგურები ბევრად უსაფრთხოა და გარემოს აყენებენ ნაკლებ ზიანს.

***
მოკლედ, ყველა ფიქრობს და არა მხოლოდ ფიქრობს, აკეთებს, ქმნის. მხოლოდ ჩვენ - ეგზოტიკური ქვეყანა ვფიქრობთ ჩვენს ეკოლოგიაზე, საფლავებზე, მიწაზე, და ღმერთზე და ამიტომაც ვღვრით ღმერთის მიერ მოცემულ სიმდიდრეს. არც იმის შნო გვაქვს, რამე სხვა შევქმნათ - აეს-ს ხომ არ ავაშენებთ ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ არც ხუდონს, არც ნენსკრას და არც ნამახვანს მივცემთ არსებობის უფლებას. ჩინელები ბევრნი არიან და ჩვენ ცოტანი... ურჯულოებმა რაც უნდა ის აკეთონ, ჩვენ რჯულის კანონი გვიკრძალავს....

ეს არის ჩვენი ცივილიზებული ეგზოტიკური აზროვნება...

მოკლედ, არავის უყვარს სამშობლო, მხოლოდ ჩვენ - ეგზოტიკური ქვეყნის ეგზოტიკურ მოსახლეობას და თან ისე, რომ მენტალური სიბნელის მატერიალური რეალიზაციას ვახდენთ.
ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სახელმწიფოებრიობა და მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს პასუხისმგებლობა, მუდმივად იქნება ეგზოტიკური ქვეყანა. ხაჭაპურის და ხინკლის ჭამა - ღვინოს, დუდუკს და ქალებს მაინც და მაინც ნათურა არ სჭირდება. ეგ ჭრაქზეც შეიძლება. ვარლამის და მავნებელი მწვანეების ჭკუაზე სიარულიც ჩვენი ეგზოტიკური აზროვნების პროდუქტია. ჰოდა, მაშინ კარგ ცხოვრებაზეც ნუ „აჩმახებთ".

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი