„მიხეილ სააკაშვილმა ყველა ის მითი დაამსხვრია, რაც უკავშირდებოდა თანხის გაფლანგვას“ - ადვოკატი
„მიშამ გააქარწყლა პროკურატურის ბრალდება“ - გიული ალასანია „პიჯაკების საქმის“ სასამართლოზე
პოზიტიურია, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიეცა საშუალება, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს - კელი დეგნანი
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა“ - ადვოკატი
„დღევანდელი სასამართლო სააკაშვილისთვის პოლიტიკური ტრიბუნა იქნება“ - გურამ მაჭარაშვილი
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენმდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორედ აირჩიეს
სააკაშვილის ადვოკატები „პიჯაკების საქმის“ დღევანდელ სასამართლოზე
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია

გალობის მასწავლებლები, მათი დედიკოები თუ სახელმწიფო, რომელიც შესაძლოა, რუკიდან გაქრეს

11.17.2021 | 12:23

სახელმწიფო - არაა სუფრა და სადღეგრძელო, სახელმწიფო - არაა „ეროვნული იდენტურობის დაცვა" და „ქართველობის შენარჩუნება".

პოეტებს, მომღერლებს, ფილოსოფოსებს და სამღვდელოებას აქვს იმის ფუფუნება, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე სუფრის ენით ისაუბროს. მაგალითად, მევენახეობა დაიცვას არა იმიტომ, რომ ის მომგებიანია და სამუშაო ადგილებს ქმნის, არამედ იმიტომ, რომ ღვინო - ქრისტეს სისხლია, და ქართველი ხალხი ოდითგან....
ბიზნესზე უნდა ილაპარაკო ბიზნესის ენაზე - მოგება, წაგება, შესაძლო სხვა ბენეფიტები, ისეთები, როგორც, მაგალითად, ტექნოლოგიების მოზიდვა, კვალიფიციური კადრების აღზრდა და ა.შ.
სახელმწიფომ უნდა ილაპარაკოს სახელმწიფო ენაზე - რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პროექტი და იდეა ქვეყნის უსაფრთხოებას, მისი გარემოს დაცვას, საზღვრების ხელშეუხებლობას და ზოგადად, სტაბილურობას და განვითარებას.
ეს მარტივი თემა არაა ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრივი აზროვნება თითქმის არ არსებობს, ხოლო სიტყვა „პასუხისმგებლობა" მხოლოდ სისხლის სამართლის შეფერილობას ატარებს.
თავის დროზე, 80-ან წლებში საქართველომ წარმატებით ჩაშალა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც სავარაუდოდ, ბოლომდე მიყვანილი მაინც ვერ იქნებოდა, თუმცა, ცდად მაინც ღირდა.
საუბარია ხუდონჰესზე, რომლის მშენებლობის ჩაშლის მთავარი არგუმენტი იყო „იქ ქართული ჩიტი დაფრინავს, ქართულ წყალს სვამს და ქართულად მღერის".
ესმით თუ არა ჩიტებს ქართული - ბოლომდე ჯერ დადგენილი არაა, თუმცა, ის კი ცხადია, რომ ასეთი გიგანტური ინდუსტრიული ობიექტის დაკარგვამ ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა.
მას შემდეგ წლები გავიდა, საქართველომ არაერთხელ მოიტეხა კისერი თავისივე არარაციონალიზმის და უპასუხისმგებლობის გამო და წესით, იმედი უნდა გვქონოდა, რომ ქვეყანამ თავისივე წარსულიდან შესაბამისი დასკვნები გააკეთა.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ არა. ტყუილად გეგონათ, რომ წინსვლა შეუქცევადია. თურმე ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ იქაა, 80-90-ან წლებში. და ქართული ჩიტი, რომელიც ქართულ წყალს სვამს, და ქართულად მღერის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან არგუმენტად რჩება.
ჩიტი სხვადასხვა ფორმებს იღებს - ზოგჯერ ეს არის ბოროტი თურქი, რომელიც ფულს საქართველოში სულაც არ დებს იმისთვის, რომ მოგება ნახოს.. მართლაც, სად, და ვის გაუგია, რომ ინვესტორი ფულს მოგების მიღებისთვის დებდეს? მთავარი მიზნებია ხომ სულ სხვაა - ქართველობის და მართლმადიდებლობის წართმევა..
ზოგჯერ ჩიტი გადაიქცევა გიგანტურ 30-მეტრიან ტალღად, რომელიც ქუთაისს რამდენიმე წამში წალეკავს. და ა.შ.
თუმცა, სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ თავისი სიტყვა თქვას და ქვეყნის ინტერესი დაიცვას.
დღეს საქართველოს ძალიან თავისებური სახელმწიფო ჰყავს.
თუ თქვენ გსურთ, რომ მან თქვენს სიტყვებს ყურადღება მიაქციოს - სასწრაფოდ დაივიწყეთ წერა-კითხვა, თუ გაქვთ ნორმალური სამუშაო - სასწრაფოდ მიატოვეთ, გააგზავნეთ ცოლი საბერძნეთში მოხუცების მომვლელად, მის მიერ გამოგზავნილი ფულის ერთი ნაწილით იყიდეთ ჯიპი, მეორე კი ტოტალიზატორში დახარჯეთ...
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - ასეთ შემთხვევაში მთავრობის ერთად-ერთი საქმე იქნება თქვენი აზრის გათვალისწინება...
და პირიქით, ღმერთმა დაგიფაროთ, და თუ წერა-კითხვა გეხერხებათ, მოთხოვნად პროფესიას ფლობთ, გადასახადებს იხდით - დარწმუნებულები იყავით - თქვენი აზრი მთავრობისთვის არაფერ წარმოადგენს...
ბოლო თვეების ეკონომიკური თემა ნომერ 1 - ნამახვანის პროექტი, რომელიც თითქოს და ჩავარდა.. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე არა. ეკონომიკის მინისტრი შეხვდა კომპანია „ენკა"-ს წარმომადგენლებს, და შეხვედრის დროს განიხილებოდა პროექტის აღდგენის ან მოდერნიზების საკითხი...
ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი.. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება პროექტის ჩაშლის გამო ძალიან შეწუხდა - მომავალი სასამართლო დავა, რომელსაც ქართული მხარე რამდენიმე წუთში წააგებს, თურქული მხარის ყრუ, მაგრამ საკმაოდ ნათელი უკმაყოფილება და რაც მთავარია, ბიზნეს-კლიმატის საბოლოო დასამარება.
ქვეყანაში შემოდის კომპანია, რომელიც გიგანტურ პროექტში 800 მლნ. დოლარს დებს, რომლის უკანაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო მანქანა დგას და ეს ყველაფერი თურმე არაფერია გალობის მასწავლებლის და მისი დედიკოს რისხვის ფონზე.
ეს არც სახელმწიფოა და არ ქვეყანა..არც ერთი მსხვილი ინვესტორი ასეთ ქვეყანაში არ შემოვა - მას ხომ ესმის - გალობის მასწავლებლებს და მათ დედიკოებს რა გამოლევს...
მთავრობამ არ უნდა გაიმეოროს თავისი შეცდომა - ნამახვანის რეალიზების შანსის დაბრუნება ნიშნავს, რომ ამჯერად მაინც, სახელმწიფოს უნდა გაახსენდეს, რომ არა მხოლოდ ნაცმოძრაობის მიტინგების კუდში დევნისთვის არსებობს.
მას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებიც აქვს.
მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნამახვანის საკითხზე ყველაფერი ისე ცალსახად არაა, როგორც ამის წარმოჩენა გალობის მასწავლებლებს სურთ და საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხზე როგორც მინიმუმ 50-50-ზეა გაყოფილი.
მეტიც, ქვეყნის პასუხისმგებლიანი ნაწილის უმრავლესობას ესმის, რომ საქართველოს ინდუსტრიალიზაციის გარეშე მომავალი არა აქვს და პატარა, ყრუ, ორღობე სოფლის სტატუსში ის მსოფლიო რუკიდან ძალიან მალე გაქრება.
მთავრობა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჰესები სწორედ რეგიონების გადარჩენის გასაღებია - შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ - იმ სოფლებში, სადაც ჰესების მშენებლობას ხელს უშლიან, მაქსიმუმ 10 წელიწადში მოსახლეობა არ დარჩება - ყველა ან თბილისში ვაშლის გასაყიდად, ან ევროპაში საყაჩაღოდ წავა.
შედეგად, არც სოფლები დაგვრჩება და არც ინდუსტრიული პოტენციალი.
დრო მიდის და სახელმწიფომ, ბოლოს და ბოლოს უნდა გაიხსენოს, რომ არსებობს...

ავტორი: თენგიზ აბლოთია