"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" | სახდეპი
Visioner-ის ცნობით, 1-ელ მაისს აქციაზე 85 888 ადამიანი იმყოფებოდა
Anonymous ამბობს, რომ "ოცნების" და POSTV-ის ვებგვერდები გათიშა
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას
"1 მაისს აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა" - საგანგებო
"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური მომავალი - აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ამას" ​​​​​​ - ჰელსინკის კომისია
"მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს [საქართველოს] ეკონომიკური დახმარება" - აუსტრევიჩუსი

რატომ არის სწორი 5%-ანი ბარიერი?

11.27.2023 | 11:40 ნახვები: 1344

ქართულ ოპოზიციას, რომელმაც 2 წელი დაკარგა მიშას რაციონის, დიაგნოზის და დაკარგული კილოგრამების კვლევაში, როგორც იქნა, გაახსენდა, რომ 1 წელიწადში არჩევნებია, და ამასთან დაკავშირებით რაიმე უნდა მოიმოქმედოს.

პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს თუ გადავხედავთ, ქართულ ოცნებას შეუძლია დღესვე იზეიმოს გამარჯვება - იმის მიუხედავად, რამდენ პროცენტს მიიღებს მმართველი პარტია - 42-ს თუ 55%-ს - დღევანდელი განლაგებით ის გამარჯვებულია. მას გარდა პარლამენტში შევა მხოლოდ ნაცმოძრაობა, რომელმაც ბოლო თვეებში თვითგანადგურებისთვის ყველაფერი შესაძლებელიც და შეუძლებელიც გააკეთა, და ასევე გახარიას პარტია. დანარჩენი ყველა რჩება 5%-ანი ბარიერის მიღმა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ის ფაქტი, რომ ქოცებმა არ მოახდინეს 5%-ის შემცირდება 2%-მდე, ძირითადად თავად ოპოზიციის ბრალია. „ოცნება“, რომელმაც ეს ვალდებულება აიღო თავის თავზე, რამდენიმეჯერ მზად იყო გადაწყვეტილების მიღებისთვის, თუმცა, ოპოზიციის გაურკვეველი ინტრიგების გამო, ეს საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა.

დღეს კი, ქოცები უკვე თავადაც არ აპირებენ ამ დათმობაზე წასვლას, და გეგმავენ ე.წ. მცირე პარტიების ჩაძირვის ხარჯზე გამარჯვების დამატებით გარანტიების მიღებას.

ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შორის არ არსებობს ცალსახა და ერთიანი აზრი - ბოლოს და ბოლოს რა არის უკეთესი - 5%-ანი თუ 2%-ანი ბარიერი? მოკლევადიანი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, 2%-ანი უკეთესია - მეტი პატარა პარტია შევა პარლამენტში, შესაბამისად, ოცნება თუ არ წააგებს, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შევიწროვდება.

მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში 2%-ანი ბარიერი ნიშნავს სრულიად უმოქმედო და ქვეყნისთვის დამანგრეველი პოლიტიკური სისტემის და თამაშის წესების წახალისებას.

რას მიიღებს ქვეყანა იმით, რომ პარლამენტში შევა 7 მცირე პარტია? საბოლოოდ, როგორც არაერთხელ დავრწმუნდით - არაფერს. მეტ დებატებს, მეტ ყბედობას, მეტ ინტრიგებს, ნაკლებ საქმეს, და საბოლოოდ მცირე ოპოზიციონერთა გადაბირებას ხელისუფლების მიერ. 5%-ანი ბარიერი კი არის ქვეყანაში ჩამოყალიბებული ავადმყოფური პოლიტიკური სისტემის შეცვლის შანსი.

30 წელია ყველანი ვუყურეთ ერთსა და იმავეს - პარტიების დაშლა-დაქუცმაცებას, უპასუხისმგებლო და ეგოისტი პოლიტიკოსების თვითდაჯერებას, 50 უსარგებლო პარტიას, რომელიც იღებს 1-2%-ს, და მუშაობს მხოლოდ ხმების გაყოფაზე და ელექტორატის გახლეჩაზე.

პერიოდულად ხდება მათი გაერთიანება ამორფულ კოალიციებში შეძახილებით „ოპოზიცია დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს!!!“, მაგრამ საბოლოო ჯამში პირადი ამბიციები უფრო ძლიერი აღმოჩნდება, და მთელი ეს „არნახული ერთობა“ კიდევ ერთად ინგრევა. ეს ვითარება არ იცვლება წლების მანძილზე და პოლიტიკოსები, რომლებსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ხმებს ართმევენ იმათ, ვისაც რეალურად შეეძლო რაღაცის გაკეთება.

5%-მა ბარიერმა საბოლოოდ უნდა დაანახოს ყველას - მრავალპარტიულობა აქცენტით „მრავალ“-ზე - თითქმის ისევე ცუდია, როგორც ერთპარტიულობა. პოლიტიკოსებმა ბოლოს და ბოლოს უნდა გაიგონ - პოლიტიკაში მონაწილეობისთვის სულაც არაა აუცილებელი საკუთარი ჯუჯა-პარტიის შექმნა. უნდა დაიოკოთ სრულიად უაზრო და უსაფუძვლო თვითრწმენა და შეხვიდეთ უკვე არსებულ პარტიებში.

საქართველოში ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი, 2-3 პარტიული სისტემა, სადაც ერთმანეთ შეერკინება 3 ზვიგენი, და არა 1 ზვიგენი და 30 კალმახი. ამის გარეშე მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია და ქვეყანა კიდევ 30 წელი ივლის ერთსა და იგივე წრეზე.

2%-ანი ბარიერი ნიშნავს ამ რეალობის ჩაცემენტებას, 5%-ანი - წრიდან გაღწევის შანსს. მხოლოდ შანსს, და არა გარანტიას.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა