"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" | სახდეპი
Visioner-ის ცნობით, 1-ელ მაისს აქციაზე 85 888 ადამიანი იმყოფებოდა
Anonymous ამბობს, რომ "ოცნების" და POSTV-ის ვებგვერდები გათიშა
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას
"1 მაისს აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა" - საგანგებო
"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური მომავალი - აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ამას" ​​​​​​ - ჰელსინკის კომისია
"მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს [საქართველოს] ეკონომიკური დახმარება" - აუსტრევიჩუსი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პრეზიდენტის თავსაფარი (შარფი)

11.19.2023 | 23:08 ნახვები: 1123

ეს სწორედ ის ცნობილი თავსაფარია, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი წლების განმავლობაში სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მმართველობის წინააღმდეგ აქციებზე სიტყვით გამოდიოდა და იმასაც ამბობდა, რომ მანამ არ მოიხსნიდა, სანამ მიშასა და მისი პარტიის ხელისუფლებიდან წასვლას არ მიაღწევდა. გარკვეული გაგებით, ზურაბიშვილის ეს შარფი, იმ პრობლემებთან ბრძოლის სიმბოლოა, რომლებთანაც სააკაშვილი მმართველობის ბოლო წლებში ასოცირდებოდა, და რის გამოც, ასე გააფთრებით ებრძოდა მას მაშინდელი ოპოზიციური მოძრაობა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო კიდეც დღევანდელი პრეზიდენტი.

მართალია ქართული ოცნების ბრალდება, რომ ზურაბიშვილი “განაცდა”, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა, მეტი სიცხადისთვის, ურიგო არ იქნებოდა თუ ქალბატონი სალომე თავის ძველ შარფს სკივრიდან ამოიღებდა და კვლავ ააფრიალებდა. ამით პირველ რიგში ქართული ოცნების მხარდამჭერებს შეახსენებდა - რა იდეების გარშემო შედგა თავის დროზე ის ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც 2012 წელს მიზანს მიაღწია. ადამიანის უფლებები, მეტი დემოკრატია, დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სასამართლო, მეტად თავისუფალი ქართული მედია და რაც მთავარია ბევრად შეძლებული რიგითი მოქალაქე, რომელსაც კანონი ისევე იცავს, როგორც პოლიტიკურ თუ ბიზნეს ელიტას. არადა, დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ამ ჩამონათვალის შესრულებაში ოცნებას ნებისმიერი ობიექტური შემფასებელი "ორიანს" დაუწერდა. ივანიშვილის მმართველობის 11 წლის თავზე, ამ საკითხების დიდი ნაწილი ან გაყინული, ან უფრო დამძიმებულია. ხოლო არის მიმართულებები, მაგალითად საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, მიგრაციის მასშტაბები და დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილებები - სადაც ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის პრობლემები გაჩნდა. რომ აღარაფერი ვთქვათ დასუსტებულ და ძალაგამოცლილ უსაფრთხოების სისტემაზე და დამოკლეს მახვილივით ჩვენს თავზე დაკიდებულ პუტინის ნება-სურვილზე: საქართველო რუსეთის სრული მორჩილების ზონად და სამხედრო პლაცდარმად აქციოს.

ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის მხრიდან პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმულ ეჭვებსა თუ სკეპტიციზმს საფუძველი ნამდვილად აქვს და მეც შემეძლო ამ ედიტორიალში მისი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული განცხადებებისა თუ შეფასებების არაერთი მაგალითი მომეყვანა. განსაკუთრებით იმ პერიოდის, როდესაც ის პრეზიდენტ სააკაშვილის ოპოზიციაში იყო და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მიშას სუბიექტურმა სიძულვილმა, მას, ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში სერიოზული შეცდომებიც დააშვებინა. თუმცა, ისიც ღიად უნდა ითქვას, რომ დღევანდელ მოცემულობაში, პრეზიდენტის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებს, ძირითადად საერთაშორისო ასპარეზზე, რთულია რამე დაუწუნო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რასაც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით აკეთებს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო ინტერვიუ აშკარად გვაფიქრებინებს, რომ დადგა დრო ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას... უფრო სწორად დაარქვას. რაც სავარაუდოდ იმითაა განპირობებული, რომ მის იმედებს - ქვეყნის ფაქტობრივ მმართველთან კომუნიკაცია და რაღაც ტიპის თანამშრომლობა შემდგარიყო, როგორც ჩანს რესურსი ამოეწურა. წარუმატებელი, მაგრამ მაინც განხორციელებული იმპიჩმენტის მცდელობის შემდეგ პრეზიდენტმა უკვე ღიად გაუხსნა მილიარდერს პოლიტიკური ცეცხლი და მის მიმართ მკაფიო ბრალდებები ჩამოაყალიბა: ივანიშვილი არის ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი, ქართული ოცნების ჩრდილოვანი ლიდერი და მისთვის სასურველი სივრცე არის არა ევროკავშირში გაწევრიანებული, არამედ რუსულ კონტროლსა და ინტერესებს დაქვემდებარებული საქართველო.

საუბარი იმაზე, თუ როგორ აისახება ზურაბიშვილის განცხადებები და შესაძლო ნაბიჯები შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე, ზედმეტი ეჭვიანობა მის პოლიტიკურ შესაძლებლობებზე, ამ ეტაპზე ნაადრევად და არაფრის მომცემად მიმაჩნია. ისევე როგორც იმაზე ლაპარაკი, რომ ყოფილი ქოცების თუ შუაშისტების პოლიტიკური ცენტრი მისი ხელმძღვანელობით სერიოზულ მხარდაჭერას მოიპოვებს და შემდეგ ივანიშვილის კოალიციურ მთავრობაში აღმოჩნდება. "ქოცური" წარსული სულაც არ ნიშნავს ქართულ ოცნებასთან აპრიორი საქმის გაჩარხვას და “დალაგებას”. უფრო პირიქით - საქართველოს ბოლო წლების ისტორია გვაჩვენებს, რომ ერთი ბუდიდან გამოსული პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთის მიმართ უფრო დაუნდობელი და კრიტიკული პოზიციების მქონენი ხდებიან ვიდრე ტრადიციულ მოწინააღმდეგეებთან მიმართებაში. ერთადერთი, რაც დღეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას ისაა, რომ ნაცმოძრაობას და მისი იდეოლოგიური ორბიტის გარშემო არსებულ ოპოზიციას, შედარებით ნაკლები აქვთ სანერვიულო, რადგან ზურაბიშვილის სავარაუდო პოლიტიკური ცენტრი, თუკი ასეთი შედგა, ხმებს თუ ვინმეს წაართმევს, ეს ნამდვილად არ იქნება რუსულ ოცნებასთან მკვეთრად დაპირისპირებული პარტიები.

ამ ეტაპისთვის, როგორც მინიმუმ, ერთმნიშვნელოვნად კარგია რომ დადგა დრო, როცა ოცნებისა და პირადად ივანიშვილის ძალისხმევის შედეგად მოპოვებული საპრეზიდენტო მანდატის, ანუ საქართველოში ყველაზე მაღალი საარჩევნო ლეგიტიმაციის მქონე პირი, სათქმელს მკაფიოდ ამბობს და საერთაშორისო ასპარეზზე და თუ ჯერ კიდევ მოყოყმანე ქართული საზოგადოების ნაწილში აღარ რჩება ეჭვი იმაზე, თუ როგორია დღევანდელი საქართველოს მმართველობითი სისტემის მახინჯი, ოლიგარქიული ბუნება და მის უკან მდგომი რუსული ინტერესები. თუ სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ გამბედაობას გამოიჩენს, რუსულ კანონთან ბრძოლის სიმბოლოს - ლაზარესაც შეიწყალებს და მისი წინამორბედის ციხიდან განთავისუფლებით კონკურენტული საარჩევნო პროცესის და მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების რეალური სურათის ასახვას შეუწყობს ხელს, შესაბამისად დეპოლარიზაციას რეალურ წინაპირობას შეუქმნის - ის და მისი თავსაფარი, თუ შარფი, როგორც გაბედულების და თანმიმდევრულობის სიმბოლოები, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ნამდვილად დაიკავებენ საპატიო და დამსახურებულ ადგილს.

ფორმულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა