საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 ივლისისთვის - დოლარი - 2.6953 ლარი, ევრო - 2.9476 ლარი, ფუნტი - 3.5028 ლარი
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით დაამტკიცეს
21 ივლისის დილამდე საქართველოში წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
პეტრე ცისკარიშვილი - კობახიძე ცდილობს დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს და თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილები არ არიან დასავლეთიდან
გიორგი ვაშაძე - მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა

ბერძენი მღვდელმთავრები ახტალის კათედრაზე

10.27.2023 | 08:27 ნახვები: 1287

                                                   წმ. სოფრონ ტრაპიზონელი და იოაკიმე კვიპროსელი

 

კათედრა, რომლის მღვდელმთავარიც  გახლავთ  ჩემი სიმდაბლე, წარმოადგენს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიას. აღნიშნული დიოცეზი აერთიანებს ორ საეპისკოპოსო კათედრას და ისტორიულად მოიცავდა ვრცელ ადმინისტრაციულ ოლქებს დმანისხევსა და ლორე-ტაშირის პროვინციაში. აღნიშნული რეგიონის ანტიკური ეპოქის სახელწოდება არის გუგარეთი. ამ ტოპონიმით მოხსენიებულია რეგიონი როგორც ქართულ და სომხურ საისტორიო მწერლობაში, ასევე, ანტიკურ ბერძნულ-რომაულში. დმანისის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც მდებარეობს საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებში, დაარსებული იქნა VI სს-ში. აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა დაარსებულია V ს-ში. მის ადგილზე, XIII ს-ის მეორე ნახევარში აღმოცენდა ახტალის კათედრა, ჯერ  „დიდი სომხითის სამიტროპოლიტო“-ს და შემდეგ, ახტალის სამიტროპოლიტოს სახელწოდებით  1921 წლიდან. ახტალის კათედრა, როგორც ლორე-ტაშირის პროვინციაში შემავალი საეკლესიო ერთეული, მოქცეულია სომხეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ საზღვრებში.

 

ჩემი მოხსენება შეეხება, სწორედ ახტალის სამიტროპოლიტოს, რომელიც წარმოადგენს მცხეთის საპატრიარქოს ერთ-ერთ ისტორიულ და პატივდებულ კათედრას. აქ,  XVIII ს-ის 70-იანი წლებიდან XIX ს-ის 20-იანი წლების ბოლომდე,  სამღვდელმთავრო ხარისხში მოღვაწეობდნენ კონსტანტინეპოლის დიდი ეკლესიის სულიერ წიაღში აღმოცენებული და აღზრდილი, მცხეთის  და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოთა მღვდელმთავარი, წმიდა ღმერთშემოსილი სოფრონ ტრაპიზონელ-ხალდიიელი და კვიპროსის სახელგანთქმული ეკლესიიდან, დიდი სულიერი ტრადიციების მქონე კიკოს მონასტრის მოღვაწე იოაკიმე კვიპროსელი.

 

საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ ახტალის სამღვდელმთავრო კათედრაზე წმიდა სოფრონის ხელდასხმიდან გასულ წელს შესრულდა 245 წელი, ხოლო იოაკიმე კვიპროსელის ხელდასხმიდან 220 წელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე მღვდელმთავარი მცხეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში მოღვაწეობდა საქართველოს, კონსტანტინეპოლის და კვიპროსის ეკლესიათა ისტორიის იმ პერიოდში, როდესაც, სამივე ადგილობრივი ეკლესია ცხოვრების ურთულეს გზას გადიოდა და მათთვის განსაცდელებით აღსავსე დროებას წარმოადგენდა.  

 

საქართველოს ეკლესიაში მოღვაწე წმიდა სოფრონ ახტალელის და იოაკიმე ახტალელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, გარკვეული ცნობები ასახულია ქართულ საისტორიო ლიტერატურაში. ამასთანავე, არაერთმა მეცნიერ-მკვლევარმა თუ მოგზაურმა გადმოგვცა მნიშვნელოვანი ცნობები ახტალის კათედრაზე ბერძენი სასულიერო პირების მოღვაწეობის და დაბა ახტალაში ბერძნული თემის აღნიშნულ პერიოდში დასახლების შესახებ. წმ. სოფრომ ახტალელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სვინაქსარული რედაქცია  შემოინახა კონსტანტინეპოლის დიდმა ეკლესიამ, რომელიც მნიშვნელოვან  ცნობებს წარმოადგენს, ღმერთშემოსილი წმიდა სოფრონ ახტალელის ბიოგრაფიისა და მცხეთის საპატრიარქოს ისტორიულ კათედრაზე მისი მოღვაწეობის შესახებ. ჩემთვის ხელმისაწვდომი წერილობითი წყაროები, მოხსენებას თანდართული აქვს სქოლიოში. ვფიქრობ, სამომავლოდ, სათანადო სამეცნიერო კვლევა შესაძლებელს გახდის დამატებითი ცნობების მოპოვებას.

 

მიუხედავად, აღნიშნული ადგილობრივი ეკლესიების ხანგრძლივი და განსაკუთრებული ურთიერთობის საუკუნეთა მრავალრიცხოვნობისა, XVIII-XIX სს-ში, მცხეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში ბერძენი მღვდელმთავრების მოღვაწეობა და საქართველოს ეკლესიაში მათი ხელდასხმის აქტი, აღნიშნულ მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა ურთიერთობის ისტორიაში დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. საქართველოს სამეფოს და საქართველოს ეკლესიის XVIII ს-ისა და XIX ს-ის ოცწლეულის ისტორიის  პერიოდი წარმოადგენს განსაკუთრებულად დრამატულ ეპიზოდს, როდესაც ქვეყანა იმყოფებოდა უკიდურესად დასუსტებულ და შევიწროებულ მდგომარეობაში. მისი პოლიტიკური ცხოვრება მთლიანად მოცული იყო სხვადასხვა დამპყრობელის მოგერიებით. მუდმივი ომებისა და ბრძოლების შედეგად, სახელმწიფოებრივი არსებობა რეალური საფრთხის წინაშე იდგა. ერი ფიზიკური გადაშენების ზღვარზე იმყოფებოდა. საქართველო იმ დროის მსოფლიოს ორი მრისხანე იმპერიის ირანისა და ოსმალეთის საუკუნოვანი გამანადგურებელ თავდასხმებს იგერიებდა. ამავდროულად,  ქვეყანა მათი ურთიერთ ბრძოლის პლაცდარმად იყო გადაქცეული. მესამე, რუსეთის იმპერია მის დასაპყრობად კარს მომდგარი იმზირებოდა. გარდა ამისა, ქვეყანა შიდაფეოდალური აშლილობის და დაღესტნიდან ინტენსიური შემოსევების შედეგად ნადგურდებოდა. აღსანიშნავია, რომ XVIII ს-ში, დაღესტნიდან ლაშქრობებს   ზოგჯერ ოსმალეთის იმპერია აქეზებდა. დაღესტნელთა თავდასხმებმა განსაკუთრებულად   იჩინა თავი აღმოსავლეთ საქართველოსა და მეფის რუსეთს  შორის 1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ. სამართლიანად აღნიშნავს ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე, რომ ტრაქტატმა ქართლ-კახეთის სამეფო დაცემის გზაზე დააყენა. აღნიშნულს ცხადყოფს რუსეთთან საქართველოს დაახლოებით უკმაყოფილო ისლამური სახანოების რეაქცია, რომლებიც კავკასიაში არსებობდნენ და ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ ერეკლეს მეორის სამეფოსთან.  კავკასიაში რუსეთის შემოსვლას სახანოები პირად საფრთხესთან აკავშირებდნენ და ერეკლე მეფესადმი უნდობლად  განეწყვნენ. რაც მთავარია, საქართველოსათვის ტრაქტატის კრახი მდგომარეობს იმაში, რომ ქართლ-კახეთის სამეფომ ვერ მიიღო სარგებელი რუსეთის მხრიდან, რასაც  ერეკლე მეფე მოელოდა. XVIII ს-ის 70-80 იანი წლებისთვის, აღმოსავლეთ საქართველოს

 ( ქართლ-კახეთის სამეფო) მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 44 890 კომლისგან შედგებოდა. მათ შორის ეთნიკური ქართული მოსახლეობა დაახლოებით 19 520 კომლს მოიცავდა.  მცხეთის ეკლესია ჩვეულ მოწამეობრივ გზას გადიოდა.

 

XVIII ს-ის მეორე ნახევარსა და XIX ს –ის ათწლეულში, საქართველოს მონარქთა და ეკლესიის მიერ საყოველთაო ეროვნული კონსოლიდაციის და მობილიზების აქტივობის კვალდაკვალ,  სამეფოსა და ეკლესიაში, ეთნიკური ნიშნით განსხვავებისთვის ადგილი არ არსებობდა.  აღსანიშნავია, რომ ისტორიულად, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია დაარსების დროიდან მოყოლებული, მრავალეთნიკური, ქალკედონიტური აღმსარებლობის მოსახლეობისაგან შედგება. მის პირველწმიდანთა დასში, სწორედ ეთნიკური არაქართველები არიან წარმოდგენილი, რომლებიც ქრისტემ განადიდა საქართველოს ეკლესიაში. აღნიშნულის ნათელი დამოწმებაა  მცხეთის საყდრის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომლის წიაღში სულიერი ღვაწლით გაბრწყინდა ქართული ეთნოსის ათასეულობით წამომადგენელი და მათ შორის არაერთი არაეთნიკური ქართველი, რომელთაგან ზოგიერთს მინიჭებული ჰქონდა არათუ სამღვდელო, არამედ, სამღვდელმთავრო პატივიც. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია წმ. სოფრონ და იოაკიმე ახტალელი მღვდელმთავრების სახელები. აქვე მინდა მოვიხსენიო მღვდელმოწამე ეგნატე ბერძენი დასავლეთ საქართველოდან, რომელიც იყო მათი თანამედროვე და მოწამეობრივად აღესრულა ახალციხის ფაშას ბრძანებით.

 

1777 წლის 29 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ყოვლისა საქართველოის კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ანტონ I-მა  სამღვდელმთავრო ხარისხში ხელი დაასხა სოფრონ ბერძენს და აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლ-კახეთის სამეფო) მეფის, ერეკლე II-ის  განკარგულებით დაადგინა მეფის მიერ განახლებული ახტალის კათედრის ეპარქიის პირველ მღვდელმთავრად. 1776 წელს, მეფე ერეკლე II-ის გადაწყვეტილებით,  სოფრონი მოწვეული იქნა ტრაპიზონის ხალდიის პროვინციიდან  მას შემდეგ, რაც  ქართული  საისტორიო მწერლობის  მიხედვით, ქართლ-კახეთის მეფემ, ტრაპიზონისა და გუმუშხანეს პროვინციიდან  ბერძნული და ბერძნულენოვანი ეთნოსის 500 ოჯახზე  მეტი წარმომადგენელი  ჩაასახლა ახტალის მიდამოებში სახელმწიფოს  ეკონომიკურ-სოციალური უზრუნველყოფისა და განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი მადნეულის საბადოების ასამოქმედებლად და  სამთამადნო წარმოების ასაღორძინებლად. ახტალის საბადოები ოდითგან  მდიდარია სპილენძის, ტყვიის, კალის, თუჯის და ოქრო-ვერცხლის წიაღისეულით. მონარქის განზრახვა რომ  ჩამოსახლებულ მეტალურგთა ოჯახებს, გამუდმებელი შემოსევების შედეგად დაცლილი დებედას ხეობის საბადოებიდან  ეწარმოებინათ წიაღისეულის მოპოვება და მით უზრუნველეყოთ სამეფოს ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრება, ამასთანავე, მიმართული იყო პროვინციაში მონათესავე, ქალკედონიტი თემის დამკვიდრებისათვის. აღსანიშნავია, რომ ახტალაში ქალკედონიტი ბერძენი მოსახლეობის ჩასახლება განხორციელდა აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებში არსებული ორი სამეფოს (ქართლ-კახეთის) 1762 წელს გაერთიანების თანადროულად. ტრაპიზონ-გუმუშხანეს პროვინციიდან  მეტალურგთა ოჯახების ახტალაში ჩამოსახლებას ადასტურებს და ამის შესახებ გვამცნობს წმ. სოფრონ ახტალელის ბერძნული სვინაქსარიც.

 

ზოგადად,  XVIII_XIX სს-ში დმანისსა და ლორე-დებედას პროვინციაში, სხვადასხვა გარემოებით  ხდებოდა ანატოლიიდან, ისტორიული პონტო-ტრაპიზონის და გუმუშხანეს პროვინციიდან ბერძნული და ბერძნულენოვანი ეთნოსის დამკვიდრება, რომლის თავდაპირველი მოთავე, როგორც აღინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს მეფე ერეკლე II იყო. ამის შედეგად, როგორც დებედას ხეობაში, მოგვიანებით დმანისის ზოგიერთ ქართულ ნასოფლარზე, ეთნიკური ქართველების მცირე  საცხოვრისის გვერდით, წარმოიქმნა პონტოელი ბერძნების კომპაქტური დასახლებები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დმანისში მცხოვრები ბერძნების აბსულუტური უმრავლესობა საცხოვრებლად გადავიდა საბერძნეთში, ამჟამად, მცირე რაოდენობის ეთნიკური ბერძენი მოსახლეობა ცხოვრობს დმანისის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ ქართველებთან ერთად ადგილობრივ ბერძნულ მოსახლეობას, დიდი წვლილი მიუძღვის  დმანისში მათ საცხოვრისთან არსებული  ქართული ტაძრების შენახვა, მოვლა-პატრონობასა  და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების შენარჩუნებაში. აგრეთვე,  სამიწათმოქმედო და სასოფლო სამეურნეო კულტურის  შენარჩუნებასა და განვითარებაში.  

 

წმიდა სოფრონის სვინაქსარიდან ვგებულობთ, რომ სოფრონ ახტალელი დაიბადა 1738 წელს პონტოს პროვინციის  ხალდეაში, დერენის დაბა ლოციონში, მღვდელმსახურ გიორგი სურტარიდისის ოჯახში. მისი საერო სახელია სვიმეონი. იგი, ჭაბუკობიდან ეზიარა მონასტრულ ცხოვრებას ტრაპიზონის რეგიონის  ცნობილ ისტორიულ სავანეებში. სამონოზვნო მორჩილების გავლის შემდეგ ხუტურის წმიდა გიორგის სახელობის და სუმელას  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრებში, სვიმეონ სურტარიდისი მორჩილების ღვაწლს აღასრულებდა მოსაგრე მელეტიოსთან ვაზელონის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. აქ აღიკვეცა იგი მონოზვნად სოფრონის სახელით, სადაც ხელდასხმული იქნა დიაკონის და შემდეგ სამღვდელო ხარისხში. მისი სვინაქსარიდან ვგებულობთ, რომ მღვდელმსახური სოფრონი ვაზელონის მონასტერში შვიდი წელი მოღვაწეობდა და გამოირჩეოდა  განსაკუთრებული სათნოებებითა და ღვაწლით. 1776 წელს,  38 წლის  სოფრონ სურტარიდისი, ვაზელონის მონასტრის იღუმენმა ეგნატემ ივერიაში (საქართველო) ახტალის მეტალურგიულ მაღაროთა ბერძნულ დასახლებაში წარგზავნა, სადაც ივერიის მეფის მიწვევით, მრავალრიცხოვანი ბერძნული ოჯახი ჩასახლებული  იყო ხალდიიდან. როგორც აღინიშნა, ანატოლიის რეგიონიდან,  დაბა ახტალაში მემადნე ბერძნული თემის ჩასახლება საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ურთულეს დროს განხორციელდა. ამ დროის აღმოსავლეთ საქართველო, გარდა უშუალოდ  ოსმალეთისა და ირანის მხრიდან უკიდურესი შევიწროებისა, მუდმივად განიცდიდა დაღესტნიდან შემოსევებს, რაც საქართველოსთვის დამატებითი მსხვერპლის გაღების საფუძველი ხდებოდა.

 

სოფრონ სურტარიდისის ახტალის სამღვდელმთავრო კათედრაზე ხელდასხმიდან მერვე წელს, 1785 წლის სექტემბერში,  ოსმალეთის მიერ მოტივირებული ავარია-ხუნძეთის მთავარი, ომარ-ხანი 20 000 -იანი ლაშქრით აღმოსავლეთ საქართველოს შემოესია. ახტალის ციხე -სიმაგრის მეციხოვნეებმა, რომლებსაც სესია ბარათაშვილი მეთაურობდა, მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ავარიელებს. მიუხედავად ამისა, ომარ ხანმა ახტალის ციხესიმაგრის აღება შეძლო.  ციხე- სიმაგრეში შეხიზნული იყვნენ ახტალის და მისი მიდამოების მაცხოვრებლები. შემოსევას ემსხვერპლა თავადი სესია ბარათაშვილი, დაბა ახტალასა და ალავერდში ჩასახლებული ანატოლიელი მემადნე მუშები და მათი ბერძნული თემი, ახტალის მიდამოებში მცხოვრები ადგილობრივი ქართული და სომხური თემი, რომლების ნაწილი დაღესტნელებმა სისასტიკით დახოცეს. ნეტარი მღვდელმთავარი, სოფრონ ახტალელი შეეცადა მოსახლეობის ნაწილის და მონასტრის მონოზვნების გადარჩენას ახტალის მონასტრის და საკათედრო ტაძრის სამალავში შეხიზვნით, თუმცაღა ლეზგებმა და ავარიელებმა  შეფარებულთა სისხლის გუბედ აქციეს ახტალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ტყვედ აიყვანეს ასეულობით ბერძენი ქართველი და სომეხი, მათ შორის, თავად სოფრონ ახტალელი, მონასტრის მრავალრიცხოვანი საძმოს წევრები და ლორე-ახტალის მფლობელი თავადი მელიქიშვილების სახლის წარმომადგენლები. ლეზგებმა და ავარიელებმა დამცირებული და ნაწამები ტყვეების ნაწილი კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში გაყიდეს. ამცირებდნენ და აწამებდნენ ნეტარ მღვდელმთავარ სოფრონსაც, რომლის ტყვეობიდან გამოსყიდვა უკავშირდება რომაულ კათოლიკური აღმსარებლობის სომეხი ეროვნების ქალბატონს, რომელმაც აგრეთვე  უზრუნველყო  სოფრონის გემით გამგზავრება ტრაპიზონში.

 

ომარ ხანის ლაშქარმა სრულიად გაძარცვა და ააოხრა მეფე ერეკლეს მიერ რუდუნებით აღორძინებული დაბა ახტალის და ალავერდის მადნეულის წიაღისეულის მაღარო-საბადოები. წარმოებიდან სახელმწიფოს შემოსავალი წლიურად ერთ მეათედს შეადგენდა და საბადოებიდან მიღებული შემოსავალი ძირითადად ნაქირავებ ჯარს ხმარდებოდა. გაძარცვა ახტალის და დებედას ხეობაში მდებარე ეკლესია-მონასტრები, ხელთ იგდო დიდძალი რაოდენობის ვერცხლი, ოქრო, სპილენძი, ფული, ადგილზე დამზადებული სხვადასხვა სახის ნივთები. ნაძარცვით დატვირთული ლეკთა ლაშქარი ლორეს ციხე-სიმაგრეს მიადგა. როდესაც რუსთა ხელმწიფეს მოახსენეს ომარ ხანის აღმოსავლეთ საქართველოში ლაშქრობის შესახებ, არათუ დახმარების ხელი გამოუწოდა საქართველოს, ყურადაც არ იღო ერეკლე მეფის თხოვნა დამხმარე ჯარების გამოგზავნის შესახებ. მოგვიანებით, 1799 წლის 23 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს მეფე გიორგი XII რუსეთის იმპერატორ პავლე I-თან დადებული ტრაქტატით  შეეცდება გამანადგურებელი ომების შედეგად „ძალების აღდგენას“. კერძოდ, ტრაქტატი 12 წლის მანძილზე  ვალდებულებას აკისრებს მეფის რუსეთს რათა სამეფო გათავისუფლდეს რუსეთის „მფარველობაში“ ყოფნის „საფასურისგან“ და რუსეთს „მიანდობს“ ახტალის წიაღისეულით მდიდარი საბადოების დამუშავებას.

 

1796 წელს გარდაცვლილი ტრაპიზონის მიტროპოლიტი დოროთეს ადგილზე ტრაპიზონის მართლმადიდებელმა თემმა ახტალის ყოფილი ეპისკოპოსი წმ. სოფრონი აირჩიეს მიტროპოლიტად. მიუხედავად ამისა, წმ სოფრონი ტრაპიზონის კათედრაზე არ იქნა აღსაყდრებული. მის ნაცვლად ტრაპიზონის მიტროპოლიტად ხელდასხმული იქნა პართენ ტრიპოლელი. ღვთის ნებას დამორჩილებული წმ. სოფრონი დაბრუნდა ვაზელონის მონასტერში. ღმერთშემოსილი მღვდელმთავრის სვინაქსარი, ვაზელონის მონასტერში მისი სულიერი მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს. აღნიშნულია, რომ იგი ადრინდელი მამების მსგავსი სულიერი ცხოვრებით გამოირჩეოდა და სულიწმიდის მიერ მიცემული წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა. წმ. სოფრონს მონასტრის აღმოსავლეთ მხარეს მოუწყია სამწირველო და სენაკი, რომელიც 1904 წლამდე იდგა „მეუფის სენაკის“ სახელწოდებით. მას დაუდგამს კანკელი ერთ მხარეს გაკეთებული წარწერით:

 „ წინასწარ მოაწყო განსასვენებლად უბადრუკმა ახტალის ეპისკოპოსმა სოფრონიმ“.  წმ. სოფრონმა, მონასტრის საძმოში დიდი სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა, რის გამოც, მისადმი უარყოფითად განეწყო მონასტრის იღუმენი იერემია. მისგან შევიწროვება  და არაერთი განსაცდელი საფუძველი გახდა შემდგომში ნეტარი მამის მიერ მონასტრის დატოვების. იგი, სამშობლოში,  ხალდიის დაბა ლოციონში დაბრუნდა და სიცოცხლის დარჩენილი წლები იქ გაატარა. წმ. სოფრონი 1803 წელს, 65 წლის ასაკში მიიცვალა. იგი, მის მიერ განახლებული ლოციონის  სამრევლო ტაძართან დაკრძალეს, სადაც წმინდანის სხეული 1824 წლამდე განისვენებდა. სვინაქსარიდან ვგებულობთ, რომ  წმ. სოფრონის იძულებით მონასტრის დატოვების შედეგად, მონასტრის იღუმენს სასიკვდილო სენი შეეყარა და დამბლადაცემული 1805 წელს გარდაიცვალა. სვინაქსარიდან ვგებულობთ, რომ წმიდა სოფრონის მიცვალების შემდეგ, მისი წმიდა ნაწილებიდან არაერთი სასწაული აღესრულა, რის საფუძველზეც, შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდა სოფრონ ახტალელის კანონიზაცია. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმიდა სინოდმა, სოფრონ ახტალელი ეპისკოპოსი, ქალდიის მიტროპოლიტ სილვესტროსის წარდგინებით შერაცხა წმინდანად, სავარაუდოდ 1825-1826 წლებში.  კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საეკლესიო კალენდრით,  მისი ხსენების დღედ დადგინდა 7 (20) სექტემბერი, ღვთისმშობლის შობის წინადღე. ხალდიის მიტროპოლიტმა სილვესტროსმა ვაზელონის მონასტერს, ძმობის თხოვნის საფუძველზე გადასცა სოფრონ ახტალელის წმიდა ნაწილები-თავი და მარჯვენა ხელი. სხეულის დანარჩენი ნაწილი დაცული იყო წმინდანის ნათესავ მღვდელ ლაზარესთან. 1880 წელს, წმ. სოფრონის წმიდა ნაწილები ჩააბრძანეს ვერცხლის სანაწილეში, რომელიც დაამზადა ვაზელონის მონასტრის იღუმენმა ელისემ. წმიდა ნაწილები მონასტერში ინახებოდა 1922 წლამდე, რის შემდეგაც გადასვენებულ იქნა კონსტანტინეპოლის წმ. გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარში. წმ. სოფრონ ახტალელის შემდეგ, ახტალის დაქვრივებული  კათედრა დაიკავა  ქსნის საერისთაოს დიდგვაროვანი სახლის წარმომადგენელმა  ვარლამ ერისთავმა, რომელიც 1794 წლამდე იმყოფებოდა ახტალის კათედრაზე. 

ომარ-ხანის მიერ დაბა ახტალის აოხრებიდან მეთექვსმეტე წელს, მეფის რუსეთის მიერ  აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ-კახეთის სამეფო) უკანონოდ გაუქმდა მონარქია. აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის იმპერიამ მიიერთა. ამ ტრაგიკული მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ, ახტალის კათედრაზე საიმპერატორო ბრძანებით იოაკიმე ეკვიპროსელი ხელდასხმული იქნა ახტალის ეპისკოპოსად. არქიმანდრიტი იოაკიმე, პროტოსინგელოსი, XVIII ს-ის 80 იან წლების დასაწყისში ჩამოსულა საქართველოში კვიპროსის კიკოს მონასტრიდან, რათა შემოწირულობები შეეგროვებინა კიკოს მონასტრის დასახმარებლად. იგი, თავდაპირველად დასავლეთ საქართველოს სწვევია, სადაც იმერეთის მეფე სოლომონ I-ს მიუღია. მეფე სოლომონ პირველმა, 1783 წელს იოაკიმე კვიპროსელს სამეფო სიგელი უბოძა, რომლის თანახმად, სოლომონ პირველმა კიკოს მონასტერს შესწირა, ხარაგაულში მდებარე განახლებული ვარძიის ღვთისმშობლის მონასტერი ადგილ-მამულითა და ტყეებით. კვიპროსის კიკოს მონასტრის პატივსაცემად, მონასტრისთვის უწოდებიათ ვარძიის კიკოს მონასტერი. აქ, 1783 წლიდან 1914 წლმდე ბერძენი ბერები იგზავნებოდნენ შვიდ წელიწადში ერთხელ და შემოწირულობებს აგროვებდნენ. პროტოსინგელოზი იოაკიმე, მეფე სოლომონ პირველმა, განახლებული ვარძიის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. სამეფო სიგელის თანახმად, მიღებული შემოწირულობები განკუთვნილი იყო კიკოს მონასტრის დასახმარებლად. მეფე სოლომონ I ის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო სიგელი განაახლა იმერეთის  (დასავლეთ საქართველო) მეფე სოლომონ II -მ. იოაკიმე კვიპროსელს შემოწირულობა მიუღია აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოს მეფე ერეკლე II -სგან. მას შემდეგ, რაც ომარ-ხანის ლაშქრობიდან გადარჩენილი ბერძნული მოსახლეობა დაბა ახტალაში დაბრუნდა (სავარაუდოდ ბერძენი ეთნოსის მცირე ნაკადი დაემატა დაბა ახტალას), მათი თხოვნის საფუძველზე 1802 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ მეორემ /1762- 1827 წწ/ საიმპერატორო სინოდალური განკარგულებით, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, ახტალის ისტორიული კათედრის ეპისკოპოსად ხელი დაასხა იოაკიმე კვიპროსელს. რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის /1777-1825 წწ / განკარგულებით,  მეუფე იოკიმეს, დაბა ახტალის მეტალურგიული ქარხნის შემოსავლიდან წლიურად  დაედგინა  2000 რუბლი ჯამაგირი. იოაკიმე კვიპროსელს  XIX ს-ის 20 იან წლებამდე, ახტალის ეპისკოპოსის პატივთან ერთად, ვარძიის მონასტრის წინამძღვრის  ადგილი ეკავა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ახტალის კათედრიდან და ვარძიის მონასტრიდან მიღებულ შემოსავლებს კვიპროსში, კიკოს მონასტერში აგზავნიდა. შემორჩენილია, იოაკიმე ახტალელის ნაშრომი სახელწოდებით: “თეატრონ, პოლიტიკა“. კიკოს მონასტერში დაცულია იოაკიმე ახტალელი ეპისკოპოსის ქართულ  წარწერებიანი ლიტურგიკული სამოსი. მისი მღვდელმთავრობის პერიოდში (მეფის რუსეთის დროს) კავკასიაში მდებარე ბერძნულენოვანი  ეკლესიები ახტალის კათედრის მმართველობას დაექვემდებარა. ეპისკოპოსი იოაკიმე  ახტალელი გარდაიცვალა 1827 წელს. დაკრძალულია ახტალის ქართულ კათედრა-მონასტერში. (ამ დროისათვის მეფის რუსეთის მიერ 16 წლის გაუქმებული იყო მცხეთის საკათალიკოსოს ავტოკეფალია).  მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის საიმპერატორო სინოდის დადგენილებით გაუქმდა ახტალის უძველესი სამღვდელმთავრო კათედრა, რომლის პირველსაყდრის დაარსება უკავშირდება საქართველოს (იბერიის) მეფის ვახტანგ გორგასალის სახელს V საუკუნეში და რომლის ადგილზეც შემდგომ აღმოცენდა ახტალის სამღვდელმთავრო კათედრა-მონასტერი, საქართველოს მეფის თამარის მეფობისას, მისი პატრონაჟით და საქართველოს მთავარსარდლის ათაბაგ ივანეს თაოსნობით. იოაკიმე ახტალელის შემდეგ, ახტალის 600 წლის ქალკედონიტური, ქართული  მონასტერი გადაკეთდა რუსულ მონასტრად. 1921 წლიდან, ბოლშევიკებმა დაბა ახტალა ქართულ ისტორიულ ლორე-ტაშირის პროვინციასთან ერთად, საჩუქრად  გადასცა სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკას. 1945 წლის  საქართველოს საპატრიარქოს სინოდალური დადგენილებით, მინიმალურად იქნა აღდგენილი ახტალის საეპისკოპოსო კათედრის ეპარქია, თუმცაღა, რეალური იურისდიქციის აღდგენა ქართულმა ეკლესიამ  ვერ შეძლო. 2005 წელს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, კვლავ აღდგენილად გამოაცხადა ახტალის საეპისკოპოსო კათედრა, დმანისისა და აგარაკ (ახტალა) -ტაშირის ეპარქიის სახელწოდებით. 2011 წლის შემდეგ, ეჩმიაძინის საპატრიარქომ, ახტალის ქართული, ქალკედონიტური მონასტერი და საეპისკოპოსო კათედრა სომხეთის ეკლესიის საკუთრებად გამოაცხადა და მონასტერში ანტიქალკედონიტური ღვთისმსახურება შემოიღო, ხოლო ახტალის და სხვა ქართული მონასტრების ქალკედონიტურობა, არა საქართველოს , არამედ  „სომხეთის ქალკედონიტური ეკლესიის“  სულიერ, მატერიალურ და კულტურულ მემკვიდრეობად წარმოაჩინა.

 

მთავარეპისკოპოსი ზენონი იარაჯული

ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა

7 ოქტომბერი. 2023 თურქეთი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა